საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-740-705(კ-09) 24 ივნისი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა სილაგაძე, ლევან მურუსიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შ. ხ-იკის უფლებამონაცვლე მ. ხ-იკის, დ. წ-იას, ე. ბ-ურის, ა. პ-ძის, გ. ჩ-ძის და ო. ლ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2008წ. განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 21.05.09წ. განჩინებით მიიჩნია, რომ ზ. წ-ძის, შ. ხ-იკის უფლებამონაცვლე მ. ხ-იკის, ნ. ბ-ძის, დ. წ-იას, ე. ბ-ურის, ა. პ-ძის, გ. ჩ-ძის და ო. ლ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნას. კერძოდ, კასატორები ითხოვდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ არიან I და II ჯგუფის ინვალიდები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრირებული და სოლიდარული კრედიტორები. საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ საჩივარი წარმოდგენილი იყო ხარვეზით, კერძოდ: არ ჰქონდათ მითითებული საცხოვრებელი მისამართები, I და II ჯგუფის ინვალიდობისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე არ იყო წარმოდგენილი მ. ხ-იკის უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი შ. ხ-იკის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.05.09წ. განჩინებით კასატორებს დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში შეევსოთ ხარვეზი. კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ მ. ხ-იკის უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი, ასევე კასატორების ინვალიდობის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღების დამასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული მტკიცებულებების წარმოდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში, საკასაციო სასამართლომ განუმარტა კასატორებს, რომ მათ უნდა წარმოედგინათ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მათვე განემარტათ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შედეგები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 21.05.09წ. ხარვეზის შესახებ განჩინება საფოსტო გზავნილით კასატორებს ჩაბარდათ 2009 წლის 11-12 ივნისს.
კასატორებმა ზ. წ-ძემ, მ. ხ-იკმა, ნ. ბ-ძემ, დ. წ-იამ, ე. ბ-ურმა, ა. პ-ძემ, გ. ჩ-ძემ და ო. ლ-ძემ 15.06.2009 წელს განცხადებით მომართეს სასამართლოს და განმარტეს, რომ «...» მიმართ აღძრულ ს/ს საქმეში ცნობილი არიან დაზარალებულებად და სამოქალაქო მოსარჩელეებად, როგორც მეანაბრეები, მათი დაზარალებულად ცნობის დადგენილებები დღესაც კანონიერ ძალაშია. ასევე მათი მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ 173-ე მუხლიდან და აქვთ საერთო საკუთრებაზე დავა სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, არიან სოლიდარული კრედიტორები სსკ 455-456-ე მუხლების საფუძველზე. ვინაიდან მათი მოთხოვნა გამომდინარეობს კორპორაცია «...» მიმართ აღძრული ს/ს საქმიდან, სსსკ 46-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე ექვემდებარებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას. გარდა ამისა, ზ. წ-ძე არის სოციალურად დაუცველი პირი, იღებს საარსებო შემწეობას. მ. ხ-იკი და ნ. ბ-ძე არიან მე-2 ჯგუფის ინვალიდები. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის დანარჩენ ავტორებს, განმარტავენ, რომ არიან მოხუცები, პენსიონრები, შემოსავლის არმქონე პირები და ამ მხრივაც სსსკ 47-ე მუხლის ფარგლებში ექვემდებარებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლებას. ამასთან, საჩივრის ავტორები განმარტავენ, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 16.11.1994 წ. ¹802 დადგენილებისა და სახელმწიფო მეთაურის 22.06.1995 წლის ბრძანებულების საფუძველზე ცნობილი არიან დაზარალებულად. კასატორებს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდიათ.
