ბს-797-761(კ-09) 26 ნოემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ენერგეტიკის სამინიტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-ძე, ზ. ნ-ძე და სხვები (მოსარჩელეები)
დავის საგანი – თანხის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. გ-ძის, ზ. ნ-ძის, ა. გ-იას და სხვათა წარმომადგენელმა თ. კ-შვილმა 2008 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინიტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს ენერგეტიკის სამინიტროსათვის მოსარჩელეთა მიმართ არსებული დავალიანების 21 199,84 ლარის და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, კერძოდ, გ. გ-ძე -1161,06 ლარი; ზ. ნ-ძე 1452 ლარი; ა. გ-ია- 1454 ლარი; რ. ო-ია - 1356 ლარი; პ. დ-ძე-262 ლარი; ნ. ბ-ავა 333,96 ლარი; ვ. ფ-შვილი _ 1161,06; დ. ღ-ძე – 726 ლარი; თ. ტ-ძე – 348,48; ა. ო-შვილი – 1132,04 ლარი; ნ. გ-შვილი – 380,96; ზ. ჩ-ელი _ 333,96 ლარი; პ. ე-უა _ 1155 ლარი; ნ. მ-ძე _ 1636 ლარი; მ. ხ-შვილი _ 306,08 ლარი; გ. მ-ძე _ 540,52 ლარი; თ. მ-შვილი - 348,48 ლარი; ნ. ნ-შვილი - 327,36 ლარი; თ. ჩ-ძე - 726 ლარი; მ. დ-ძე - 464 ლარი; გ. გ-ძე – 407,52 ლარი; გ. გ-ძე - 2110 ლარი; მ. ჯ-ძე – 260 ლარი; მ. დ-შვილი – 377,52 ლარი; გ. ა-შვილი – 228, 80 ლარი; დ. ბ-ელი – 228,80 ლარი; შ. მ-ური – 1016, 04 ლარი; თ. ს-ძე – 228,80 ლარი; მ. ნ-ძე – 333,96 ლარი; გ. ქ-ძე _ 323,84 ლარი; ტ. ღ-შვილი _ 371,08 ლარი; ა. ბ-ძე - 1486 ლარი; ზ. კ-ძე – 333, 96 ლარი; ნ. წ-ელი -333,96 ლარი; ნ. გ-ძე - 336,08 ლარი; მ. ღ-ძე _ 337,92 ლარი; მ. გ-ძე _ 1161,06 ლარი; თ. ჩ-ძე – 398,52 ლარი; თ. ხ-ძე - 3194,04 ლარი; თ. გ-შვილის მემკვიდრე – მ. კ-ძე – 348,48 ლარი; რაც შეეხება სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურებას 2000 ლარის ოდენობით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინიტრომ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის სამინიტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლით, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი მივლინების თანხების ანაზღაურების თაობაზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. გ-იას სარჩელი 24 ლარის, რ. ო-იას სარჩელი 195 ლარის, პ. დ-ძის სარჩელი 262 ლარის, ა. ო-შვილის სარჩელი 116 ლარის, ნ. გ-შვილის სარჩელი 47 ლარის, ნ. მ-ძის სარჩელი 184 ლარის, მ. ხ-შვილის სარჩელი 78 ლარის, გ. მ-ძის სარჩელი 163 ლარის, მ. დ-ძის სარჩელი 204 ლარის, გ. გ-ძის სარჩელი 30 ლარის, გ. გ-ძის სარჩელი 955 ლარის, ა. ბ-ძის სარჩელი 34 ლარის, თ. ჩ-ძის სარჩელი 21 ლარის ოდენობის მივლინების თანხების ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დატოვებული იქნა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები მუშაობდნენ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის სისტემაში, საიდანაც განთავისუფლებულნი იქნენ 2005 წლის 3 მაისიდან დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო; მ. ხ-შვილი, მ. დ-ძე, მ. ჯ-ძე, გ. ა-შვილი და თ. ს-ძე კი, უფრო ადრე, რეორგანიზაციის საფუძველზე; სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი გაანგარიშებების თანახმად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა