Facebook Twitter

ბს-808-777(კ-08) 8 იანვარი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, მარიამ ცისკაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – რ. გ-ე

მოწინააღმდგე მხარე – საპატრულო პოლიციის დეპატამენტი

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 15 მაისს რ. გ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2006 წლის 11 მარტს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კუთვნილი ავტომანქანით ,,მაზ-64229”, სახ. ნომრით KIM-753, ახორციელებდა მეორადი ტანსაცმლის გადაზიდვას. იმავე წლის 10 მარტს ზემოხსენებული მანქანა აწონილ იქნა საქონელთან ერთად საქართველოს საბაჟო სამსახურის მიერ. აღნიშნული სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგების მიხედვით, ა/სატრანსპორტო საშუალების საერთო წონამ შეადგინა 38302 კგ; 1-ღერძზე დატვირთვამ შეადგინა 5740; მე-2 ღერძზე _ 6538; მე-3 ღერძზე _ 6538; მე-4 ღერძზე 9743; ხოლო მე-5 ღერძზე - 9743 კგ.

2006 წლის 11 მარტს თბილისის გზის 248-ე კმ-ზე გააჩერა საპატრულო პოლიციამ, მათ მიერ ხელმეორედ აწონვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ა/მანქანის მე-4 ღერძზე დატვირთვამ შეადგინა 12060 კგ, სხვაობა _ 2060 კგ, ხოლო მე-5 ღერძზე - 12150 კგ, სხვაობა _ 210 კგ, რის გამოც საპატრულო პოლიციამ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი აა¹126610 და დააკისრა ჯარიმა - 4210 ლარი.

კასატორის განმარტებით, აღნიშნულის გამო, მან 2006 წლის 10 აპრილს კანონით დადგენილი წესით, საჩივრით მიმართა საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა 20 აპრილის ¹20/6-ბ/60 ადმინისტრაციული აქტით უარი უთხრა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე გასაჩივრების ვადის გასვლის გამო, რაც, მოსარჩელის მითითებით, არამართებულია, ვინაიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და გადაწყვეტა რეგულირდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომლითაც არ არის გათვალისწინებული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის საფუძვლები, პირიქით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 278-ე მუხლის მიხედვით, ადმინისტრაციული საქმის განმხილველი ორგანო ვალდებულია, მიიღოს საჩივარი და კანონით გათვალისწინებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება. კონკრეტულ შემთხვევაში კი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა არ შეასრულა კანონის მოთხოვნა და უსაფუძვლოდ თავიდან აიცილა საჩივრის განხილვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 20 აპრილის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას.

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით რ. გ-ის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა, უსაფუძვლობის მოტივით.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის გაშვების საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება აღადგინოს საჩივრის განმხილველმა უფლებამოსილმა ორგანომ იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია 2006 წლის 11 მარტს, რომელიც მოსარჩელეს ჩაბარებული აქვს იმავე დღეს, რაც დასტურდება ოქმზე მოსარჩელის ხელმოწერით. მოსარჩელეს სამართალდარღვევის ოქმზე საჩივარი შეტანილი აქვს ადმინისტრაციულ ორგანოში _ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში 10 აპრილს, ასკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი ვადის მოთხოვნათა დარღვევით. საქმეს არ ერთვის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს საჩივრის წარდგენის გაშვებული ვადის აღდგენის მოთხოვნით და მოპასუხემ ვადის აღდგენაზე უარი განუცხადა.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, სკ-ის 278-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო მიიღებს ამავე მუხლით გათვალისწინებულ დადგენილებას იმ შემთხვევაში, თუ მას ევალება საჩივრის მიღება და განხილვა ასკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი ვადის დაცვით შეტანილ საჩივარზე, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში საჩივარი შეტანილია 273-ე მუხლით დადგენილი დადგენილების გასაჩივრების ვადის დარღვევით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 60.1 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს და არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლოს მოსაზრებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ანალიზისა და მონიტორინგის პირველი განყოფილების წერილი, ადმინისტრაციული აქტი, რომლის თანახმად, მოსარჩელეს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე, არ ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლს და აღნიშნულ საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული. ამდენად, ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დაცულია როგორც ფორმალური, ასევე მატერიალური კანონიერების მოთხოვნები და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-ემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინებით რ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. გ-მ.

კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას არ გამოიყენა ის მატერიალური ნორმები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა. რ. გ-ის სარჩელი დაფუძნებული იყო იმ გარემოებებზე, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია ზაკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანამდე მისცეს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი მოსაზრების წარდგენის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული საჩივრის მიღების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს 5 დღის ვადაში. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ადმინისტრაციულ ორგანოს ვალდებულება აკისრია საჩივრის მიღებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებამდე, დაინტერესებულ პირს მისცეს შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები ასეთ საკითხზე და დაასაბუთოს საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლების არარსებობა.

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ საპატრულო დეპარტამენტმა საჩივრის მიღებაზე უარის თქმისას იხელმძღვანელა არა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, არამედ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით, არასწორია. სამართალდარღვევათა კოდექსი არ ითვალისწინებს საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს. ასევე, არ არეგულირებს ასეთ შემთხვევაში წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესს. ხოლო, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის რიგი ნორმები ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლებს, გამოტანის წესსა და გასაჩივრების ვადას.

ამასთან, კასატორის განმარტებით, სასამართლო პრაქტიკაც არ არის ჩამოყალიბებული იმასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეზე მიღებულ დადგენილებაზე საჩივრის წარმოებაში მიღების უარის თქმის გადაწყვეტილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შინაარსით თუ ასეთი შინაარსის გადაწყვეტილებაზე არ მოქმედებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დებულებები. კასატორის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ გამოცემული აქტი საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს და იგი გამოცემული უნდა ყოფილიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. გ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე დადგენილადაა ცნობილი, რომ 2006 წლის 11 მარტს საპატრულო პოლიციის მიერ კასატორ რ. გ-ის მიმართ შედგა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ¹126610, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე გათვალისწინებული ასკ-ის 1291-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის საფუძველზეც კასატორი დაჯარიმდა 4210 ლარით.

2006 წლის 10 აპრილს კასატორმა საჩივრით მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის გაუქმების მოთხოვნით.

2006 წლის 20 აპრილს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აქტით, საქმეზე მიღებული დადგენილების გასაჩივრების ვადის გაშვების გამო, კასატორს უარი ეთქვა საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სასამართლოს მსჯელობას გასაჩივრების ვადების ათვლასთან დაკავშირებით და თავის მხრივ განმარტავს შემდეგს: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი უდავოდ ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თაობაზე გამოტანილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების სასარჩელო წესით გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მხარეს არ ეძლევა უფლება აირჩიოს ის სამართლებრივი მექანიზმი რომლის მეშვეობითაც მისი სამართლებრივი ინტერესი უფრო სწრაფ მიღწევადი იქნება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მოქმედება ან გადაწყვეტილება არღვევს მოქალაქის უფლებებს, მას აქვს გასაჩივრების შესაძლებლობა რაც წარმოადგენს მისი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის საშუალებას. ერთ-ერთ ასეთ დაცვის მექანიზმს მიეკუთვნება ადმინისტრაციული საჩივრის ინსტიტუტი. ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენა ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს თვითკონტროლის განხორციელების, ხოლო ფიზიკურ (იურიდიულ) პირს დავის უფრო სწრაფად გადაწყვეტის შესაძლებლობას.

საგულისხმოა, რომ რ. გ-მ დავის გადაწყვეტის ფორმად აირჩია სამართალდარღვევათა თაობაზე მიღებული აქტის გასაჩივრება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის გზით. მითითებული კატეგორიის აქტების გასაჩივრების წესი მნიშვნელოვნად განსხვავდება საქარველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი განაწესისაგან. კერძოდ, სამართალდარღვევის სახეები, მათ მიმართ გამოსაყენებელი სანქციები და გასაჩივრების წესი განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, რომლის 273-ე მუხლი შეიცავს ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ამ კოდექსის 2341 მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოტანიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც გამოტანილია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განსახილველად უფლებამოსილმა ორგანომ.

