Facebook Twitter

ბს-719-691(კ-08) 27 ივლისი 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ შპს “...”

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ 1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს

აჭარის ა/რ ტერიტორიული სამსახური;

2. აუდიტორი მ. ფ-ძე

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური

4. ი. ი-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 დეკემბრისა და 2 აპრილის განჩინებებზე

სარჩელის საგანი _ ქონების აღწერა-დაყადაღების აქტის, აუდიტორული დასკვნის, აღმასრულებლის განკარგულებებისა და რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს “...” 03.10.06 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს. მოსარჩელემ 06.11.06 წ. წარადგინა დაზუსტებული სარჩელი, რომლითაც სასამართლო აღმასრულებლის 16.08.06 წ. შედგენილი აღწერა-დაყადაღების აქტის იმ ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის თანახმად ... კუთვნილი უძრავი ქონება 2006 წლის 29 აგვისტოს ¹71 აუდიტორული დასკვნის საფუძველზე შეფასდა 135520 ლარად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.11.06 წ. განჩინებით შპს “...” სარჩელი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და საქმის წარმოება შეწყდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.07.07 წ. განჩინებით კერძო საჩივრის საფუძველზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.11.06 წ. განჩინება გაუქმდა და სარჩელი არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.05.08 წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სარჩელი, მოპასუხეების _ აჭარის სააღსრულებო ბიუროს და აუდიტორ მ. ფ-ძის მიმართ აღმასრულებლის 16.08.06 წ. ქონების აღწერა-დაყადაღების შესახებ აქტისა და 24.08.06 წ. აუდიტორის დასკვნის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან დადგენილად მიიჩნია, რომ აუდიტორის მიერ სადავო ქონების შეფასება მოხდა სწორად, ხოლო აღმასრულებლის “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ სასამართლო ექსპერტის მიერ სადავო ქონების 2006 წლისათვის არსებული საბაზრო ღირებულების თაობაზე ინფორმაცია ვერ იქნა მოძიებული, ხოლო თავად არ მიუთითებია იმ მტკიცებულებებზე, რაც დაადასტურებდა აუდიტორის მიერ ქონების შეფასების სისწორეს. სასამართლომ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 47-ე მუხლი, რომლის თანახმად სასამართლო აღმასრულებელი ვალდებული იყო სადავო ქონება შეეფასებია არსებული საბაზრო ფასების მიხედვით, მით უმეტეს, რომ სადავო ქონების აუქციონზე გატანა მოხდა აუდიტორის მიერ ქონების შეფასებიდან თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.08 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 23.05.08 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპერტის მიერ 2008 წლის მდგომარეობით სადავო ქონების შეფასება არ განაპირობებდა აუდიტის 2006 წლის დასკვნის უკანონობას. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არ არსებობდა აღმასრულებლის აქტისა და აუდიტორის დასკვნის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 04.12.08 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სასამართლო ექსპერტის დასკვნა და სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, სადაც აღნიშნულია, რომ სადავო ბინის შესაფასებლად 2006 წლისათვის სათანადო მასალები ვერ იქნა მოძიებული ექსპერტის მიერ, მანვე არ გამორიცხა ვარაუდი, რომ ამ დროისათვის ქონების ღირებულება შეიძლება ყოფილიყო გაცილებით მეტი, ვიდრე ეს აუდიტორის დასკვნაშია მითითებული. აუდიტორის დასკვნის სისწორის დამადასტურებელი მტკიცებულებები ვერ იქნა წარდგენილი აღმასრულებლის მიერ და არც სასამართლოს დაუსაბუთებია, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია აუდიტორის მიერ ქონების შეფასება კანონიერად. საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 47-ე მუხლი, არ დაასაბუთა თუ რატომ იყო აღმასრულებლის მოქმედება კანონიერი, როდესაც აღწერა/დაყადაღებიდან 5 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ არ დანიშნა იძულებითი აუქციონი. ამასთან, შეფასება არ მიეცა იმ გარემოებას თუ რატომ მოხდა 21.06.07 წ. დანიშნულ იძულებით აუქციონზე ქონების გატანა 10 თვით ადრე შედგენილი აუდიტის დასკვნის საფუძველზე და შეესაბამებოდა თუ არა ამ დროისათვის ქონების შეფასება მის საბაზრო ღირებულებას. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მიენიჭა რიგითი ნომერი ბს-170-164 (კ-09);

