Facebook Twitter

ბს-724-689(2კ-09) 17 ნოემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორი (მესამე პირი) _ მ. ნ-ია, წარმომადგენელი კ. ხ-უა

მოწინააღმდეგე მხარე _ 1. გ. ჩ-შვილი, ნ. ს-ძე (მოსარჩელეები); 2. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე); 3. გ. ს-ძე (მესამე პირი)

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ჩ-შვილმა და გ. ს-ძემ სარჩელი აღძრეს ხონის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხის - ხონის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

საქმის გარემოებები:

მოსარჩელეებს წლების განმავლობაში იჯარის ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და სარგებლობდნენ ბინით - მდებარე ქ. ხონი, ... ქ. ¹1-ში. აღნიშნული ფართი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უკანონოდ გადაეცა მ. ნ-იას, რითაც შეილახა მათი უფლებები (იხ. ს.ფ. 1; ტ.I).

ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 21 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელეებს, რამდენადაც მათ მიერ წარდგენილი სარჩელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-179-ე მუხლების მოთხოვნებს, მიეცათ ვადა ხარვეზის შესავსებად (იხ. ს.ფ. 43; ტ.I).

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოსარჩელე გ. ჩ-შვილმა შეავსო ხარვეზი, რის გამოც 2007 წლის 24 აგვისტოს განჩინებით მისი სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო გ. ს-ძეს უარი ეთქვა სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ს.ფ. 47; ტ.I).

მოპასუხემ - ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელმა რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე _ გ. ჩ-შვილი ქ. ხონში, ... ქ. ¹1-ში არსებულ ფართს ფლობდა უკანონოდ. აღნიშნული ბინა ეკუთვნოდა მოქალაქე კ. ნ-იას, რომლის მემკვიდრემ - მ. ნ-იამ განცხადებით მიმართა გამგეობას და მოითხოვა ქ. ხონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე არაიზოლირებული ბინა ¹7-ის საკუთრებაში გადაცემა, სულ ფართით 42,20 კვ.მ, საცხოვრებელი _ 29,8 კვ.მ, დამხმარე 13,40 კვ.მ, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანებით დაკმაყოფილდა. აღნიშნული საცხოვრებელი ფართიდან ერთ-ერთ ოთახში უკანონოდ, ყოველგვარი დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების გარეშე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა მოსარჩელე, რის გამოც მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. სხდომის ოქმი).

ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 სექტემბრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის თანახმად, მესამე პირად ჩაბმულ იქნა მ. ნ-ია (იხ. ს.ფ. 56; ტ.I).

მესამე პირმა - მ. ნ-იამ ასევე არ სცნო სარჩელი და განმარტა, რომ 1960-1961 წლიდან, მამამისის – კ. ნ-იას გარდაცვალებამდე, მისი ოჯახი ცხოვრობდა ქ. ხონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე არაიზოლირებულ ბინაში, ქალაქის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. მამის გარდაცვალების შემდეგ ამ სახლში არ უცხოვრიათ და არც უსარგებლიათ. ქალაქის ხელმძღვანელობამ აღნიშნულ ბინაში მცხოვრებნი რამდენიმე ოჯახი დააკმაყოფილა საცხოვრებელი ფართით, ხოლო მისი ოჯახი დატოვა ფართის გარეშე, რის გამოც მიმართა გამგეობას, საკუთრებაში გადაეცათ მისთვის, როგორც კ. ნ-იას მემკვიდრისათვის ის ბინა, რომელიც მამამისს ეკუთვნოდა, რაც გამგეობამ დააკმაყოფილა /იხ. სხდომის ოქმი/.

ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანება, მ. ნ-იასათვის ქ. ხონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე, ბინა ¹7-ში (ოთახი ¹13-14) არსებული არაიზოლირებული ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მოსარჩელე _ გ. ჩ-შვილი იყო ინდივიდუალური მეწარმე და სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა გასაჩივრებულ აქტში მითითებულ - ქ. ხონში, ... ქ. ¹1, ბინა ¹7-ში მდებარე არაიზოლირებულ ფართში. აღნიშნული ფართით 1960-1961 წლებში სარგებლობდა კ. ნ-ია. იგი გარდაიცვალა 1987 წელს, რომლის გარდაცვალების შემდეგ მის მემკვიდრეებს აღნიშნულ სახლში არ უცხოვრიათ და არც უსარგებლიათ. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანებით ზემოთ მითითებული ფართი უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა კ. ნ-იას მემკვიდრეს - მ. ნ-იას, როგორც კანონიერ მოსარგებლეს.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცდა «კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი», რომელიც არეგულირებდა ურთიერთობებს მონაწილე მხარეებს შორის, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა, უსასყიდლოდ გადაეცა ფართობი მხოლოდ კანონიერი მოსარგებლეებისათვის. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ ითვლებოდა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობდა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

რაიონული სასამართლოს დასკვნით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გასაჩივრებული აქტის მიღებით დაირღვა აღნიშნული დებულების მოთხოვნები, რამდენადაც მესამე პირი - მ. ნ-ია არ იყო აღნიშნული ფართის კანონიერი მოსარგებლე და მასზე არ უნდა მომხდარიყო მისი სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემა (იხ. ს.ფ. 101-103; ტ.I).

ხონის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მესამე პირმა - მ. ნ-იამ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 2-4; ტ.II).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირის - მ. ნ-იას სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 58-64; ტ.II).

ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 18 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა გ. ს-ძე (იხ. ს.ფ. 74-75; ტ.II).

ნ. ს-ძემ სარჩელი აღძრა ხონის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების - ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მ. ნ-იას მიმართ, რომლითაც მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-11; ტ.III).

საქმის გარემოებები:

2002 წლის 25 ნოემბერს მოსარჩელემ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონულ განყოფილებასთან გააფორმა იჯარის ხელშეკრულება, რომლის ძალით, 5 წლის ვადით მეიჯარემ გადასცა ქ. ხონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე, ბინა ¹7-ში არსებული 11 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი. აღნიშნულ ფართზე იჯარის უფლება მოიპოვა კონკურსის წესით, რაც დასტურდებოდა საკონკურსო კომისიის 2002 წლის 25 ივლისის ¹3 ოქმით. მოსარჩელეს აღნიშნულ ფართში განთავსებული ჰქონდა ლომბარდი, მაგრამ 2003 წელს, ოჯახური პირობების გამო, ვერ შესძლო საქმიანობის მარტო გაგრძელება და საქმიანობა გააგრძელა თავის მაზლის ცოლთან - გ. ს-ძესთან ერთად. მოსარჩელე დროებით გავიდა ქალაქიდან და როცა დაბრუნდა, მისთვის ცნობილი გახდა, რომ იჯარით აღებული ფართი, რომელსაც საიჯარო ვადა გასული არ ჰქონდა, ხონის გამგეობას უსასყიდლოდ გადაუცია მ. ნ-იასათვის, რის გამოც შეილახა მისი ინტერესები. მ. ნ-იამ საკუთრების მოწმობის აღების შემდეგ მოსარჩელეს მოსთხოვა ფართის დაცლა, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიციის ძალით გამოიყვანდა იქედან.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

ზემოაღნიშნული ფართი ირიცხებოდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონული განყოფილების ბალანსზე და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას უფლება არ ჰქონდა იგი საკუთრებაში გადაეცა ვინმესთვის. სადავო ფართით 1987 წლიდან კ. ნ-იასა და მის მემკვიდრეებს არ უსარგებლიათ.

სარჩელის სამართლებრივი გარემოებები:

კონკრეტულ შემთხვევაში, მ. ნ-იას მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულება. ფართის გასხვისება უნდა მომხდარიყო აუქციონის ან კონკურსის წესით.

ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით გ. ჩ-შვილისა და ნ. ს-ძის სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად (იხ. ს.ფ. 102-103; ტ.III).

