ბს-775-739(კ-09) 3 ნოემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ გ. ყ-ძე, წარმომადგენელი _ შ. ჯ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ გ. ა-იანი
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
გ. ყ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების - საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოსა და გ. ა-იანის მიმართ, რომლითაც მოითხოვა საპატრულო პოლიციის აჭარის სამმართველოს 2007 წლის 14 ივლისის ¹225454 ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმის ბათილად ცნობა (იხ.ს.ფ. 1-4).
საქმის გარემოებები:
2007 წლის 14 ივლისს მოსარჩელე გ. ყ-ძე მისი კუთვნილი «ფოლკსვაგენის» მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით ... მოძრაობდა ქ. ქობულეთიდან ქ. ბათუმის მიმართულებით. დაახლოებით 23:15 საათზე მენავთობეთა დასახლებაში, კულტურის სახლთან მიახლოებისას, სადაც მთავრდებოდა უწყვეტი გამყოფი ხაზი და შეიძლებოდა მარცხნივ შეხვევა, მან ჩართო მოხვევის მაჩვენებელი შუქფარი და დაიწყო მანევრის განხორციელება გადასახვევზე. იგი გადავიდა გზის მარცხენა მხარეს, ფაქტობრივად დაამთავრა მანევრი, როცა მას შეეჯახა უკან მომავალი გ. ა-იანის კუთვნილი «მერსედესის» მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით .... მოსარჩელის მითითებით, მის უკან მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც მართავდა გ. ა-იანი, უფლება არ ჰქონდა, დაეწყო მანევრირება წინ მიმავალი მოსარჩელის ავტომანქანის გასასწრებად, რამდენადაც მანევრირების დაწყების ადგილამდე მიდიოდა უწყვეტი გამყოფი ხაზი. გ. ა-იანს ასევე უფლება არ ჰქონდა, დაეწყო მანევრირება, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ ამით საფრთხეს არ შეუქმნიდა მოსარჩელეს, როგორც ამავე ზოლზე მოძრავ ავტოსატრანსპორტო საშუალებას. აღნიშნული წესების საწინააღმდეგოდ მოპასუხე გ. ა-იანმა გასწრების მანევრი მაშინ დაიწყო, როცა მოსარჩელე თავისი ავტომანქანით უკვე სავალი გზის უკიდურეს ნაწილში იყო გადასული და ამთავრდებდა მოხვევას. ასევე მოპასუხე გ. ა-იანს არ ჰქონდა დაკავებული წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მიმართ ის დისტანცია, რასაც «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონი ითვალისწინებდა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა არასრულყოფილად და ფაქტების განზრახ დამახინჯებით წარმართა სატრანსპორტო შემთხვევის გამოკვლევა, კერძოდ, შეჯახების ადგილი და ავტომანქანის მოძრაობის ტრაექტორია არასწორად დაიტანა ნახაზზე, ამასთან, არასწორად შეაფასა მხარეთა მოქმედებები მათ მიერ მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ ავტოავარიის შემდეგ ის რთულ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაში იყო და ისე გასცა პასუხი პატრულ-ინსპექტორის შეკითხვებს. მეორე დღეს მისთვის ცნობილი გახდა გამოკვლეული მასალებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თაობაზე.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელის მტკიცებით დაირღვა «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი მოძრაობის წესები. ამასთან, საპატულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორმა ქმედების კვალიფიკაციისას არასწორად გამოიყენა მითითებული კანონი.