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.06.07 წ. სარჩელით მიმართა შპს “...” მოპასუხე _ აჭარის სააღსრულებო ბიუროსა და აუდიტორ მ. ფ-ძის მიმართ, რომლითაც აუდიტორის 29.08.06 წ. დასკვნისა და სასამართლო აღმასრულებლის ყველა განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ აჭარის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის მიერ 2006 წლის 16 აგვისტოს შედგენილ იქნა აღწერა-დაყადაღების აქტი ... საკუთებაში არსებულ ქონებაზე, მდებარე ქ. ბათუმში ... ქ. ¹1. ბ18-ში. აღნიშნული ქონება აუდიტორ მ. ფ-ძის 2006 წლის 19 აგვისტოს დასკვნით შეფასებულ იქნა 135520 ლარად. მოსარჩელე თვლის, რომ ქონების შეფასება მოხდა არასწორად, რადგან აუდიტორმა იხელმძღვანელა არა მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ბაზარზე არსებული ფასით, არამედ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 2 თებერვლის ¹8 ბრძანებით “უძრავი ქონების გადაცემისას საბაზრო ფასის განსაზღვრის წესის შესახებ” და ქ. ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 25 იანვრის ¹1-1 გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესს ადგენს. მოსარჩელე ასევე მიიჩნევს, რომ ქონების აუდიტორის მიერ შეფასებიდან აუქციონის დანიშვნამდე გავიდა თითქმის ერთი წელი, ამ ხნის განმავლობაში უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ცვლილებები აღნიშნული ქონების ფასზეც აისახა და იგი ერთი ორად გაიზარდა. გარდა ამისა, ქ. ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის ¹1-6 დადგენილებით განსაზღვრული ზონირების მიხედვით, ... ქუჩა მდებარეობს პირველი ზონის პირველ ქვეზონაში, ამასთან სადავო ფართი კომერციული დანიშნულებისაა. აჭარის არ ფინანასთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 15 ივნისის ¹01-22 2159 წერილის საფუძველზე, მოსარჩელე თვლის, რომ ამავე ზონაში 1მ2 ფართის საწყისი გასაყიდი ფასი აუქციონის ჩატარების დროისათვის შეადგენდა 1.68 X 2000 = 3360 ლარს. ხოლო საერთო ფართის ფასი _ 3360 X 76.19 = 255998.4 ლარს. გარდა ამისა, სასამართლო აღმასრულების მიერ 2007 წლის 15 ივნისს გაზეთ “...” გამოქვეყნებულ იქნა განცხადება 2007 წლის 21 ივნისს, 11 საათზე დანიშნულ აუქციონზე ქონების გატანის შესახებ. ამდენად, აუქციონი ჩატარდა განცხადების გამოქვეყნებიდან კანონით დადგენილი 7 დღიანი ვადის დარღვევით. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ აჭარის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა დაარღვია “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.

