Facebook Twitter

ბს-719-685(2კ-09) 1 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,...’’ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 17 იანვარს შპს ,,...’’ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის, ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის უფროსის ¹308 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შემოწმება, რის შემდეგაც შედგენილ იქნა უკანონო (დაუსაბუთებელი) აქტი, რომელიც მოსარჩელის მიერ გასაჩივრდა ჯერ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციაში, ხოლო შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტში, რომლებმაც ნაწილობრივ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა, თუმცა დაუკმაყოფილებელ ნაწილს დასაბუთებული უწოდეს.

მოსარჩელემ აგრეთვე მიუთითა, რომ აქტის თანახმად გადასახადების გადახდის გაანგარიშება და გადახდა მოხდა ძველი წესით, თუმცა ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მისთვის უცნობი იყო საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ, ხოლო საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმა მას ამ ცვლილებების შესახებ არ აცნობეს.

მოსარჩელემ ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 25 აგვისტოს აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 17 მაისის საოქმო განჩინებით მოპასუხეთა რიგებიდან ამოირიცხა ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს ,,...’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 25 აგვისტოს აქტი 45880,6 ლარის გადასახადის დარიცხვის ნაწილში, ხოლო 12453 ლარის გადასახადის დარიცხვის ნაწილში უარი ეთქვა მოსარჩელეს აქტის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილებულ იქნა შპს ,,...’’ შუამდგომლობა და 2004 წლის 25 აგვისტოს აქტით ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა შემცირდა 7881,32 ლარით, ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის მიმართ დარიცხული თანხა შემცირდა 6795 ლარით. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით 2004 წლის 30 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულ იქნა საბუღალტრო ექსპერტიზა, რომლის 2005 წლის 18 იანვრის დასკვნის თანახმად, შპს ,,...’’ საბოლოოდ ბიუჯეტში გასადახდელად დაერიცხა ძირითადი გადასახადი _ 9962,8 ლარი და ჯარიმა _ 2490,5 ლარი. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა ამ დასკვნით განსაზღვრული თანხა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციამ და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...’’, რომელმაც გასაჩივრებული ნაწილის ბათილად ცნობა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 8 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია), ხოლო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით აპელანტ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აპელანტ შპს ,,...’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,...’’ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 25 აგვისტოს შემოწმების აქტი იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,...’’ გადასახდელად დაერიცხა 44933,40 ლარი (მათ შორის: საშემოსავლო გადასახადი _ 2450,80 ლარი, სოციალური გადასახადი _ 732,40 ლარი, ბაზრის ფიქსირებული გადასახადი _ 41750,20 ლარი) და დანარჩენ _ 13060,53 ლარის (მათ შორის დღგ _ 881,40 ლარი, მოგების გადასახადი _ 67,80 ლარი, საშემოსავლო გადასახადი _ 1072,70 ლარი, სოციალური გადასახადი _ 1770 ლარი, ბაზრის ფიქსირებული გადასახადი _ 9610,60 ლარი, სამეწარმეო გადასახადი _ 119,07 ლარი, საგზაო გადასახადი _ 341,97 ლარი) დარიცხვის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიერ წარმოდგენილ იქნა მონაცემები შპს ,,...’’ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე შემოწმების აქტით 06.09.04 წ. დარიცხული თანხების შესახებ, აგრეთვე დღგ-ს, მოგების გადასახადის, საშემოსავლო გადასახადის, სოციალური გადასახადის, ბაზრის ფიქსირებული გადასახადის, ეკონომიკური საქმიანობისათვის გადასახადის, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებით სარგებლობის გადასახადის დარიცხვის ბარათები. სასამართლომ მიუთითა, რომ რევიზიის აქტის საფუძველზე შპს ,,...’’ 2004 წლის 6 სექტემბერს გადასახდელად დაერიცხა 13060,53 ლარი, ხოლო სულ შემცირებული იქნა 44933,4 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა, როდესაც მან აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადაეხადა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიული დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოში შპს ,,...’’ მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზის 2005 წლის 18 იანვრის დასკვნით განსაზღვრული თანხა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებებს, რადგან საგადასახადო აქტით დარიცხული გადასახადის კანონიერების შემოწმება უნდა განხორციელებულიყო საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე, საამისდო უფლებამოსილი ორგანოს მიერ და არა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, რომლებმაც გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქ. თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი იყო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხული 44933,4 ლარი იყო შემცირებული და სწორედ აღნიშნული თანხის ნაწილში სასამართლომ აქტი ხელმეორედ ცნო ბათილად.

კასატორმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საგადასახადო ორგანოს მხრიდან სადავო შემოწმების აქტის 44933,4 ლარის დარიცხვის უსწორობის აღიარებაზე, რაც სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საგადასახადო ორგანოს მიერ წრმოდგენილი მტკიცებულების არასწორი შეფასებისა და გამოკვლევის შედეგი იყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 15 მაისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად და განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 24 სექტემბერს 12.00 საათზე; მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცა 10 დღის ვადა 2009 წლის 9 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკსაციო საჩივრებს, საქმის მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკსაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებები და ამ ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საოლქო საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 25 აგვისტოს შემოწმების აქტით (ს.ფ. 37), შპს ,,...’’ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 58333,9 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა _ 30941,9 ლარი, ჯარიმა _ 6969,2 ლარი და საურავი _ 20422,8 ლარი. ქ. თბილისის საგადასახადო ინსპექციის 2004 წლის 22 ოქტომბრის ¹05/317 გადაწყვეტილებით (ს.ფ. 6), კორექტირებას (შემცირებას) დაექვემდებარა ბაზრის ორგანიზებისათვის გადასახადში დარიცხული 7881,9 ლარი, ხოლო დანარჩენი დარიცხვები მიჩნეულ იქნა სწორად. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2004 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით (ს.ფ. 8) დარიცხული თანხა შემცირდა 6795 ლარით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება (ს.ფ. 258): შპს ,,...’’ გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათებზე, 2004 წლის 6 სექტემბრის შემოწმების აქტით დარიცხული თანხებიდან, შემცირებულია 44933,4 ლარი, ხოლო დარჩენილია _ 13060,53 ლარი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში _ ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. საკასაციო სასამართლო განმარტავს რომ საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმების აქტით დარიცხული თანხის 44933,4 ლარით შემცირება, ამ ნაწილში აქტის ბათილობას ნიშნავდა.

საკასაციო სასამართლო აგრეთვე აღნიშნავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,...’’ სარჩელი, კერძოდ 13060,53 ლარის დარიცხვის ნაწილში, არ იქნა გასაჩივრებული საკასაციო წესით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ა1 ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვითაც სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას თუ არ არსებობს დავის საგანი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში არ არსებობს დავის საგანი, კერძოდ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და საქმეში წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით (ს.ფ. 258) ნათელია, რომ 2004 წლის 6 სექტემბრის აქტით დარიცხულ იქნა 57993,9 ლარი, ამ თანხიდან შემცირებულია 44933,4 ლარი, ხოლო რეალურად დარიცხულ იქნა 13060,53 ლარი. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,...’’ სარჩელი არ იქნა გასაჩივრებული საკასაციო წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის წარმოება უნდა შეწყდეს დავის საგნის არარსებობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის «ა1» პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს გასაჩივრებულ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ივნისის და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებები და ამ ნაწილში შეწყდეს საქმის წარმოება შპს ,,...’’ სარჩელისა გამო მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე დავის საგნის არარსებობის გამო;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.