მოპასუხე გ. ა-იანმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლის მტკიცებით, პატრულ-ინსპექტორი შემთხვევის ადგილზე მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მის მიერ, როგორც ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ანახაზი, ისე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ფაქტების სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად იქნა შედგენილი, რა დროსაც გ. ყ-ძეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. მომხდარი შემთხვევისას აშკარა იყო მოსარჩელის მხრიდან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია შეჯახება. მოპასუხის მტკიცებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შემდეგ მოსარჩელე ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია და პატრულ-ინსპექტორის წინადადებაზე, სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა. მოპასუხის განმარტებით, მას გასწრების მანევრი უკვე დაწყებული ჰქონდა და მის წინ მოძრავი გ. ყ-ძის ავტომანქანა გზის უკიდურეს მარჯვენა მხარეს იმყოფებოდა, საიდანაც დაიწყო მარცხნივ მოხვევის მანევრი და ხელი შეუშალა გასწრების დასრულებაში. მოპასუხემ ასევე მიუთითა ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დადასტურდა შეჯახებისას ავტომანქანების მოძრაობის ის მდგომარეობა, როგორც პატრულ-ინსპექტორის ნახაზში იყო მოცემული (იხ. სხდომის ოქმი).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ყ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც საქალაქო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2007 წლის 14 ივლისს, დაახლოებით, 23:15 საათზე ქ. ბათუმში, მენავთობეთა დასახლებაში, კულტურის სახლის მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახა მოსარჩელის მოძრავი «ფოლკსვაგენის» მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ... და მოპასუხე გ. ა-იანის კუთვნილი «მერსედესის» მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ... A. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორის მ. წ-ძის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელე გ. ყ-ძემ ჩაიდინა საქარველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომა - სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ საპატრულო პოლიციის სამსახურის პატრულ-ინსპექტორმა მ. წ-ძემ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-237-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით ჩაატარა საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევა, გააკეთა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის ნახაზი და 239-240-ე მუხლების საფუძველზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა შესაძლებლობა, რომ შეჯახება მოხდა სწორედ საქმეში წარდგენილ ადგილზე, პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი სქემაში დაფიქსირებული ნახაზის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და განმარტება პატრულ-ინსპექტორს მისცა გაუცნობიერებლად, რამდენადაც სასამართლოს მიერ დადგინდა და მოსარჩელემაც დაადასტურა, რომ მან სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა, რაც იმაზე მიუთითებდა, რომ გ. ყ-ძე მძიმე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და მას ავტოსაგზაო შემთხვევისას სხეულის დაზიანება არ მიუღია.
სასამართლოს მოსაზრებით, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა მოსარჩელე მხარის მიერ აღწერილი ავტომანქანების მოძრაობა, სიჩქარისა და მანევრირების სქემები შეჯახებამდე და შეჯახების დროს, რამდენადაც ის არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდებოდა და ეწინააღმდეგებოდა საქმეზე წარდგენილ მტკიცებულებებს. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ყ-ძის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს დაირღვა «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილი წესი იმის თაობაზე, რომ მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებული იყო, ჩაერთო სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ამასთან, მანევრი უნდა ყოფილიყო უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შექმნოდათ დაბრკოლება. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე გ. ა-იანის მიერ მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალებისათვის გასწრებისას დაცული იქნა «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 30-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები მანევრირების უსაფრთხოების შესახებ.
საქალაქო სასამართლომ, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე გ. ყ-ძემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება და რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლით გათვალისწინებულ გადაცდომას წარმოადგენდა. მოპასუხის - აჭარის საპატრულო ინსპექციის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-237-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით იქნა გამოკვლეული სამართალდარღვევა და შედგა შესაბამისი ოქმი, რის საფუძველზეც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის სანქციის ფარგლებში, გ. ყ-ძეს სწორად განესაზღვრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებისა და გამოცემის დროს კანონის მოთხოვნათა დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არც მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაზე შეიძლებოდა მსჯელობა (იხ.ს.ფ. 84-87).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ-ძემ, რომელმაც მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და დაუსაბუთებელი იყო, რის გამოც იგი ექვემდებარებოდა გაუქმებას. საპატრულო პოლიციის მუშაკმა საფუძვლიანად არ გამოარკვია საქმის ყველა გარემოება. მან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე ერთ-ერთი მხარის განცხადებებს მიანიჭა უპირატესობა და ისე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აგრეთვე არასწორად შეადგინა შემთხვევის ნახაზი, რომელსაც ხელი მოაწერა მხოლოდ იმის გამო, რომ ავარიის შემდეგ ობიექტურად და სრულყოფილად ვერ აცნობიერებდა საქმის ვითარებას. აღნიშნული არგუმენტების დასადგენად მოსარჩელის ინციატივით დაინიშნა დამატებითი ექსპერტიზა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე (იხ. 2008 წლის 19 მაისს შედგენილი ექსპერტის დასკვნა), რომელმაც დაადგინა, რომ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ შედგენილი შემთხვევის სქემა იყო არამასშტაბური და იგი შედგენილი იყო უზუსტობითა და ხარვეზებით.