ხონის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ჩ-შვილისა და ნ. ს-ძის სარჩელები არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მ. ნ-იას მამა – კ. ნ-ია თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქ. ხონში, ... ქ. ¹1, ბინა ¹7-ში არსებულ ფართში. კ. ნ-ია გარდაიცვალა 1987 წელს. გარდაცვალებამდე საცხოვრებლად გადავიდა ... ქ. ¹11-ში. მიუხედავად იმისა, რომ კ. ნ-ია საცხოვრებლად ოჯახთან ერთად გადასული იყო სხვა მისამართზე, 80-იან წლებში მ. ნ-ია ფლობდა და სარგებლობდა სადავო ფართით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხონის სამსახურის 2008 წლის 31 მარტის ¹01/76-12-353 მიმართვის თანახმად, კ. ნ-ია გარდაიცვალა 1987 წლის 22 ივლისს და გრაფაში მუდმივ საცხოვრებლად მითითებული ჰქონდა ქ. წულუკიძე, ... ქ. ¹11, 1980 წლიდან.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეების წარმომადგენლის პოზიცია, რომ მოსარჩელეებსა და სახელმწიფო ქონების მართვის ხონის რაიონულ განყოფილებას შორის არსებობდა იჯარის ხელშეკრულება და მისი მარწმუნებლები კანონიერად სარგებლობდნენ აღნიშნული ფართით, ვინაიდან აღნიშნულის დამადასტურებელი საიჯარო ხელშეკრულება საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა, ხოლო მათ მიერ წარდგენილი იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო ფორმის დაუცველად, კერძოდ, მხარეები ხელს არ აწერდნენ ხელშეკრულებაზე და იგი რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში.

რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცდა «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი», რომელიც არეგულირებდა ურთიერთობებს მონაწილე მხარეებს შორის, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებდა უსასყიდლოდ გადაეცა ფართობი მხოლოდ კანონიერ მოსარგეებლეებისთვის. აღნიშნული დებულების მე-2 მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ მოსარგებლედ ითვლებოდა ფიზიკური პირი, რომელსაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დოკუმენტის საფუძველზე გადაეცა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობი, ხოლო მისი გარდაცვალების შემთხვევაში, კანონიერ მოსარგებლედ ითვლებოდა მისი მემკვიდრე. კონკრეტულ შემთხვევაში, მ. ნ-ია იყო აწ გარდაცვლილი კ. ნ-იას მემკვიდრე და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სწორად მოხდა მასზე ფართის გადაცემა. ამდენად, არ არსებობდა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანების ბათილად ცნობისა და 2007 წლის 18 ივლისს გაცემული საკუთრების მოწმობის გაუქმების საფუძველი (იხ. ს.ფ. 136-141; ტ.III).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ჩ-შვილმა, გ. ს-ძემ და ნ. ს-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, იგი გამოტანილ იქნა ფაქტობრივი გარემოებების შეფასების გარეშე, რის გამოც ექვემდებარებოდა გაუქმებას. აპელანტების მითითებით, ისინი კანონიერად სარგებლობდნენ სადავო ფართით, რაც დადასტურებული იყო იჯარის თანხის გადახდით, იჯარის ფართის კანონიერ მფლობელობაში გადაცემით. აღნიშნული ფართი ავარიულ მდგომარეობაში იყო და აპელანტებმა ის თავისი ხარჯით აღადგინეს. გამგეობამ სასამართლოს არ მიაწოდა სწორი ინფორმაცია იჯარის თანხების გადახდის თაობაზე. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნულ ფართში მამის გარდაცვალების შემდეგ მ. ნ-იას არ უცხოვრია, და თვით რეესტრის სამსახურის მიმართვის საფუძველზე დადგინდა, რომ კ. ნ-იას მისამართი იყო ქ. ხონი, ... ქ. ¹11, შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ 1980 წლიდან მ. ნ-იას აღნიშნული ფართში არ უცხოვრია, რის გამოც მის მიმართ არ უნდა გავრცელებულიყო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების 2.1. «ე» მუხლი.

აპელანტების მითითებით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას პროცესზე არ წარუდგენია მისი მესაკუთრეობის დამადასტურებელი მტკიცებულება, მიღება-ჩაბარების აქტი, საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც დაადასტურებდა, რომ გამგეობას სადავო ფართის გაცემის უფლება ჰქონდა. თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, სადავო ფართი არ მიეკუთვნებოდა საბინაო ფონდს. იგი წარმოადგენდა არასაცხოვრებელ ფართს. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ სადავო ფართი არასაცხოვრებელ ფართად გამოიყენებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა ამ ფართში განთავსებული იყო ქალაქის საბჭო, კომუნალური განყოფილებითა და ტექაღრიცხვის ბიუროთი (იხ. ს.ფ. ტ.III, 148-156; 175-184).

სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ჩ-შვილის, გ. ს-ძისა და ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაყევეტილება, რომლითაც გ. ჩ-შვილის, გ. ს-ძისა და ნ. ს-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანება მ. ნ-იასათვის ქ. ხონი, ... ქ. ¹1/7-ში მდებარე ფართის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

მ. ნ-იამ განცხადებით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელს და მოითხოვა «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი/ იზოლირებული და არაიზოლირებული ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, ქ. ხონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. განცხადებაში მიუთითა, რომ მამამისი - კ. ნ-ია 1962 წლიდან ცხოვრობდა ქ. ხონში, ... (...) ქ. ¹1-ში. მობინადრეთა ნაწილი გადაყვანილ იქნა კეთილმოწყობილ ბინებში. იმის გამო, რომ არ ჰქონდათ ბინის ორდერი, ვერ მოახერხეს მისი პრივატიზება.

ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 18 ივლისის ¹230 ბრძანებით მ. ნ-იას საკუთრებაში გადაეცა ქ. ხონში, ... ქ. ¹1, ბინა ¹7, ოთახი ¹13-14 - 42,2კვ.მ. არაიზოლირებული ფართი. საქმეზე წარდგენილი ... ქ. ¹1 სახლის ტექპასპორტის შესაბამისად, მოცემულ სახლში ცხოვრობდა კ. ნ-ია. სწორედ ამ ჩანაწერის საფუძველზე მოითხოვა მ. ნ-იამ ფართის უსასყიდლოდ გადაცემა და სწორედ ამ ჩანაწერის საფუძველზე გამოსცა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანება. 1981 წლის 25 ივნისის ¹12 ოქმის შესაბამისად, რაისაბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ... ქ. ¹1, თორმეტბინიანი სახლიდან გამოასახლეს 6 ოჯახი, რომლებშიც კ. ნ-იას ოჯახი მოხსენიებული არ ყოფილა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხონის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 31 მარტის წერილით დადასტურდა, რომ კ. ნ-ია, რომლის გარდაცვალება რეგისტრირებული იყო 1987 წლის 22 ივლისს, 1980 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა ხონში, ... ქ. ¹11-ში.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქმეზე ასევე წარდგენილი იყო საბინაო-საექსპლოატაციო უბნის უფროსსა და ბ. ე-ძეს შორის დადებული 2003 წლის 1 ივლისის ¹3 ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად დასტურდებოდა, რომ ხონის საბინაო-საექსპლოატაციო უბანმა ... ქ. ¹1-ში მდებარე არასაცხოვრებელი ფართი იჯარის წესით გადასცა ბ. ე-ძეს. მართალია, საქმეზე წარდგენილი 2005 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულება ნ. ს-ძესა და სახელმწიფო ქონების მართვის ხონის რაიონულ სამმართველოს შორის სადავო ფართის იჯარით გაცემის შესახებ არ იყო ხელმოწერილი მხარეთა მიერ და არ იყო რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მაგრამ საქმეზე წარდგენილი იყო იჯარის ქირის გადახდის ქვითრები, რითაც დადასტურდა, რომ სადავო ფართი, მართლაც, გაცემული იყო იჯარის წესით და ამას მხარეები სადავოდ არ ხდიდნენ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს წლების განმავლობაში დაკავებული ჰქონდათ ის სადავო ფართი, რომელიც ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ უსასყიდლოდ გადაეცა მ. ნ-იას, უდავოდ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ დაინტერესებულ პირებს, ვისაც უფლება ჰქონდათ აღეძრათ სარჩელი სასამართლოში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქმეზე ასევე არ იყო წარდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო ფართი სახელმწიფო საბინაო ფონდში ირიცხებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი/ იზოლირებული და არაიზოლირებული ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 4.1 მუხლის შესაბამისად, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი/იზოლირებული და არაიზოლირებული ფართობის საკუთრებაში გადაცემის განხილვის საფუძველი იყო კანონიერი მოსარგებლის წერილობითი განცხადება შესაბამის ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოში. ზემოაღნიშნული დებულების მე-2 მუხლი შეიცავდა ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინების განმარტებას. მითითებული მუხლის 1-ლი პუნქტის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლე, ეს იყო ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად სარგებლობდა საცოხვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის, რომ პირი ჩათვლილიყო კანონიერ მოსარგებლედ, პრეზიდენტის განკარგულება მოითხოვდა კუმულაციურად ორი პირობის არსებობას - პირს უნდა ჰქონოდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი ან სხვა) და ამ დოკუმენტის საფუძველზე კანონიერად უნდა ესარგებლა ფართობით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ნ-ია არ უნდა ჩათვლილიყო სადავო ფართის კანონიერ მოსარგებლედ, ვინაიდან მ. ნ-ია და ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულებით დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტად მიიჩნევდა სადავო ფართის ტექნიკურ პასპორტს, რომლის შესაბამისად, კ. ნ-ია შესახლებულ იქნა სადავო ფართში. საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მ. ნ-ია სარგებლობდა სადავო ფართით, უფრო მეტიც, საქმეზე წარდგენილი იყო მოსარჩელეების მიერ სადავო ბინით სარგებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც გამორიცხავდა მ. ნ-იას მიერ სადავო ფართით სარგებლობას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანება უნდა ჩათვლილიყო კანონის დარღვევით მიღებულ აქტად, რაც მისი ბათილად ცნობის უპირობო საფუძველს წარმოადგენდა (იხ. ს.