ბს-767-736(კ-08) 25 თებერვალი, 2009წ. ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველო (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელზე)
მოწინააღმდეგე მხარე – მე. ფ-ე (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე), მა., ო. და მი. ფ-ები (მოპასუხეები თავდაპირველ სარჩელზე)
მოპასუხე თავდაპირველ სარჩელზე – ქ. ბათუმის მერია
დავის საგანი – ბინის ორდერის ბათილად ცნობა, ბინიდან გამოსახლება, ბინის პრივატიზაციაზე ნებართვის გაცემა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.05.08წ. გადაწყვეტილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ 05.04.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას მოპასუხეების – მე., მა., ო. და მი. ფ-ების, აგრეთვე ქ. ბათუმის მერიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მე. ფ-ის სახელზე 29.12.05წ. გაცემული ¹.... ბინის ორდერის გაუქმება, მე. ფ-ის ოჯახის გამოსახლება მოსარჩელის კუთვნილი, ქ. ბათუმში, .... ქუჩა ¹94ა-ში მდებარე ¹2 ბინიდან და აღნიშნული ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს 31.03.04წ. დროებითი საბინაო კომისიის ¹3 სხდომის ოქმის საფუძველზე, უფროს ლეიტენანტ მე. Fფ-ეს აჭარის რეგიონალური სამმართველოს საბინაო ფონდიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, სამსახურებრივი დანიშნულებით გამოეყო ქ. ბათუმში, ..... ქ. ¹94ა-ში მდებარე ¹2 ბინა. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ქ. ბათუმის მერიამ გასცა ორდერი. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 23.10.06წ. ¹760 ბრძანებით, «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» დებულების IX თავის მე-4 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის და VI თავის მე-7 პუნქტის «გ» ქვეპუნქტის (რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით) საფუძველზე, უფროსი ლეიტენანტი მ. ფ-ე დათხოვნილ იქნა სასაზღვრო ძალების რიგებიდან სამხედრო ძალების რეზერვში. მ. ფ-ეს ბინა დათხოვნისთანავე სამმართველოსთვის უნდა ჩაებარებინა, რაც არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ნებაყოფლობით არ განუხორციელებია.
14.05.07წ. მ. ფ-ემ სასამართლოში წარადგინა შეგებებული სარჩელი მოპასუხე საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სადავო ბინის პრივატიზაციის წესით მის სახელზე გაფორმება. შეგებებული სარჩელის ავტორის მითითებით, იგი 1994 წლის 27 ივნისიდან 2006 წლის 23 ოქტომბრამდე მსახურობდა შეიარაღებული ძალების სისტემაში სხვადასხვა სტრუქტურაში. 23.10.2006წ., «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» დებულების თანახმად რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან. 2007 წლიდან მსახურობს I ქვეითი ბრიგადის საარტილერიო დივიზიონში. შეგებებული სარჩელის ავტორმა მიუთითა, რომ სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ არაერთხელ მიმართა ხელმძღვანელობას სამხედრო სამსახურში მისი დასაქმების შესახებ, თუმცა უშედეგოდ. აჭარის რეგიონალური სამმართველოს დროებითი საბინაო კომისიის 31.03.04წ. ¹3 სხდომის ოქმის საფუძველზე მიიღო ბინა, რაზეც გაცემულია შესაბამისი ორდერი ქ. ბათუმის მერიის მიერ. ბინა იყო ავარიულ მდგომარეობაში და იგი ის საკუთარი ხარჯებით შეაკეთა. შეგებებული მოსარჩელე მიუთითებს, რომ «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-13 პუნქტის თანახმად «სამხედრო მოსამსახურეებს ბინები ეძლევათ საბინაო კომისიის გადაწყვეტილებით». ამავე დებულების 17-ე პუნქტის თანახმად, გენერლებს და ადმირალებს, რომლებმაც სამხედრო უწყებიდან მიიღეს ბინები უვადო სარგებლობის პირობით, უფლება აქვთ თავიანთი სურვილის მიხედვით მოახდინონ მათი პრივატიზაცია, ხოლო დანარჩენ ოფიცერთა შემადგენლობებს, რომლებმაც მიიღეს ბინები სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება აქვთ სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მოახდინონ მათი პრივატიზაცია. მ. ფ-ის განცხადებით, სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის მომენტისათვის მას უკვე ჰქონდა 10 წლის სტაჟი და შესაბამისად მის მიერ მართლზომიერად დაკავებული ბინის პრივატიზაციის უფლება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.06.07წ. გადაწყვეტილებით, საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს – მე., მა., ო. მი. ფ-ებს დაევალათ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დაცლა და მისი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარება (მდებარე ქ. ბათუმში, .... ქ. ¹94ა ბ.¹2).
