Facebook Twitter

ბს-708-674(კ-09) 22 ოქტომბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორები - გ. გ-იანი; ე. ყ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს პარლამენტი

მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩIნება

დავის საგანი _ დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 10 ივნისს ე. ყ-შვილმა და გ. გ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდნენ, რომ 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული იქნენ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატებად. ე. ყ-შვილი ასრულებდა უზენაესი საბჭოს სესიის სამდივნოს თავმჯდომარის მოადგილის, ხოლო გ. გ-იანი სოფლის მეურნეობის, მიწათსარგებლობისა და ეკოლოგიის კომისიის მდივნის მოვალეობას. 1991-1992 წლების სამხედრო გადატრიალების შედეგად უზენაესი საბჭოს დეპუტატებს ვადამდე უკანონოდ შეუწყდათ სადეპუტატო უფლებამოსილება და უკანონოდ იქნენ დათხოვნილი თანამდებობიდან. მათ არ მიუღიათ 4 წლის ხელფასი. საქართველოს პარლამენტის 2000 წლის 20 აპრილისა და 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული გადატრიალება ცნობილ იქნა ანტიკონსტიტუციურად და კვლავაც დადასტურდა 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭოს ლეგიტიმურობა სათანადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1991 წლის 19 ნოემბრის ¹311 დადგენილებით უზენაესი საბჭოს დეპუტატის ხელფასი განისაზღვრა 1400 მანეთით, მუდმივმოქმედი კომისიის მდივნის - 1600 მანეთით, ხოლო სესიის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილის _ 1700 მანეთით.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით დგინდება, რომ 1991 წლის 1600 მანეთი დღევანდელი კურსით შეადგენს 798 ლარს, ხოლო 1700 მანეთი - 847 ლარს. აქედან გამომდინარე, ე. ყ-შვილს 1991 წლის ნოემბრიდან 1995 წლის ნოემბრამდე მიუღებელი ხელფასის სახით ერგება 40656 ლარი, ხოლო გ. გ-იანს _ 38264 ლარი. ასევე ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0,07%, რაც ე. ყ-შვილთან მიმართებაში შეადგენს 70 487 ლარს, ხოლო გ. გ-იანთან მიმართებაში _ 66408 ლარს. გარდა აღნიშნულისა, უზენაესი საბჭოს წევრი ყოველთვიურად იღებდა სადეპუტატო დანამატს 200 მანეთის ოდენობით, რაც დღევანდელ ვალუტაში შეადგენს 100 ლარს, 48 თვის განმავლობაში _ 8213 ლარს.

პარლამენტის წევრს საქართველოს პარლამენტის წევრის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად დანიშნული ჰქონდა თანამდებობრივი განაკვეთი და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურებაც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეები ითხოვდნენ, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაკისრებოდათ ე. ყ-შვილისათვის მიუღებელი ხელფასის _78700 ლარისა და გ. გ-იანისათვის _ 74621 ლარის ანაზღაურება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ოქტომბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან და საქმეში ჩაება მესამე პირად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით ე. ყ-შვილისა და გ. გ-იანის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, იმავე სასამართლოს 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ყ-შვილი აღიარებულია რეპრესირებულად და 1992 წლის იანვრიდან უკანონოდ შეუწყდა უფლებამოსილება.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-იანი აღიარებული იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად.

საქართველოს სამხედრო საბჭოს 1992 წლის 2 იანვრის დადგენილების საფუძველზე გ. გ-იანს შეუჩერდა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება, ხოლო მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 30 იანვრის ¹85 დადგენილებით საქართველოს უზენაესი საბჭოს სამდივნოს დაევალა ყოფილი უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან ანგარიშსწორების განხორციელება. დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა დაკავშირებული იყო იმ პოლიტიკურ შეხედულებებთან, რაც გამოიხატებოდა ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერაში. გ. გ-იანის უფლებამოსილების ვადამდე უკანონო შეწყვეტა შეფასდა როგორც თანამდებობიდან უკანონო დათხოვნა, ვინაიდან დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა, თანამდებობიდან დათხოვნა, 1992 წლის 4 იანვარს მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, უნდა განხორციელებულიყო დეპუტატის უფლებამოსილების ვადის გასვლისა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონი განსაზღვრავს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის ცნებას, ადგენს პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების წესს და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს. კანონის მე-8 მუხლი ითვალისწინებს რეპრესირებულთა პოლიტიკურ, სამოქალაქო და ქონებრივი უფლებების აღდგენის მექანიზმს, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება, სამხედრო და სპეციალური წოდებები, უბრუნდება პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ჩამორთმეული სახელმწიფო ჯილდოები, მიენიჭება შეღავათები ამ კანონით დადგენილი წესით.

ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვერა ცალკე კანონით, რომელიც სარჩელის განხილვის მომენტისათვის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ განხილული არ ყოფილა.

საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელეთა წარმომადგენლის განმარტება, რომ მათ უნდა აუნაზღაურდეთ 1991 წლის ნოემბრიდან 1995 წლის ნოემბრამდე მიუღებელი ხელფასი, არაარგუმენტირებულია. 1991 წლის მდგომარეობით საქართველოში შრომით-სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებდა 1973 წლის საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, რომელიც საქართველოს 2006 წლის 25 მაისის ¹3132 კანონით ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული. მოსარჩელეთა წარმომადგენლის მოთხოვნა, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ, ეფუძნება მოსარჩელეთა მიმართ კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებას, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან დათხოვნა დაკავშირებული იყო მათ პოლიტიკურ შეხედულებებთან, რაც გამოიხატებოდა ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერაში.

სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული არ ქმნის საფუძველს მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების შესახებ. 2006 წლის 25 მაისამდე მოქმედი შრომის კოდექსით, ხელფასის შენარჩუნების გარანტიაში მოიაზრებოდა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება იძულებითი გაცდენის მთელი პერიოდის განმავლობაში იმ მუშა-მოსამსახურეების მიმართ, რომლებიც სამსახურიდან უკანონოდ იქნენ დათხოვნილი და სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგენილნი იქნენ წინანდელ სამსახურში, ხელფასი მიეცემოდათ დათხოვნის დღიდან, მაგრამ არაუმეტეს სამი თვისა. ამდენად, იძულებითი ხელფასის ანაზღაურების საფუძველი იყო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მოსამსახურის სამსახურში აღდგენის შესახებ პირვანდელ თანამდებობაზე. ხელფასის შენარჩუნების გარანტია რაიმე ვადით არ იყო შეზღუდული, თუ იძულებით გაცდენა გამოწვეული იყო ადმინისტრაციის მიერ შრომის წიგნაკის დაყოვნებით, ან თუ ადმინისტრაცია არ შეასრულებდა შრომის დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილებას მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა დღეს მოქმედ საქართველოს კანონზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ”, რომლის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოსამსახურეს უფლება აქვს მოითხოვოს სამსახურში აღდგენასთან ერთად იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება იძულებით გაცდენის მთელი პერიოდის განმავლობაში.

