Facebook Twitter
¹ბს-807-771(2კ-09)

¹ბს-807-771(2კ-09) 27 ივლისი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა «...» და შპს «...» საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 31 მაისს სს «...» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების _ «...», შპს «...» და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონალური სამმართველოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება და სასკ-ის 24-ე მუხლის თანახმად, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურისათვის დავალება სს «...» ტერიტორიიდან გასატანი ნარჩენების განთავსების ადგილის გამოყოფა.

სს «...» წარმომადგენლებმა 2005 წლის 24 ოქტომბერს სასამართლოში წარადგინეს დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, რომლითაც მოითხოვეს: მიუღებელი შემოსავლისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით «...» და შპს «...» ზარალის სახით 349440 ლარის ანაზღაურება, ადვოკატის მომსახურების ხარჯებისა და დავის საგნის ღირებულების 10 პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 21 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს «...».

ამავე სასამართლოს 2006 წლის 6 თებერვლის განჩინებით სს «...» სარჩელი მიუღებელი შემოსავლებისათვის ზარალისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების თაობაზე გამოიყო ცალკე წარმოებად და განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მარტის საოქმო განჩინებით საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო, როგორც არასათანადო მოპასუხე, შეიცვალა სათანადო მოპასუხით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროთი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; «...» და შპს «...» სოლიდარულად დაევალათ, თეთრიწყაროს რაიონის ... არსებულ სს «...» ბაზალტის საბადოს ტერიტორიიდან გაიტანონ შპს «...» მიერ უკანონოდ განთავსებული ნარჩენები. საბადო ამ გზით მოიყვანონ პირვენდელ მდგომარეობაში; დაევალა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, შეურჩიოს მოპასუხეებს: «...» და შპს «...», სს «...» საბადოს ტერიტორიიდან გასატანი ნარჩენების განსათავსებელი ადგილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მათთვის უკვე გამოყოფილი ტერიტორიებიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ზემომითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებით «...» და შპს «...» სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეებს: შპს «...» და «...» სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3200 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერველის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს «...» და შპს «...». «...» საკასაციო საჩივრით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შპს «...» მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახალი განხილვისათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ «...» და შპს «...» საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებენ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. «...» და შპს «...» საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.