ნაწილს მისაღები ჰქონდა სამივლინებო თანხები, კერძოდ: ა. გ-იას - 24 ლარი, რ. ო-იას - 195 ლარი, პ. დ-ძეს - 262 ლარი, ა. ო-შვილს - 116 ლარი, ნ. გ-შვილს - 47 ლარი, ნ. მ-ძეს - 184 ლარი, მ. ხ-შვილს - 78 ლარი, გ. მ-ძეს - 163 ლარი, მ. დ-ძეს - 204 ლარი, გ. გ-ძეს - 30 ლარი, გ. გ-ძეს - 955 ლარი, ა. ბ-ძეს - 34 ლარი, მ. გ-ძეს - 21 ლარი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამივლინებო თანხების ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა მოსარჩელეებს დაეწყოთ სხვადასხვა დროს, მაგრამ არა უგვიანეს 2005 წლის 3 მაისისა; მოსარჩელეებმა კი თანხების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს სარჩელით მიმართეს 2008 წლის 6 აგვისტოს, ხოლო მათმა წარმომადგენელმა აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე მოპასუხე ენერგეტიკის სამინისტროს განცხადება წარუდგინა მხოლოდ 2008 წლის 12 ივნისს; სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სამივლინებო თანხა, ისევე როგორც ხელფასის თანხა, წარმოადგენს პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან მოსამსახურის მივლინებაში გაშვება და შესაბამისი სამივლინებო თანხის მისთვის ანაზღაურება დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სამივლინებო თანხა ხელფასისაგან განსხვავებით, არ ექცევა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილი; ამ ნორმის თანახმად სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელეთათვის სამივლინებო თანხების ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობის დროიდან აღნიშნული თანხების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის წარდგენამდე, გასულია ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის საფუძველზე კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოსარჩელეები ითხოვენ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ კომპენსაციას ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით, 37-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წელთა ნამსახურობის დანამატს, 108-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პროცედურის დაუცველობის გამო გათვალისწინებული ერთი თვის ხელფასს; სასამართლომ მიუთითა «ენერგეტიკის შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე» საქართველოს 2005 წლის 22 მარტის კანონზე, რომლითაც ლიკვიდირებული იქნა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი. იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეები: გ. გ-ძე, ზ. ნ-ძე, ა. გ-ია, რ. ო-ია, პ. დ-ძე, ნ. ბ-ავა, ვ. ფ-შვილი, დ. ღ-ძე, თ. ტ-ძე, ა. ო-შვილი, ნ. გ-შვილი, ზ. ჩ-ელი, პ. ე-უა, ნ. მ-ძე, გ. მ-ძე, თ. მ-შვილი, ნ. ნ-შვილი, თ. ჩ-ძე, გ. გ-ძე, გ. გ-ძე, მ. დ-შვილი, გ. ა-შვილი, დ. ბ-ელი, შ. მ-ური, მ. ნ-ძე, გ. ქ-ძე, ტ. ღ-შვილი, ა. ბ-ძე, ზ. კ-ძე, ნ. წ-ელი, ნ. გ-ძე, მ. ღ-ძე, მ. გ-ძე, თ. ჩ-ძე, თ. ხ-ძე, თ. გ-შვილი (რომლის უფლებამონაცვლესაც მ. კ-ძე წარმოადგენს), ლიკვიდაციის გამო 2005 წლის 3 მაისიდან, ხოლო დანარჩენი მოსარჩელეები მ. ხ-შვილი, მ. დ-ძე, მ. ჯ-ძე, გ. ა-შვილი, თ. ს-ძე, ლიკვიდაციამდე ადრე 11 აპრილიდან, რეორგანიზაციის გამო განთავისუფლდნენ, მხარეები სადავოდ არ ხდიან.
