¹ბს-811-775(კ-09) 23 ივლისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 29 სექტემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ დ. მ-ელის მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 18 ოქტომბრის ¹1/851 ბრძანებით დ. მ-ელი გაწვეულ იქნა სამხედრო პროფესიულ სამსახურში და დაინიშნა კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 27 დეკემბრის ¹3324 ბრძანებით, დ. მ-ელი დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. წვრთნისა და აღჭურვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხის მომზადებაზე დახარჯა 1202.64 ლარი. ასევე, სამხედრო სამსახურში ყოფნის დროს სანივთე უზრუნველყოფის ფარგლებში მოპასუხე დ. მ-ელს გადაცემული ჰქონდა სანივთე ქონება, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. მოსარჩელის განმარტებით, კონტრაქტის შეწყვეტის შემდეგ დ. მ-ელს არ დაუბრუნებია მასზე გაცემული სანივთე ქონება. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ითხოვდა მოსარჩელისათვის ზიანის სახით 1202.64 ლარის ანაზღაურების დაკისრებასა და მოპასუხისათვის შესაბამისი სანივთე ქონებისა და აღჭურვილობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დაბრუნების დავალებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე დ. მ-ელის მიერ წარდგენილ იქნა შესაგებელი, რომლითაც მან ცნო სარჩელი ნივთების დაბრუნების ნაწილში, დაადასტურა, რომ ნივთები დააბრუნა და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა დ. მ-ელს დაკისრებოდა ზიანის ანაზღაურების სახით 1202.64 ლარის ანაზღაურება, ასევე დავალებოდა მოპასუხეს სანივთე ქონებისა და აღჭურვილობის _ ინდივიდუალური ფარნის, პანამის, საწვიმარი პონჩოს, პონჩოს გამოსაკრავის, კამუფლირებული ფორმის (თურქული), თბილი მწვანე ზედის, ბამბის ზედა თბილი საცვლის, მაღალყელიანი ჩექმის, კომბინიზონის, საძილე და სარეცხი ტომრების მოსარჩელისათვის დაბრუნება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უარი ეთქვა დ. მ-ელისათვის 1202.64 ლარის დაკისრების მოთხოვნაზე, ასევე მოსარჩელეს უარი ეთქვა დ. მ-ელის დავალდებულებაზე გადასცემოდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემდეგი დასახელების ნივთები: ინდივიდუალური ფარანი, პანამა, საწვიმარი პონჩო, პონჩოს გამოსაკრავი, თბილი მწვანე ზედა, საძილე და სარეცხი ტომრები; მოპასუხე დ. მ-ელს დაევლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ფეხსაცმლის, კამუფლირებული ფორმის (თურქული), ზამთრის თბილი ტანსაცმლისა და კომბინიზონის გადაცემა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნათა სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.