ბს-782-746(კ-09) 26 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. დ-შვილი (მოპასუხე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 2008 წლის სექტემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ლ. დ-შვილის მიმართ და მოითხოვა კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის გადახდის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მაისის ¹1200 ბრძანებით ლ. დ-შვილი დაინიშნა საქართველოს საარტილერიო დაჯგუფების საარტილერიო ბრიგადის 152 მმ «მსტს» დივიზიონის სერჟანტად, აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა საარტილერიო დაჯგუფების სარდლის 2005 წლის 31 მარტის ¹420 შუამდგომლობა.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹2744 ბრძანებით მოპასუხე ლ. დ-შვილი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის «თ” ქვეპუნქტის (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) თანახმად; აღნიშნული ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა საარტილერიო დაჯგუფების სარდლის 2005 წლის 3 ოქტომბრის ¹1161 შუამდგომლობა (ს.ფ. 26).
საქმეში წარმოდგენილი იქნა 06670 სამხედრო ნაწილის მუდმივმოქმედი სამანდატო კომისიის სხდომის 2006 წლის 28 მარტის ¹397 ოქმი, რომლითაც ირკვევა, რომ ლ. დ-შვილის მიერ ჩადენილი საქციელი ითვალისწინებს შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის პირობების დარღვევით დათხოვნას. ლ. დ-შვილი გაფრთხილებული იქნა მობილური სატელეფონო საშუალების მეშვეობით, სამხედრო ნაწილში გამოცხადების შემდეგ ითხოვა კონტრაქტის შეწყვეტა სხვა სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებით. იქვე მითითებულია, რომ მას განემარტა, რომ დათხოვნილი იქნებოდა შეიარაღებული ძალების რიგებიდან კონტრაქტის დარღვევით.
სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჯ-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტში ვერ მოიძებნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. დ-შვილს შორის 2005 წელს გაფორმებული ხელშეკრულება.
პირველი ინსატანციის სასამართლომ გამოიყენა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის «ზ” პუნქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ ლ. დ-შვილს სადავოდ არ გაუხდია არც თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მაისის ¹1200 ბრძანება კონტრაქტის პირობებით შეიარაღებულ ძალებში ჩარიცხვა და არც 2005 წლის 19 ოქტომბრის ¹2744 ბრძანება კონტრაქტის პირობების დარღვევისათვის დათხოვნასთან დაკავშირებით. კასატორი ყურადღებას ამახვილებს ლ. დ-შვილის მიერ 2005 წლის სექტემბერში ¹06670 სამხედრო ნაწილის მეთაური სახელზე დაწერილ პატაკზე, რომელშიც იგი ითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტას სამინისტროსთან; თავდაცვის მინისტრის სახელზე 2008 წლის 24 სექტემბრის პატაკით კი, რომელშიც მოპასუხე აღიარებს კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტს და თანახმაა ყოველთვიურად ხელფასიდან დაფაროს სასარჩელო განცხადებით მოთხოვნილი თანხები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ მოსარჩელის სამსახურში დანიშვნისა და გათავისუფლების ბრძანებები, მის მიერ დაწერილი სამსახურებრივი პატაკი, სამანდატო კომისიის სხდომის ოქმი არ ადასტურებს მხარეთა შორის იმ სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას, რომლის მიხედვითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობის სახეები ზიანის ანაზღაურების, პირგასამტეხლოს და ჯარიმის სახით; საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ასევე სწორად მიიჩნია დადასტურებულად ის გარემოება, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ლ. დ-შვილმა ერთმანეთის მიმართ იკისრეს მხოლოდ ის ვალდებულებები, რაც გათვალისწინებულია «სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ» და «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონებით. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 69-ე მუხლის თანახმად კი თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი; ამ ნორმაში აღნიშნულია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საკასაციო სასამართლო ყურადრებას ამახვილებს იმ გარემოებებზე, რომ ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. დ-შვილს შორის ადმინისტრაციული სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტი შეიძლება დადასტურებული იქნეს მხოლოდ და მხოლოდ მხარეთა შორის წერილობითი ფორმით დადებული კონტრაქტის საფუძველზე და არა სხვა მტკიცებულებების მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.