Facebook Twitter
¹ბს-781-745(2კ-09)

¹ბს-781-745(2კ-09) 16 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ. გ-იანის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 4 სექტემბერს და 18 დეკემბერს გ. გ-იანმა, სასარჩელო და დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი 2003 წლის 5 მაისამდე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიული მიმართულება «...» მეთაურის მოადგილედ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მის მიმართ 1998 წლიდან წარმოექმნა სახელფასო და სხვა სახის ფულადი დავალიანებები.

მოსარჩელის განმარტებით, მან 2008 წლის 16 ივლისს ¹3-2562 განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, თუმცა 2008 წლის 18 აგვისტოს მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის 2008 წლის 1 აგვისტოს ¹8/4238 წერილი, რომლითაც უარი ეთქვა მის მოთხოვნაზე, თან ამ წერილში გამოტოვებული იყო გარკვეული თანხები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სახელფასო დავალიანების _ 8603,36 ლარის, კუთვნილი დავალიანებების დროული აუნაზღაურებლობით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, 2000 წლიდან საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის გადახდის და საადვოკატო მომსახურეობის სახით გაწეული ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურების დავალება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. გ-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელე გ. გ-იანის სასარგებლოდ დარიცხული სახელფასო დავალიანების _ 3652,40 ლარის გადახდა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა გ. გ-იანის კუთვნილი ერთჯერადი გასასვლელი დახმარების გაცემა; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელე გ. გ-იანს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-იანმა, რომელმაც გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინებით გ. გ-იანის და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა აგრეთვე გ. გ-იანმაც, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მაისის და 10 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და გ. გ-იანის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. გ-იანის საკასაციო საჩივარი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი გ. გ-იანისათვის სახელფასო დავალიანების _ 3652,40 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. გ-იანის საკასაციო საჩივარი, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი გ. გ-იანისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ნაწილში არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები _ გ. გ-იანი საკასაციო საჩივარში, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ნაწილში ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. გ. გ-იანის საკასაციო საჩივარი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასახელებულ ნაწილში არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ამ ნაწილებში, არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას. გ. გ-იანი საკასაციო საჩივარში და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამ ნაწილში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

გარდა ამისა, გ. გ-იანის საკასაციო საჩივრის, ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასახელებულ ნაწილში განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გ. გ-იანისათვის ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძველი, ვინაიდან საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების ანაზღაურების ნაწილში განსახილველად უნდა იქნეს დაშვებული და განხილულ იქნეს 2009 წლის 22 ოქტომბერს, მხარეთა დასწრების გარეშე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. გ-იანის საკასაციო საჩივარი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი გ. გ-იანისათვის სახელფასო დავალიანების _ 3652,40 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 28 აპრილის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში, რომლითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. გ-იანის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების – 3652,40 ლარის ანაზღაურება დაეკისრა;

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი ერთჯერადი (გამოსასვლელი) დახმარების გ. გ-იანისათვის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნეს დასაშვებად;

4. მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობა დაშვებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს და ამ ნაწილში საქმე განხილულ იქნეს 2009 წლის 22 ოქტომბერს, მხარეთა დასწრების გარეშე;

5. მოწინააღმდეგე მხარე გ. გ-იანს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე დაშვებულ ნაწილში წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცეს 10 დღის ვადა ამ განჩინების ჩაბარებიდან;

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.