Facebook Twitter

¹ბს-808-772(2კ-09) 16 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. გ-ძისა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ნ. გ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების – შპს ,,...», ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობისა და სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობა და მოპასუხეებისთვის იძულებითი განაცდურის – 4988 ლარის, მორალური და ფიზიკური ზიანის – 100000 აშშ დოლარისა და მატერიალური ზიანის – 7000 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 21.07.03წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. გ-ძის სამსახურიდან გათავისუფლება ცნობილ იქნა უკანონოდ, მოპასუხეებს - თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობას იძულებითი განაცდურის - 4988 ლარის, ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსთან ერთად სოლიდარულად მორალური ზიანის - 5000 აშშ დოლარისა და მატერიალური ზიანის - 2500 აშშ დოლარის ანაზღაურება დაეკისრათ. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობამ და ნ. გ-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.03.04წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 21.07.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 27.10.04წ. განჩინებით ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 02.03.04წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.09წ. გადაწყვეტილებით ნ. გ-ძისა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 21.07.03წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ძველი თბილისის რაიონის გამგეობას ნ. გ-ძის სასარგებლოდ მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანიდან – 07.02.2000წ.-დან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე – 25.05.01წ.-მდე აღსრულების დაყოვნების მთელი დროის ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ძველი თბილისის რაიონის გამგეობამ და ნ. გ-ძემ. ძველი თბილისის რაიონის გამგეობამ გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც ნ. გ-ძის სასარგებლოდ 07.02.2000წ.-დან 25.05.01წ.-მდე აღსრულების დაყოვნებისათვის მთელი დროის ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა. ნ. გ-ძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 27.02.09წ. გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ძველი თბილისის რაიონის გამგეობისა და ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. გ-ძისა და ძველი თბილისის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.