ბს-724-696 (კ-08) 4 მარტი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი – ქ. მ.-ე
კასატორი (მოსარჩელე) _ ბ. შ.-ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – საქართველოს შ.ს.ს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...ის სამმართველო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.2008 გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ¹ბა 406932 ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
08.11.07წ. ბ. შ.-მ სარჩელით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹ბა 406932 ოქმის ბათილად ცნობა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 12.12.07წ. გადაწყვეტილებით ბ. შ.-ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 23.10.07წ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამხედრო - ...-ის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ¹ბა 406932. რაიონულმა სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ბ. შ.-ა არ იყო დამოუკიდებელი მეწარმე-სუბიექტი, იგი შრომითი ხელშეკრულებით მუშაობდა სს ,,...”-ში და საქმის მასალებით არ იყო დადგენილი მის მიერ დამოუკიდებლად ტვირთების გადაზიდვის საქმიანობის წარმოება და ოპერირება, რის გამოც იგი არ უნდა ჩათვლილიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლით გათვალისწინებულ ოპერატორად, რომელსაც შეიძლებოდა დაკისრებოდა ადმინისტრაციული სახდელი, ანუ ის არ იყო მითითებული სამართალდარღვევის სუბიექტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...-ის სამმართველომ და მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.08წ. გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა შსს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ...-ის სამმართველოს სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 12.12.07წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბ. შ.-ა მართავდა რა მისთვის მინდობილ სატვირთო ავტომანქანას, სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად შესთავაზა ი/მ ,,...” მისთვის ინერტული მასალის - ქვიშის მიტანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...-ში. ამ უკანასკნელისგან თანხმობის მიღების შემდეგ, შპს ,,ე»-საგან შეიძინა ქვიშა, რომელიც დატვირთა თავის ავტომანქანაზე და როდესაც გადაჰქონდა დანიშნულების ადგილზე, სპეციალურ სასწორზე შემოწმებულ იქნა საპატრულო პოლიციის მიერ, რა დროსაც, საკონტროლო გადაწონვისას, გამოირკვა, რომ მას გადაჰქონდა ქარხანა - დამამზადებლის მიერ დადგენილი ტვირთამწეობის ზღვარზე 2505 კგ-ით მეტი ტვირთი. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს საავტომობილო სასწორის გაუმართაობის საკითხი არ დაუყენებია და ასეთი მონაცემები არც საქმეში მოიპოვებოდა. სასამართლომ მოისმინა და შეაფასა აპელანტის განმარტებები ხსენებული სასწორის ფუნქციონირების თაობაზე და რაიმე ზიანის ან ხარვეზის მიმანიშნებელი მონაცემები შეკრებილი არ ყოფილა. საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლი ადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების ოპერატორის ან/და მესაკუთრის პასუხისმგებლობას ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ტვირთის ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვისას. მართალია ხსენებული ნორმის შესაბამისად სამართალდარღვევის სუბიექტად მიჩნეულია ავტოსატრანსპორტო საშუალების ოპერეტორი ან/და მესაკუთრე, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მძღოლის ბ. შ.-ს მიერ ამავე კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ მოქმედებას, რაც გამოიხატა მასში, რომ ს/ს «...”-ის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე, თავად გადაწყვიტა და გაურიგდა ი/მ ,,...” გარკვეული რაოდენობის ტვირთის შეძენა, დატვირთვა, გადაზიდვაზე ანუ მისი მოქმედება გასცდა მძღოლის უფლებამოსილებას, ფაქტობრივად შეითავსა ოპერატორის ფუნქცია, რასაც მოჰყვა ადეკვატური სამართლებრივი შეფასება – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ოქმის შედგენა. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ ბ. შ.-ა არ წარმოგადგენს კოდექსის 1291 მუხლის სუბიექტს, საქმის მასალების ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას არ დგინდება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ. შ.-მ. კასატორის განმარტებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, კოდექსის მე-10 მუხლი, რომელზე დაყრდნობითაც სააპელაციო პალატამ ბ. შ.-ს მოქმედება მიიჩნია მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებად, როდესაც მან მესაკუთრის დაუკითხავად, თავად გადაწყვიტა ი.მ. ,,...” ტვირთის მიწოდება. ეს გარემოება მის მიერ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში არ იყო აღნიშნული და არცერთი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს არ წარმოადგენდა. აღნიშნული ფაქტი წარმოადგენდა სამოქალაქო სამართლებრივ დავის საგანს იმ შემთხვევაში, თუკი ავტომანქანის მესაკუთრე მოისურვებდა ხელშეკრულების პირობების გადასინჯვას ან დავას მის წინააღმდეგ სასამართლოში, რასაც ადგილი არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო გასცდა დავის საგანს. კასატორი ასევე მიუთითებდა, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა კანონი, 1291-ე მუხლი, როდესაც სასამართლომ ბ. შ.