ბს-773-737(2კ-09) 26 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – 1) მ. ც-ძე (მოსარჩელე)
2) ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოპასუხე)
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
I კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლის ასაშენებლად საჭირო თანხის ანაზღაურებაზე
II კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
მ. ც-ძემ 2008 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ და მოითხოვა მიწისძვრის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მ. ც-ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ. ც-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5098 (ხუთიათას ოთხმოცდათვრამეტი) ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. ც-ძემ, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. ც-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას მ. ც-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 5098 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. ც-ძის ოჯახი არის 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული ოჯახი, რომელსაც დაუზიანდა საცხოვრებელი სახლი.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 22 აპრილის ¹553 წერილით, რომლის ადრესატია მ. ც-ძის დედა ნ. ც-ძე, ირკვევა, რომ ის შეყვანილია მიწისძვრით დაზარალებულთა სიაში, რომელიც გადაიგზავნა მთავრობაში და რომლებსაც ეკუთვნით პირველ რიგში დახმარების მიღება.
ჭიათურის რაიონის გამგებლის 2004 წლის 9 აგვისტოს ¹447 წერილით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 7 მარტის ¹289 და 2008 წლის 26 მარტის ¹404 წერილებით ირკვევა, რომ ნ. ც-ძის ოჯახი არის აღრიცხვაზე აყვანილი პირველ რიგში დასახმარებელთა სიაში, მაგრამ თანხის არარსებობის გამო მისი მოთხოვნა დაუკამაყოფილებელი დარჩა.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა «საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილება სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ ამ დადგენილების მე-14 პუნქტის თანახმად ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას და საკრებულოს უნდა დაკისრებოდათ მ. ც-ძის სასარგებლოდ 5098 ლარის გადახდა, რადგან აღნიშნული დადგენილების მე-14 პუნქტის შესაბამისად მხოლოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობას უნდა დაეკისროს მ. ც-ძის სასარგებლოდ მითითებული თანხის გადახდა.
სააპელაციო პალატამ მ. ც-ძის მოთხოვნა 127000 ლარის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოდ ჩათვალა, რადგან სახლის აშენებისათვის 127000 ლარის გამოყოფის თაობაზე ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს მ. ც-ძის მიმართ აღებული არ აქვთ.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მალხაზ, ა. და ნ. ც-ძეებმა; მათ მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვათ მიწისძვრით დანგრეული სახლის სანაცვლოდ ასაშენებლად საჭირო თანხის ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული 127 000 ლარის გადახდაზე.
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 28 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნ. ც-ძის და ა. ც-ძესთან მიმართებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
კასატორი მ. ც-ძე თვლის, რომ სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მიწისძვრის შედეგად დანგრეული სახლების სანაცვლოდ ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, რაც დადასტურებულია საქართველოს მთავრობის ¹352 დადგენილებით და მათ წერილებზე მიღებული პასუხებით.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ც-ძეების ოჯახი არ ცხოვრობდა რკინის ვაგონებში, ვინაიდან, მათი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად არ გამოუყვეს რკინის ვაგონი საცხოვრებლად და ამასთან მთავრობის ¹352 დადგენილებაში არაფერი არ არის ნახსენები რკინის ვაგონებში ცხოვრების სავალდებულობაზე.
კასატორი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიიღო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის «ა» და «ბ» ქვეპუნქტები მოთხოვნების დარღვევით.
კასატორი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნავს, რომ «საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილების საფუძველზე პრეფექტურას საქართველოს მთავრობაში მხოლოდ სიებისა და ანგარიშების წარდგენა ევალებოდა.
კასატორი ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნავს, რომ აღნიშნული ზიანი გამოწვეული იყო სტიქიური უბედურების და არა ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედების შედეგად, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულების წარმოშვება დელიქტის საფუძვლებიდან. მოცემულ შემთხვევაში, კი მიწისძვრის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება იკისრა სახელმწიფომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ მ. ც-ძის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მ. ც-ძის ოჯახი შედგება სამი წევრისაგან _ თვითონ, დედა – ნ. ც-ძე და და _ ა. ც-ძე. მათი ოჯახი წარმოადგენს 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულს, ისინი ცხოვრობენ ჭიათურის რაიონის სოფ. .... საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპეციალური ტრანსფერის სახით ჭიათურის მუნიციპალიტეტს მიწისძვრით დაზარალებულთათვის 1997_1998 წლებში, ასევე 2002 წელს გადაერიცხა ფულადი თანხები, მაგრამ მ. ც-ძის ოჯახს არავითარი დახმარება არ მიუღია. საკასაციო პალატას დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი ჭიათურის რაიონის გამგებლის 2004 წლის 9 აგვისტოს ¹447 წერილით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2008 წლის 7 მარტის ¹289 და 2008 წლის 22 აპრილის ¹553 წერილებით ირკვევა, რომ მოპასუხე ადასტურებდა სახელმწიფოს ვალდებულებას მოსარჩელის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1991 წლის 3 მაისის ¹352 დადგენილება «საქართველოს რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის პირველი რიგის გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ». ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებულია, რომ მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რაიონების პრეფექტურებმა დაუყოვნებლივ უნდა შეადგინონ მოსახლეობისათვის სიცოცხლის აუცილებელი პირობების უზრუნველყოფის პირველი რიგის სამუშაოთა ნუსხა და მათ ხელთ არსებული ფულადი და მატერიალური რესურსების ფარგლებში შეუდგენენ აღდგენით სამუშაოებს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სწორედ შესაბამისი რაიონების ადგილობრივ მმართველობის ორგანოებს დაევალათ 1991 წლის 29 აპრილს საქართველოს რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით, აღდგენითი სამუშაოების განხორციელება. ამავე დადგენილების მე-14 პუნქტის შესაბამისად ოჯახებს, რომელთაც მიწისძვრის შედეგად დაენგრათ საცხოვრებელი სახლი და სხვა ნაგებობები, გაუნადგურდათ ავეჯი და სხვა ქონება უნდა მიეცეთ ფულადი თანხა.
საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მ. ც-ძის მოთხოვნა 127000 ლარის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა, რადგან სახლის აშენებისათვის 127000 ლარის გამოყოფის თაობაზე ვალდებულება სახელმწიფო ორგანოებს მ. ც-ძის მიმართ აღებული არ აქვთ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც მ. ც-ძის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. არ დაკმაყოფილდეს მ. ც-ძის და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივრები.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.