სააპელაციო პალატამ მოპასუხისათვის ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობის კომპენსაციის მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში სარჩელის საფუძვლიანობასთან დაკავშირებით მიუთითა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის საფუძველზე აღნიშნული ნორმის მოქმედება შეჩერებული იქნა 2006 წლის 01 იანვრამდე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებით კი 2004 წლის 29 დეკემბრის მითითებული კანონი იმ ნაწილში, რომლითაც შეჩერებული იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის, ასევე 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება, ცნობილი იქნა არაკონსტიტუციურად. ამავე გადაწყვეტილებით აღნიშნული კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის და 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედების შეჩერების ნაწილში, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან, ანუ, 2005 წლის 23 მარტიდან. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის თანახმად კი, საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა ამავე თარიღიდან (2005 წლის 23 მარტიდან). საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ამავე გადაწყვეტილების პირველი და მეორე პუნქტების აღსრულებისათვის განისაზღვრა ვადა, არა უგვიანეს 2006 წლის 1 იანვრისა. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2005 წლის 23 დეკემბრის კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა ისეთივე რედაქციით, როგორადაც იგი მისი მოქმედების შეჩერების პერიოდში არსებობდა და ძალაში შევიდა 2006 წლის 1 იანვრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედების შეჩერება შეწყდა რა 2005 წლის 23 მარტიდან და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მიღებული კანონით აღნიშნული ნორმა არ შეცვლილა და ანალოგიური რედაქციით განაგრძო არსებობა, ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ იგი მოცემულ შემთხვევაზე უნდა იქნეს გამოყენებული, ვინაიდან მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეები წარმოადგენდნენ საჯარო მოხელეებს. ამასთან, აღნიშნული ნორმა სასამართლომ მიიჩნია 2005 წლის 23 მარტიდან, ანუ მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლების დროისათვის მოქმედ ნორმად; სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 109-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ორი თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას ითხოვს ყველა მოსარჩელე (პ. დ-ძის გარდა) და იმის საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ მოსარჩელეთა სამსახურიდან განთავისუფლება სწორედ 2005 წლის 23 მარტის შემდეგ მოხდა, აპელანტის მიერ წარმოდგენილი არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის მოქმედებაც ასევე შეჩერებული იყო საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადებული კანონით, ჩამოყალიბებული იყო შემდეგი რედაქციით: მოსამსახურეს ეძლევა დანამატი ნამსახურევი წლებისათვის თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 5 წლამდე – 10 პროცენტი; ბ) 5-დან 10 წლამდე – 20 პროცენტი; გ) 10-დან 15 წლამდე – 25 პროცენტი; დ) 15 წელი და მეტი – 30 პროცენტი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღნიშნული ნორმის მოქმედების შეჩერება გაუქმდა. ამასთან, წელთა ნამსახურეობის დანამატი მოთხოვნილია იმ მოსარჩელეების მიერ, რომლებიც დაპარტამენტის ლიკვიდაციის გამო 2005 წლის 3 მაისიდან არიან დათხოვნილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ წელთა ნამსახურევისათვის დანამატის დაკისრების ნაწილშიც სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108.1 მუხლის განმარტების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, მოსარჩელეები ოფიციალურად გაეფრთხილებია, ზეპირი ფორმით მაინც, დაწესებულების ლიკვიდაციის გამო განთავისუფლების თაობაზე, განთავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, რაც, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება შეიცვალოს «ენერგეტიკის შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე» კანონის მე-2 პუნქტით, რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალა ამ კანონის ამოქმედებიდან ერთ თვეში ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის ლიკვიდაცია და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 22 აპრილის ¹76 დადგენილების პირველი პუნქტი აღნიშნული დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ დაარღვია «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108.1-ე მუხლის მოთხოვნა, რის გამოც, ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისათვის; სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს ეკუთვნით კომპენსაცია ერთი თვისათვის, ანუ, თანხა ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე, 109-ე და 37.2-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნებისათვის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაწყებული უნდა იქნას განთავისუფლების ბრძანების ჩაბარებიდან. ის გარემოება კი, რომ მოსარჩელეებს, განთავისუფლების შესახებ ბრძანებები 2005 წლის 12 ივნისამდე ჩაბარდათ, საქმის მასალებით არ დასტურდება.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ენერგეტიკის სამინიტრომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მოსაზრებით, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტი და 109-ე მუხლის პირველი პუნქტი 2005 წლის პირველი იანვრიდან 2006 წლის პირველ იანვრამდე არ მოქმედებდა, იგი ძალაში შევიდა მხოლოდ 2006 წლის პირველი იანვრიდან; ამიტომ კასატორი თვლის, რომ ამ ნორმების მოქმედება არ უნდა გავრცელდეს 2005 წლის მაისში ლიკვიდირებული დაწესებულებების მოხელეების მიმართ. კასატორი მიუთითებს «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად საქართველოს საკანონმდებლო აქტი ძალაში შედის მისი ოფიციალურ ორგანოში გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, თუ თვითონ საკანონმდებლო აქტით სხვა ვადა არ იქნა მითითებული. კასატორი აღნიშნავს, რომ კანონი, რომლითაც მოხდა აღნიშნული პუნქტის ძალაში შესვლა 2006 წლის პირველი იანვრიდან, არ ითვალისწინებს მისი მოქმედების გავრცელებას 2005 წლის პერიოდში გათვალისწინებული მოხელეების მიმართ.