ამდენად, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნა უკავშირდება უკანონოდ დათხოვნილი მოსამსახურის უფლებას სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მის სამსახურში აღდგენას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო ვერ იმსჯელებს მიუღებელი ხელფასის ანაზრაურების შესახებ შრომის კანონმდებლობის შესაბამისად, რადგან მოსარჩელეებს ქონებრივი უფლებების აღდგენა და გარანტია მიანიჭა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამ მოსარჩელეების პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარების შესახებ. წინამდებარე გადაწყვეტილებების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელეებს აღნიშნული უფლება არ წარმოშობიათ, ვინაიდან მოსარჩელეთა მიმართ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული არ ყოფილა, რომელიც უფლებას მიანიჭებდა, მოეთხოვათ იძულებითი განაცდური ხელფასი სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის გამო მთელი პერიოდის განმავლობაში. მოსარჩელეებს მხოლოდ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებებმა მიანიჭეს უფლება, მოითხოვონ, როგორც პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებულმა პირებმა ქონებრივი უფლებების აღდგენა, რაც, სასამართლოს მოსაზრებით, გამოიხატება აგრეთვე მიუღებელ ხელფასში. მიუღებელი ხელფასის ცნებაში კი მოიაზრება ხელფასის მიმღები პირის მატერიალური და ქონებრივი დაინტერესების პრინციპი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარების და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლმა განსაზღვრა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლის ქონებრივი უფლებები, რომლის თანახმად, რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებებისა აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით. ამგვარი კანონი დღეის მდგომარეობით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული არ ყოფილა, რომელიც სამართლებრივ საფუძვლად დაედებოდა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას სასარჩელო მოთხოვნაზე.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. ყ-შვილმა და გ. გ-იანმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტები სააპელაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ მათ 1992-95 წლებში მიღებული ხელფასის მოთხოვნის უფლება მიანიჭა პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებამ, რომლითაც ლეგიტიმურად იქნა ცნობილი უზენაესი საბჭოს უფლებამოსილება კონსტიტუციურ ანუ 5 წლიან ვადაში. პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ხელფასის გაცემა იწყება პარლამენტის წევრის უფლებამოსილების დადასტურების დღიდან და მთავრდება შესაბამისი მოწვევის პარლამენტის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთანავე. ვინაიდან პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონში არაფერი წერია უკანონოდ გათავისუფლებული დეპუტატის ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, გამოყენებული უნდა იქნეს კანონის ანალოგიის პრინციპი და საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 112-ე მუხლი, რომლის შესაბამისადაც მოპასუხეები ვალდებულნი არიან, აპელანტებს აუნაზღაურონ ხელფასი დეპუტატებად არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.

აპელანტების აზრით, საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ვინაიდან არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება სამსახურში გ. გ-იანის და ე. ყ-შვილის აღდგენის შესახებ, ამიტომ მათ არ აქვთ უფლება მოითხოვონ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, ვინაიდან 2005 წლამდე 1991-92 წლების გადატრიალება შეფასებული იყო როგორც დემოკრატიული რევოლუცია, უზენაესი საბჭოს საქმიანობის აღდგენის ყოველგვარი მცდელობა ფასდებოდა როგორც სამშობლოს ღალატი. აპელანტების აზრით, ქონებრივი უფლებების დაცვას საერთო არ აქვს მათ მოთხოვნასთან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინებით ე. ყ-შვილისა და გ. გ-იანის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ განჩIნების მიღებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390.3 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტით და სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, შესაბამისად, ე. ყ-შვილისა და გ. გ-იანის სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა უსაფუძვლოდ.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. ყ-შვილმა და გ. გ-იანმა.

კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: რეპრესირებულთა შესახებ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ რეაბილიტირებული პირის ქონებრივი უფლებების აღდგენის წესი განისაზღვრება ცალკე კანონით. ამ დებულებაში იგულისხმება რეპრესირებული პირისათვის, უპირველეს ყოვლისა იმ ქონებრივი სიკეთის დაბრუნების წესის განსაზღვრა, რომელიც მას ჩამოერთვა რეპრესიის შედეგად. პირველ რიგში ეს არის უძრავი ქონება და შემდეგ სხვა მატერიალური სიკეთეები.

კასატორების აზრით, რეპრესირებულთა ქონებრივი უფლებების აღდგენის კანონი არასოდეს არ მიიღება, ვინაიდან რეპრესირებულთა კანონის მოქმედების სივრცეში ანუ 1921 წლიდან დღემდე პოლიტიკური რეპრესიის შედეგად ბევრმა ადამიანმა დაკარგა უძრავი ქონება და სხვა მატერიალური სიკეთე, ამიტომ ამ კანონის მიღებას დიდი სოციალური აფეთქება მოჰყვება.

კასატორები მიუთითებდნენ ,,რეპრესირებულთა შესახებ” კანონის მე-2 მუხლზე, რომელიც პოლიტიკურ რეპრესიად მიიჩნევს იძულების სხვადასხვა ფორმას, მათ შორის თანამდებობიდან ან სხვა სამუშაო ადგილიდან უკანონო დათხოვნას.

