Facebook Twitter

¹ბს-746-711(2კ-09) 22 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ზ. ბ-შვილის სარჩელის გამო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2008 წლის 29 დეკემბერს ზ. ბ-შვილმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ დავალიანების ანაზღაურება 2136,58 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 1-10).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით ზ. ბ-შვილს სარჩელზე გასასვლელი დახმარების ანაზღაურების ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება მოთხოვნაზე უარის თქმის გამო (იხ. ს.ფ. 57-59).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ბ-შვილს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ზ. ბ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 606,10 ლარის ოდენობით, ხოლო კვების კომპენსაციის _ 611,45 ლარის ანაზღაურების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი (იხ. ს.ფ. 64-66).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ზ. ბ-შვილმა.

თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 70-81).

ზ. ბ-შვილმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 92-100).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ზ. ბ-შვილის სააპალაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 28 იანვარს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 122-128).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ზ. ბ-შვილმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 131-143).

ზ. ბ-შვილმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმება კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში (იხ. ს.ფ. 159-166).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი (იხ. ს.ფ. 189-193).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 3 აგვისტოს განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 205-206).

ზ. ბ-შვილს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ზ. ბ-შვილმა.

თავდაცვის სამინისტრომ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, ზ. ბ-შვილი ითხოვს 1998-2000 წლებში მიუღებელი კვების საკომპენსაციო თანხას, რომლის საერთო ოდენობა შეადგენს 611,45 ლარს. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2008 წელს.

მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრებით, კვების კომპენსაცია წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადა.

ამდენად, ზ. ბ-შვილს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლომ რა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევები დაუშვა (იხ. ს.ფ. 212-213).

კასატორმა მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

კასატორის მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ აღიარა ზ. ბ-შვილს მიმართ დავალიანების არსებობა, შესაბამისად, მის მიერ გაცემული ცნობით ხანდაზმულობის ვადა შეწყდა და მისი დენა დაიწყო თავიდან თანახმად სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლისა (იხ. ს.ფ. 216).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ზ. ბ-შვილის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ზ. ბ-შვილის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.