კასატორი თვლის, სასამართლომ არასწორად განმარტა «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლი, რადგან ეს ნორმა მუშაკის გაფრთხილების რაიმე განსაკუთრებულ წესს (წერილობით შეტყობინებას) არ ითვალისწინებს. მოხელეები დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმირებულები იყვნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტმა 2005 წლის 22 მარტს მიიღო კანონი ¹1123 «ენერგეტიკის შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე», რომელშიც ცალსახად იქნა მითითებული დეპარტამენტის ლიკვიდაციის შესახებ.
კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელეების მხრიდან დარღვეულია «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რაც მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი თქმის საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონზე, რომელიც მიღებულ იქნა 1997 წლის 31 ოქტომბერს; მოცემული კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თავდაპირველი რედაქციის თანახმად შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) გარდა, მოსამსახურეს ეძლეოდა დანამატი ნამსახურევი წლებისათვის, თანამდებობრივი სარგოს შემდეგი ოდენობით: ა) 5 წლამდე _ 10 პროცენტი; ბ) 5-დან 10 წლამდე _ 20 პროცენტი; გ) 10-დან 15 წლამდე _ 25 პროცენტი; დ) 15 წელი და მეტი _ 30 პროცენტი. ამ კანონის 137-ე მუხლის (იმავე რედაქცია _ კანონის ამოქმედება) თანახმად, ეს კანონი ამოქმედდა 1997 წლის 1 დეკემბრიდან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის კანონით ამ კანონის 137-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი: ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 1999 წლის 1 იანვრიდან. «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ» საქართველოს 1999 წლის 19 მარტის კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2-3 პუნქტები ამოქმედდეს 2000 წლის 1 იანვრიდან». «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონით «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტში რიცხვი _ 2000 _ შეიცვალა რიცხვით _ 2001. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2002 წლის 15 თებერვლის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ამ კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2003 წლის 1 იანვრამდე». «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2003 წლის 29 იანვრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ამ კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2004 წლის 1 იანვრამდე». «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2003 წლის 31 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ამ კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: «ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2005 წლის 1 იანვრამდე». «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2006 წლის 1 იანვრამდე. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონი ამოქმედდა 2005 წლის 1 იანვრიდან. «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ამ კანონის 37-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, კერძოდ, შეიცვალა ამ მუხლის მე-2 პუნქტის მანამდე არსებული რედაქცია _ აღნიშნული პუნქტიდან საერთოდ იქნა ამოღებული ნამსახურევი წლებისათვის დანამატის განსაზღვრა თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული პროცენტული ოდენობების მიხედვით და ხსენებული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სახელმწიფო დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს, მოხელეს, ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვის გათვალისწინებით, ყოველწლიურად შრომის ანაზღაურების ფონდში წარმოქმნილი ეკონომიის ფარგლებში, დადგენილი წესით, საფინანსო წლის განმავლობაში დაუწესოს სხვა დანამატები «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე» საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი ამოქმედდა 2006 წლის 1 იანვრიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის ამოქმედებიდან ამ კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედება არაერთხელ გადაიდო და შეჩერდა მისი მოქმედება, ხოლო 2005 წლის 23 დეკემბერს მოხდა მისი არსებითი რედაქციული ტრანსფორმირება და 2006 წლის 1 იანვრიდან იგი ჩამოყალიბდა სხვა რედაქციით, ანუ 2006 წლის 1 იანვრიდან ხსენებული პუნქტი შეიცავს სრულიად ახალ ნორმას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილებაზე (ტომი I, ს.