აპელანტის მითითებით, შემთხვევის მოწმე ა. ს-ძე, პროფესიით მძღოლი, რომელიც იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ადასტურებდა, რომ ავტომანქანა «ფოლკსვაგენი» უხვევდა მარცხნივ და ჩართული ჰქონდა მარცხენა შუქურა მოხვევის მაჩვენებელი. დაჯახების შემდეგ გაჩერებულ მანქანაზე იგივე შუქურა ისევ აძლევდა ნიშანს. ამდენად, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ, მხოლოდ გ. ა-იანის განმარტებით, გააკეთა დასკვნა, რომ გ. ყ-ძეს არ ჰქონდა ჩართული შუქურა მოხვევის მაჩვენებელი. ამავე დროს საპირისპიროს ამტკიცებდნენ გ. ყ-ძე, მისი მხლებლები – დ. და ნ. რ-ძეები და შემთხვევის შემსწრე ა. ს-ძე. საქალაქო სასამართლომ სრულებით გაუმართლებლად გაიზიარა დაინტერესებული მხარის გ. ა-იანის განმარტება აღნიშნულის თაობაზე და გამოიყენა დაუსაბუთებელი და მცდარი დასკვნა შუქური მოხვევის მაჩვენებლის გ. ყ-ძის მიერ გამოუყენებლობის შესახებ.
ექსპერტის დასკვნით, დადასტურდა ის გარემოება, რომ ავტომანქანა «მერსედესი» მოძრაობდა გადაჭარბებული სიჩქარით, რაც დადგენილი იყო საგზაო მოძრაობის წესებით დასახელებულ ადგილზე. შემთხვევის მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მოსარჩელე გ. ყ-ძე შემთხვევის შემდეგ იყო შოკურ მდგომარეობაში, მას დასჭირდა მოსულიერება და ამ მდგომარეობიდან გამოსული ადამიანი ყველა გარემოებას რეალურად ვერ აღიქვამდა, აღნიშნულს ეჭვი არ უნდა გამოეწვია. ასევე სასამართლოს გადაწყვეტილებაში არასწორად იყო მითითებული, რომ გ. ყ-ძეს ოქმთან და ნახაზთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს. გ. ყ-ძე, მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, ენდო პატრულის მუშაკს და ხელი მოაწერა ნახაზზე, ხოლო სამართალდარღვევის ოქმზე მას ხელი არ მოუწერია, ვინაიდან მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება უკანონო და უსაფუძვლო იყო (იხ.ს.ფ. 92-98).
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს წარმომადგენელმა არ ცნო გ. ყ-ძის სააპელაციო საჩივარი, მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება (იხ.ს.ფ. 201-203).