ფ. ტ.III, 261-273).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის მოსაზრებით, მოსარჩელეების (აპელანტების) მიერ არაა დასაბუთებული, თუ რა უშუალო ზიანს აყენებს მათ ან რა უფლებას უზღუდავს უკანონოდ ხონის მინიციპალიტეტის გამგებლის ¹230 ბრძანება და საკუთრების უფლების მოწმობა. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულება ვერ გახდება ადმინისტრაციული აქტების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის რაიონულ განყოფილებას ხონის რაიონში არანაირი უფლება არ ჰქონდა, იჯარით გაეცა ფართი მოსარჩელეებზე. ამასთან, ხელშეკრულება არ არის გატარებული შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში, იგი არ არის წარმოდგენილი დედნის სახით. ასევე ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონული განყოფილების ბალანსზე სადავო ფართი არასოდეს არ ირიცხებოდა. მხარის მიერ ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა. რაც შეეხება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანებას, რომლითაც მ. ნ-იას საკუთრებაში გადაეცა ქ. ხონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე არაიზოლირებული ფართი, არის კანონიერი, იგი პასუხობს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულება არეგულირებს კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს, რომლის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართებით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, კანონის სრული დაცვით, 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანებით მ. ნ-იას გადაეცა საკუთრებაში სადავო ფართი და შესაბამისად, გაიცა საკუთრების მოწმობაც.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აპელანტებს ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ვადა ჰქონდათ დარღვეული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენიი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ¹230 ბრძანება გამოცემულია 2007 წლის 18 ივლისს, ანუ მისი გამოცემიდან გასულია, ფაქტობრივად, ერთი წელი. საქმის მასალებით, ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეებისათვის ჯერ კიდევ 2007 წელს ცნობილი იყო სადავო აქტების შესახებ (იხ. ს.ფ. 286-296; ტ.III).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ასევე მ. ნ-იამ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივი:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. პალატამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, ასევე არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ისე მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე, რომ საერთოდ არ დაუდგენია, ჰქონდათ თუ არა უფლება აპელანტებს, სადავოდ გაეხადათ ადმინისტრაციული აქტები. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ ან უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესებს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებებს. მოსარჩელეების (აპელანტების) მიერ არ არის დასაბუთება იმისა, თუ რა უშუალო ზიანს აყენებს მათ ან რა უფლებას უზღუდავს უკანონოდ ხონის მინიციპალიტეტის გამგებლის ¹230 ბრძანება და საკუთრების უფლების მოწმობა. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილი საიჯარო ხელშეკრულება ვერ გახდება ადმინისტრაციული აქტების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის რაიონულ განყოფილებას ხონის რაიონში არანაირი უფლება არ ჰქონდა, იჯარით გაეცა ფართი მოსარჩელეებზე. ამასთან, ხელშეკრულება არ არის გატარებული შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში, იგი არ არის წარმოდგენილი დედნის სახით. ასევე ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონული განყოფილების ბალანსზე სადავო ფართი არასოდეს არ ირიცხებოდა. მხარის მიერ ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა. რაც შეეხება ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანებას, რომლითაც მ. ნ-იას საკუთრებაში გადაეცა ქ. ხონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე არაიზოლირებული ფართი, არის კანონიერი, იგი პასუხობს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

