Facebook Twitter

ბს-791-755(კ-09) 8 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი (მოპასუხე), ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო (მოპასუხე), ნ. ნ-ია (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ც-ელი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თანამდებობაზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 30 აპრილს მ. ც-ელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიმართ.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2008 წლის 1 აპრილს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, მოიწვია სამეცნიერო საბჭოს სხდომა, რომელზედაც მოულოდნელად დააყენა მოსარჩელის, როგორც ... ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი. მოსარჩელის მითითებით, კენჭისყრის შედეგად 6 ხმით 3-ის წინააღმდეგ იგი გაათავისუფლეს ... თანამდებობიდან ისე, რომ ოფიციალური ბრალდება მისთვის არ წაუყენებიათ, ძირითად მიზეზად მოყვანილ იქნა მისი ნაკლებად ზრდილობიანი დამოკიდებულება საბჭოს წევრების მიმართ.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ სამეცნიერო საბჭოს ეს გადაწყვეტილება სრულიად უკანონო იყო, რადგან ინსტიტუტის წესდების მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ,,დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში: ა) პირადი სურვილით; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებლი განაჩენის ძალაში შესვლისას; გ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას; დ) გარდაცვალებისას; ე) 65 წლის ასაკის მიღწევისას”, ხოლო ამავე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით ,,... უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სამეცნიერო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით”, რაც მოსარჩელის განმარტებითYმხოლოდ გამოხატავდა პროცედურას, ხოლო მის შემთხვევაში არ არსებობდა მე-4 პუნქტით გათვალისწინებული არც ერთი პირობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების, ინსტიტუტის 2008 წლის 1 აპრილის ¹09-პ ბრძანების ბათილობა, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ... თანამდებობაზე აღდგენა და სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურება მოითხოვა.

2008 წლის 24 ივნისის სასამართლო სხდომაზე, მ. ც-ელის შუამდგომლობით, საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი.

სასამართლოში საქმის განხილვისას, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის 2008 წლის 1 აპრილის ¹09-პ ბრძანების ბათილად ცნობის, ... აღდგენისა და სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურებასთან ერთად ასევე ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2008 წლის 1 აპრილის ¹04 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 1 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართულ იქნა ნ. ნ-ია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმე მ. ც-ელის სარჩელისა გამო, მოპასუხე ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მიმართ, მესამე პირი ნ. ნ-ია, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2008 წლის 1 აპრილის ¹04 სხდომის ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში შეწყდა წარმოებით დაუშვებლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე მ. ც-ელის სასარჩელო განცხადება საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის 2008 წლის 1 აპრილის ¹09-პ ბათილად ცნობის, ... თანამდებობაზე აღდგენისა და სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ც-ელმა და აღნიშნული განჩინების გაუქმება და ამ ნაწილში სარჩელის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ც-ელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ც-ელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის 2008 წლის 1 აპრილის ¹09-პ ბრძანება მ. ც-ელის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ და დაევალა ინსტიტუტს საქმეზე გამოკვლეულ და დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაფუძნებით შესაბამისი ნორმატიული საფუძვლის მითითებით გამოეცა ახალი აქტი; სარჩელი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მ. ც-ელისათვის იძულებითი განაცდურის, გათავისუფლების დღიდან ახალი აქტის გამოცემამდე ანაზღაურება დაევალათ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ფიზიოლოგიის ინსტიტუტის 2008 წლის 1 აპრილის ¹09-პ გასაჩივრებული ბრძანება ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევით იგი არ იყო ნორმატიულად ჯეროვნად დასაბუთებული, კერძოდ, როგორც ბრძანებაში, ისე სამეცნიერო საბჭოს საოქმო გადაწყვეტილებაში არ იყო დასახელებული ინსტიტუტის წესდებით ან სხვა ნორმატიული აქტით გათვალისწინებული მ. ც-ელის თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა საკასაციო წესით გაასაჩივრეს ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტმა, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და ნ. ნ-იამ, რომლებმაც გასაჩივრებული ნაწილის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

კასატორებმა აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება დააფუძნა არასწორ გარემოებებზე, საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგებზე და არასწორი გადაწყვეტილების მიღებას შეუწყო ხელი. სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის წესდების მე-4 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, ინსტიტუტის ... უფლებამოსილების შეწყვეტის იურიდიული უფლებამოსილება ჰქონდა მხოლოდ სამეცნიერო საბჭოს, რასაც კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოჰყვებოდა თავისი იურიდიული შედეგი. კასატორებმა აგრეთვე განმარტეს, რომ მ. ც-ელის _ სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ... გათავისუფლება მოხდა არა 2008 წლის 1 აპრილის ¹09-პ ბრძანებით, არამედ სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2008 წლის 1 აპრილის ¹04/08 ოქმის ¹1 გადაწყვეტილებით.

კასატორებმა მიუთითეს, რომ ვიდრე არ იქნებოდა განხილული სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2008 წლის 1 აპრილის ¹04/08 ოქმის ¹1 გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი, შეუძლებელი იყო გათავისუფლების და მისგან გამომდინარე შედეგების კანონიერების განხილვა, ¹09-პ ბრძანების ბათილად ცნობა არ წარმოადგენდა განაცდური ხელფასის ანაზღაურების საფუძველს, რადგან მას მ. ც-ელის სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტა _ იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ნ. ნ-იას საკასაციო საჩივარი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინებით ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ნ. ნ-იას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო საჩივარზე წერილობითი პასუხის გასაცემად მიეცა 10 დღის ვადა 2009 წლის 10 სექტემბრის განჩინების ჩაბარებიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ნ. ნ-იას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მ. ც-ელი იყო ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის .... ამავე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2008 წლის 1 აპრილის სხდომის ოქმი ¹04/08-ის, ¹1 გადაწყვეტილებით იგი გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ამ ოქმის საფუძველზე გამოცემულ იქნა ბრძანება ¹09-პ (ტ. 1, ს.ფ. 13), სადაც მითითებულია, რომ ... მ. ც-ელი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2008 წლის 1 აპრილიდან. ივანე ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის 2009 წლის 17 აპრილის ბრძანება ¹06-პ-ით (ტ. 2, ს.ფ. 55) ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 1 აპრილის ბრძანება ¹09-პ.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება კასატორს, როდესაც იგი მიუთითებს, რომ ვიდრე არ იქნება განხილული სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2008 წლის 1 აპრილის ¹04/08 ოქმის ¹1 გადაწყვეტილების კანონიერება, მანამდე შეუძლებელია გათავისუფლების კანონიერების და მისგან გამომდინარე შედეგების შესახებ მსჯელობა.

საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება კასატორებს, როდესაც ისინი მიუთითებენ, რომ 2008 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინებით შეწყდა წარმოება დაუშვებლობის გამო, მაგრამ აღნიშნულ განჩინებაზე მ. ც-ელის მიერ შეტანილ იქნა კერძო საჩივარი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ პალატის 2008 წლის 26 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 14 ივლისის საოქმო განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. შესაბამისად საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსიპ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2008 წლის 1 აპრილის ¹04/08 ოქმთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე შეუძლებელია დანარჩენ ნაწილებზე მსჯელობა.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) პუნქტზე, რომლის მიხედვითაც საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2008 წლის 1 აპრილის ოქმის კანონიერების განხილვა არ მომხდარა, წარმოადგენს ასეთ შემთხვევას და გადაწყვეტილების მიღება აღნიშნულ ოქმზე მსჯელობის გარეშე შეუძლებელია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოსა და ნ. ნ-იას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.