-ა მიიჩნია ამ მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტად – ოპერატორად. კასატორის განმარტებით, 1291-ე მუხლის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, ან ოპერატორს. იგი იყო მძღოლი და ამდენად არ წარმოადგენდა აღნიშნული სამართალდარღვევის სუყიექტს. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან ადმნისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მანქანა დატვირთული იყო მისი ტვირთზიდვის ნორმის გათავისწინებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.08.08წ. განჩინებით ბ. შ.-ას საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული. მხარეებს სკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მიეცათ მოსაზრებების წარმოდგენის უფლება და განესაზღვრათ ვადა. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა წარმოადგინა მოსაზრება, რომელშიც მიუთითებდა, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელი იყო, რადგან იგი არ აკმაყოფილებდა სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის არც ერთ მოთხოვნას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. შ.-ს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სააპელაციო სასამართლოს 21.03.2008 გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატა საქმეზე დადგნენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კასტორი ბ. შ.-ა მართავდა რა მისთვის მინდობილ სატვირთო ავტომანქანას, სააქციო საზოგადოების ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად შესთავაზა ი/მ ,,...” მისთვის ინერტული მასალის ქვიშის მიტანა ზუგდიდის რაიონის სოფელ ...-ში. ამ უკანასკნელისგან თანხმობის მიღების შემდეგ, შპს ,,ე»-საგან შეიძინა ქვიშა, დატვირთა ავტომანქანაზე, დანიშნულების ადგილზე ტვირთის ტრანსპორტირებისას სპეციალურ სასწორზე შემოწმებულ იქნა საპატრულო პოლიციის მიერ. საკონტროლო გადაწონვის შედეგად გამოირკვა, რომ მას გადაჰქონდა ქარხანა-დამამზადებლის მიერ დადგენილი ტვირთამწეობის ზღვარზე 2505 კგ-ით მეტი ტვირთი. მოსარჩელეს საავტომობილო სასწორის გაუმართაობის საკითხი არ დაუსვია და ასეთი მონაცემები არც საქმეში მოიპოვება. აღნიშნულის გათვალისწინებით ბ. შ.-ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლის საფუძველზე დაეკისრა ჯარიმის გადახდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლი, სადავო ოქმის შედგენის დროს მოქმედი რედაქციით, ტვირთამწეობის დადგენილი ნორმის ზევით ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტვირთის გადაზიდვისათვის ითვალისწინებდა ავტოსატრანსპორტო საშუალების ოპერატორის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ოქმი შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 209-ე, 2341, 239-240 მუხლების, შს მინისტრის 04.08.05წ. ¹792 ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების დაცვით, კერძოდ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, ოქმი შეიცავს ყველა რეკვიზიტს, მას ხელს აწერს ოქმის შემდგენი და სამართალდარღვევის ჩამდენი პირი. ავტომანქანის ასაწონად გადაყვანა და მისი სასწორზე დაყენება მოხდა მოსარჩელის მიერ. ამდენად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით არის შედგენილი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს მოსარჩელის და ქვედა ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მძღოლი არ არის 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის სუბიექტი. ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან, რომლის განმარტების არც ერთი ხერხი (გრამატიკული, ისტორიული, ლოგიკური, სისტემური) არ იძლევა ასეთი დასკვნის გაკეთების საშუალებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევთა კოდექსის 1291 მუხლი მისი მიღებისთანავე ითვალისწინებს ოპერატორის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას გადატვთირვთისათვის. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ბ. შ.-ა ქ. ...-დან ინერტული მასალის გადაზიდვას ახორციელებდა არა მანქანის მესაკუთრის დავალებით, არამედ საკუთარი ინიციატივით, იმ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად, რომელშიც იგი მუშაობს. აღნიშნული გამორიცხავს ავტომანქანის მესაკუთრეზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. «ოპერატორი» ლათინური სიტყვაა (ოპერატორ) და ნიშნავს პირს, რომელიც რთული მექანიზმების მუშაობას წარმართავს, სხვადასხვა სახის მანქანაზე ოპერაციების შემსრულებელს. