ბს-758-723(3კ-09) 7 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემადგენლობა
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
14.03.08წ. შპს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. მოსარჩელემ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 05.03.08წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დავების განხილვის საბჭოსათვის შპს «...» საჩივრის განხილვის, შემოსავლების სამსახურის 12.12.07წ. ¹7902 გადაწყვეტილებისა და თბილისის საგადასახადო ინსპექციის 09.11.07წ. ¹ა/ფ-350 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის დავალდებულება მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ არასწორად განმარტა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-8 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი და განუხილველად დატოვა შპს «...» ადმინისტრაციული საჩივარი. მოსარჩელის აზრით, თუ ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევდა, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება და ერთი და იმავე საგადასახადო ვალდებულებაზე გამოცემული იყო ორი საგადასახადო მოთხოვნა, უნდა დაეკმაყოფილებინა გადასახადის გადამხდელის საჩივარი და გაეუქმებინა შემოსავლების სამსახურის 12.12.07წ. ¹7902 გადაწყვეტილება და თბილისის საგადასახადო ინსპექციის 09.11.07წ. ¹ა/ფ-350 საგადასახადო მოთხოვნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.08წ. გადაწყვეტილებით შპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 05.03.08წ. ¹05-04/1948 გადაწყვეტილება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. სასამართლომ მიუთითა, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭომ არასწორად გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 146-ე მუხლის მე-8 ნაწილის «ბ» ქვეპუნქტი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, რომელზეც სადავო აქტში მიუთითა დავების განხილვის საბჭომ, დავის საგანს შეადგენდა თბილისის საგადასახადო ინსპექციის 01.06.06წ. ¹4-ფ საგადასახადო მოთხოვნა შპს «...» 111 464 ლარის გადასახადის დარიცხვის შესახებ, ხოლო განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს ქმნიდა 09.11.07წ. ¹ა/ფ-350 საგადასახადო მოთხოვნა შპს «...» 178 166 ლარის გადასახადის დაკისრების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.09.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.09წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის გამოცემა განხორციელდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 და 96-ე მუხლების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შპს «...» საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაუდო ისეთი გარემოებაფაქტები, რომლებიც კანონით დადგენილი წესით არ გამოუკვლევია. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის საგადასახადო ინსპექციის 01.06.06წ. ¹4-ფ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის გამოც დავა მიმდინარეობდა სასამართლოში, თბილისის საგადასახადო ინსპექციის 09.11.07წ. ¹ა/ფ-350 საგადასახადო მოთხოვნით დარიცხულ თანხას არ მოიცავდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.02.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 05.03.08წ. გადაწყვეტილებაში მითითითებული გარემოება, კერძოდ, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 20.10.06წ. ¹3/3308-06 გადაწყვეტილება, შპს «...» ადმინისტრაციული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს არ ქმნიდა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დავების განხილვის საბჭოს მიერ მითითებული ადმინისტრაციული საქმის დავის საგანს შეადგენდა თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის 01.06.06წ. ¹4-ფ საგადასახადო მოთხოვნა, რომლის გამოცემის საფუძველია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 68-ე მუხლი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის 15.05.06წ. ¹16/4/5/2/6-725 წერილი. აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნით შპს «...» გადასახდელად დაერიცხა 111 464 ლარი და 80 თეთრი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში საბჭოში განხილვის საგანს წარმოადგენდა თბილისის საგადასახადო ინსპექციის 09.11.07წ. ¹ა/ფ-350 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტი გამოცემულია საგადასახადო დეპარტამენტის 13.03.06წ. ¹2-11/1588 წერილის საფუძველზე და აქტით დარიცხული თანხა შეადგენს 178 166 ლარს. ამდენად, განსახილველი სადავო საგადასახადო ვალდებულება და თბილისის ვაკე-საბურთალოს საგადასახადო ინსპექციის 01.06.06წ. ¹4-ფ საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები სხვადასხვაა, თანხების წარმომავლობა და ოდენობა არ არის იდენტური.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტების საჭიროება, საქმეს არ გააჩნია მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.