კასატორის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულება არეგულირებს კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს, რომლის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართებით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, კანონის სრული დაცვით, 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანებით მ. ნ-იას გადაეცა საკუთრებაში სადავო ფართი და შესაბამისად, გაიცა საკუთრების მოწმობაც. ამასთან, სადავო ბინა იყო საბინაო ფონდის ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე და შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდა მისი გადაცემა უსასყიდლოდ მ. ნ-იაზე.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ აპელანტებს ადმინისტრაციული აქტების გასაჩივრების ვადა ჰქონდათ დარღვეული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში. ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ¹230 ბრძანება გამოცემულია 2007 წლის 18 ივლისს, ანუ მისი გამოცემიდან გასულია, ფაქტობრივად, ერთი წელი. საქმის მასალებით, ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელეებისათვის ჯერ კიდევ 2007 წელს ცნობილი იყო სადავო აქტების შესახებ (იხ. ს.ფ. 298-308; ტ.III).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ივლისის განჩინებით ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო (იხ. ს.ფ. 48-52; ტ.IV).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით, მ. ნ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «გ» მუხლის საფუძველზე (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 66-71; ტ. IV).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ. ნ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორად განმარტა იგი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, სათანადო შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის შედეგადაც საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო. საკასაციო საჩივარში მითითებულ საპროცესო დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2 მუხლის შესაბამისად, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს, რადგან კასატორს არ წამოუყენებია დასაბუთებული და დასაშვები საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, დადგენილია, რომ ქ. ხონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე ¹7 საცხოვრებელ ბინაში 1980 წლამდე ცხოვრობდა კასატორის მამა _ კ. ნ-ია. 1980 წელს ეს უკანასკნელი საცხოვრებლად გადავიდა ქ. ხონში, ... ქ. ¹11-ში, სადაც ცხოვრობდა გარდაცვალებამდე _ 1987 წლამდე. ასევე დადგენილია, რომ მ. ნ-იას სადავო ბინაში არ უცხოვრია. რაისაბჭოს აღმასკომის 1981 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ხონში, ... (ამჟამად ... ქუჩა) ¹1-ში მდებარე თორმეტბინიანი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებულ იქნა ექვსი ოჯახი ახალ საცხოვრებელ სახლში შესახლების მიზნით, რომელთა შორის არ იყო კ. ნ-ია. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ კ. ნაჭყებიას სახელზე არ იყო გაცემული სადავო ბინის ორდერი და იგი არც მის სამკვიდრო მასაში შესულა.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.2 მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეები არ წარმოადგენდნენ უფლებამოსილ პირებს სადავოდ გაეხადათ მ. ნ-იასათვის ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანების კანონიერება.

საქმეში წარმოდგენილი მასალების თანახმად, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან, მოსარჩელეებს სადავო ფართი გადაცემული აქვთ იჯარის ხელშეკრულებების საფუძველზე, საქმის მასალებით დასტურდება მათ მიერ სადავო საცხოვრებელი ფართის ფლობის ფაქტი, წარმოდგენილია ფართზე გადასახადების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ის გარემოება, რამდენად კანონიერად მოხდა მოსარჩელეებთან იჯარის ხელშეკრულებების გაფორმება და უფლებამოსილი იყო თუ არა ქონების მართვის სამინისტროს ხონის რაიონული განყოფილება განეკარგა სადავო ფართი, ვერ გახდება კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს განსჯის საგანი და არ წარმოადგენს მოსარჩელეთა სათანადოობის შემოწმების წინაპირობას, რადგან მითითებული ხელშეკრულებები არ გაუქმებულა და სსსკ-ის 188-189-ე მუხლების შესაბამისად, არც შეგებებული სარჩელი აღუძრავს მ. ნ-იას ხელშეკრულებების უკანონობის შესახებ.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება მოსარჩელეთა არასათანადოობის შესახებ და სახეზე არ არის სარჩელის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანებით კანონიერად მოხდა მ. ნ-იასათვის ქ. ხონში, ... ქ. ¹1-ში მდებარე ¹7 ბინის (ოთახი 13-14) საკუთრებაში გადაცემა.

