Facebook Twitter
ბს-813-781(კ-08)

ბს-813-781(კ-08) 22 აპრილი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

22.06.07წ. ქ. წყალტუბოს ცენტრალური სამხედრო სანატორიუმ «...» ყოფილმა თანამშრომლებმა, მ. კ-შვილმა, მ. მ-შვილმა, გ. ჯ-იამ და სხვებმა, სულ 69 პირმა, ხოლო 12.07.07წ. მ. შ-ძემ, ო. ბ-ძემ, ფ. კ-ძემ და სხვებმა, სულ ცხრამეტმა პირმა, სასარჩელო განცახდებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელეებმა სახელფასო დავალიანებისა და ხელფასის დაგვიანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, სასამართლოში სარჩელის აღსაძრავად საჭირო და საადვოკატო მომსახურების გაწევის ხარჯების ანაზღაურება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.11.07წ. განჩინებით სარჩელები ერთ წარმოებად გაერთიანდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.07წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელეების მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, უარი ეთქვათ მოსარჩელეებს სახელფასო დავალიანების გადაუხდელობით მიყენებული ზარალის, კვების და ფორმის კომპენსაციის, საშვებულებო თანხის, სასამართლოში სარჩელის აღსაძრავად და საადვოკატო მომსახურების გაწევის ხარჯების ანაზღაურებაზე უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოსარჩელეებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.08წ. გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქ. წყალტუბოს ცენტრალური სამხედრო სანატორიუმ «...» ყოფილი თანამშრომლების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.12.07წ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეებს მ. ჩ-ძეს, მ. გ-ძეს, მ. დ-ძეს და ტ. ღ-ძეს უარი ეთქვათ სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. ჩ-ძის, მ. გ-ძის, მ. დ-ძის და ტ. ღ-ძის მოთხოვნა 2002-2004წწ. სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა მათ სასარგებლოდ 2004წ. სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურება, 2002-2003წწ. სანივთე ქონების კომპენსაციის ანაზღაურებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ხანდაზმულობის გამო. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 23.05.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.