კასატორები აღნიშნავდნენ, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს რეპრესირებულად ცნობის გადაწყვეტილება, რომელიც ამტკიცებს, რომ ისინი უკანონოდ არიან დათხოვნილი დეპუტატის თანამდებობიდან, ამიტომ გაუგებარია, რატომ მოიაზრებს როგორც პირველი, ასევე მეორე ინსტანციის სასამართლო სახელფასო დავალიანების ცნებას რეპრესირებულთა კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის ქონებრივი უფლებების აღდგენაში და არა ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის ცნებაში, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულ პირს აღუდგება პოლიტიკური რეპრესიების შედეგად დარღვეული ყველა პოლიტიკური, სამოქალაქო და სხვა სახის უფლება და თავისუფლება. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულია იმ ქონებრივი უფლებების აღდგენა, რაშიც იგულისხმება უძრავი ქონებისა თუ სხვა მატერიალური სიკეთის დაბრუნება და არა სახელფასო საკითხების გადაჭრა.

კასატორები საკასაციო საჩივარში მიუთითებდნენ, რომ ხელფასის მოთხოვნის უფლება მათ მიანიჭათ პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებამ, რომლითაც დაგმობილ იქნა და სამხედრო გადატრიალებად შეფასდა 1991-92 წლების დეკემბერ-იანვრის მოვლენები და უზენაესი საბჭო ცნობილ იქნა ლეგიტიმურად კონსტიტუციით დადგენილ ვადაში ანუ 1990 წლიდან 1995 წლამდე.

კასატორების მოსაზრებით, 2005 წლის 11 მარტის დადგენილებით მათ ავტომატურად მიეცათ უფლება მოითხოვონ მიუღებელი ხელფასი 1992 წლიდან 1995 წლამდე, ვინაიდან არც პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ კანონში და არც პარლამენტის რეგლამენტში არაფერი წერია უკანონოდ გათავისუფლებული დეპუტატის ხელფასის შესახებ.

კასატორები მიუთითებდნენ, რომ საფუძველს მოკლებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს სასამართლო გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენის შესახებ, რომელიც საშუალებას მისცემდა მოსარჩელეებს მოეთხოვათ განაცდური ხელფასის სრული ოდენობით ანაზღაურება. კასატორები აღნიშნავდნენ, რომ სამხედრო გადატრიალების პირობებში მათთვის აბსოლუტურად შეუძლებელი იყო სასამართლოსათვის მიმართვა უზენაესი საბჭოს საქმიანობის აღდგენისა და შესაბამისად, უზენაესი საბჭოს დეპუტატთა ფუნქციონირების აღდგენის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე. ყ-შვილმა და გ. გ-იანმა მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-იანისა და ე. ყ-შვილის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 28.10.90 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგად გ. გ-იანი აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატად, პოლიტიკური გაერთიანება ,,...” საარჩევნო სიით. 1991-1992 წლების დეკემბერ-იანვარში მომხდარი ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოხდა საქართველოს უზენაესი საბჭოს საქმიანობის ვადამდე შეწყვეტა. გ. გ-იანს საქართველოს სამხედრო საბჭოს 02.01.92 წლის დადგენილების საფუძველზე შეუჩერდა საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილია, რომ გ. გ-იანის სამსახურიდან დათხოვნა დაკავშირებული იყო იმ პოლიტიკურ შეხედულებებთან, რომელიც გამოიხატებოდა ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გ. გ-იანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა შეფასდა როგორც თანამდებობიდან უკანონო დათხოვნა და ის ცნობილ იქნა რეაბილიტირებულად.

მეორე კასატორ ე. ყ-შვილთან დაკავშირებით ასევე დადგინდა, რომ ე. ყ-შვილი 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეულ იქნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრად, ხოლო 1992 წლის 2 იანვარს სამხედრო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეუჩერდა დეპუტატის უფლებამოსილება. სასამართლო გადაწყვეტილებით ე. ყ-შვილი მიჩნეულია თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლებულად და რეაბილიტირებულია.

