Facebook Twitter

ბს-765-734(კ-08) 20 იანვარი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ ქ. ბათუმის მერია

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. ქ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ პონტოელ ბერძენთა საზოგადოება

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა, ხელშეკრულების გაუქმება და სადავო ფართზე მესაკუთრედ ცნობა

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

რ.... ქ-ემ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და საქმის წარმოების განახლება, შემდეგი მოტივით:

განმცხადებლის მითითებით, 1986 წლიდან მუშაობდა რუსეთის ჯარების ამიერკავკასიის დაჯგუფების ქ. ბათუმის საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილებაში მძღოლად. 1990 წლის 5 თებერვალს სამსახურიდან მიიღო საცხოვრებელი ბინა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹8-ში. 1990 წლის 18 ივლისს, ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹607 გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, .... ქ. ¹8-ში მდებარე ბინის პირველ სართულზე 118,1 კვ.მ ფართი იჯარით გამოეყო საქართველოს მონარქისტული პარტიის აჭარა-გურიის სადროშოს და აღნიშნულ ფართში შეტანილ იქნა მისთვის გამოყოფილი საცხოვრებელი ბინა ფართით – 20 კვ.მ. ამავე გადაწყვეტილებით აღმასკომის საბინაო განყოფილებას დაევალა მისი საცხოვრებელი ბინით დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავალება არ შეასრულა. 2000 წლის 31 აგვისტოს, ქ. ბათუმის მერიამ ¹203 დადგენილებით, მითითებული ბინა იჯარით გადასცა ქ. ბათუმის პონტოელ ბერძენთა საზოგადოებას. რ... ქ-ემ სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის მერიისა და პონტოელ ბერძენთა საზოგადოების მიმართ და მოითხოვა 2000 წლის ¹203 დადგენილების გაუქმება და მერიის შესაბამისი სამსახურის დავალდებულება, რათა იგი გაეტარებინათ სამართლებრივ რეგისტრაციაში, როგორც დასახელებული უძრავი ქონების მესაკუთრე. 2005 წლის 5 აპრილს სასამართლომ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა და ორდერში მითითებული ბინა მიაკუთვნა მას. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო წესით და იგი განიხილა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ, რომელმაც 2005 წლის 25 ივნისს გააუქმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც რ. ქ-ეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა საკასაციო წესით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 7 მარტის განჩინებით რ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და შევიდა კანონიერ ძალაში.

განმცხადებლის განმარტებით, აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღების დროს გააყალბა მტკიცებულებები და არასრულად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული 1989 წლის ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹355 გადაწყვეტილება, მაშინ, როცა აღნიშნული მტკიცებულების გამოკვლევის პირობებში სასამართლო მიიღებდა სულ სხვა გადაწყვეტილებას, ვიდრე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იყო /იხ.ს.ფ. 3-6/.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 20 დეკემბრის განჩინებით რ. ქ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, განუხილველად იქნა დატოვებული განცხადების განხილვისათვის დასაშვებობის პირობების არარსებობის გამო /იხ.ს.ფ. 29-31/.

საქალაქო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა რ. ქ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება /იხ.ს.ფ. 32-33/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 26 თებერვლის განჩინებით რ. ქ-ის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება /იხ.ს.ფ. 55-60/.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით პონტოელ ბერძენთა საზოგადოებისა და ქ. ბათუმის მერიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ნაწილობრივ; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ – რ. ქ-ე ცნობილ იქნა ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹8-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ასასვლელი კიბის პირდაპირ მდებარე 20 კვ.მ ფართობის ერთი ოთახის მოსარგებლედ, ხოლო აღნიშნულ მისამართზე არსებული ,,სველი წერტილები” დარჩა საერთო სარგებლობაში, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