უდავოა, რომ აღნიშნული კოდექსი გასაჩივრების შესაძლებლობას იძლევა 10 დღიან ვადაში, რაც არ გამორიცხავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებას აღადგინოს გასაჩივრების ვადა.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის მიღება მიეკუთვნება ადმინისტრაციულ ორგანოს თავისუფალი გადაწყვეტის სფეროს. ბუნებრივია, აღნიშნული სასამართლოს არ ართმევს შესაძლებლობას დამოუკიდებლად შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვადის აღდგეანზე უარის თქმის მართებულობა, რის შესაძლებლობასაც წინამდებარე შემთხვევაში მოკლებულია საკასაციო სასამართლო, ვინაიდან მხარეს ასეთი მოთხოვნით ადმინისტრაციული ორგანოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გაშვების მოტივით უარი ეთქვა პირისათვის საჩივრის განხილვაზე. შესაბამისად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება საჩივრის განხილვაზე მისი მოწვევის სავალდებულობის თაობაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და არ მომხდარა მისი საფუძვლიანობის შემოწმება.

აქვე საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მას არ გამოუყენებია სამართალდარღვევათა ოქმის (რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე მიეკუთვნება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს) სასარჩელო წესით გასაჩივრების წესი და ვადები, რის გამოც სასამართლო მოკლებულია მითითებული აქტის კანონშესაბამისობის განსაზღვრის შესაძლებლობას.

მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ადგილი აქვს სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა დარღვევას, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლში 2008 წლის 11 მარტს შეტანილი ცვლილება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291 მუხლის (2006წ 23 ივნისის რედაქციით) შესაბამისად, საერთო სარგებლობის საავტომობილო გზებზე ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა, რომელთა თითოეულ წამყვან ან არაწამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა აღემატება 10 ტონას (გარდა ერთწამყვანღერძიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომლის წამყვან ღერძზე მაქსიმალური დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს 11,5 ტონას) ან/და სრული მასა 44 ტონას ან/და გადასაზიდი ტვირთის მასა – დამამზადებლის მიერ მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის დადგენილი ტვირთამწეობის ზღვარს, გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების ოპერატორის ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის დაჯარიმებას თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად).

2008 წლის 11 მარტის საკანონმდებლო ცვლილებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1291-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია ,,თითოეულ ზედმეტ ტონაზე 1000 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად)”, შემცირდა და განისაზღვრა ახალი სანქცია ,,თითოეულ ზედმეტ ტონაზე 500 ლარის ოდენობით (არასრულ ტონაზე ჯარიმა გამოიანგარიშება პროპორციულად)”.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ ან გამაუქმებელ აქტს აქვს უკუქცევითი ძალა, ე.ი. ვრცელდება ამ აქტის გამოცემამდე ჩადენილ სამართალდარღვევებზე. აღნიშნული ნორმა საკასაციო სასამართლო აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ რ. გ-ს, გამომდინარე იქიდან რომ 1291-ე მუხლით განსაზღვრული სანქცია შემცირდა, უნდა შეუმცირდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმით შეფარდებული სანქცია (4210 ლარი) 2008 წლის 11 მარტის საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში და განისაზღვროს 2105 ლარით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I მუხლის II ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. რ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 აპრილის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. რ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულის მიერ 2006 წლის 11 მარტს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმით ¹126610 განსაზღვრული სანქცია (ფულადი ჯარიმა 4290 ლარი) შემცირდეს 2105 ლარამდე.

4. რ. გ-ს უარი ეთქვას საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 2006 წლის 20 აპრილის ¹20/6-ბ/60 აქტის ბათილად ცნობაზე;

5. რ. გ-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 150 ლარი გადასახდელად დაეკისროს მოპასუხე საქართველოს შს სამინისტროს საპატრულო პოლიციას;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.