საგულისხმოა, რომ კასატორები იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას უკავშირებენ იმ გარემოებას, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია მათი თანამდებობიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი, რაც მათ აძლევს უფლებას მოითხოვონ თავდაპირველ უფლებებში აღდგენა და იძულებითი განაცდურის მთელი პერიოდისათვის მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო ხაზგასმას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ მისი მხრიდან ეჭვქვეშ არ არის დაყენებული კასატორთა სამსახურებრივი უფლებამოსილების უკანონოდ შეწყვეტის ფაქტი, მოცემულ პირობებში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს ერთადერათი გარემოება, რამდენად მართებულად მოხდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შესაბამისი ნორმების გამოყენება და მათი კონკრეტული ურთიერთობისადმი მისადაგება.

სამართლის თითოეული ნორმა წარმოადგენს ზოგადი ხასიათის ქცევის წესს, რომლის მიხედვითაც ხდება მხოლოდ ამ ზოგადი წესის შესაბამისი კონკრეტული ურთიერთობის რეგულირება. სამართლის ნორმის სწორად შეფარდების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს კონკრეტული ურთიერთობის მარეგულირებელი იმ დროისათვის მოქმედი ნორმის გამოყენება, რა დროსაც წარმოიშვა ეს კონკრეტული ურთიერთობა. რაც, თავის მხრივ, უკავშირდება ნორმის დროში მოქმედების საკითხს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორთა მოტივაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 11 მარტის დადგენილებამდე კასატორთა მოთხოვნას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი, მაგრამ იმავდროულად, სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მოთხოვნა განიხილოს და გადაწყვიტოს იმ საკანონმდებლო ნორმებზე დაყრდნობით, რომელიც მოქმედებდა ურთიერთობის წარმოშობის მომენტისათვის.

უდავოა, რომ კასატორებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდათ 1992 წლის 2 იანვარს. მითითებული ფაქტობრივი გარემოება საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს დაადასტუროს იმ პერიოდისათვის მოქმედი შრომის კანონთა კოდექსის გამოყენების აუცილებლობა. აღნიშნული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, სამუშაოდან უკანონოდ დათხოვნილ და წინანდელ სამუშაოზე აღდგენილ მუშას ან მოსამსახურეს სასამართლოს გადაწყვეტილებით აუნაზღაურდება იძულებითი გაცდენილი დროის ხელფასი დათხოვნის დღიდან, მაგრამ არა უმეტეს სამი თვისა (13.08.92 წ. შეტანილი ცვლილებით 3 თვე გაიზარდა 1 წლამდე).

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსი უდავოდ ცხადყოფს, რომ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესაძლებლობას კანონმდებელი უკავშირებდა ორი პირობის ერთდროულად არსებობის ფაქტს, კერძოდ, სახეზე უნდა ყოფილიყო სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი და უნდა მომხდარიყო პირის სამუშაოზე აღდგენა. ამ ორი პირობის ერთდროულად არსებობის გარეშე იძულებითი განაცდური არ ანაზღაურდებოდა, განსხვავებით ამჟამად მოქმედი ნორმებისაგან, რომელიც გათავისუფლების თაობაზე მიღებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არაკანონიერებას უკავშირებს პირის უფლებას, მოითხოვოს უკანონო აქტით მიყენებული ზიანის იძულებითი განაცდურის სახით ანაზღაურება.

რაც შეეხება ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონს, საკასაციო სასამართლო მითითებული კანონის გამოყენების ნაწილში სრულად იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს მოტივაციას და იმის გათვალისწინებით, რომ კასატორთა მოთხოვნა ცალსახად არ ემყარება უშუალოდ ამ კანონის ნორმებს, საჭიროდ არ მიიჩნევს ზემოაღნიშნული კანონის ცალკეული ნორმების დამატებით ანალიზს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ. გ-იანისა და ე. ყ-შვილის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 30 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.