მოსარჩელე _ შპს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მიერ 03.07.07 წ. დამატებითი და 17.07.07 წ. დაზუსტებული სარჩელებით მოპასუხეებად დასახელდნენ აჭარის სააღსრულებო ბიურო, ი. ი-ძე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, ხოლო სარჩელის მოთხოვნას შეადგენდა უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის თაობაზე აღმასრულებლის მიერ მიღებული ყველა განკარგულების ბათილად ცნობა მათი ძალაში შესვლის დღიდან. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილება ი. ი-ძის სახელზე სადავო უძრავი ქონების რეგისტრაციის თაობაზე, მისი ძალაში შესვლის დღიდან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 20.08.07 წ. საოქმო განჩინებით საქმის წარმოება აუდიტორ მ. ფ-ძის მიერ 29.08.06 წ. შედგენილი დასკვნის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა. სასამართლოს 10.09.07 წ. საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობები საქმეთა გაერთიანებისა და ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 11.09.07 წ. გადაწყვეტილებით შპს “...” სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 23 აპრილისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულების მიზნით აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ¹2/ბ-19 და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ¹2-482 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, აღმასრულებლის მიერ 2006 წლის 16 აგვისტოს მოხდა მოვალის ქონების აღწერა-დაყადაღება, რომლის დროსაც შედგენილ იქნა სათანადო ოქმი და 2006 წლის 23 აგვისტოს ჩაბარდა შპს “...” იურისტს. სააღსრულებო წარმოების გაგრძელების შემდეგ, აღმასრულებლის 2007 წლის 12 ივნისის განკარგულებით 21.06.07 წელს, 11:00 საათზე დაინიშნა იძულებითი აუქციონი “...” საკუთრებაში რიცხული ქ. ბათუმში ... ქ. ¹1 ბ.18-ის რეალიზაციის თაობაზე. სადავო ქონებაზე აუქციონის ჩატარების შესახებ განცხადება გამოქვეყნდა გაზეთ “...” 2007 წლის 15 ივნისს. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ 2007 წლის 21 ივნისს ჩატარდა აუქციონი კანონით დადგენილი წესით, რომლის დროსაც აუქციონზე გასაყიდად გატანილი ქონება მდებარე ქ. ბათუმში, ... ქ. ¹1 ბ.18-ში შეიძინა მოპასუხე ი. ი-ძემ და იგი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში სადავო ფართის მესაკუთრედ. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დარღვეული არ ყოფილა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნები, რის გამოც არ არსებობდა აღმასრულებლის მიერ 12.06.07 წ. და 21.06.07 წ. მიღებული განკარგულებების ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება ი. ი-ძეს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მან ქონება შეიძინა იძულებით აუქციონზე კანონის სრული დაცვით და არ არსებობდა საჯარო რეესტრის გასაჩივრებული ჩანაწერის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.09.07 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს “...”, რომლითაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის 10.09.07 წ. განჩინების და 11.09.07 წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ საქმეთა გაერთიანებისა და აუდიტორის დასკვნის კანონიერების დადგენის გარეშე, დაუშვებელი იყო სადავო საკითხის გადაწყვეტა. რაც შეეხება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, აპელანტი თვლის, რომ იგი დაუსაბუთებელია, ვინაიდან დარღვეულია სსსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნები.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 11.09.07 წ. გადაწყვეტილება და 10.09.07 წ. განჩინება საქმეთა გაერთიანებასა და სასამართლო ექსპერტიზის დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იძულებითი აუქციონი ჩატარებული იყო “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აღმასრულებლის 12 და 21 ივნისის განკარგულებების გამოცემისას დაცული იყო ამავე კანონის 71-ე, 72-ე და 75-ე მუხლების მოთხოვნები. ი. ი-ძე წარმოადგენდა კეთილსინდისიერ შემძენს და არ არსებობდა საჯარო რეესტრში მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველი. რაც შეეხება ბათუმის საქალაქო სასამართლოს 10.09.07 წ. განჩინებას, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე გავლენა არ მოუხდენია.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.08 წ. განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარდგენილ იქნა შპს “...” მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, იყო თუ არა დაცული აუქციონის დანიშვნის შესახებ განხცადების გამოქვენებიდან კანონით გათვალისწინებული 7 დღიანი ვადა აუქციონის გამართვისას, ასევე სასამართლოს არ უმსჯელია აუდიტორის დასკვნის კანონიერების თაობაზე აღძრული საქმის განხილვამდე შესაძლებელი იყო თუ არა აღმასრულებლის განკარგულებების თაობაზე აღძრული დავის გადაწყვეტა. სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის 47-ე მუხლი, ასევე არ უმსჯელია აუდიტორის მიერ შეფასდა თუ არა სადავო ქონება საბაზრო ფასად, ხოლო თუ ქონების შეფასება შეესაბამებოდა საბაზრო ფასს, არ მიუთითებია აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გამოტანილი გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რის გამოც მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. კასატორი თვლის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებით მის მიერ წარდგენილი არცერთი მტკიცებულება არ იქნა გაქარწყლებული. წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მიენიჭა რიგითი ნომერი ბს-719-691 (კ-08);

