Facebook Twitter

ბს-74-72(კ-09) 26 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე ვ. მ.-ის სარჩელის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 12 იანვარს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე (¹ბს-74-72(კ-09) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით საქართველოს ფინანსთA სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კასატორი საკასაციო საჩივარში არ უთითებდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების სამართლებრივ საფუძვლებს (კასაციის მიზეზს). აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს განესაზღვრა ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე (იხ. ს.ფ. 217-218).

ხარვეზის შევსების მიზნით, კასატორმა 2009 წლის 10 თებერვალს მომართა საკასაციო სასამართლოს და წარმოადგინა საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 224-232).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრს საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით, რადგან კასატორმა ხარვეზი არ შეავსო და წარმოადგინა იმავე შინაარსის საკასაციო საჩივარი, რაზეც დაუდგინდა ხარვეზი. შესაბამისად, კასატორს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა, ასევე დაევალა წერილობითი დადასტურების წარმოდგენა იმის თაობაზე, თუ როდის იქნა შეტანილი საფოსტო განყოფილებაში ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 233-235).

ხარვეზის შევსების მიზნით, 2009 წლის 19 მარტს საკასაციო სასამართლოს მომართა გორის რეგიონალურმა ცენტრმა და წარმოადგინა საკასაციო საჩივარი (იხ. ს.ფ. 240-248).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაგრძელებულ იქნა 2009 წლის 20 თებერვლის განჩინებით 10 დღით (იხ. ს.ფ. 217-218; 233-235).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის განჩინება კასატორს ჩაჰბარდა 2009 წლის 6 მარტს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებით (იხ. ს.ფ. 239), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 16 მარტს, კასატორმა კი ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში შეიტანა 2009 წლის 18 მარტს, რაც დასტურდება საფოსტო კონვერტზე არსებული შტამპით (იხ. ს.ფ. 249).

ამასთან, კასატორმა ხარვეზი არ შეავსო სრულყოფილად, რადგან საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინებით კასატორს დაევალა წარმოედგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი და მიეთითებინა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლები (კასაციის მიზეზი), მაგრამ კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 396.1 მუხლის “ე” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, კვლავ არ შეიცავს დასაბუთებას სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობისა და გასაჩივრების სამართლებრივი საფუძვლების მითითების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, კასატორს დაევალა წარმოედგინა წერილობითი დადასტურება თუ როდის იქნა შეტანილი ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი საფოსტო განყოფილებაში, რადგან ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის განჩინება კასატორს ჩაჰბარდა 2009 წლის 30 იანვარს, შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადა იწურებოდა 2009 წლის 9 თებერვალს, საკასაციო საჩივარი კი საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2009 წლის 10 თებერვალს (იხ. ს.ფ. 222-223). ამასთან, წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა საფოსტო კონვერტი, რომლითაც დადასტურდებოდა სსსკ-ის 61.3 მუხლის შესაბამისად საფოსტო განყოფილებაში საკასაციო საჩივრის განსაზღვრულ ვადაში შეტანის ფაქტი. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორმა მიუთითა, რომ საკასაციო საჩივრები საქმეებზე ¹ბს-74-72(კ-09) და ბს-56-54(კ-09) გამოგზავნილი იყო ერთი საფოსტო კონვერტით, მაგრამ კასატორს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი წერილობითი მტკიცებულება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 390-ე, 396.3, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის გორის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.