Facebook Twitter

ბს-718-684(კ-09) 1 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. ჯ-შის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1996 წლის 12 ნოემბერს ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. ჯ-შმა, მოპასუხე _ ¹59 სახლმმართველობისა და მესამე პირის _ ქ. თბილისის ¹1 სანოტარო კანტორის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე სახლი 1920 წლიდან იყო მისი ბებიის _ მ. ჯ-შის საკუთრება. 1942 წელს სახლის 1/5 გირაოთი გადაეცა პ. მ-ძეს, რომელმაც უკანონოდ აღრიცხა თავის სახელზე ტექინვენტარიზაციის ბიუროში. აღნიშნულ ბინაში მდგმურის უფლებით მცხოვრებმა დ. ც-ძემ 1995 წელს მოახდინა ბინის 1/5-ის პრივატიზება თავის სახელზე. აღნიშნული მიიჩნია რა უკანონოდ, მოსარჩელემ, როგორც მ. ჯ-შის უფლებამონაცვლემ, მოითხოვა პრივატიზაციის გაუქმება და სახლის 1/5 წილის მის კანონიერ მფლობელობაში დაბრუნება.

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1996 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-შის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მთაწმინდის რაიონის ¹59 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის მიერ 1995 წლის 25 მაისს დ. ც-ძის სახელზე პრივატიზაცია; მ. ჯ-შის, როგორც მ. ჯ-ძის უფლებამონაცვლის აღნიშნული საცხოვრებელი სახლის 4/5 წილის მფლობელის და ამავე სახლის 1/5 იდეალური წილის წინანდელი მფლობელის _ საკუთრების უფლება ცნობილ იქნა თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე სახლის 1/5 იდეალურ წილზე, ტექაღრიცხვის ბიუროში სათანადო ცვლილებების შეტანით.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მ. ჯ-შის შუამდგომლობის საფუძველზე განსახილველ საქმეში მოპასუხედ ჩაბმულ იქნა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობა.

საქმის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში არაერთგზის განხილვის შემდგომ თბილისის მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. ჯ-შის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა დ. ც-ძის შეგებებული სარჩელი; დ. ც-ძე ცნობილ იქნა თბილისში ... ქ. ¹7-ში მდებარე სახლის 1/5 ნაწილის მესაკუთრედ და აღდგენილ იქნა პრივატიზაცია ქ. თბილისში, ... ქ.¹7-ში 1/5 ნაწილზე; ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურს დაევალა შეიტანოს ცვლილებები საჯარო რეესტრის მონაცემებში და ქ. თბილისში, ... ქ.¹7-ში მდებარე სახლის 1/5 საკუთრების უფლებით აღრიცხულიყო დ. ც-ძის სახელზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-შმა, რომელმაც თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელოს მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტის წარმომადგენელმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით დ. ც-ძესა და მთაწმინდის რაიონის ¹59 საბინაო-საექპლოატაციო უბანს შორის 1995 წლის 25 მაისს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. აპელანტი მ. ჯ-ში დაეთანხმა მისი წარმომადგენლის მიერ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ჯ-შის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ჯ-შის სარჩელი დ. ც-ძესა და თბილისის მთაწმინდის რაიონის ¹59 საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის 1995 წლის 25 მაისს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; დ. ც-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეწყდა საქმის წარმოება დ. ც-ძის შეგებებულ სარჩელზე შეგებებული მოსარჩელის მიერ უარის თქმის გამო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება დ. ც-ძესა და თბილისის მთაწმინდის რაიონის ¹59 საბინაო-საექსპლუატაციო უბანს შორის 1995 წლის 25 მაისს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ჯ-შმა. კასატორმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. ჯ-შის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჯ-შის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მ. ჯ-შს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ჯ-შის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. მ. ჯ-შს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.