Facebook Twitter

¹ბს-804-773(2კ-08) 21 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორები – 1) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების

სამსახურის რუსთავის რეგიონალური

ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოსარჩელე)

2) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების

სამსახურის თბილისის რეგიონალური

ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ,,ქ... ც...”

დავის საგანი – მიწის გადასახადის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გარდაბნის რაიონის საგადასახადო ინსპექციამ 2002 წლის 28 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,ქ.... ც....” მიმართ და მოითხოვა ვადაგადაცილებული დავალიანების ანაზღაურება.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით გარდაბნის რაიონული ზონალური საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე _ შპს “ქ.... ც....” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 606 ლარის გადახდა; გარდაბნის რაიონული ზონალური საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გარდაბნის გამგეობასა და შპს “ქართულ ცხენს” შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 49 წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულებით შპს “ქ... ც...” გადაეცა 202,55 ჰა მიწის ნაკვეთი; მოპასუხე _ შპს “ქ.... ც...” 2002 წლის 6 თებერვლის შედარების აქტის მიხედვით ერიცხებოდა 34579 ლარი, აქედან ძირითადი თანხა _ 21421 ლარი, ხოლო საურავი _ 13158 ლარი. შპს “ქ... ც...” 1997 წელს გადაიხადა 4441 ლარი საიჯარო ქირის სახით, 1998 წელს _ 2900 ლარი, 1999 წელს _ 3980 ლარი, 2000 წელს _ 7926 ლარი, 2002 წელს _ 300 ლარი, ასევე 2002 წლის აპრილსა და ოქტომბერში 2001 წლის თანხის ასანაზღაურებლად მოპასუხეს ჩარიცხული ჰქონდა 6000 ლარი; მოპასუხის განმარტებით, მას 1999 წელს გაუნადგურდა ნათესების 70%, რაც თანხით შეადგენდა 5351 ლარს, აღნიშნულს ადასტურებდა გარდაბნის რაიონის სოფლის მეურნეობის და სურსათის სამმართველოს უფროსის მიერ შედგენილი აქტი. 1998-2002 წლის აქტის სისწორეს ადასტურებდა 9 თანამდებობის პირი. მოპასუხემ წარადგინა ანალოგიური აქტი, შედგენილი 2001 წლის 19 ივლისს, რითაც დასტურდებოდა, რომ მოპასუხის მფლობელობაში მყოფმა ნათესებმა 2000 წელს განიცადა სტიქიური უბედურება და განადგურდა თითქმის 100%, ამიტომ აქტის საფუძველზე მას ჩამოაწერეს 9464 ლარი. ზემოაღნიშნული დოკუმენტი დამოწმებული იყო საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენლის და ასევე სხვა თანამდებობის პირების მიერ; მოსარჩელე _ გარდაბნის რაიონის სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საკითხს ადგილზე წყვეტდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო; აღნიშნული ცვლილება კანონში შევიდა 2002 წლის 1 იანვრიდან, ამიტომ არ შეიძლებოდა ეს კანონი სახელმძღვანელოდ დადებოდა ამ საქმეს, რადგანაც მიწის გადასახადისაგან გათავისუფლება მოხდა 1998 წლისა და 2000 წლის სტიქიური უბედურების შემდეგ;

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტზე და განმარტა, რომ მიწის გადასახადით არ იბეგრებოდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, რომელთა ნაყოფიერი ფენა სანახევროდ ან მეტად იყო დაზიანებული სტიქიური მოვლენების შედეგად, ამასვე ადასტურებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 597-ე მუხლი. ე.ი. მოპასუხე შპს “ქ... ც...” უნდა ჩამოწეროდა 1999 წლის განადგურებული 80% ნათესების პროპორციული თანხა 5351 ლარი, 2000 წლის 100% _ პროპორციულობით 9464 ლარი, რაც მთლიანად შეადგენდა 14815 ლარს. Aმას დაემატა სარჩელის შეტანის შემდეგ მოპასუხის მიერ გადახდილი 6000 ლარი, რომელიც აღიარა მოსარჩელის წარმომადგენელმა. მთლიანად ჩამოსაწერი თანხა შეადგენდა 20812 ლარს. მოსარჩელის მოთხოვნა ძირითად თანხაზე შეადგენდა 21421 ლარს, რომელსაც გამოაკლდა 20815 და დარჩა ნაშთი 606 ლარი. ასევე გაუქმდა დარიცხული საურავი, როგორც უსაფუძვლო.

მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ, ბოლოს, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 23 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისი რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება;

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რადგან სადავო სამართალურთიერთობის წარმოშობის დროს არსებული საგადასახადო კოდექსის 215.19 მუხლის “მ” პუნქტის მიხედვით მიწის გადასახადით არ იბეგრებოდნენ ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალ-ასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, მიღებიდან 5 წლის განმავლობაში.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 1997 წლის 21 იანვარს გარდაბნის გამგეობასა და შპს “ქ.... ც....” შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება. საგადასახადო ინსპექცია კი შპს “ქ.... ც....” ედავება 1998-2001 წლებში მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო (ძირითადი თანხა _ 21421 ლარი, ხოლო საურავი _ 13158 ლარი). ამდენად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ 5 წლიანი ვადა გასული არ იყო. საგადასახადო კოდექსის 215.19 მუხლის “მ” პუნქტის მიხედვით კი შპს “ქ.... ც...” მიწის გადასახადით არ უნდა დაბეგრილიყო 1997 წლის 21 იანვრიდან 2002 წლის 21 იანვრის საანგარიშო პერიოდში.

სასაპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მართალია, საგადასახადო კოდექსში (215.19 მუხლის “მ” პუნქტი) ცვლილება განხორციელდა 2003 წელს, მაგრამ თვით ნორმის ლოგიკური ახსნა-განმარტების მეთოდის გამოყენების შედეგად ის დასკვნა გამომდინარეობს, რომ ხსენებული ნორმა წარსულ ურთიერთობებზეც ვრცელდება. სიტყვებში _ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიღებიდან 5 წლის განმავლობაში იგულისხმება არა მხოლოდ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შემდეგ იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიღების შემდეგ მათზე შეღავათების გავრცელება 5 წლის განმავლობაში, არამედ ასევე იმ პირებზე შეღავათების გავრცელება, რომლებმაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების დროს უკვე მიღებული ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და რომელთაც ჯერ არ გასვლიათ მისი მიღებიდან (ფლობიდან) 5 წლიანი ვადა. “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47.3 მუხლის მიხედვით თუ სამართალდარღვევის ჩადენის შემდეგ კანონით გაუქმდა ან შემსუბუქდა პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა.

სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა.

კასატორებმა _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორებმა განმარტეს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (ძვ. რედაქციით) 146-ე მუხლის თანახმად, მიწის გადასახადის გადამხდელები არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საკუთრებაში ან კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში აქვთ მიწის ნაკვეთი, ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის დაბეგვრის ობიექტები განსაზღვრულია ამავე კოდექსის 149-ე მუხლით. შპს “ქ.... ც...” 1997-2001 წლებში წარმოადგენდა ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადის გადამხდელს, რაც სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული საქმის განხილვისას. კასატორებმა ასევე აღნიშნეს, რომ სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას ძირითად საფუძვლად დაუდო საქართველოს საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-19 ნაწილის “მ” პუნქტი, რომლის თანახმად, მიწის გადასახადით არ იბეგრება ფიზიკური და იურიდიული პირები,

რომლებმაც მიიღეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები _ მიღებიდან 5 წლის განმავლობაში. კასატორების მოსაზრებით, აღნიშნული საფუძვლით, რუსთავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არასწორია, ვინაიდან ნორმა, რომელიც გამოყენებულ იქნა სააპელაციო სასამართლოს მიერ ძალაში შევიდა 2003 წლის 31 დეკემბერს, რაც არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ურთიერთობებზე, რადგან ნორმას არ გააჩნია უკუქმედების ძალა, ხოლო სასამართლოს მიერ ნორმის ლოგიკური ახსნა-განმარტების მეთოდის გამოყენება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან საგადასახადო კოდექსი მკაცრად განსაზღვრავს გადასახადის გადამხდელებსა და პირებს, რომლებიც შეიძლება გათავისუფლებულ იქნენ დაწესებული გადასახადებისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრების მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება გარდაბნის რაიონული ზონალური საგადასახადო ინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 1997 წლის 21 იანვარს გარდაბნის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ქ... ც....” შორის გაფორმდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება. საგადასახადო ინსპექცია კი შპს ,,ქ... ც...” ედავება 1998-2001 წლების გადაუხდელ მიწის გადასახადს.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 22 აპრილის განჩინებით საკასაციო სასამართლომ მოცემულ დავასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოერკვია, კონკრეტულად რა სახის გადასახადს _ იჯარის ქირისა თუ მიწის გადასახადს ითხოვდა მოსარჩელე; ამასთან საკასაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში წარმოდგენილი გარდაბნის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს კომისიის 1998 წლის 20 თებერვლისა და 2000 წლის 19 ივლისის აქტებთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები.

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შპს ,,ქ.... ც....” მიწის გადასახადით არ უნდა დაბეგრილიყო 1997 წლის 21 იანვრიდან 2002 წლის 21 იანვრის საანგარიშო პერიოდში, რადგან საგადასახადო კოდექსის 215-ე მუხლის მე-19 ნაწილის ,,მ” ქვეპუნქტში ცვლილება განხორციელდა 2003 წელს; ამ ნორმის თანახმად, მიწის გადასახადით არ იბეგრებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებმაც მიიღეს ახალ-ასათვისებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები _ მიღებიდან 5 წლის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ამ ნორმის ლოგიკური ახსნა-განმარტების მეთოდის გამოყენების შედეგად ხსენებული ნორმა წარსულ ურთიერთობებზეც ვრცელდება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სიტყვებში _ ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიღებიდან 5 წლის განმავლობაში” იგულისხმება არა მხოლოდ საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების მიღების შემდეგ მათზე შეღავათების გავრცელება 5 წლის განმავლობაში, არამედ ასევე იმ პირებზე შეღავათების გავრცელება, რომლებსაც აღნიშნული ცვლილებების განხორციელების დროს უკვე მიღებული ჰქონდათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და რომელთაც ჯერ არ გასვლიათ მისი მიღებიდან (ფლობიდან) 5 წლიანი ვადა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მოსაზრებას, რადგან ზემოხსენებული ნორმა ძალაში შევიდა 2003 წლის 31 დეკემბერს და იგი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ ურთიერთობებზე, ვინაიდან მოცემულ ნორმას არ გააჩნია უკუქმედების ძალა; ხოლო საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული და ძალაში შესული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედებს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითება სავალდებულოა და არ შეასრულა საკასაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მითითება და არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შესამოწმებლად შპს ,,ქ... ც....” მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრისა (საგადასახადო ინსპექცია) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრები;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 16 აპრილის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელი დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება გარდაბნის რაიონული ზონალური საგადასახადო ინსპექციის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.