Facebook Twitter
ბს-790-754(კ-09) 7 სექტემბერი, 2009 წელი

ბს-790-754(კ-09) 7 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჯ. ბ-ოვის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 20 მაისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-790-754(კ-09) ჯ. ბ-ოვის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 25 მარტის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განჩინებით ჯ. ბ-ოვის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან კასატორს საკასაციო საჩივარზე არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სსსკ-ის 39.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ღირებულების 5 %-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. გარდა აღნიშნულისა, საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 396.1 მუხლის «თ» ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე არსებული ხელმოწერიდან არ დგინდებოდა ხელმომწერი პირის ვინაობა. ასევე საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 368.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობდა საქმეში. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად, კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 402-403).

2009 წლის 16 ივნისს საკასაციო სასამართლოს მომართა ჯ. ბ-ოვმა, წარმოადგინა საკასაციო საჩივრის სათანადო ოდენობის ასლები და მოითხოვა ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით (იხ. ს.ფ. 417-418).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 23 ივნისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 10 დღით (იხ. ს.ფ. 419-421).

2009 წლის 16 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ჯ. ბ-ოვმა და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელება იმ მოტივით, რომ ვერ შესძლო ხარვეზის შევსება (იხ. ს.ფ. 435).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადა 5 დღით (იხ. ს.ფ. 436-439).

2009 წლის 29 ივლისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა ჯ. ბ-ოვმა და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ს.ფ. 451-453).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის შედეგად, მიიჩნევს, რომ ჯ. ბ-ოვის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 29 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაუგრძელდა კასატორს 2009 წლის 23 ივნისისა და 17 ივლისის განჩინებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნა ჯ. ბ-ოვს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებების თანახმად, ჯ. ბ-ოვს განჩინება ჩაჰბარდა 2009 წლის 23 ივლისს (იხ. ს.ფ. 448), შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ივლისის განჩინებით გაგრძელებული 5-დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2009 წლის 28 ივლისს, კასატორმა კი ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს მომართა 2009 წლის 29 ივლისს, 5-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით. ამასთან, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნა 2009 წლის 29 ივლისს, რასაც თავად კასატორიც ადასტურებს წარმოდგენილ განცხადებაში (იხ. ს.ფ. 451-453).

ცდომილების თავიდან აცილების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ შპს «...» გამოთხოვნილ იქნა ინფორმაცია ჩაბარების ფაქტის დასადასტურებლად. შპს «...» ექსპლუატაციის დირექტორის 2009 წლის 10 აგვისტოს მომართვით დადასტურებულ იქნა ჯ. ბ-ოვისათვის საკასაციო სასამართლოს განჩინების ასლის 2009 წლის 23 ივლისს ჩაბარების ფაქტი (იხ. ს.ფ. 454-455).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ბ-ოვის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ამასთან, კასატორს სსსკ-ის 185.1 მუხლის შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ბ-ოვის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. კასატორს – ჯ. ბ-ოვს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი სრულად შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900; საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150; სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.