1990 წლის 5 თებერვალს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ბათუმის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების მიერ რ. ქ-ზე გაიცა ¹1315 ორდერი 20 კვ.მ ფართობის ერთი ოთახისაგან შემდგარ ბინაზე – მდებარე ქ. ბათუმში, .... ქ. ¹20-ში. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნულ ბინაში ცხოვრება, ვინაიდან ეს ფართი დაკავებული იყო ჯერ მონარქისტული პარტიის, შემდეგ კი პონტოელ ბერძენთა საზოგადოების მიერ, რომელთანაც ქ. ბათუმის მერიას გაფორმებული ჰქონდა იჯარის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. ასევე დადგენილი იყო, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი სამხედრო უწყების ბალანსიდან გადავიდა ბათუმის აღმასკომის ბალანსზე, მაგრამ საქმეში არ მოიპოვებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც უძრავი ქონების გადაცემის ერთ-ერთი და უტყუარი დამადასტურებელი დოკუმენტია. ასევე, როდესაც რ. ქ-ე მოხდა ორდერის გადაცემა, სადავო ფართზე საცხოვრებელი სახლი ირიცხებოდა სამხედრო უწყების ბალანსზე და რომ ორდერის გაცემის შემდეგ პერიოდში მოხდა ქ. ბათუმის აღმასკომის ბალანსზე გადაცემა. საქმეში არ მოიპოვებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დადგინდებოდა, უძრავი ქონების მოცემული სახით ერთი უწყებიდან მეორე უწყებაზე ბალანსიდან ბალანსზე გადასვლა. ასევე, არ მოიპოვებოდა 1989-90 წლების ბათუმის აღმასკომის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების და შენობა-ნაგებობების აღრიცხვის ყოველთვიური, ყოველკვარტალური და ყოველწლიური ჟურნალები, რომლის თანახმად, სასამართლოს შეეძლო ემსჯელა, თუ როდის მოხდა სადავო სახლის სამხედრო უწყებიდან აღმასკომზე გადაცემა.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება ხანდაზმულობის ვადის გაშვებას მოსარჩელის მხრიდან, საქმეში მოიპოვებოდა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ 1990 წლიდან ის მიმართავდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს წერილით, მომხდარიყო მისი შესახლება მისთვის გამოყოფილ ფართში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბინაო ორდერი, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აკმაყოფილებდა ზაკ-ის 51-ე და 52-ე მუხლების მოთხოვნებს, იგი გამოცემული იყო უფლებამოსილი ორგანოს მიერ და არ იყო გაუქმებული.

სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის მიერ I ინსტანციის სასამართლოში მოხდა შეთავაზება რ. ქ-ის, რომ რ. ქ-ე დათანხმებულიყო იმავე მისამართზე შენობის სხვა ნაწილში 20 კვ.მ ფართის მიღებაზე. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებით მოხდა ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის მიერ რ. ქ-ის მოთხოვნის აღიარება. რაც შეეხებოდა ბათუმის მერიასა და პონტოელ ბერძენთა საზოგადოებას შორის დადებულ ხელშეკრულებას, 118.1 კვ.მ ფართზე, ვინაიდან მოსარჩელე მხარემ სხდომაზე მოხსნა იჯარის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა იმ მოტივით, რომ ამ 118.1 კვ.მ ფართში არ შედიოდა რ. ქ-ის ორდერით გამოყოფილი ფართი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საიჯარო ხელშეკრულება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე აპელანტის – პონტოელ ბერძენთა საზოგადოების წარმომადგენელმა მოხსნა შეგებებული სარჩელით დაყენებული მოთხოვნები, რის გამოც სასამართლომ არ განიხილა ისინი /იხ.ს.ფ. 95-103/.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. ბათუმის მერიამ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, რის გამოც შეუძლებელია გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმისათვის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს, კერძოდ, არასწორად შეაფასა 1989 წლის 14 ივნისის ¹355 გადაწყვეტილება. 1990 წლის 5 თებერვლისთვის, მაშინ, როცა რ. ქ-ე ამიერკავკასიის დაჯგუფების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილების მიერ გაიცა ¹1315 ორდერი ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹8-ში მდებარე საცხოვრებელ ფართში 20 კვ.მ ფართობის ერთ ოთახზე, იგი ჯერ კიდევ 1989 წლის 14 ივნისის ¹355 გადაწყვეტილებით გადაცემული იყო ქ. ბათუმის მერიაზე, მაშინდელი სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომი. ამდენად, იმ დროისათვის, როცა რ. ქ-ე მოხდა ორდერის გაცემა, ფართის მესაკუთრეს ამიერკავკასიის დაჯგუფების საბინაო-საექსპლუატაციო განყოფილება აღარ წარმოადგენდა და იგი სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის ბალანსზე ირიცხებოდა. ასევე, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა. რ. ქ-ე ორდერი გაიცა 1990 წელს და შესაბამისად, მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 1990 წლიდან, მას კი 2005 წლამდე არც ერთ კომპეტენტური ორგანოსათვის პრეტენზიით არ მიუმართავს. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გაშვებული აქვს სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა, უფრო მეტიც, მოსარჩელეს სსკ-ის 128-ე მუხლით დადგენილი 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადაც კი გაშვებული აქვს.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 ნოემბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ,,გ” პუნქტის საფუძველზე (პროცესუალური კასაცია).

საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მოსაზრებაში მოწინააღმდეგე მხარემ რ. ქ-ემ მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტური და კანონიერია, სასამართლოს მიერ სრულყოფილად იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და სწორად იქნა დადგენილი ფაქტები. სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სარჩელის ხანდაზმულობის საკითხს, რამდენადაც მოწინააღმდეგე მხარის მითითებით, 1990 წლიდან ის მიმართავდა სხვადასხვა კომპეტენტურ ორგანოებს, რის გამოც სარჩელი არ არის ხანდაზმული (იხ.ს.ფ. 194-195)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებისას საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 407.2. მუხლის მიხედვით წარმოდგენილია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სარჩელის ხანდაზმულობის საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც სარჩელის ხანდაზმულობასთან მიმართებით სასამართლოს მიერ დადასტურებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ იქნება სავალდებულო საკასაციო სასამართლოსთვის, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს მიერ უხეშად არის დარღვეული მოქმედი საპროცესო სამართლის _ სსსკ-ის 105.2. მუხლის მოთხოვნა, რომლის მიხედვით სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია საქმის მასალები, დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას შესაბამისი მტკიცებულებებით, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები სრულიად დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 404.1. მუხლის მიხედვით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ვინაიდან საკასაციო საჩივრით გასაჩივრებული არ არის საქმის წარმოების განახლების კანონიერების საკითხი, საკასაციო სასამართლო არ ამოწმებს საქმისწარმოების განახლების საფუძვლიანობას.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით იურიდიული თვალსაზრისით იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც სსსკ-ის 394-ე მუხლის ეI) პუნქტის მიხედვით გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას და დასკვნების გაკეთებისას, საერთოდ არ შეუფარდა სამართლის ნორმა სადავო სამართალურთიერთობას.

კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო პრეტენზია დასაბუთებულია, რამდენადაც საკასაციო სასამართლო იზიარებს კასაციის მოტივს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას სრულფასოვნად არ გამოიკვლია სარჩელის ხანდაზმულობის საკითხი, რამდენადაც რ. ქ-ე ბინის ორდერის მიღების შემდეგ 1990 წლიდან ცხოვრობდა სარდაფში, არ შესახლებულა ორდერით გადაცემულ ფართში, ანუ მოსარჩელეს საბინაო კოდექსის 57-ე მუხლის საფუძველზე, სადავო ფართზე წარმოეშვა ფლობისა და სარგებლობის უფლება, თუმცა მას ამ უფლებით არ უსარგებლია და არც სასამართლო წესით არ მოუთხოვია აღნიშნული უფლების რეალიზაცია, საქმის მასალებით მითითებული არ დასტურდება. რ. ქ-ემ სადავო ფართზე უფლების დადასტურება სასამართლო წესით მოითხოვა 2004 წლის 30 სექტემბერს, სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

საკასაციო სასამართლო სამოქალაქო სამართლის კოდექსის 75-ე მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელზე, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას არსებითად უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე, უნდა ისარგებლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით, შეაგროვოს მტკიცებულებები და დაადგინოს ხანდაზმულობის ვადის დინების დაწყების მომენტი /დრო/, რამდენადაც მხოლოდ ის გარემოება, რომ რ. ქ-ე 1990 წლიდან მიმართავდა სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს განცხადებებით, რათა მომხდარიყო მისი შესახლება გამოყოფილ ფართზე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის გამოსაკვლევად და დასადგენად.

