Facebook Twitter
¹ბს-729-694(კ-09) 9 ივლისი, 2009 წელი

¹ბს-729-694(კ-09) 9 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ხ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 13 ივნისს გ. ხ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების სს «...», შპს «...» და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სს «...» მიერ მარგანეცის მადნის მოპოვებისათვის ჩატარებული სამუშაოების შედეგად განადგურებულ იქნა მისი საცხოვრებელი სახლი, დამხმარე შენობა-ნაგებობები და მრავალწლიანი ნარგავები. ამის საფუძველზე შედგა შესაბამისი აქტები, ზიანის ანაზღაურება ნაწილობრივ მოახდინა სს «...», ხოლო შემდეგ მოხდა ვალის გადაკისრება «...», რომელმაც ასევე ნაწილობრივ აანაზღაურა ზიანი.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ მისი ოჯახის, როგორც კომლის საკუთრებაში ირიცხებოდა სოფ. ... მდებარე სამოსახლო და საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 5000 კვ.მ ფართობით, რომელიც სრულიად განადგურდა მას შემდეგ, რაც სს «...» დაიწყო ამ ტერიტორიაზე მარგანეცის მადნის მოპოვება ღია კარიერული წესით, მართალია მან მიიღო სახლის დანგრევისა და ნივთების განადგურებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ არ მომხდარა მორალური ზიანის ანაზღაურება რომელიც მიადგა მის ოჯახს.

მოსარჩელემ აგრეთვე აღნიშნა, რომ იმის გამო რომ მას არ გამოუყვეს სანაცვლო მიწის ნაკვეთი მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სს «...» და შპს «...» მიყენებული ზიანის და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების, ხოლო ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სანაცვლო მიწის ნაკვეთის 5000 კვ.მ ფართობით გამოყოფის დავალდებულება მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქმიდან ამოირიცხა მოპასუხე სს «...».

საქმის სასამართლოში განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და შპს «...» ქვევრების განადგურების თანხის _ 925 ლარის და მიწის ნაკვეთის მიუღებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის კი 5000 კვ.მ ფართობის სამოსახლო მიწის ნაკვეთის გამოყოფა და მისთვის საკუთრებაში გადაცემის დავალდებულება მოითხოვა.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს «...» ქვევრების ღირებულების _ 925 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდა დაეკისრა; სხვა ნაწილში სარჩელს ეთქვა უარი.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქმეზე გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივრის გამო საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე ცალკე წარმოებად გამოიყო გ. ხ-ძის მოთხოვნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ მიწის ნაკვეთის გამოყოფის თაობაზე და საქმე ამ ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით გ. ხ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; სამოსახლო მიწის ფართის გამოყოფაზე უარის თქმის ნაწილში უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.