Facebook Twitter

ბს-75-73(კ-09) 28 მაისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო

წარმომადგენელი _ თ. ც-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სს «...»

წარმომადგენელი _ კ. ვ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება

სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2003 წლის 15 დეკემბერს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე სს «...» მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2001 წელს ჩატარებული ტენდერის საფუძველზე სს «...» და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის 2001 წლის 30 აპრილს გაფორმებული და შემდგომში ყოველთვიურად განახლებადი ხელშეკრულების თანახმად, სს «...» ვალდებული იყო ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში დაერიგებინა დევნილთა შემწეობის თანხები, ეცნობებინა ინფორმაცია საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსათვის, თუ რამდენმა დევნილმა მიიღო შემწეობის თანხა, რამდენი დარჩა ნაშთი და რამდენ დევნილს არ მიუღია შემწეობა. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ არაერთხელ მიმართა წერილით სს «...» აღნიშნული ინფორმაციის მისაღებად, რაზეც პასუხი არ მიუღია.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2003 წლის 13 ოქტომბერს სს «...» სამინისტროს მიერ გადარიცხულ იქნა სექტემბრის შემწეობის თანხა _ 3175187 ლარი, რომლის დარიგებაც 2003 წლის 20 ნოემბრისათვის არ იყო დამთავრებული და ბანკს აღნიშნულზე არანაირი ინფორმაცია არ წარმოუდგენია. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე გადაცილებული იყო 25 დღე.

მოსარჩელის განმარტებით, ბანკმა არ შეასრულა ხელშეკრულების 3.1.3 და 3.4.1 პუნქტების მოთხოვნები. ამდენად, ხელშეკრულების 3.4.11 პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებული იყო ჯარიმის სახით სამინისტროსათვის გადაეხადა გადარიცხული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სს «...» მის სასარგებლოდ ჯარიმის სახით _ 396875 ლარის დაკისრება მოითხოვა.

მოპასუხე სს «...» სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ 2002 წლის ოქტომბრიდან სს «...» ინტენსიურად დაიწყო ანაბარიზაციის პროცესი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და 2003 წლის იანვრიდან დევნილთა შემწეობის თანხები სისტემატურად ირიცხებოდა მათ ანგარიშებზე, ანუ დევნილთა კუთვნილ თანხებს ისინი დაუყოვნებლივ ღებულობდნენ, ხოლო ანაბრებიდან იღებდნენ მაშინ, როცა მოისურვებდნენ.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 14 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებებს, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სარჩელში არ იყო მითითებული, თუ რა პერიოდს ეხებოდა მასში მითითებული დარღვევები, ხოლო იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა მოპასუხეს ინფორმაციის მისაღებად, მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა განმარტებას იმის თაობაზე, რომ «ლტოლვილებზე და იძულებით გადაადგილებულ პირებზე ყოველთვიური ფულადი შემწეობებისა და პენსიების გაცემის შესახებ» საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ¹19 მეთოდური მითითების თანახმად, დევნილს უფლება ჰქონდა კუთვნილი ფულადი შემწეობა მიეღო მისთვის სასურველ დროს. მოსარჩელის მიერ კი ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხემ დროულად არ გადასცა დევნილებს მათთვის ჩარიცხული თანხები.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება, რომ 2003 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების 3.4.1 პუნქტი ავალდებულებდა ბანკს, გაეცა თანხები რაღაც კონკრეტულ ვადაში და განმარტა, რომ აღნიშნული მუხლით განსაზღვრული იყო ბანკის ვალდებულება, შეედგინა შემწეობის გაცემის ზუსტი გრაფიკი, რომელშიც, რეგიონში დევნილთა რაოდენობიდან გამომდინარე, უნდა გაეთვალისწინებინა შემწეობის გაცემის დამთავრება, არა უმეტეს 10 საბანკო დღის განმავლობაში და უზრუნველეყო დევნილთათვის მათი გაცნობა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნულ მუხლში საუბარი იყო მხოლოდ გრაფიკის შედგენასა და დევნილთათვის მათ გაცნობაზე და არა დევნილთა შემწეობის 10 დღის განმავლობაში დარიგებაზე.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მითითებას, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი საბუთი, თუ რა პერიოდში უნდა დაესრულებინა ბანკს ჩარიცხული თანხების გაცემა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა საბანკო ანგარიშის ამონაწერები, რომლებითაც დასტურდებოდა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. მოსარჩელის მიერ ასევე ვერ იქნა უარყოფილი მოპასუხის განმარტება, რომ ყოველთვიურად ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადაეცემოდა საბანკო ანგარიშების ამონაწერები, სადაც გარკვევით იყო მითითებული, თუ რა თანხა ჩაირიცხა ბანკში და რა პერიოდში გადაირიცხა შესაბამის ფილიალებში, როდის რამდენი თანხა იქნა დარიგებული და რას შეადგენდა დაურიგებელი ფულადი სახსრების ნაშთი, საიდანაც ცალსახად დადგენილი იყო იმ დევნილთა რაოდენობა, რომელიც ამონაწერის გაცემის დროს არ გამოცხადდა შემწეობის თანხის მისაღებად.

