ბს-798-762 (კ-09) 08 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
განიხილა თ. პ-ძის 02.07.09წ. განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.09წ. გადაწყვეტილებაზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ.
სასამართლომ გამოარკვია:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.09წ. გადაწყვეტილებით თ. პ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 17.10.2008 წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ თ. პ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, დაევალა მოპასუხე _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ _ სოციალური მომსახურების სააგენტოს თ. პ-ძის საპენსიო უზრუნველყოფის საკითხის განხორციელება და დაუნიშნოს წელთა ნამსახურობის პენსია სამსახურიდან მისი დათხოვნის დროისათვის (05.10.2005 წ.) მოქმედი «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, სარჩელის სასამართლოში შეტანის მომენტიდან (23.12.2005 წ.).
აღნიშნული გადაწყვეტილების მესამე პუნქტი 11.05.09წ. საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. პ-ძემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 28.05.09წ. განჩინებით, სასკ-ის 34.3 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული თ. პ-ძის საკასაციო საჩივარი.
თ. პ-ძემ 02.07.09წ. განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე. განცხადების ავტორმა მიუთითა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტომ ფაქტიურად აღასრულა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, კერძოდ პენსია დაუნიშნა წელთა ნამსახურობის მიხედვით, რაც სავსებით აკმაყოფილებს მის მოთხოვნას. კასატორი ითხოვს მის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტას და თბილისის სააპელაციოს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კასატორის განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
მოცემულ შემთხვევაში კასატორმა თ. პ-ძემ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევს, რომ თ. პ-ძის საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. პ-ძის განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. თ. პ-ძის საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო;
3. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.01.09წ. გადაწყვეტილება;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.