ფ.21-27), რომლის პირველი პუნქტითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტსა და 32-ე მუხლთან მიმართებით, «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ამავე კანონის 47-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით); იმავე გადაწყვეტილების მეორე პუნქტის თანახმად კი «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» 2004 წლის 29 დეკემბრის კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, ამავე კანონის 137-ე მუხლის მე-2 პუნქტი (ამ პუნქტის ჩამონათვალიდან ამავე კანონის 47-ე მუხლის, 71-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და 109-ე მუხლის მე-3 პუნქტის გამორიცხვით) იურიდიულად ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან; ეს გადაწყვეტილება ძალაში იყო საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე მისი საჯაროდ გამოცხადების მომენტიდან; გადაწყვეტილება საბოლოო იყო და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარებოდა; გადაწყვეტილება «საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში» უნდა გამოქვეყნებულიყო 7 დღის ვადაში. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2005 წლის 23 მარტის ¹1/3/301 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში კი აღნიშნულია, რომ «საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ» ორგანული კანონის 25-ე მუხლის მესამე პუნქტის გათვალისწინებით, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის I და II პუნქტები აღსრულდეს არაუგვიანეს 2006 წლის 1 იანვრისა.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მოსარჩელეები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტიდან განთავისუფლებულნი იქნენ 2005 წლის 3 მაისიდან დეპარტამენტის ლიკვიდაციის გამო, მ. ხ-შვილი, მ. დ-ძე, მ. ჯ-ძე, გ. ა-შვილი და თ. ს-ძე კი, უფრო ადრე, რეორგანიზაციის საფუძველზე; სასამართლოს კი სარჩელით მიმართეს 2008 წლის აგვისტოში და მოითხოვეს მოპასუხისათვის ორი თვის თანამდებობრივი სარგოს და წელთა ნამსახურების დანამატის ანაზღაურების დაკისრება. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის ზემოხსენებული ნორმები სულ სხვა რედაქციითაა ჩამოყალიბებული. ასეთ პირობებში სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია, მოსარჩელეებმა მოახდინეს თუ არა თავიანთი უფლების რეალიზაცია და მოითხოვეს თუ არა ადმინისტრაციული ორგანოსაგან წელთა ნამსახურობის დანამატის და თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის ანაზღაურება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციის პერიოდში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წელთა ნამსახურობის დანამატის და თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ გ. გ-ძის, ზ. ნ-ძის; ა. გ-იას; რ. ო-იას; ნ. ბ-ავას; ვ. ფ-შვილის; თ. ტ-ძის; ა. ო-შვილის; ნ. გ-შვილის; ზ. ჩ-ელის; მ. კ-ძის (თ. გ-შვილის უფლებამონაცვლე); პ. ე-უას; ნ. მ-ძის; გ. მ-ძის; თ. მ-შვილის; ნ. ნ-შვილის; თ. ჩ-ძის; გ. გ-ძის; გ. გ-ძის; მ. დ-შვილის; შ. მ-ურის; მ. ნ-ძის; გ. ქ-ძის; ტ. ღ-შვილის; ა. ბ-ძის; ზ. კ-ძის; ნ. წ-ელის; ნ. გ-ძის; მ. ღ-ძის; მ. გ-ძის; თ. ჩ-ძის; თ. ხ-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა იმსჯელოს მათი მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.
ამასთან, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხის მიერ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 108-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დარღვევასთან დაკავშირებით, რომლის საფუძველზე ჩათვალა, რომ მოსარჩელეები, რომლებიც დათხოვნილი იქნენ სამსახურიდან დაწესებულების ლიკვიდაციის გამო, მოპასუხეს პერსონალურად არ გაუფრთხილებია დაწესებულების ლიკვიდაციის გამო მოსალოდნელი განთავისუფლების შესახებ, რის გამოც გამოიყენა ამავე მუხლის მეორე პუნქტი, რომ ამ კანონის 109-ე მუხლით გათვალისწინებული კომპენსაციის გარდა მოხელეს ეძლევა ხელფასი ყოველი გადაცილებული დღისათვის; სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ მოსარჩელეებს ეკუთვნით კომპენსაცია ერთი თვისათვის, ანუ, თანხა ერთი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით ყურადღებას ამახვილებს 2005 წლის 22 მარტის ¹1123 კანონზე «ენერგეტიკის შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე», რომლითაც ლიკვიდირებულად გამოცხადდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტი, ამიტომ საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამართლის ნორმის ცოდნის პრეზუმფციიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ უნდა შეისწავლოს და შეფასება მისცეს მოცემულ სადავო საკითხთან მიმართებაში საქმის ფაქტობრივ გარემოებებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინიტროს საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.