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. ყ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ყ-ძის მიმართ გამოცემული 2007 წლის 14 ივლისის ¹ბა 225454 საჯარიმო ქვითრის ბათილად ცნობაზე უარის თქმის შესახებ; მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით ¹ბა 225454 საჯარიმო ქვითრით განსაზღვრული ჯარიმის - 200 ლარის გადახდისაგან «ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ» 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონის საფუძველზე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
2007 წლის 14 ივლისს, დაახლოებით, 23:15 საათზე ქ. ბათუმში, მენავთობეთა დასახლებაში მდებარე კულტურის სახლის მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც ერთმანეთს შეეჯახა მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფი «ფოლკსვაგენის» მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით ... და მოპასუხე - გ. ა-იანის კუთვნილი «მერსედესის» მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით .... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელე გ. ყ-ძემ ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ საპატრულო პოლიციის სამსახურის პატრულ-ინსპექტორმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-237-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით ჩაატარა საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევა, გააკეთა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის ნახაზი და 239-240-ე მუხლების საფუძველზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა შესაძლებლობა, რომ შეჯახების ადგილი იყო სწორედ საქმეში წარდგენილი, პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი სქემაში დაფიქსირებული ნახაზი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივარზე დართული შპს იურიდიული კომპანია «...» ექსპერტიზის განყოფილების მიერ შედგენილი დასკვნა, რომლის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა შედგენილი იყო არამასშტაბურად, ხარვეზებითა და უზუსტობებით. საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 26 ოქტომბრის დასკვნით დადასტურდა, რომ შეჯახებამდე ავტომობილების სავალ ნაწილზე განლაგების მიხედვით, ავტომობილებს შორის შეჯახებას შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა საქმეში არსებულ სქემაში დაფიქსირებულ შეჯახების ადგილზე. საქმის განხილვისას მოსარჩელეს არ მოუთხოვია სადავო საკითხის განხილვა-გადაწყვეტის მიზნით განმეორებითი ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, მან დამოუკიდებლად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის დასკვნასაც სააპელაციო სასამართლო სარწმუნო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ყ-ძეს არ დაუცვია «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილი წესი იმის შესახებ, რომ მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებული იყო, ჩაერთო სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ამასთან, მანევრი უნდა ყოფილიყო უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შექმნოდათ დაბრკოლება. ასევე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ყ-ძემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. აღნიშნული კი წარმოადგენდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას. ამდენად, აჭარის საპატრულო პოლიციის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-237-ე მუხლებით დადგენილი წესით გამოკვლეულ იქნა სამართალდარღვევის ფაქტი, რის საფუძველზეც ასკ-ის 125-ე მუხლის სანქციის ფარგლებში სწორად განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ «ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ» 2008 წლის 23 ოქტომბრის საქართველოს კანონის 1.1 მუხლის თანახმად, აღნიშნული კანონის მიზანი იყო ერთჯერადი ხასიათის, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მითითებული კანონის 1.2 მუხლით განსაზღვრული იყო სამართალდარღვევები, რომლებზეც ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება არ ვრცელდებოდა. მითითებულ ჩამონათვალში არ შედიოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი. ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ გ. ყ-ძის მიმართ მიღებული საჯარიმო ქვითარი 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონის ამოქმედების დროისათვის აღსრულებული არ იყო, რის გამოც მასზე უნდა გავრცელებულიყო ზემოაღნიშნული კანონის მოქმედება (იხ.ს.ფ. 208-214).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ყ-ძემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
კასაციის მოტივი:
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ასევე სააპელაციო საჩივარი არ შეამოწმა ფაქტობრივ და სამართლებრივ ფარგლებში, რითაც უგულებელყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.1 მუხლის მოთხოვნები. ასევე არ შეისწავლა, არ გამოიკვლია და არ შეაფასა მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი და საქმეში არსებული მტკიცებულებები.
კასატორის მითითებით, საპატრულო პოლიციის მუშაკმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-237-ე მუხლების მიხედვით, არ გამოიკვლია შემთხვევის გარემოებები, არ გამოკითხა გ. ყ-ძის მხლებელი ორი მგზავრი, შემთხვევის შემსწრე ტაქსის მძღოლები. პატრულს მხოლოდ მათთან გასაუბრებით შეეძლო დაედგინა შემთხვევის გამომწვევი გარემოებები. მან გაითვალისწინა მხოლოდ გ. ა-იანის განმარტება, რომ თურმე გ. ყ-ძე მოძრაობდა სავალი ნაწილის უკიდურეს მარჯვენა მხარეს, ხოლო სხვა მოწმეებისგან ინფორმაცია არ მიუღია. მოცემულ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 17.2 მუხლის მიხედვით, ეკისრება საპატრულო პოლიციის მუშაკს, ანუ მან სწორედ კანონის იმ ნორმის მოთხოვნა არ შეასრულა, რაც სააპელაციო პალატამ საფუძვლად დაუდო თავის მოსაზრებას «საქმის სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის» თაობაზე. აღნიშნულით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი.
