ბს-69-67(კ-09) 26 მარტი 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2007 წლის 22 ოქტომბერს შპს ,,ბ.-ის’’ დირექტორმა ვ. ა.-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, შპს ,,ბ.-ი’’ მდებარეობს მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარედ. აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1994 წლის 9 ივნისს თბილისის მერიის ¹493 განკარგულების საფუძველზე სარგებლობისათვის გადაცემული ჰქონდა მრავალდარგოვან ფირმა ,,...’’-ს. 1995 წლის 1 დეკემბერს შპს ,,ბ.-ი’’ რეგისტრირებულია ნაძალადევის რაიონის სასამართლოს მიერ და იგი წარმოადგენს მრავალდარგოვანი ფირმა ,,...”-ის 93’’-ს სამართალმემკვიდრეს. 2000 წელს გლდანის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ბ.-მა’’, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის 1994 წლის 9 ივნისის ¹493 განკარგულებიდან სიტყვა ,,დროებითის’’ და განკარგულების მესამე პუნქტის ამოღება.
მოსარჩელის განმარტებით, 2000 წლის 8 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა ქ. თბილისის მერია, ხოლო შპს ,,ბ.-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში, 2000 წლის 15 ნოემბერს, ჩაჰბარდა ქ. თბილისის მერიის თანამშრომელს ე. ბ.-ს, რომელიც მუშაობდა უფროს მემანქანედ.
2007 წლის 23 ივნისს ქ. თბილისის მერიამ საჩივრით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება, ვინაიდან გადაწყვეტილება არ არის კანონიერ ძალაში შესული, რადგან 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია უფლებამოსილ პირს და ქ. თბილისის მერიამ ვერ გამოიყენა კანონით დადგენილი გასაჩივრების უფლება.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, შპს ,,ბ.-მა’’ სარჩელით, ხოლო შემდგომში პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით მოითხოვა, ქ. თბილისის მერიას გაეცა საჯარო ინფორმაცია, კერძოდ სარეგისტრაციო ჟურნალის ამონაწერი, რომლითაც დასტურდებოდა გლდანი-ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 2000 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი და თბილისის მერიის თანამშრომლის ე. ბ.-ის მიერ 2000 წლის 15 ნოემბრისათვის განხორციელებული უფლებამოსილების შესახებ ინფორმაცია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ.-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიას დაევალა შპს ,,ბ.-თვის’’ საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი განცხადება, რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელემ განახორციელა კიდეც.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოპასუხეს ჰქონდა ვალდებულება საჯარო ინფორმაცია გაეცა დაუყონებლივ ან 10 დღის ვადაში, თუ აღნიშნული ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა დაკავშირებული იყო გარკვეულ სირთულეებთან, მაშინ ამის შესახებ განმცხადებლისათვის მოთხოვნისთანავე უნდა ეცნობებინა, რაც ქ. თბილისის მერიას რეალურად არ განუხორციელებია.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 42 მუხლის ,,დ’’ პუნქტის შესაბამისად იმპერატიულად არის დადგენილი, რომ დაუშვებელია იმ ინფორმაციის გასაიდუმლოება, რომელიც საჯარო დაწესებულების იმ საჯარო მოსამსახურეთა ვინაობას და სამსახურებრივ მისამართს ეხება, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება. ასევე, ყველას აქვს უფლება იცოდეს ამ მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გარდა, ყველა ის ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პირად საიდუმლოებად. ამდენად, მოპასუხის არგუმენტი, რომ იურიდიული სამსახურის სარეგისტრაციო ჟურნალი არ წარმოადგენდა მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს და მასში მითითებული მონაცემები, ასევე არ იყო საჯარო ინფორმაცია, სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ. აპელანტმა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაუშვებლობის გამო საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 დეკემბრისა გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 20 იანვრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 26 მარტამდე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 19 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.