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. ფ-ე 1994-1996წ.წ. რუსეთის ფედერაციის ჯარში მსახურობდა რიგითად, საიდანაც დათხოვნილ იქნა თადარიგში რუსეთის ფედერალური სამსახურის დირექტორის 29.12.1999წ. ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის 23.05.2000წ. ბრძანებით, მ. ფ-ე ჩაირიცხა აჭარის რეგიონალური სამმართველოს სამსახურში, ხოლო მანამდე – 1998წ. 18 თებერვლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარში. მ. ფ-ე «სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ» დებულების IX თავის მე-4 პუნქტის «გ» ქვეპუნქტისა და VI თავის მე-7 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის საფუძველზე (რეორგანიზაცია და შტატების შემცირება) დათხოვნილ იქნა სამხედრო ძალების რეზერვში. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს მიერ მ. ფ-ეს 31.03.2004წ. სამმართველოს საბინაო ფონდიდან დროებით სარგებლობაში გამოეყო სამსახურებრივი დანიშნულების ბინა, მებარე ქ. ბათუმში, .... ქ. ¹94ა, ბ. ¹2-ში, რაზედაც ქ. ბათუმის მერიამ გასცა შესაბამისი ორდერი. ბინა მ. ფ-ეს დროებით სარგებლობაში გადაეცა სამხედრო სამსახურის ვადით, რაც ასახულია საბინაო კომისიის სხდომის ოქმში. სამხედრო სამსახურის დასრულებასთან ერთად, ბინის ორდერმაც დაკარგა ძალა და ის მოქმედ სამართლებრივ აქტს აღარ წარმოადგენს. მ. ფ-ეს სასაზღვრო ძალებში არ აქვს ნამსახური 10 წელი, შესაბამისად, სასაზღვრო პოლიციის სამმართველომ სწორად უთრა უარი მოპასუხეს სამსახურებრივი ბინის პრივატიზაციაზე. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მ. ფ-ის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ის საქართველოს სასაზღვრო ძალებში ან თავდაცვის სისტემაში 10 წლის განმავლობაში მსახურობდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ფ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობდა. მ. ფ-ეს გაწყვეტილი ჰქონდა სამართლებრივი კავშირი მოსარჩელის კუთვნილ სამხედრო დანიშნულების ბინასთან და ოჯახის წევრებთან ერთად განაგრძობდა ბინით უკანონო სარგებლობას, მას შემდეგაც, რაც დათხოვნილ იქნა სამსახურიდან.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიატანა მ. ფ-ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.06.07წ. გადაწყვეტილების გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ 17.04.08წ. გადაწყვეტილებით, მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 14.06.07წ. გადაწყვეტილება, მ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, საქართველოს შსს სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 რეგიონალური სამმართველოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დაკმაყოფილდა მ. ფ-ის შეგებებული სარჩელი, სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს დაევალა თანხმობის გაცემა ბინის პრივატიზებაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპატამენტის აჭარის რეგიონალური სამმართველოს საბინაო კომისიის 31.02.04წ. ¹3 სხდომის ოქმის თანახმად, მ. ფ-ეს გამოეყო სამსახურებრივი დანიშნულებით ბინა დროებითი სარგებლობისათვის. აღნიშნული ოქმის საფუძველზე ქ. ბათუმის მერიის მიერ გაიცა ბინის ორდერი, მ. ფ-ე დღემდე ცხოვრობს სადავო ბინაში მეუღლესა და 2 შვილთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სარჩელით დავის საგანი იყო მ. ფ-ის სახელზე გაცემული ბინის ორდერის ბათილად ცნობა, გამოსახლება, ხოლო შეგებებული სარჩელით – ბინის პრივატიზაციაზე თანხმობის გაცემა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხეთა ბინიდან გამოსახლების შესახებ, შეგებებული სარჩელი კი არ დაკმაყოფილდა, პირველი ინსტანციის სასამართლოს ბინის ორდერის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელზე გადაწყვეტილება არ მიუღია. აღნიშნული გადაწყვეტილება შსს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს მიერ არ გასაჩივრებულა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საბინაო კომისიის 31.03.04წ. სხდომის ¹3 ოქმი მ. ფ-ის მიერ ბინის ფლობის სამართლბრივ საფუძველს წარმოადგენდა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ მ. ფ-ეს 1994 წლის 27 ივნისიდან 2006 წლის 23 ოქტომბრამდე ნამსახურები ჰქონდა 10 წელზე მეტი სხვადასხვა სტრუქტურაში, შესაბამისად, მ. ფ-ე აკმაყოფილებდა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილების მე-17 პუნქტის მოთხოვნას, რაც წარმოშობდა ბინის პრვატიზაციის უფლებას. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული დადგენილების მე-18 პუნქტით, რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფში და ყოფილი სსრ კავშირის მომსახურე ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ბინები გამოეყოთ საბინაო ფონდიდან და აღარ მსახურობენ ამ სამხედრო შენაერთებში, უფლება აქვთ მოახდინონ მათ მიერ დაკავებული ბინების პრივატიზაცია დადგენილი წესით. სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული დადგენილების მე-18 პუნქტით გათვალისწინებული რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფისა და ყოფილი სსრ კავშირის სამხედრო უწყებებში მომსახურე სამხედრო მოსამსახურეების მიერ ბინის პრივატიზაციის «დადგენილ წესში» იგულისხმებოდა საქართევლოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ. ¹107 დადგენილება, რომლის მე-4 პუნქტით, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდებოდა იმ ორგანოების თუ დაწესებულებების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხებოდა საცხოვრებელი ბინა, ხოლო იმავე დადგენილების მე-5 პუნქტით, ბინა უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომელნიც ამ ბინის დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან. ზემოაღნიშნული ორი დადგენილება ძალაში იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში, შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ფ-ე კანონიერად ფლობდა და სარგებლობდა საცხოვრებელი ბინით, რაც აღნიშნული ბინის პრივატიზაციის საფუძველი იყო.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.08წ. გადაწყვეტილების გაუქმექა და ახალი გადაწყვეტილების მიღება მე., მა., ო., მი. ფ-ების ბინიდან გამოსახლების შესახებ. კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილება და 01.02.1992წ. ¹107 დადგენილება, სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 28.06.06წ. ¹397 ბრძანებულება. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი მ. ფ-ის ნამსახურობასთან დაკავშირებით. მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილების მე-17 პუნქტის შენიშვნის თანახმად, პრივატიზაციის ნებართვა აქვთ მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო უწყებათა სამხედრო მოსამსახურეებს. ვინაიდან მ. ფ-ეს საქართველოს სასაზღვრო უწყებაში ნამსახური აქვს მხოლოდ 7 წელი, მასზე ვერ გავრცელდება საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილების მე-17 პუნქტი. კასატორი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 01.02.1992წ ¹107 დადგენილების მე-4, მე-5 პუნქტების არასწორი გამოყენების საფუძვლად მიუთითებს იმავე დადგენილების მე-3 პუნქტს, სადაც აღნიშნულია, რომ სამსაურებრივი დანიშნულების ბინები პრივატიზაციას არ ექვემდებარება. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს პრეზიდენტის 28.06.06წ. ¹397 ბრძანებულების 30-ე პუნქტი, რომლის მიხედვით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე სამსახურებრივი დანიშნულებით გადაცემული ბინის პრივატიზაციის უფლებას იძენს მხოლოდ მაშინ, თუ მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს წინაშე, ან ნამსახური აქვს უწყვეტი 10 წელი, რასაც მ. ფ-ის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მას საქართველოს სასაზღვრო უწყებაში უწყვეტად ნამსახური აქვს მხოლოდ 7 წელი.
კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაცი სასამართლოს უნდა გამოეყენებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლები, რომლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილია თავისუფლად ფლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას, მოითხოვოს თავისი ნივთის უკან დაბრუნება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. კასატორმა მიუთითა, რომ საბინაო კომისიის სხდომის ოქმის საფუძველზე მ. ფ-ის კანონიერ მოსარგებლედ მიჩნევა და მის საფუძველზე პრივატიზაციის უფლების მინიჭება არასწორია, რადგან აღნიშნული ბინა, ისევე, როგორც საბინაო ორდერი გაცემულ იქნა სამხედრო სამსახურის გავლის ვადით. შესაბამისად, ორდერმა ძალა დაკარგა იმ დროიდან, როდესაც მ. ფ-ე დათხოვნილ იქნა სასაზღვრო ძალებიდან, ე.ი. 2006 წლის 23 ოქტომბრიდან. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად ჩაუთვალა მ. ფ-ეს სამსახურში 1994-1996 წ.წ. პერიოდი, რადგან ამ დროს მან გაიარა სავალდებულო სამხედრო სამსახური, რაც ბინის პრივატიზაციის ნებართვის მიღებისათვის საჭირო უწყვეტრ სტაჟში არ ითვლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმატებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საღუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შსს ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცებული «საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე დისლოცირებულ სამხედრო უწყებათა მოსამსახურეების ბინის მიღების, აღრიცხვაზე აყვანისა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფის შესახებ» დებულების მე-17 მუხლის მიხედვით ოფიცერთა შემადგენლობას, რომლებსაც ბინები მიღებული აქვთ სამსახურებრივი დანიშნულებით, უფლება ჰქონდათ ბინის მიღებიდან და სამხედრო ნაწილში სულ ცოტა 10 წლის სამსახურის ვადის გასვლის შემდეგ მოეხდინათ მათი პრივატიზაცია. საქართველოს პრეზიდენტის 28.06.06წ. ¹397 ბრძანებულების 30-ე პუნქტის თანახმად, «სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურე, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სახელმწიფოს წინაშე ან ნამსახურები აქვს უწყვეტი 10 კალენდარული წელი, ხოლო ამ მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ოჯახის წევრი (მემკვიდრე), აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიღებული ჭრილობების, დასახიჩრების ან დაავადების შედეგად გარდაცვლილი სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურის ოჯახის წევრი (მემკვიდრე), რომელმაც სახელმწიფო საბინაო ფონდიდან სამსახურებრივი დანიშნულებით მიიღო ბინა, შეიძენს მასზე პრივატიზაციის უფლებას კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად». ამდენად, ხსენებული ნორმატიული აქტები უძრავი ქონების პრივატიზაციის განსხვავებულ რეჟიმს აწესებენ, კერძოდ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების მიხედვით სამსახურებრივი ბინის პრივატიზაციის უფლების მოპოვების პირობას წარმოადგენს სამსახურში ათი წლის უწყვეტი სტაჟი, ხოლო მინისტრთა კაბინეტის 06.08.93წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულება სტაჟის უწყვეტობის მოთხოვნას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად აღნიშნული ბრძანებულება აუარესებს მ. ფ-ის სამართლებრივ მდგომარეობას. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების პერიოდში ხსენებული ნორმატიული აქტები მოქმედებდნენ, მინისტრთა კაბინეტის 06.08.1993წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულება ძალადაკარგულად გამოცხადდა საქართველოს მთავრობის 07.05.08წ. ¹113 დადგენილებით. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამსახურებრივი ბინის პრივატიზაციის უფლების მოპოვებისათვის საჭირო პირობებს, კერძოდ ბინის მ. ფ-ის სარგებლობაში გადაცემის ფაქტს და ათი წლის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში სამსახურს ადგილი ჰქონდა მინისტრთა კაბინეტის დადგენილების მოქმედების პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტის 28.06.06წ. ¹397 ბრძანებულების მიღებამდე. მ. ფ-ის მიერ ბინის მართლზომიერი ფლობის და სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი არის აჭარის რეგიონალური სამმართველოს დროებითი საბინაო კომისიის 31.03.04წ ¹3 სხდომის ოქმი და მის საფუძველზე 13.12.05წ. ქ. ბათუმის მერიის დადგენილებით მ. ფ-ის სახელზე გაცემული ორდერი. საქმეში დაცული მ. ფ-ის ნამსახურების ნუსხით დასტურდება, რომ მ. ფ-ე 1994 წლის 27 ივლისიდან 1996 წლის 29 ოქტომბრამდე სავალდებულო ვადიან სამსახურს გადიოდა, 1998 წლის 18 თებერვლიდან 2006 წლის 23 ოქტომბრამდე სხვადასხვა სამხედრო ნაწილში მსახურობდა, ამასთანავე, 1998 წლის 18 თებერვლიდან მ. ფ-ე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, 03.10.99წ. ჩაირიცხა საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის რიგებში, საიდანაც შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 23.10.06წ. დათხოვნილი იქნა სამხედრო ძალების რეზერვში რეორგანიზაციისა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით, 2007 წლიდან მ. ფ-ე მსახურობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში. მინისტრთა კაბინეტის 06.08.93წ. ¹603 დადგენილების თანახმად ნამსახურობის წლებში ითვლება როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციაში სამსახური. ამდენად, მ. ფ-ეს სამხედრო სამსახურში ნამსახურები აქვს ათ წელზე მეტი. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე მართებულად არის განსაზღვრული მ. ფ-ის ნამსახურობის ვადა, კასატორის პრეტენზია ამ მიმართებით უსაფუძვლოა, სახეზე არ არის სსკ-ის 407-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი და დასაბუთებული პრეტენზია.
საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ მ. ფ-ემ სადავო ბინის მიღებიდან ორი წელი იმსახურა სასაზღვრო პოლიციაში. საკასაციო პალატა თვლის, რომ ბინის პრივატიზაციის უფლების მოსაპოვებლად საჭირო სამსახურის ვადის (ათი წელი) ათვლა უკავშირდება არა ბინის მიღებას, არამედ მინისტრთა კაბინეტის 06.08.93წ. ¹603 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-17 პუნქტით განსაზღვრული სამხედრო ნაწილში სამსახურის ხანგრძლივობას, ვინაიდან «სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის 32.2 მუხლის თანახმად სამხედრო სამსახურის დაწყების დღედ ითვლება სამხედრო ნაწილის პირად შემადგენლობაში ან შესაბამისი სამხედრო უწყების სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღე, «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის თანახმად სამხედრო მოსამსახურის სტატუსი პირს ენიჭება სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის დღიდან და ეხსნება დათხოვნის დღესვე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეიდენტის 28.06.06წ. ბრძანებულებას არ აქვს უკუქცევითი ძალა, იგი არ ვრცელდება ბრძანებულების ძალაში შესვლამდე პერიოდზე. ამასთანავე, საქართველოს პრეზიდენტის 28.06.06წ ¹397 ბრძანებულების ძალაში შესვლის მომენტისათვის მ. ფ-ეს გააჩნდა მინისტრთა კაბინეტის 06.08.93წ. ¹603 დადგენილების საფუძველზე ბინის პრივატიზაციის უფლება. მ. ფ-ე წარმოადგენდა ორივე ნორმატიული აქტით მოწესრიგებული ურთირთობების სუბიექტს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სადავო სამართალურთიერთობა უნდა გადაწყდეს მინისტრთა კაბინეტის 06.08.93წ ¹603 დადგენილების, ანუ იმ ნორმატიული აქტის საფუძველზე, რომლის მოქმედების დროს არსებობდა უფლების წარმოშობისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები (ბინის სარგებლობაში მიღება და ათი წლის ნამსახურების სტაჟი). მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ მ. ფ-ე ამჟამადაც სამხედრო სამსახურში იმყოფება (სამხედრო ნაწილის ¹06331 ცნობის თანახმად უფროსი ლეიტენანტი მ. ფ-ე 2007 წლიდან მსახურობს ..... საარტილერიო დივიზიონში), მოპოვებული აქვს სახელმწიფო ჯილდო, ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი.
საფუძველსმოკლებულია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩაუთვალა მ. ფ-ეს სამსახურში 1994-96წ.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნამსახურების ხანგრძლივობის დადგენისას სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული. სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახეობაა, სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო ვადიან და კადრის სამხედრო სამსახურებს, სამხედრო სამსახურის გავლის დრო ჩაითვლება სამხედრო სამსახურის და/ან შრომის საერთო სტაჟში, («სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ» კანონის მე-2, 31.1, 32.4 მუხ., «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» კანონის 10.3 მუხ.).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის «უ» ქვეპუნქტის თანახმად კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 17.04.08წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.