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო მოგვიანებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე მიჩნეულ იქნა დასაშვებად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.03.09 წ. განჩინებით შპს “...” საკასაციო საჩივრის გამო, ¹ბს-719-691(კ-08) ადმინისტრაციული საქმე (მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიურო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, ი. ი-ძე) და შპს “...” საკასაციო საჩივრის გამო, ¹ ბს-170-164(კ-09) ადმინისტრაციული საქმე (მოწინააღმდეგე მხარე _ აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიურო, აუდიტორი მ. ფ-ძე) გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინებების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2004 წლის 23 აპრილისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 13 ივლისის გადაწყვეტილებებითYშპს “...” ხელფასების სახით 369 744 ლარისა და 811 898 აშშ დოლარის, ასევე თამასუქით გათვალისწინებული თანხის _ 55 800 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულების მიზნით აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს ¹2/ბ-19 და ბათუმის საქალაქო სასამართლოს ¹2-482 სააღსრულებო ფურცლების საფუძველზე, აღმასრულებლის მიერ 2006 წლის 16 აგვისტოს მოხდა მოვალის ქონების _ მდებარე ქ. ბათუმში ... ქ. ¹1, ბინა ¹18-ს აღწერა-დაყადაღება. აღმასრულებელმა ქონების აღწერა-დაყადაღება განახორციელა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 28.1 მუხლის საფუძველზე. ამავე აქტში აღმასრულებლის მიერ მიეთითა, რომ ქონება შეფასდებოდა ექსპერტ-აუდიტორის მიერ. თანახმად “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა, ყადაღადადებულ ნივთებს შეაფასებს სასამართლო აღმასრულებელი ჩვეულებრივი საბაზრო ფასებით, სასამართლო აღმასრულებელს შეუძლია შეფასება დაავალოს ექსპერტს ან აუდიტს. სასამართლო აღმასრულებლის მიერ ქონების აღწერა-დაყადაღებისას არ დარღვეულა კანონის ნორმა, რადგან მას აუქციონზე გატანამდე უნდა შეეფასებია ქონების საბაზრო ღირებულება, მაგრამ ამავე დროს გააჩნდა გააჩნდა კანონისმიერი უფლება ქონების შეფასებისათვის მიეღო აუდიტის მომსახურება. ამდენად, არ არსებობდა აჭარის ა/რ სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 16 აგვისტოს აღწერა-დაყადაღების აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სასამართლო აღმასრულებლის ჯ. ძირკვაძემ 2006 წლის 26 აგვისტოს ¹02/02/4382 მიმართვით (ტ. 2, ს.ფ. 188) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოვალის შპს “...” ბალანსზე რიცხული ბინის საბაზრო ფასად შეფასებისა და დასკვნის მისაღებად მიმართა დამოუკიდებელ აუდიტორის მ. ფ-ძეს. აუდიტორ მ. ფ-ძის მიერ 2006 წლის 29 აგვისტოს შედგენილი ¹71 აუდიტორული დასკვნის თანახმად, ქ. ბათუმში, ... ქ. ¹1-ში მდებარე ბინა ¹18-ის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 135 520 ლარს. აუდიტორის მიერ ქონება შეფასდა ადგილზე მისვლითა და ვიზუალური დათვალიერებით, უძრავი ქონების მდგომარეობის მახასიათებლებისა და პარამეტრების გათვალისწინებით. აუდიტორმა ქონების შეფასებისას იხელმძღვანელა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 02.02.1998 წ. ¹8 ბრძანებით, ქ. ბათუმის საკრებულოს 16.05.2002 წ. ¹53 და 25.01.2006 წლის ¹1-1 გადაწყვეტილებებით. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. ფ-ძის მიერ უძრავი ქონების შეფასება არ მოხდა საბაზრო ფასების მიხედვით, ვინაიდან მან იხელმძღვანელა მხოლოდ ქ. ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 25 იანვრის ¹1-1 გადაწყვეტილებით, რომელიც მხოლოდ მიწის ნორმატიულ ფასს ადგენს, ასევე იხელმძღვანელა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 1998 წლის 2 თებერვლის ბრძანებით და დასკვნაში მითითებული არაა აუდიტორის მიერ მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე ქონების საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით ქონების შეფასების თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ აუდიტორ მ. ფ-ძის მიერ მოვალის ბალანსზე არსებული უძრავი ქონების შეფასება მოხდა ბაზარზე იმ დროს არსებული ქონების საბაზრო ღირებულებით, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს 02.02.1998 წ. ¹8 ბრძანებით დადგენილია უძრავი ქონების გადაცემის საბაზრო ფასის გაანგარიშების ფორმულა, რომლის კომპონენტებია: ქალაქში (რაიონში) უძრავი ქონების 1 კვ.მ. საბაზისო საბაზრო ფასი, უძრავი ქონების ზონალური კოეფიციენტი, უძრავი ქონების მდგომარეობის მახასიათებელი, სართულის შემასწორებელი კოეფიციენტი და უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას დაკავებული მიწის ნაკვეთის მონაწილეობის კოეფიციენტი. ქ. ბათუმის საკრებულოს 2002 წლის 16 მაისის ¹53 გადაწყვეტილებით დამტკიცებულია ქ. ბათუმში უძრავი ქონების 1 კვ.მ.-ის საბაზისო საბაზრო ფასი საბინაო ფონდისათვის 50 ლარი, ამავე გადაწყვეტილებით დამტკიცდა უძრავი ქონების გასხვისებისას საბაზრო ფასის ზონალურ-ტერიტორიული კოეფიციენტები, დამტკიცდა ასევე უძრავი ქონების ფასის განსაზღვრის წესი. ქ. ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 25 იანვრის ¹1-1 გადაწყვეტილებით დადგენილია ქ. ბათუმის ზონალური ტერიტორიები. ამდენად, აუდიტორის მიერ ქონების შესაფასებლად აღნიშნული სამართლებრივი აქტების გამოყენებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა უძრავი ქონების საბაზრო ფასის დადგენა, ხოლო ამ მოქმედების დასკვნაში მიუთითებლობა ვერ იქნება შეფასების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ აუდიტორის მიერ ქონების შეფასების დროისათვის აღნიშნული ქონების საბაზრო ფასი გაცილებით მეტი იყო, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