სააპელაციო პალატამ სწორად არ განოიყენა კანონი ისეთი მტკიცებულებების შეფასების დროს, როგორიცაა საქმეში არსებული 2 საექსპერტო დასკვნა. მეორეჯერ ჩატარებული ექსპერტიზის დროს დასმული კითხვები არის საქმისათვის უფრო არსებითი და გააჩნია კონკრეტული მიმართულება პირველად ჩატარებულ ექსპერტიზასთან შედარებით. მეორე ექსპერტიზა მიმართული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საფუძვლის, შემთხვევის სქემის ობიექტურობის დადგენისა და შექმნილ ვითარებაში მძღოლის ბრალეულობის დასადგენად, განსხვავებით პირველი ექსპერტიზისაგან. სააპელაციო პალატამ არ განმარტა, რატომ არ გაიზიარა შპს «...» ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა განყოფილების დასკვნა და რატომ არ მიიჩნია იგი სარწმუნო მტკიცებულებად.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის ის ნორმები, რომლებიც უკან მიმავალ მძღოლს ავალდებულებს, გასწრების დაწყების წინ დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გავლას, თავისუფალია გასწრებისათვის საკმაო მანძილზე და ამ მანევრით ის დაბრკოლებას არ შეუქმნის ამ ზოლზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. მოცემულ შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორის გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, ვინაიდან ყველა პრაქტიკოსმა მძღოლმა თუ რიგითმა მგზავრმა იცის, რომ უკან მიმავალი ტრანსპორტის მძღოლის პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ვიდრე წინ მიმავალისა. კანონის ნორმებიც სწორედ ამგვარად ანაწილებს პასუხისმგებლობას, რაც კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ არ გაითვალისწინა (იხ.ს.ფ. 219-225).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 28 ივლისის განჩინებით გ. ყ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. «ა» პუნქტის საფუძველზე (აბსოლუტური კასაცია).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაანალიზების და საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ. ყ-ძის საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დაურღვევია სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; სასამართლომ სწორად განმარტა კანონი; საპროცესო ნორმები არ დარღვეულა; სწორი შეფასება მიეცა საქმის მასალებს და დავა გადაწყვეტილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ე. მ-ძეს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 407.2. მუხლის საფუძველზე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, 2007 წლის 14 ივლისს, დაახლოებით, 23:15 საათზე ქ. ბათუმში, მენავთობეთა დასახლებაში, კულტურის სახლის მიმდებარედ, ცენტრალურ გზაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც ერთმანეთს შეეჯახა მოსარჩელის მართვის ქვეშ მყოფი «ფოლკსვაგენის» მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით BB... და მოპასუხე გ. ა-იანის კუთვნილი «მერსედესის» მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით .... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს სახაზო განყოფილების პატრულ-ინსპექტორის მ. წ-ძის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, მოსარჩელე გ. ყ-ძემ ჩაიდინა საქარველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლით გათვალისწინებული გადაცდომა - სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის წესების დარღვევა, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა წარმოადგენს სამართალდარღვევის შედარებით მსუბუქ ფორმას და მისი ჩადენისას გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის ადეკვატურად ნაკლებად მკაცრი ზომები. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ეს სახე არ არის დაკავშირებული ადამიანის თავისუფლების მკაცრ შეზღუდვასთან, არ იწვევს ნასამართლობასა და სხვა იმგვარად მძიმე შედეგს, რომელიც დგება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში და სასჯელის შეფარდების დროს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევები საქართველოში მოწესრიგებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენს.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის მე-11 და მე-12 მუხლებში განსაზღვრულია თუ რა ჩაითვლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განზრახ ან გაუფრთხილებლობით ჩადენად.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-6 მუხლით ადმინისტრაციულ გადაცდომად მიჩნეულია ქმედება, რომლისთვისაც კანონით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის მე-19 მუხლით განსაზღვრულია, თუ რომელი ადმინისტრაციული სახდელების სახეები შეიძლება დაეკისროთ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ საპატრულო პოლიციის სამსახურის პატრულ-ინსპექტორმა მ. წ-ძემ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-237-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვით ჩაატარა საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევა, დაამზადა ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილის ნახაზი და 239-240-ე მუხლების საფუძველზე შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მოსარჩელე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადასტურდა შესაძლებლობა, რომ შეჯახების ადგილი იყო სწორედ საქმეში წარდგენილი, პატრულ-ინსპექტორის მიერ შედგენილი სქემაში დაფიქსირებული ნახაზი (იხ.