Facebook Twitter

ბს-72-70(კ-09) 12 მარტი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 20 ოქტომბერს ვ., მ., ი. და ა. გ.-ებისა და შ. პ.-ს წარმომადგენელმა ა. ე.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის საქალაქო სამსახურის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელეები სასარჩელო განცხადებით ითხოვდნენ ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის პროექტის შეთანხმების ¹20/276 ბრძანების, მშენებლობის ¹ნ/197 ნებართვის ბათილად ცნობას, არქმშენინსპექციის აქტისა და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობასა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმებას. ამასთან, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეჩერებასა და ობიექტზე ყადაღის დადებას.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 თებერვლის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება ამხანაგობა ,,...’’, ამავე სასამართლოს 2005 წლის 16 მარტის განჩინებით კი დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა და შეჩერდა ამხანაგობა ,,...-ს’’ დაკვეთით ქ. თბილისში, ...ის ქ.¹9-ში ობიექტზე მიმდინარე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და ყადაღა დაედო ამხანაგობის სახელზე რიცხულ ბინებს.

ამხანაგობა ,,...-ს’’ თავმჯდომარის - ზ. ჩ.-ის კერძო საჩივრის საფუძველზე, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 22 მარტის განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა გასაჩივრებული განჩინება, კერძოდ, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შეჩერების ნაწილში, ხოლო ყადაღის დადების ნაწილში დარჩა უცვლელად.

2005 წლის 7 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას განცხადებით მიმართეს მ. გ.-მ, თ. გ.-მ და კ. ლ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს ...-ის ქუჩის ¹9-ში მდებარე ბინებზე ყადაღის მოხსნა იმ საფუძვლით, რომ ყადაღადადებული იყო არა ამხანაგობის ქონება, არამედ მათ საკუთრებაში არსებული ბინები.

2005 წლის 1 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ასევე მიმართა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა ა. ე.-მ და მოითხოვა 2005 წლის 16 მარტის განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, ქ. თბილისში, ...-ის ¹9-ში ¹1 და ¹2 საცხოვრებელ ბინებზე ყადაღის დადების ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმებით შესაძლებელია დავა გადაწყდეს მორიგების გზით, რისთვისაც ესაჭიროებათ მითითებულ ბინებზე ყადაღის მოხსნა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 აგვისტოს განჩინებით ა. ე.-ის განცხადება დაკმაყოფილდა.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ამხანაგობა ,,...-ს’’ თავმჯდომარემ ზ. ჩ.-მ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით ამხანაგობა ,,...-ს’’ თავმჯდომარის ზ. ჩ.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 4 აგვისტოს და 2005 წლის 26 აგვისტოს განჩინებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. გ.-ის, მ. გ.-ის, ი. გ.-ის, ა. გ.-ისა და შ. პ.-ის წარმომადგენლის ა. ე.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 2004 წლის 21 ივისის ¹20/276 ბრძანება და ქ. თბილისის მერიის ქალაქგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის 2004 წლის 8 სექტემბრის ¹ნ/197 მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი დამთავრებული სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიმღები სახელმწიფო კომისიის 2004 წლის 20 აგვისტოს აქტი და ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ ქ. თბილისის მერიის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2004 წლის 25 აგვისტოს დადგენილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 23 იანვრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხის მე-3 ნაწილის მიხედვით

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც აღნიშნულ საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. უარი ეთქვას ქ. თბილისის მერიას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.