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემეობა, რომ 1291 მუხლში 28.04.06წ. კანონით შეტანილი ცვლილების თანახმად, მუხლს დაემატა შენიშვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულების დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ჯარიმა შეიცვლებოდა სატრანსპორტო საშუალებით მართვის უფლების ჩამორთმევით ერთი წლის ვადით (შენიშვნის ეს რედაქცია 23.06.06წ. კანონით შეიცვალა). ლოგიკურია, რომ ამგვარი სანქციის გატარება მხოლოდ მძღოლის მიმართ იყო შესაძლებელი, აღნიშნული ცხადად ადასტურებს იმას, რომ კანონმდებელი 1291 მუხლის სუბიექტში მძღოლს გულისხმობს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ნორმის შინაარსის გარკვევა სხვა ნორმატიულ აქტებთან მის სისტემურ კავშირშია შესაძლებელი. «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» კანონი განსაზღვრავს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის დასაშვებ საგაბარიტო პარამეტრებს და ავალდებულებს მძღოლს დაიცვას აღნიშნული პარამეტრები. კანონის 42.2 მუხლის თანახმად მოძრაობის დაწყების წინ და მოძრაობის დროს მძღოლი ვალდებულია შეამოწმოს ტვირთის მასის გადანაწილება, ტვირთის განლაგება, დამაგრება და მისი მდგომარეობა. ავტოსატრანსპორტო საშუალების საგაბარიტო პარამეტრების და ღერძზე მაქსიმალური დატვირთვის, სრული და გადასაზიდი ტვირთის მასის – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი ტვირთამწეობის ზღვარის ფარგლებში დაცულობას მოითხოვს აგრეთვე «საავტომობილო გზების შესახებ» კანონის მე-16 მუხლის «ა» ქვეპუნქტი, რომელიც შეიცავს საავტომობილო გზებზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების გავლის პირდაპირ აკრძალვას, რომლის დატვირთვა თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე აღემატება დადგენილ ნორმას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილ ტვირთამწეობის ზღვარს, ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების გატარება ხდება პარამეტრების სათანადო კორექტირების შემთხვევაში. კანონმდებლობის აღნიშნული შეზღუდვების და აკრძალვების დაცვის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია შესაბამისი საჯარიმო სანქციები, რის შესახებაც პირდაპირ მითითებას შეიცავს «საავტომობილო გზების შესახებ» კანონის მე-16 მუხლის «მ» ქვეპუნქტი, რომლის თანახმად აღნიშნული შეზღუდვებისა და აკრძალვების უგულებელყოფა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ამდენად, სწორედ ხსენებული საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლი.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ტვირთამწეობის ზღვარი ავტოსატრანსპორტო საშუალებას განსაზღვრული აქვს დამამზადებლის მიერ და შეადგენს ავტოსატრანსპორტო საშუალების მნიშვნელოვან ტექნიკურ მაჩვენებელს. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სატრანსპორტო საშუალების პირველ ღერძზე დატვირთვა შეადგენდა 4980 კგ-ს, ხოლო მეორე ღერძზე – 12900 კგ-ს, შესაბამისად სატრანსპორტო საშუალების სრული მასა შეადგენდა 17880 კგ-ს მაშინ, როდესაც სატრანსპორტო სარეგისტრაციო მოწმობაში წონის მაქსიმალური ზღვარი 15375 კგ-ს შეადგენდა. ამდენად, მძღოლის უნარ-ჩვევების, საქმიანი ჩვეულებების დონეზე მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ავტოტრანსპორტის მძღოლის მიერ გაბარიტების და დატვირთვის ზღვრული ნორმის დაცვის ვალდებულების არსებობა, ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დადგომის შესაძლებლობა, სავსებით ცხადია და არ იწვევს ეჭვს, შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლის დასპოზიცია საკმაოდ ნათელი და გამჭვრეტადი, ჯეროვანი სიზუსტით ფორმულირებული ნორმაა, არ შეიცავს ორაზროვან და ბუნდოვან დებულებებს და საკმაო სიცხადით აძლევს საშუალებას პირს წარმართოს თავისი საქმიანობა და წინასწარ განსაზღვროს მისი სამართლებრივი შედეგი.
საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ «ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ» 23.10.08წ. კანონის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილი არ ითვალისწინებს პირის ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლებას 1291 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისათვის. ამასთანავე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობაზე უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლში 25.03.08წ. კანონით შეტანილი ცვლილებები, რომლის შედეგად საჯარიმო სანქცია განახევრდა და თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ნაცვლად 500 ლარი შეადგინა. კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტს უკუქცევითი ძალა აქვთ, ე.ი. ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე ჩადენილი სამართალდარღვევების მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ბ. შ.-ს მიმართ გამოყენებული ჯარიმის თანხა უნდა განახევრდეს, 1291 მუხლის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით შეფარდებული სანქცია (2505 ლარი), მუხლში 11.03.08წ. კანონით შეტანილი ცვლილების გათვალისწინებით 1252,5 ლარით უნდა განისაზღვროს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1 მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ბ. შ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.03.08წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
2. ბ. შ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 23.10.07წ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს პატრულ ინსპექტორის მიერ შედგენილი საჯარიმო ქვითარი - ¹ბა 406932 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული საჯარიმო სანქცია შემცირდეს 1252,5 ლარით;
3. ბ. შ.-ს სარჩელი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹ბა 406932 ოქმის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.