საქმის მასალების თანახმად, ქ. ბათუმის მერიის 2000 წლის 21 აგვისტოს დადგენილებით, პონტოელ ბერძენთა საქველმოქმედო საზოგადოებას იჯარით სარგებლობაში გადაეცა ქ. ბათუმში, .... ქ. ¹8-ში განთავსებული 118 კვ.მ მუნიციპალური არასაცხოვრებელი ფართი, რომელშიც შედის რ. ქ-ე ორდერით გადაცემული 20 კვ.მ ფართი, რასაც სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა მისცეს სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო სასამართლოს სრულიად დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის მიერ I ინსტანციის სასამართლოში მოხდა რა რ. ქ-ის მორიგების პირობის შეთავაზება, რათა რ. ქ-ე დათანხმებულიყო იმავე მისამართზე შენობის სხვა ნაწილში 20 კვ.მ ფართის მიღებაზე, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებით მოხდა ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენლის მიერ რ. ქ-ის მოთხოვნის აღიარება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება დაამთავრონ მორიგებით. სსსკ-ის 218-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ უნდა შეუწყოს ხელი და მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ, მოსამართლეს შეუძლია მიუთითოს დავის გადაწყვეტის შესაძლო შედეგებზე და მხარეებს შესთავაზოს მორიგების პირობები. ამავე კოდექსის 373-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლო იღებს ზომებს საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით. შესაბამისად, საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლომ უნდა ისარგებლოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და მხარეებს შესთავაზოს პირობები დავის მორიგებით დასამთავრებლად, მით უფრო, იმ პირობებში, როცა საქმის მასალების თანახმად, ამგვარი ინციატივა ქ. ბათუმის მერიის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შეთავაზებულ იქნა, რაც არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ მორიგების შეთავაზებით აღიარა რ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.

საქმის მასალებში მდებარე ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასრულებლის კომიტეტის 1989 წლის 14 ივნისის ¹355 გადაწყვეტილების 1-ლი პუნქტის თანახმად ნება დაერთო საბინაო-სარემონტო საწარმოო გაერთიანებას, აეყვანა ბალანსზე სამხედრო გარნიზონის ბათუმის რაიონის საბინაო საექსპლუატაციო ნაწილის საუწყებო საცხოვრებელი სახლი მდებარე ...... ქ. ¹8-ში. 1990 წლის 18 ივლისს, ბათუმის სახალხო დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ¹607 გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმში, .... ქ. ¹8-ში მდებარე ბინის პირველ სართულზე 118,1 კვ.მ ფართი იჯარით გამოეყო საქართველოს მონარქისტული პარტიის აჭარა-გურიის სადროშოს. ქ. ბათუმის მერიამ ¹203 დადგენილებით მითითებული ბინა იჯარით გადასცა ქ. ბათუმის პონტოელ ბერძენთა საზოგადოებას /იხ.ს.ფ. ტ. 1. ს.ფ. 17/.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ ერთობლიობაში არ მიეცა შეფასება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, გამოტანილ იქნა ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნები, რითაც დარღვეულია სსსკ-ის 249.4. მუხლის იმპერატიული მოთხოვნა _ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებების, მტკიცებულებების, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებების, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, მითითების სავალდებულობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსსკ-ის 412.2 მუხლის შესაბამისად, სახეზეა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალური და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც, სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ამდენად, სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებით კანონიერი და ობიექტური გადაწყვეტილების დადგენის მიზნით, სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს ზემომითითებული გარემოებები და დავა გადაწყვიტოს მოქმედი საპროცესო და მატერიალური სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4, 372-ე, 390-ე, 393-ე, 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;