საკასაციო პალატის მიერ 15.06.2009 წ. განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების საფუძველზე, ზ. წ-ძის და ნ. ბ-ძის ნაწილში საკსაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი მიჩნეულ იქნა გამოსწორებულად და 24.06.2009 წლის განჩინებით დასაშვებობის შესამოწმებლად საკსაციო საჩივარი მათ ნაწილში მიღებული იქნა წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატა გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებას და თანდართულ მასალას, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი შ. ხ-იკის უფლებამონაცვლე მ. ხ-იკის, დ. წ-იას, ე. ბ-ურის, ა. პ-ძის, გ. ჩ-ძის და ო. ლ-ძის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორების _ შ. ხ-იკის უფლებამონაცვლე მ. ხ-იკის, დ. წ-იას, ე. ბ-ურის, ა. პ-ძის, გ. ჩ-ძის და ო. ლ-ძის მიერ არ იქნა შევსებული ხარვეზი, კერძოდ 15.06.2009 წლის განცხადება-შუამდგომლობაზე თანდართული დოკუმენტები მათ მიმართ არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-47-ე მუხლების გამოყენების შესაძლებლობას. კასატორების მიერ არ არის წარმოდგენილი ინვალიდობის ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრაციისა და საარსებო შემწეობის მიღების დამასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. ასევე მ. ხ-იკის მიერ არ არის წარმოდგენილი შ. ხ-იკის მიმართ მისი უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საკასაციო პალატის განმარტებით, ის გარემოება, რომ კასატორები სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილი არიან დაზარალებულებად არ ქმნის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესაძლებლობას. კასატორების მიერ წარმოდგენილია ქ. თბილისის საგამოძიებო სამმართველოს უფროსის დადგენილებები მათი სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობის თაობაზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. განსახილველ საქმეში კასატორები არ წარმოადგენენ მოსარჩელეებს, არამედ ისინი სასკ-ის მე-16 მუხლის თანახმად ჩაბმული არიან მესამე პირებად მოსარჩელე _ კოოპერატივ «...» მიერ აღძრულ საქმეში მოპასუხე _ კახეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, აღმასრულებლის ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის, თითოეული მეპაიის სასარგებლოდ 10 000 აშშ დოლარის (ექვივალენტის ლარებში) ანაზღაურების თაობაზე. ამდენად, საკასაციო საჩივარი არ გამომდინარეობს მათი სასარჩელო მოთხოვნიდან. რაც შეეხება იმ საფუძველს, რომ კასატორები არიან პენსიონრები და მოხუცებულები, აღნიშნული არ ქმნის სსსკ-ის 46.1 მუხლის შემადგენლობას, ხოლო ის გარემოება, რომ კასატორები არიან შემოსავლის არმქონე პირები, არ დასტურდება მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ. ხ-იკის უფლებამონაცვლე მ. ხ-იკის, დ. წ-იას, ე. ბ-ურის, ა. პ-ძის, გ. ჩ-ძის და ო. ლ-ძის 15.06.2009 წლის განცხადება-შუამდგომლობაში დაფიქსირებული გარემოებები, ასევე მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ ქმნიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების საფუძველს. გარდა ამისა, წარმოდგენილ განცხადებას თან ერთვის მ. ხ-იკის II ჯგუფის ინვალიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც სასამართლოს მიერ მხედველობაში ვერ იქნება მიღებული, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია შ. ხ-იკის მიმართ უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი, რის გამოც იგი ვერ იქნება განხილული საკასაციო საჩივრის წარდგენაზე უფლებამოსილ პირად.
სსსკ-ის 396.3 მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ამდენად, კასატორების _ შ. ხ-იკის უფლებამონაცვლე მ. ხ-იკის, დ. წ-იას, ე. ბ-ურის, ა. პ-ძის, გ. ჩ-ძის და ო. ლ-ძის მიერ არ იქნა გამოსწორებული ხარვეზი და მათ ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 04.12.2008წ. განჩინებაზე წარმოდგენილი საკსაციო საჩივარი კასატორების _ შ. ხ-იკის უფლებამონაცვლე მ. ხ-იკის, დ. წ-იას, ე. ბ-ურის, ა. პ-ძის, გ. ჩ-ძის და ო. ლ-ძის ნაწილში დატოვებული იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.