საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
¹ ბს-744-716(კ-08) 14 იანვარი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ზ. ფ-ას საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 11.07.08წ. განჩინებით ზ. ფ-ას საკასაციო საჩივრის ხარვეზის შესავსებად, კერძოდ, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღე. კასატორის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის 15 დღით გაგრძელება მოითხოვა. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟი არ არის მცირე და იოლად მოსაპოვებელი თანხა, კასატორი განიცდის მატერიალურ გაჭირვებას. ამას გარდა, ეკონომიკის სამინისტროსთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება საქმის მორიგებით დამთავრებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.12.08წ. განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 15 დღით. კასატორს განემარტა, რომ მითითებულ ვადაში 11.07.08წ. განჩინებით დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განსახილველად არ დაიშვებოდა. 30.12.08წ. ზ. ფ-ას წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 09.12.08წ. განჩინება გადაეცა 14.12.08წ.-ს. კასატორ ზ. ფ-სა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება საქმის მორიგებით დამთავრების შესახებ. ამჟამად მოლაპარაკება შეჩერებულია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებების გამო. ყველა ის პირი, რომელსაც კავშირი ჰქონდა ამ საქმესთან და გადაწყვეტილების მიღება შეეძლო, დღეისათვის გათავისუფლებულები არიან. განმცხადებელმა მიუთითა, რომ უმოკლეს ხანში შესაძლოა მათი საკითხი დადებითად გადაწყდეს და საპროცესო ვადის კიდევ 15 დღით გაგრძელება მოითხოვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ. ფ-ას განსაზღვრული ჰქონდა საპროცესო ვადა საკასაციო საჩივრის ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატაში იხილებოდა ზ. ფ-ას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი. საკასაციო სასამართლოს მხარეებისათვის მორიგების ვადა არ დაუდგენია. შესაბამისად, მითითებული მოტივით სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნა უსაფუძვლოა. განსახილველ შემთხვევაში კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში, რომელიც საკასაციო პალატის მიერ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გაგრძელებული იქნა, საკასაციო საჩივრის ხარვეზი არ გამოასწორა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზ. ფ-ას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
დ ა ვ ა დ გ ი ნ ე:
1. ზ. ფ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნეს დატოვებული;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.