ს.ფ. 57-60).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთ-ერთ უტყუარ მტკიცებულებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით იყო შედგენილი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 აბზაცით, იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევის ჩამდენი უარს იტყვის ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში კეთდება სათანადო ჩანაწერი. სამართალდარღვევის ჩამდენს უფლება აქვს, წარმოადგინოს ოქმისათვის დასართავი ახსნა-განმარტება და შენიშვნები ოქმის შინაარსის გამო, აგრეთვე ჩამოაყალიბოს მის ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მტკიცებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ის მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და განმარტება პატრულ-ინსპექტორს მისცა გაუცნობიერებლად, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით /რაც დაადასტურა მოსარჩელე გ. ყ-ძემ/, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელემ მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ყ-ძე მძიმე მდგომარეობაში არ იმყოფებოდა და მას ავტოსაგზაო შემთხვევისას სხეულის დაზიანება არ მიუღია.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარზე დართული შპს იურიდიული კომპანია «...» ექსპერტიზის განყოფილების მიერ შედგენილ დასკვნას, რომლის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა შედგენილი იყო არამასშტაბურად, ხარვეზებითა და უზუსტობით. საქმეში წარდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2007 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შეჯახებამდე ავტომობილების სავალ ნაწილზე განლაგების თანახმად, ავტომობილებს შორის შეჯახებას შესაძლებელია ადგილი ჰქონოდა საქმეში არსებულ სქემაში დაფიქსირებულ შეჯახების ადგილზე, რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლო, რამდენადაც საქმის განხილვისას მოსარჩელეს არ უსარგებლია საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილებით და ექსპერტიზის დასკვნებს შორის წინააღმდეგობების აღმოფხვრის მიზნით არ მოუთხოვია განმეორებითი ან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება, არამედ, მან დამოუკიდებლად, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ჩაატარა ექსპერტიზა, რომლის დასკვნაც სააპელაციო სასამართლოს სარწმუნო მტკიცებულებად არ მიუჩნევია და არც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ყ-ძის მიერ დარღვეულია «საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილი წესი, რომლის თანახმად მოძრაობის დაწყების, ზოლიდან ზოლში გადასვლის, მოხვევის (მობრუნების) და გაჩერების წინ, მძღოლი ვალდებული იყო, ჩაერთო სიგნალების შესაბამისი მიმართულების შუქური მოხვევის მაჩვენებლები, ამასთან, მანევრი უნდა ყოფილიყო უსაფრთხო, რათა მოძრაობის სხვა მონაწილეებს არ შექმნოდათ დაბრკოლება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გ. ყ-ძემ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რასაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების დაზიანება. აღნიშნული კი წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125.10 მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას. შესაბამისად, აჭარის საპატრულო პოლიციის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-237-ე მუხლებით დადგენილი წესით გამოკვლეულ იქნა სამართალდარღვევის ფაქტი, რის საფუძველზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის სანქციის ფარგლებში სწორად განისაზღვრა პასუხისმგებლობის ზომა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ» 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონის 1-ლი მუხლით დადგენილია, რომ ამ კანონის მიზანია, ერთჯერადი ხასიათის დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიებების სახით იმ ფიზიკური პირების ადმინისტრაციული სახდელებისაგან გათავისუფლება, რომელთაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2007 წლის 1 დეკემბრამდე და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა. მითითებული კანონის 1.2 მუხლით განისაზღვრა სამართალდარღვევები, რომლებზეც ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება არ ვრცელდება, რომელშიც არ შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლი (გ. ყ-ძის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის კვალიფიკაცია). ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ყ-ძის მიმართ მიღებული საჯარიმო ქვითარი 2008 წლის 23 ოქტომბრის კანონის ამოქმედების დროისათვის აღსრულებული არ იყო, რის გამოც მასზე სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად გავრცელდა ზემოაღნიშნული კანონის მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონშეუსაბამობის თაობაზე, შესაბამისად, სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, არ არსებობს გ. ყ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ყ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.