საკასაციო პალატა ასევე ვერ დაეთანხმება საკასაციო მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო პალატამ შეფასება არ მისცა ექსპერტიზის დასკვნასა და ექსპერტის მიერ სასამართლოსათვის მიცემულ ჩვენებას, ასევე არ დაუსაბუთებია თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია აუდიტორის მიერ ქონების შეფასება სწორად. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2008 წლის 28 მარტის ¹3978/5 ექსპერტის დასკვნით (ტ. 2, ს.ფ. 73-79) დგინდება, რომ ექსპერტის მიერ სადავო ქონების 2006 წლის მდგომარეობით საბაზრო ფასის დადგენა ვერ მოხერხდა მის მიერ სათანადო ინფორმაციის მოუძიებლობის გამო, ხოლო ექსპერტმა გ. გ-შვილმა მოწმის სახით დაკითხვისას (ტ. 2, ს.ფ. 105-114) აჩვენა, რომ ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას ექსპერტი ხელმძღვანელობს საგაზეთო პუბლიკაციებითა და კერძო ოფისებში მოპოვებული ინფორმაციით, ამ სახის ინფორმაცია 2006 წლის მდგომარეობით მისთვის ხელმიუწვდომელი იყო, რის გამოც ვერ შეძლო უძრავ ქონებაზე 2006 წელს არსებული საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. მანვე არ გამორიცხა ამ დროისათვის ქონების აუდიტორულ დასკვნაში მითითებულ ფასზე მაღალი ფასის არსებობის შესაძლებლობა. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ აუდიტორის დასკვნის სისწორის შეფასება მოხდა იმ სამართლებრივ აქტებზე დაყრდნობით, რომელთა საფუძველზეც მიღებულია სადავო დასკვნა და აღნიშნულის თაობაზე მსჯელობა ასახულია გასაჩივრებულ განჩინებაში. რაც შეეხება ექსპერტის ვარაუდს 2006 წლის მდგომარეობით უძრავი ქონების ფასთან მიმართებით, აღნიშნული გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ, ვინაიდან არ არის გამყარებული სათანადო მტკიცებულებებით. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ 2008 წელს არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება არ განაპირობებს აუდიტორის 2006 წლის დასკვნის უკანონობას.