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული ისინი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა არასწორად განმარტეს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სს «...» შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.4.1 პუნქტი და მიუთითეს, რომ ხსენებულ პუნქტში საუბარი იყო მხოლოდ გრაფიკის შედგენასა და დევნილთათვის მათ გაცნობაზე და არა დევნილთა შემწეობის თანხების 10 დღის განმავლობაში დარიგებაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით კასატორი განმარტავს, რომ ხსენებული ხელშეკრულების 3.4.1 პუნქტის საფუძველზე, ბანკი ვალდებული იყო შეედგინა შემწეობის ზუსტი გრაფიკი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო შემწეობის გაცემის დამთავრება არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში, ვინაიდან ბანკი შემწეობის გაცემას ახორციელებდა ამ გრაფიკის საფუძველზე, ხოლო ხელშეკრულებაში იმპერატიულად იყო გათვალისწინებული გრაფიკში შემწეობის გაცემის დამთავრება გარკვეულ ვადაში (რომლის გაზრდაც ბანკს არ შეეძლო), შესაბამისად, ბანკი ვალდებული იყო არა უმეტეს 10 დღის ვადაში გაეცა შემწეობები დევნილთათვის. ამას ადასტურებდა თავად სს «...» მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილისადმი 2003 წლის 21 ოქტომბერს მიწერილი ¹07/748 წერილი, რომლის თანახმად, ხელშეკრულების 3.4.1 პუნქტი ითვალისწინებდა შემწეობის თანხების 10 დღეში დარიგებას. მართალია, სს «...» იმასაც აღნიშნავდა, რომ 2002 წლის დეკემბერში სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ თათბირზე თითქოს მხარეებს მიუთითეს, რომ თანხების დარიგება შეუზღუდავად უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ კასატორის განმარტებით, ამას არ შეიძლებოდა მინიჭებოდა იურიდიული ძალა, ვინაიდან თუ აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი იყო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი უნდა გამოცემულიყო წერილობით. ამასთან, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა ასეთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხელშეკრულება გაფორმებული იყო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სს «...» შორის და მისი პირობების შეცვლა შეიძლებოდა მხოლოდ ხელშეკრულებით. ასეთი რამ კი არ განხორციელებულა. ამასთან, იმავე წერილში აღნიშნული იყო, რომ მხარეთა შორის ტენდერით განსაზღვრული ხელშეკრულების 3.4.6 მუხლით გათვალისწინებული იყო დევნილთა თანხების ანაბარიზაციის საკითხიც, რომელიც თითქოს, სამინისტრომ თვითნებურად ამოიღო ხელშეკრულებიდან 2003 წლის იანვრის შემდგომ. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სს «...» შორის დადებულ ყველა ხელშეკრულებას ხელს აწერდა ორივე მხარე, რაც გამორიცხადა ცალმხრივად ხელშეკრულების შეცვლას.

კასატორის განმარტებით, ის, რომ შემწეობის თანხები ექვემდებარებოდა გარკვეულ ვადაში გაცემას, ამაზე მიუთითებდა ხელშეკრულების 3.4.7 პუნქტიც, რომლითაც ბანკი ვალდებული იყო, მორიგი შემწეობის გაცემის შემდეგ სამინისტროსათვის წარედგინა ინფორმაცია არგამოცხადებულ დევნილთა რაოდენობისა და მათზე გასაცემი თანხის ნაშთის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადი იყო, რომ საუბარი იყო შემწეობის გაცემის კონკრეტულ ვადაზე და ანაბარიზაციის დაშვების შემთხვევაში იგი აზრს კარგავდა.

კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 874-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ანაბარზე საკრედიტო დაწესებულება მოიპოვებს საკუთრების უფლებას და შესაბამისად, შეუძლია იგი გამოიყენოს ნებისმიერი დანიშნულებისათვის, მაგრამ მეთოდური მითითებით, ბანკს კატეგორიულად ეკრძალებოდა სამინისტროს მიერ გადარიცხული შემწეობის გასაცემად განკუთვნილი თანხები გამოეყენებინა სხვა დანიშნულებით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ანაბარს უნდა დაერიცხოს პროცენტი, რასაც ბანკი არ აკეთებდა. პირიქით, იგი თავად იღებდა მომსახურებისათვის გადარიცხული თანხის 1%-ს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიუთითებს, რომ სისტემატურად განახლებადი ხელშეკრულებებით ბანკი ვალდებული იყო არა უმეტეს 10 დღის ვადაში გაეცა შემწეობები დევნილთათვის, ხოლო სხვა რაიმე პირობებზე მხარეები არ შეთანხმებულან.

კასატორი მიუთითებს, რომ სს «...» მიერ 2002 წლის დეკემბერში სამინისტროსადმი გაგზავნილი წერილის მიუხედავად, მოპასუხემ განმარტა, რომ 2002 წლის ოქტომბრიდან სს «...» დაიწყო ანაბარიზაციის პროცესი, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, რასაც კასატორი არ დაეთანხმა.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, თითქოს სარჩელში არ იყო მითითებული თუ რა პერიოდს ეხებოდა დარღვევები, ვინაიდან იმავე გადაწყვეტილების აღწერილობითი ნაწილიდან ირკვეოდა, რომ მოთხოვნა შეეხებოდა 2003 წლის ოქტომბერში გადარიცხულ სექტემბრის შემწეობის თანხებს _ 3 175 187 ლარის ოდენობით.

კასატორის განმარტებით, 2003 წლის 1 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, სს «...» გადაერიცხა დევნილთა სექტემბრის თვის შემწეობები _ 3 175 187 ლარი. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას ეს თანხა დევნილებზე უნდა გაეცა 10 დღის განმავლობაში, ანუ არა უგვიანეს 2003 წლის 23 ოქტომბრისა, მაგრამ იმ დროისათვის გაცემული იყო ხსენებული თანხის მხოლოდ ნაწილი. ბანკი თანხებს გასცემდა ეტაპობრივად, ნაწილ-ნაწილ და მას გადარიცხული თანხის გაცემა არ თუ იმავე წლის 20 ნოემბრისათვის არ დაუსრულებია, არამედ დღემდე გააჩნდა აღნიშნული გადარიცხვიდან დარჩენილი ვალი.

კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს ვადების დარღვევის გადაბრალებას დევნილებზე, რომ ისინი არ ცხადდებოდნენ დროულად და, ვინაიდან, თითქოს თანხები წარმოადგენდა ანაბარს, დევნილები ნებისმიერ დროს იღებდნენ შემწეობებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ შემწეობებისათვის გადარიცხული თანხები არ წარმოადგენდა ანაბარს და ბანკს მისი გაცემა უნდა დაესრულებინა 10 დღეში, რის თაობაზეც სამინისტროსათვის უნდა წარედგინა ანგარიში. 2004 წლის 13 იანვარს სამეგრელო-ზემო სვანეთში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მიერ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრისადმი მიწერილი ¹076.01.06/5 წერილიდან ირკვეოდა, რომ ზუგდიდის რაიონში 2004 წლის 13 იანვრის მდგომარეობით გაუცემელი იყო დევნილთა შემწეობის თანხა, რაც შეადგენდა 917 692 ლარს. აქედან დევნილებს არ მიუღიათ სექტემბრის თვის შემწეობა 295 421 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წარდგენილი იყო ზუგდიდში ჩასახლებულ დევნილთა განცხადებები თანდართული მტკიცებულებებით, საიდანაც ჩანდა, რომ მათ არ მიუღიათ 2003 წლის სექტემბრის შემწეობები და აღნიშნული ხდებოდა სს «...» ბრალით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 20 იანვრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 8 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 26 მარტამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 14 მაისს, 12.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2001 წელს ჩატარებული ტენდერის საფუძველზე სს «...» და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შორის 2001 წლის 30 აპრილს გაფორმებული და შემდგომში, ყოველთვიურად განახლებადი ხელშეკრულების თანახმად, სს «...» ვალდებული იყო განეხორციელებინა დევნილთა შემწეობის გაცემასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურება. საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სს «...» შორის 2003 წლის 1 სექტემბერს დადებული ¹19 ხელშეკრულების თანახმად, ხსენებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დევნილთა შემწეობის გაცემასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2003 წლის 1 სექტემბრიდან 2003 წლის 1 ოქტომბრამდე, ხოლო 2003 წლის შესაბამის პერიოდში მომსახურების მოცულობა განისაზღვრა «2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონით გამოყოფილ ასიგნებათა გათვალისწინებით და შეადგენდა 3 300 000 ლარს. აღნიშნული ხელშეკრულების 3.4.1. პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებული იყო შეედგინა შემწეობის გაცემის ზუსტი გრაფიკი, რომელსაც, რეგიონში დევნილთა რაოდენობიდან გამომდინარე, უნდა გაეთვალისწინებინა შემწეობების გაცემის დამთავრება არა უმეტეს 10 საბანკო დღის განმავლობაში და უზრუნველეყო დევნილთათვის მისი გაცნობა. ხელშეკრულების 3.4.2. პუნქტის თანახმად, ბანკს უნდა უზრუნველეყო დევნილებზე შემწეობის გაცემა სამინისტროს მიერ მიწოდებული მეთოდური მითითებებისა და კომპიუტერული სიის საფუძველზე. ხელშეკრულების 3.1.3. პუნქტის საფუძველზე კი, სამინისტროს უფლება ჰქონდა, ყოველი მორიგი შემწეობის თანხის გაცემის შემდეგ ბანკისთვის მოეთხოვა ანგარიში არგამოცხადებულ დევნილთა რაოდენობისა და მათზე გასაცემი თანხის ნაშთის შესახებ, საფინანსო-სამეურნეო წლის ბოლოს და ხელშეკრულების დამთავრების მომენტისათვის კი _ სრული ანგარიში. ამასთან, ხელშეკრულების 3.4.7 პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებული იყო მორიგი შემწეობის თანხის გაცემის შემდეგ, სამინისტროსათვის წარედგინა ინფორმაცია არგამოცხადებულ დევნილთა რაოდენობისა და მათზე გასაცემი თანხის ნაშთის შესახებ. იმავე ხელშეკრულების 3.4.11 პუნქტით კი დადგენილი იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისას სამინისტროს ჯარიმის სახით უნდა გადაეხადა გადარიცხული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილია ასევე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილის 2003 წლის 19 ნოემბრის ¹რ-01/01-17/1038 წერილი (პრეტენზია) სს «...», რომლის თანახმადაც 2001 წელს ჩატარებული ტენდერის საფუძველზე სს «...» და სამინისტროს შორის 2001 წლის 30 აპრილს და შემდგომში ყოველწლიურად განახლებადი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები სისტემატურად ირღვეოდა. სამინისტროს მიერ სექტემბრის თვის დევნილთა შემწეობა გადარიცხულ იქნა 2003 წლის 13 ოქტომბერს, თუმცა იმავე წლის 20 ნოემბრისათვის მისი დარიგება არ იყო დამთავრებული და არც სს «...» უცნობებია, არ წარუდგენია სამინისტროში ინფორმაცია ხსენებულის თაობაზე. ამდენად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე გადაცილებული იყო 25 დღე და ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო როდის დამთავრდებოდა აღნიშნული. ამდენად, განცხადების ავტორის განმარტებით, სს «...» უხეშად დაარღვია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 3.1.3 და 3.4.1 პუნქტის მოთხოვნები, რის გამოც 3.4.11 პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებული იყო ჯარიმის სახით, სამინისტროსათვის გადაეხადა გადარიცხული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ საბანკო დღეზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სადავო ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა დევნილთათვის შემწეობის თანხების დარიგების ვადებს, ხოლო ბანკის მიერ მორიგი შემწეობის თანხის გაცემის შემდეგ, სამინისტროსათვის არგამოცხადებულ დევნილთა რაოდენობისა და მათზე გასაცემი თანხის ნაშთის შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ ხსენებული ინფორმაციის მოთხოვნას სამინისტროს მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსა და სს «...» შორის 2003 წლის 1 სექტემბრის ხელშეკრულების 3.4.1 პუნქტის განმარტების თაობაზე და მიუთითა, რომ ხსენებულ პუნქტში საუბარი იყო მხოლოდ გრაფიკის შედგენასა და დევნილთათვის მათ გაცნობაზე და არა დევნილთა შემწეობის თანხების 10 დღის განმავლობაში დარიგებაზე, რომ არ გამოიკვლია ხსენებული ხელშეკრულების არსი და მიზანი _ დროულად მომხდარიყო დევნილთათვის შემწეობის თანხების დარიგება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ ისე განმარტა ხელშეკრულების სადავო 3.4.1 პუნქტი, რომ არ მოახდინა ხსენებული განმარტების შეჯერება ხელშეკრულების მიზანთან და არ გამოარკვია ხელშეკრულების გაფორმებისას გამოვლენილი მხარეთა ნება. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ იმსჯელა, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება ხომ არ ითვალისწინებდა შედეგს შემწეობის თანხის ასაღებად დევნილის არგამოცხადების შემთხვევაში.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების 3.4.1 პუნქტთან მიმართებით საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ სასამართლო სხდომაზე მიუთითა, რომ შემწეობის გაცემა წარმოადგენდა თანხის გაცემას და არა მხოლოდ ხსენებული თანხის გაცემის თაობაზე გრაფიკის შედგენას. ამდენად, სადავო პუნქტი, რომლის თანახმადაც ბანკი ვალდებული იყო შეედგინა შემწეობის გაცემის ზუსტი გრაფიკი, რომელსაც, რეგიონში დევნილთა რაოდენობიდან გამომდინარე, უნდა გაეთვალისწინებინა შემწეობების გაცემის დამთავრება არა უმეტეს 10 საბანკო დღის განმავლობაში და უზრუნველეყო დევნილთათვის მისი გაცნობა, არ გულისხმობდა მხოლოდ გრაფიკის შედგენას, არამედ აღნიშნული წარმოადგენდა ბანკის ვალდებულებას შეედგინა შემწეობის ზუსტი გრაფიკი, რომელშიც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო შემწეობის გაცემის დამთავრება არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში, ვინაიდან ბანკი შემწეობის გაცემას ახორციელებდა ამ გრაფიკის საფუძველზე. ამდენად, გრაფიკი წარმოადგენდა თანხის დარიგების საშუალებას, რომელიც მითითებულ ვადაში უნდა განხორციელებულიყო, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დროულად ვერ მოხდებოდა ხსენებული თანხის დარიგება, სამინისტროს აღნიშნულზე ინფორმაცია უნდა ჰქონოდა, რაზეც სააპელაციო სასამართლოს საქმის ხელახლა განხილვისას უნდა ემსჯელა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ბანკის მხრიდან დევნილთათვის შემწეობის თანხის გაცემა არ დაგვიანებულა, რომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მასალები, რომლებშიც მოქალაქეები უთითებდნენ მათ მიერ ხსენებული თანხების დაგვიანებით მიღების ფაქტებზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს არ მოუთხოვია ბანკისგან მორიგი შემწეობის თანხის გაცემის შემდეგ, სამინისტროსათვის არგამოცხადებულ დევნილთა რაოდენობისა და მათზე გასაცემი თანხის ნაშთის შესახებ ინფორმაცია, რომ არ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილის 2003 წლის 19 ნოემბრის ¹რ-01/01-17/1038 წერილზე (პრეტენზია), თუ რამდენად წარმოადგენდა ხსენებული წერილი ბანკიდან ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე დოკუმენტს. ამასთან, არ გამოითხოვა სს «...» და არ გამოიკვლია მოსარჩელის მიერ დასახელებული მისი 2003 წლის 4 მარტის ¹რ-01/01-17/165; 2003 წლის 18 მარტის ¹რ-01/01-17/220 და 2003 წლის 29 ივლისის ¹რ-01/01-17/648 წერილები.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე გაიზიარა რაიონული სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სარჩელში არ იყო მითითებული, თუ რა პერიოდს ეხებოდა მასში მითითებული დარღვევები, რომ არ იმსჯელა საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილის 2003 წლის 19 ნოემბრის ¹რ-01/01-17/1038 წერილზე (პრეტენზია).

აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, შეეძლო თუ არა სს «...» საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გადარიცხული შემწეობის გასაცემად განკუთვნილი თანხები გამოეყენებინა სხვა დანიშნულებით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის «გ” და «ე” ქვეპუნქტებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1” ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება (განჩინება) ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სრულყოფილად უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და საქმეზე მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რისთვისაც სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 1 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.