საქმის მასალების თანახმად, მ. ნ-იამ განცხადებით მიმართა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას და «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპროვატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის» საფუძველზე მოითხოვა სადავო ბინის მის, როგორც აწ გარდაცვლილი კ. ნ-იას მემკვიდრისათვის საკუთრებაში გადაცემა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპროვატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი» განსაზღვრავს ფართის საკუთრებაში გადაცემას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც აღნიშნული ფართის კანონიერი მოსარგებლეები არიან. მითითებული წესის 2.1 მუხლის «ე» პუნქტის შესაბამისად, კანონიერი მოსარგებლეა ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამავე წესის 4.1 მუხლის შესაბამისად, ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ საკითხის განხილვის საფუძველია კანონიერი მოსარგებლის განცხადება, რომელსაც დართული უნდა ჰქონდეს კანონიერი სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

Aამდენად, მითითებული წესი ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს საკუთრებაში ფართის გადაცემის საკითხის განხილვისას შეამოწმოს განმცხადებლის მოთხოვნისა და წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობა აღნიშნული წესის მოთხოვნებთან, ხოლო ამავე წესის 5.4 მუხლის თანახმად, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილ განცხადებაზე თანდართული დოკუმენტები არ ადასტურებს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართზე განცხადებლის კანონიერი სარგებლობის უფლების ფაქტს, ადმინისტრაციული ორგანო იღებს გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

Kკონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ _ ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღო კანონის მოთხოვნათა დარღვევით და არ არსებობდა მ. ნ-იასათვის სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის სამართლებრივი საფუძველი, რადგან ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა კანონიერ მოსარგებლეს და არც კანონიერი მოსარგებლის მემკვიდრეს, რადგან კ. ნ-ია გარდაცვალების მომენტისათვის უკვე გადასული იყო საცხოვრებლად სხვა ადგილას და დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ კ. ნ-ია განაგრძობდა ფართით სარგებლობას 1980 წლიდან 1987 წლამდე, საქმეში წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულს, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, უპირობოდ ვერ ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ახალ საცხოვრებელ სახლში შესახლების მიზნით, რაისაბჭოს აღმასკომის 1981 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. ხონში, ... (ამჟამად ... ქუჩა) ¹1-ში მდებარე თორმეტბინიანი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებულ ექვს ოჯახს შორის არ იყო კ. ნ-იას ოჯახი, რადგან აღნიშნული გარემოება შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო იმ ფაქტითაც, რომ კ. ნ-ია ამ პერიოდისათვის უკვე სხვაგან იყო საცხოვრებლად გადასული.

გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო 2007 წლის 18 ივლისის ¹230 ბრძანების გამოცემისას ფაქტობრივად განკარგა უფლებრივად ნაკლის მქონე ქონება, რადგან ამ პერიოდისათვის მოსარჩელეები იჯარის საფუძველზე ფლობდნენ სადავო ფართს და იმ პირობებში, თუ იჯარით ქონების გადაცემისას ადმინისტრაციული ორგანო არ იყო უფლებამოსილი განეკარგა სადავო ფართი და იგი სახელმწიფოს საბინაო ფონდის ბალანსზე ირიცხებოდა, გამგეობას არ აღუძრავს სარჩელი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო კანონის მოთხოვნათა დაცვით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის სწორი გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილება დაადგინა, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის შესახებ, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ნ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ამასთან, კასატორს _ მ. ნ-იას სსსკ-ის 38-ე მუხლის «ზ» პუნქტისა და ამავე კოდექსის 39.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის გადახდა, რაც კასატორს გადავადებული ჰქონდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით (იხ. ს.ფ. 26-30; ტ.IV).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 386-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ნ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. მ. ნ-იას დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.