რაც შეეხება საკასაციო საჩივრის მოსაზრებას სასამართლო აღმასრულებლის 2007 წლის 12 და 21 ივნისის განკარგულებების ბათილობასთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და ზუსტი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. დადგენილია, რომ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონების აღწერა-დაყადაღებისა და მისი აუდიტორული დასკვნის საფუძველზე შეფასების შემდეგ, სასამართლო აღმასრულებლის 2007 წლის 12 ივნისის განკარგულებით დაინიშნა იძულებითი აუქციონი 2007 წლის 21 ივნისს, 11:00 საათზე. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 47-ე მუხლი, ვინაიდან აღმასრულებელი ვალდებული იყო შეეფასებია ქონება საბაზრო ფასებით მით უმეტეს, რომ იძულებით აუქციონზე ქონება გასხვისდა ერთი წლის გავლის და არა დაყადაღებიდან 5 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ. ამასთან, უძრავი ქონების ფასი ამ დროისათვის აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2007 წლის 15 ივნისის ¹01-22-2159 წერილზე (ს.ფ. ტ. 1, ს.ფ. 19) დაყრდნობით შეადგენდა არანაკლებ 2000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს. საკასაციო პალატა უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ აღნიშნული წერილით დგინდება არასაცხოვრებელი ფართების გასაყიდი ფასი არა აუდიტორის მიერ ქონების შეფასების დროისათვის, არამედ 2007 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. ამასთან, სადავო უძრავი ქონება საქმეში წარმოდგენილი ტექნიკური პასპორტისა და ცნობა-დახასიათების თანახმად არ წარმოადგენს არასაცხოვრებელ ფართს. ამდენად, აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილში დაფიქსირებული ინფორმაცია სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად არ იქნა გაზიარებული. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 69-ე მუხლიზე, რომელიც განკარგულების გამოცემის დროს მოქმედი რედაქციით ითვალისწინებდა სასამართლო აღმასრულებლის მიერ იძულებითი აუქციონის შესახებ განკარგულების მიღების შესაძლებლობას, თუ მოვალე რეგისტრირებული იყო, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე. ამდენად, სასამართლო აღმასრულებელი ქონების შეფასებიდან მის იძულებით აუქციონზე გატანამდე დროით არ იყო შეზღუდული და კანონი არ ითვალისწინებდა უშუალოდ აუქციონის ჩატარების წინ ქონების შეფასების აუცილებლობას, თუნდაც იმ დროისათვის ქონების საბაზრო ღირებულება შეცვლილიყო.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმისათან დაკავშირებით, რომ სასამართლო აღმასრულებლის მიერ დაცული არ იქნა განცხადების გამოქვეყნებიდან იძულებითი აუქციონის გამართვამდე კანონით დადგენილი ვადა. “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 71-ე მუხლი ავალდებულებს სასამართლო აღმასრულებელს აუქციონის ჩატარებამდე 7 დღით ადრე გააკეთოს სპეციალური განცხადება. დადგენილია, რომ იძულებითი აუქციონის დანიშვნის თაობაზე განცხადება 2007 წლის 15 ივნისს გამოქვეყნდა გაზეთ “...” (ტ. 1, ს.ფ. 20), ხოლო აუქციონი გაიმართა განცხადების გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს _ 21 ივნისს. ამდენად, სახეზე არ არის ზ/აღნიშული ნორმის დარღვევა და სასამართლო აღმასრულებელი უფლებამოსილი იყო საგაზეთო პუბლიკაციიდან მე-7 დღეს ჩაეტარებია იძულებითი აუქციონი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას 2007 წლის 21 ივნისს მიღებული განკარგულების ბათილად ცნობასთან მიმართებით, ვინაიდან საკასაციო პალატა თვლის, რომ 2007 წლის 21 ივნისს აუქციონი ჩატარდა და განკარგულება გამოიცა “სააღსრულებო წარმოებათა კანონის” 68-75-ე მუხლების დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. საფუძველს მოკლებულია ასევე კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ი. ი-ძე წარმოადგენს არაკეთილსინდისიერ შემძენს, რის საფუძველზეც უკანონოდ მიიჩნევს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ი. ი-ძის უფლების რეგისტრაციის თაობაზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით სადავო საკითხი სწორად არის გადაწყვეტილი და შეიცავს სწორ სამართლებრივ შეფასებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, სრულად დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, სამართლებრივ შეფასებებს, დამატებით მიუთითა მათზე და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 02 აპრილისა და 04 დეკემბრის განჩინებები უნდა დარჩეს უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შპს “...” საკასაციო საჩივარზე (¹ბს-719-691 (კ-08)) სახელმწიფო ბაჟის გადახდა გადაევადა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს “...” უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 300 (სამასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს “...” საკასაჩიო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 02.04.2008 წლის და 04.12.2008 წლის განჩინებები;

3. შპს “...” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ უნდა იქნეს შემდეგ ანგარიშებზე: მიმღები _ ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150; გადახდის დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე; გადამხდელის ბანკი _ სს “...”, ცენტრალური ფილიალი, ბანკის კოდი _ 220101502; მიმღების ბანკი _ სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.