Facebook Twitter

ბს-749-714(კ-09) 2 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი(მოპასუხე) _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე(მოსარჩელე) _ ა. ჯ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.09წ. განჩინება

დავის საგანი _ სახელფასო დავალიანებისა და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

13.05.08წ. ა. ჯ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ფულადი სარგოს თორმეტმაგი ოდენობით, 2004-2005 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 862,20 ლარის და სახელფასო დავალიანების _ 3747,14 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა. მოგვიანებით მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა და მოითხოვა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების _ 4200 ლარის, 2004-2005 წლების სანივთე ქონების საკომპენსაციო თანხის _ 862,20 ლარის და 1998-2000 წლების სახელფასო დავალიანების _ 3747,14 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1984 წლიდან 2005 წლამდე მსახურობდა შეიარაღებული ძალების რიგებში, მისი ნამსახურობის წლების საერთო რაოდენობა 21 წელს შეადგენდა. 11.05.05წ. ¹1272 ბრძანებით იგი დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21.2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) საფუძველზე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ უარი უთხრა თანხის ანაზღაურებაზე იმ საფუძვლით, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების 331-ე მუხლი მასზე ვერ გავრცელდებოდა, რადგან იგი შეიარაღებული ძალებიდან დათხოვნილი იყო 2005 წელს, აღნიშნული ნორმის მოქმედება კი მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის დროისათვის შეჩერებული იყო 2006 წლის 1 იანვრამდე. მოსარჩელე თვლის აგრეთვე, რომ მას უმართეულოდ ეთქვა უარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.08წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ა. ჯ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების სახით 1945,09 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ჯილდოს სახით 617,32 დოლარის ექვივალენტი ლარში, ასევე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 3500 ლარის გადახდა; მოსარჩელე ა. ჯ-ძეს უარი ეთქვა კვებისა და 2004 წლის სანივთე ქონების კომპენსაციის, ასევე საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით 514 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში ანაზღაურებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.08 გადაწყვეტილება დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.09წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.08წ. გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სადავოდ ხდიდა მხოლოდ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ გადაწყვეტილების იმ ნაწილი, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ამდენად გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფორმირების წყარო იყო შესაბამისი ბიუჯეტი, საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება ყოფილიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა. ჯ-ძის მოთხოვნა 1998-1999-2000 წლების კუთვნილი სახელფასო დავალიანების 1945,09 დოლარის ექვივალენტი ლარში, ჯილდოს სახით 617,32 დოლარის ექვივალენტი ლარში, ასევე ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 3500 ლარის ანაზღაურებისა და თავდაცვის სამინისტროსათვის დაკისრების თაობაზე არ იყო ხანდაზმული. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ¹493 ბრძანებულების 331 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც დათხოვნილნი იყვნენ შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების მიხედვით ეძლეოდათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით, ხოლო 33-ე მუხლის ,,ე” ქვეპუნქტის მიხედვით, 20 წელი და მეტი ნამსახურეობის წლებისათვის გაიცემა ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით თორმეტმაგი თანამდებობრივი სარგო. 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით დამატებული 611 პუნქტის მიხედვით ამ ბრძანებულების 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და აღნიშნა, რომ მითითებული ბრძანებულების 611 პუნქტის საფუძველზე შეჩერებული იქნა ამ ბრძანებულების 331 პუნქტით გათვალისწინებული ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების მიღების უფლების რეალიზაცია 2006 წლის 1 იანვრამდე, მაგრამ არ გაუქმებულა ამ ბრძანებულებით განსაზღვრული და დადგენილი სოციალური დაცვის და მატერიალური უზრუნველყოფის _ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გაცემის პირობა და წესი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 24.03.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და სააპელაციო პალატის 24.03.09წ. განჩინების გაუქმება მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ «საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებას დაემატა 611 პუნქტი, რომლითაც ბრძანებულების 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. აღნიშნული 331-ე პუნქტის შეჩერებით კანონმდებელმა დროებით კი არ შეაჩერა, ან გადაავადა ამ მუხლით გათვალისწინებული ფულადი თანხებით გაცემის ვალდებულება, არამედ გაათავისუფლა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ვალდებულების შესრულებისგან.

საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-12 მუხლით ჯილდოს «დანამატის» სტატუსი არ აქვს მინიჭებული, შესაბამისად ჯილდოს თანხები არ წარმოადგენენ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37.1 მუხლით გათვალისწინებულ ხელფასში შემავალ დანამატს და ის ხელფასისაგან დამოუკიდებელ ფულად გასაცემელს წარმოადგენს. ამდენად, კასატორი თვლის, რომ ჯილდოს ნაწილში მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან ამგვარ მოთხოვნაზე სკ-ის 129-ე მუხლით დადგენილი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა და მასზე შრომითი კანონმდებლობა ვრცელდება, რის გამოც მასზე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უნდა გავრცელდეს. იმ შემთვხვევაში, თუ ხელფასის გაცემის ვალდებულებას მიეცემოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამსახურეობრივ საკითხზე მოქმედების განხორციელების ვალდებულების კვალიფიკაცია, მაშინ გავრცელდებოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადა. კასატორმა აღნიშნა, რომ 130-ე მუხლის მიხედვით, როგორც ამავე კოდექსის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის, ისე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით გათვალისწინებული ერთთვიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როდესაც მოსარჩელეს უნდა მიეღო თითოეული თვის ან პერიოდის ჯილდო ან მატერიალური დახმარება. ვინაიდან სარჩელი შეტანილია 2008 წლის სექტემბერში, კასატორი თვლის, რომ გაშვებულია ხანდაზმულობის ვადები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 24.06.09წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ა. ჯ-ძე 11.05.05წ. ¹1272 ბრძანებით, 2005 წლის 28 აპრილიდან დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახური სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის (რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) საფუძველზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას მოსარჩელის მიერ ხანდაზმულობის ვადის გაცდენის შესახებ. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასი) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი. ამავე კანონის 1341 მუხლი ითვალისწინებს სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეებზე დაწესბული კუთვნილი თანხის გაცემას დაცულ მუხლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამდენად, აღნიშნული მუხლით რეგლამენტირებული იქნა საჯარო მოსამსახურეებზე წინა წლებში წარმოქმნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება. გარდა ამისა, წინა წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითვალისწინებდა აგრეთვე შესაბამისი წლების ბიუჯეტის შესახებ კანონები. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს აგრეთვე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსთა მართვის დეპარტამენტის 16.01.08წ. ¹9/128 წერილის თანახმად მოპასუხე ჰპირდებოდა მოსარჩელეს, რომ მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოხდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდამულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. შესაბამისად, თუ მოვალე წერილობით ჰპირდება კრედიტორს ვალდებულების შესრულებას, აღნიშნული წარმოადგენს დავალიანების აღიარებას, რაც წყვეტს ხანდაზმულობის ვადის დენას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა 1998-99-2000 წლებში მიუღებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურების და ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების შესახებ არ არის ხანდაზმული.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ჯილდო და მატერიალური დახმარება არ არის მოცული ხელფასის ცნებით. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის დეფინიცია. ამ ნორმის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. აღიშნული ნორმის თანახმად დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისათვის ბუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში. ამდენად, თანამდებრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. ამავე კანონის 74-ე მუხლით გათვალისწინებულია მოხელისათვის დანამატის გაცემის ისეთი ფორმა, როგორიცაა ერთდროული ფულადი ჯილდო. ამ მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტში მითითებულია, რომ მოსამსახურის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის. განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის წესდება წახალისების ფორმა – ერთდროული ფულადი ჯილდო. ამდენად, ფულადი ჯილდო წარმოადგენს კანონით გათვალისწინებულ დანამატს, რომელიც თანამდებობრივ სარგოსთან ერთად შეადგენს ხელფასის შინაარსს. მოხელის ხელფასის განმსაზღვრელ, კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი დანამატის შესახებ მითითებულია ასევე «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მეორე პუნქტში, რომლის თანახმად სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებას, სანიმუშო დისციპლინისა და საბრძოლო მომზადებაში წარჩინებული მაჩვენებლებისათვის სამხედრო მოსამსახურეს წლის განმავლობაში შეიძლება მიეცეს ფულადი ჯილდო და/ან მატერიალური დახმარება, ხოლო სამხედრო სწავლებებში მონაწილეობისას სამივლინებო ხარჯების გარდა მიეცემა ყოველდღიური ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.03.09წ. განჩინება სახელფასო დავალიანების და ჯილდოს ანაზღაურების ნაწილში.

«საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულებაში 31.12.04წ. ¹640 ბრძანებულებით შეტანილი ცვლილება დამატებების თანახმად ბრძანებულებას დაემატა 331 და 611 პუნქტები, 331 პუნქტით დადგინდა, რომ სამხადრო მოსამსახურეებს (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისა, კურსანტებისა და რეზერვიდან ჩარიცხული მსმენელებისა), რომლებიც დათხოვნილი არიან შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის მიღწევის, რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, ნამსახურები წლების (გარდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში ნამსახურები წლებისა) მიხედვით (მათ შორის ყოფილი სსრკ-სა და სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ნამსახურები წლების ჩათვლით) ეძლევათ ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარება ფულადი სარგოების ამ დებულების 33-ე პუნქტით გათვალისწინებული ოდენობით. ამავე ბრძანებულების 611 პუნქტის მიხედვით 331 პუნქტის მოქმედება შეჩერდა 2006 წლის 1 იანვრამდე. საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ. ¹493 ბრძანებულების 611 პუნქტის თანახმად, 331 პუნქტის მოქმედება განახლდა 2006 წლის 1 იანვრიდან, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 21.09.07წ. ¹531 ბრძანებულებით, 331 პუნქტის მოქმედება შეწყდა. საქმეში დაცული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 19.02.08წ. ¹8/811 წერილის თანახმად, მინისტრის 11.05.05წ. ¹1272 ბრძანებით, ა. ჯ-ძის სამსახურიდან დათხოვნის პერიოდში საქართველოს პრეზიდენტის 05.11.04წ., ¹493 ბრძანებულების 331 პუნქტის მოქმედების შეჩერების გამო, ა. ჯ-ძეს უარი ეთქვა ერთჯერადი დახმარების გაცემაზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეზე არ არის დადგენილი მოსარჩელის მიერ 331 პუნქტით გათვალისწინებული უფლების – ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემის შესახებ მოთხოვნის დასმის მომენტი, კერძოდ სასამართლოს მიერ არ არის დადგენილი მოახდინა თუ არა მოსარჩელემ უფლების რეალიზება ნორმის მოქმედების დროს ადმინისტრაციულ ორგანოში მიმართვის გზით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ 331 პუნქტის მოქმედების პერიოდში ადმინისტრაციის წინაშე დასმა წარმოადგენს გასასვლელი დახმარების მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.08წ. გადაწყვეტილება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 3500 ლარის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ა) გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.03.09წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.08წ. გადაწყვეტილება ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების სახით 3500 ლარის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

ბ) უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.03.09წ. განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 15.12.08წ. გადაწყვეტილება ა. ჯ-ძის სასარგებლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სახელფასო დავალიანების სახით 1945.09 (ერთი ათას ცხრაას ორმოცდახუთი დოლარის და ცხრა ცენტის), ჯილდოს სახით 617.32 (ექვსასჩვიდმეტი დოლარისა და ოცდათორმეტი ცენტის) დოლარის ეკვივალენტი ლარში დაკისრების ნაწილში;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.