Facebook Twitter
ბს-814-778(კ-09) 4 ნოემბერი, 2009 წ

ბს-814-778(კ-09) 4 ნოემბერი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე

სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი

კასატორი - ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია; წარმომადგენელი - ნ. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე - მ. უ-იანი; წარმომადგენელი – პ. კ-ძე

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 2 დეკემბერს მ. უ-იანმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 2008 წლის 6 თებერვალს განცხადებით მიმართა მოპასუხეს ქ. თბილისში, გლდანის მე-3 მ/რ-ში, პოლიციის მიმდებარედ მდებარე თვითნებურად დაკავებული 1058 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად მან წარადგინა მოწმეთა ნოტარიულად დადასტურებული განცხადება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ, 2008 წლის 23 იანვარს და 2008 წლის 14 მაისს გაცემული ცნობა, რომლის მიხედვით ქ. თბილისში, გლდანის მე-3 მ/რ პოლიციის მიმდებარედ მდებარე უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის, ასევე შპს «...» მიერ განხორციელებული მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი და საექსპერტო დასკვნა ქ. თბილისში, გლდანის მე-3 მ/რ პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაკვეთის ღობის ხანდაზმულობის დადგენის თაობაზე.

მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გ. ფ-ურმა 2008 წლის 17 სექტემბრის ¹12/6290-5 წერილით აცნობა, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ, 2008 წლის 25 ივლისს განხილულ იქნა 2008 წლის 6 თებერვლის განცხადება და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტებიდან არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი.

მოსარჩელის მოსაზრებით, კომისიის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება უკანონოა ვინაიდან კომისიაში წარდგენილი დოკუმენტაციით უდავოდ დასტურდება ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრების უფლების აღიარებას ითხოვს, მის მფლობელობაშია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელ ითხოვდა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების (ოქმი ¹37) ქ. თბილისში, გლდანის მე-3 მ/რ, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად ცნობასა და ამასთან, მოპასუხის დავალდებულებას გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისში, გლდანის მე-3 მ/რ, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ. უ-იანის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება ქ. თბილისში, გლდანის მე-3 მ/რ პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე მ. უ-იანისათვის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ და მოპასუხეს დაევალა შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, კანონით დადგენილ ვადაში, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქალაქო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მოპასუხის მიერ საკითხის განხილვისას უგულვებელყოფილი იქნა როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით, ასევე «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონითა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესით» დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, მე-11 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, კომისია თავის ფუნქციას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონითა და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით.

სასამართლომ მიუთითა დასახელებული მუხლის მე-6 პუნქტზე, რომელიც ცალსახად განსაზღვრავს კომისიის ვალდებულებას – უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

სასამართლომ ასევე მიუთითა ზემოაღნიშნული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებულ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესზე», რომლითაც დადგენილი იქნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ უკანასკნელის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიიღოს გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მოსაზრებით, მ. უ-იანმა მიმართა რა კომისიას განცხადებით და მოითხოვა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უარის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ არ დასტურდებოდა მიწის ნაკვეთების მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტი, ანუ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე იმსჯელა, როგორც მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მაშინ, როცა სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას უნდა განეხილა საკითხი, გამოეკვლია გარემოებები და დაედგინა მოსარჩელის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობა. ამასთან სივრცით-ტერიტორიული დაგეგმის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მოთხოვნის შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან უნდა მიეღო ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად: «თუ კომისიამ განცხადების განხილვის ვადაში არ მიიღო გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე, ეს ჩაითვლება მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ ან/და თვითნებურად დაკავებულ მიწაზე, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით», ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი, პირს შეუძლია, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. ვინაიდან ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ ჰყავს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო, მის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი უნდა გასაჩივრებულიყო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ აქტის გაცნობიდან ერთ თვეში.

აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს ადმინისტრაციული ორგანოს უარი წერილობით გაეგზავნა 2008 წლის 17 სექტემბერს და მის მიერ აღინიშნული აქტი ამავე წლის 6 ოქტომბერს გასაჩივრდა ქ. თბილისის საკრებულოში, რომელიც ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოადგენს, ანუ მოსარჩელისათვის ოქმის შესახებ ცნობილი იყო 2008 წლის 6 ოქტომბრისათვის. სადავო აქტი სასამართლოში გასაჩივრდა 2008 წლის 2 დეკემბერს, შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა ამ დროისათვის გასული იყო და სასამართლოს აღნიშნული სარჩელი დაუშვებლად უნდა ეცნო.

«ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ა» ქვეპუნქტის თანახმად: მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით აშენებული, მშენებარე ან დანგრეული ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა, ხოლო «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-2 მუხლის «გ» და «დ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მიწის მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ: მფლობელობის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, «საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების შესაბამისად, სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტები.

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში წარმოდგენილი მასალები და დადგინდა, რომ სადავო ფართზე არ დასტურდება მიწის ნაკვეთის ფლობა და სარგებლობა. გაუგებარია, სასამართლომ რატომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რადგან სწორედ აღნიშნული გარემოებებისა და წარმოდგენილი მასალების გამოკვლევის შემდეგ დაადგინა, რომ სადავო მიწის ნაკვეთი კანონმდებლობის შესაბამისად ვერ ჩაითვლება ვერც მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ და ვერც თვითნებურად დაკავებულ მიწად, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მოხდებოდა მიწის მართლზომიერ მფლობელობაში არსებობის ფაქტის დადგენა და ან თვითნებურად დაკავებულ მიწად მისი აღიარება, ფართის შეუსაბამობის გამო. ამასთან სასამართლო კონკრეტულად არ უთითებს ადმინისტრაციულ ორგანოს, კანონის ან პრეზიდენტის ბრძანებულების რომელი ნორმის საფუძველზე უნდა ეღიარებინა სადავო მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი.

მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების წესი და პირობები განსაზღვრულია «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლით, კერძოდ: მოქმედი და ძველი რედაქციით, დაინტერესებული პირის განცხადებას საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, თან უნდა ერთვოდეს მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი; მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი; საკუთრების უფლების აღიარების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები; საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია. ადმინისტრაციული ორგანო მხოლოდ აღნიშნული დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ არის უფლებამოსილი ასევე გაითვალისწინოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან. ამ შემთხვევაში საამისოდ უფლებამოსილი ორგანო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონით განსაზღვრულ ყველა კრიტერიუმთან ერთად თავისი შეფასებისა და შეხედულებისამებრ იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-16 მუხლის თანახმად: «თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე არ აკმაყოფილებს «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონითა და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, მიღებული იქნა სადავო გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდიანარე, აპელანტის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტის მიღებისას დარღვეული არ ყოფილა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები, რის გამოც აპელანტი ითხოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლო განჩინებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დამტკიცებული «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი» არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების წესსა და პირობებს, განსაზღვრავს იმ ორგანოს უფლებამოსილებას და საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც საკუთრების უფლების პროცესში წარმოადგენს სახელმწიფოს, აგრეთვე, ამ პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამავე წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ის მიწის ნაკვეთი, რომლებიც ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას, ასეთს წარმოადგენს: ა) მართლზომიერ მფლობელობაში არსებული; ბ) სარგებლობაში არსებული; გ) თვითნებურად დაკავებული. ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის «გ», «დ» და «ე» ქვეპუნქტები კი განსაზღვრავს ბრძანებულებით დადგენილი წესის მიზნებისათვის ტერმინთა განმარტებას, კერძოდ, მიწის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტია _ ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნი, «საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, სასამართლოს აქტი, ან/და სხვა დოკუმენტი. მიწით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია _ ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, «ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ» საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა. ხოლო მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი _ ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლო აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი.

სადავო საკითხის განხილვისათვის მოქმედი რედაქციით «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცავს იმ დოკუმენტების ნუსხას, რომელიც დაინტერესებულ პირს უნდა წარედგინა მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის შესახებ განცხადებასთან ერთად დადგენილია, რომ აღნიშნული მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა.

კანონის მე-2 მუხლის «დ» ქვეპუნქტის თანახმად, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან/და არა-სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე ამ კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურების შესაბამისად, საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ დასახელებული კანონი და პრეზიდენტის ბრძანებულება განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას, მართლზომიერ მფლობელობაში, ასევე სარგებლობაში არსებულ ან თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე. ამასთან, კანონითა და ბრძანებულებით დაინტერესებული პირებისათვის დადგენილი იქნა განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში (მფლობელობა, სარგებლობა, თვითნებურად დაკავება) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსხვავებული დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება.

აღნიშნული ბრძანებულების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კომისია თავის ფუნქციას ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებით, «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» კანონით და ამ ბრძანებულებით განსაზღვრული წესით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია კომისიის ვალდებულება უზრუნველყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა და დამსწრე დაინტერესებულ მხარეს მისცეს საქმესთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება.

მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულებით დადგინდა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვისას გაითვალისწინოს მოთხოვნის შესაბამისობა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან, რომლის განსაზღვრის შემთხვევაში კოლეგიური ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია, მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილების ფარგლებში, მიიღოს გადაწყვეტილება თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ კომისიამ სადავო მიწის ნაკვეთზე იმსჯელა, როგორც მფლობელობასა და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მაშინ, როცა სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომისიას უნდა განეხილა საკითხი, გამოეკვლია გარემოებები და დაედგინა მ. უ-იანის მიერ მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის არსებობა და ამასთან, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მოთხოვნის შესაბამისობის განსაზღვრის შემდეგ, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე, კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან მიეღო ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია, რითაც დარღვეული იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 თავით დადგენილი მოთხოვნები. ასევე მართებულია სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ მ. უ-იანის განცხადების განხილვისას მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს და იმსჯელოს დაინტერესებული პირის _ მ. უ-იანის მოთხოვნა თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ აკმაყოფილებს თუ არა «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» კანონით და საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული წესით თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის განსაზღვრულ პირობებს, კერძოდ, განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით დასტურდება თუ არა მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ხოლო ასეთის არარსებობის პირობებში, კომისია ვალდებულია დაასაბუთოს, თუ რის საფუძველზე მივიდა ამგვარ დასკვნამდე, ამასთან კომისიამ უნდა განსაზღვროს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის პირობებთან და მიწის განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან მოთხოვნის შესაბამისობის საკითხი და ამის შემდეგ მიიღოს წერილობითი გადაწყვეტილება საკუთრების უფლების აღიარების ან საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

კასატორი საკასაციო საჩივარს ძირითადად აფუძნებდა იმავე გარემოებებზე, რაზედაც მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მხრიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და ,, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებები ემყარება ზემოაღნიშნული კანონის არასწორ განმარტებას.

,, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.

როგორც ნორმის შინაარსი ცხადყოფს, კანონის რეგულაცია შეეხება სამი სახის ურთიერთობას, კერძოდ, ურთიერთობას, რომელიც გამომდინარეობს მიწის მართლზომიერი მფლობელობიდან, მიწათ სარგებლობიდან და მიწის თვითნებურად დაკავებიდან.

განსახილველ შემთხვევაში მოთხოვნა უკავშირდება მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტს, კერძოდ მოსარჩელე მ. უ-იანმა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას მიმართა ქ. თბილისში, გლდანის მე-3 მ/რ-ში, პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე 1058 კვ/მ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების მოთხოვნით.

ზემოაღნიშნული კანონის (კომისიისათვის მიმართვის პერიოდისათვის მოქმედი რედაქციით) მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწას წარმოადგენს ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის მიერ 2007 წლის 1 იანვრამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელიც საკუთრების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებელი ტერმინთა შორის ახდენს დიფერენცირებას და თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთს გამიჯნავს მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის უფლებით დაკავებული მიწის ნაკვეთებისაგან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ყველა ზემოაღნიშნული ტერმინის საერთო მახასიათებელ ძირითად ელემენტს წარმოადგენს ფლობის ფაქტი, იმ განსხვავებით, რომ ერთ შემთხვევაში საუბარია მართლზომიერ მფლობელობაზე, ხოლო მეორე შემთხვევაში არამართლზომიერ მფლობელობაზე.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მფლობელობა არის ფაქტი და იმის მიხედვით, რა სამართლებრივ საფუძველს ემყარება მფლობელობა ერთმანეთისაგან გამიჯნავენ არამართლზომიერ და მართლზომიერ მფლობელობას. მართლზომიერ მფლობელად ითვლება ყველა პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, მაშინ, როდესაც არამართლზომიერი მფლობელობის დროს ნივთზე ბატონობა ხორციელდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ორივე შემთხვევაში სავალდებულოა, რომ პირი დაუფლებული იყოს ნივთს და ახორციელებდეს მასზე ფაქტობრივ ბატონობას.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმისათვის, რომ პირმა დაამტკიცოს მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტი, ვალდებულია დაადასტუროს, რომ მართალია სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მაგრამ ის ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით, ანუ უკანონოდაა დაუფლებული მიწას და ახორციელებს მასზე ფაქტობრივ ბატონობას. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ის, რომ ,, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის ¹525 ბრძანებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტმა მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის დამადასტურებელ დოკუმენტში მოიაზრა ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლო აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტები.

ცალსახაა, რომ მითითებული ნორმის საფუძველზე ბრძანებულება ითხოვს შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენას, რომელიც იქნება უდავო დასტური იმისა, რომ პირი ნამდვილად დაუფლებულია მიწის ნაკვეთს, ფლობს და სარგებლობს ამ მიწის ნაკვეთით.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან საკითხის არასრულყოფილად გამოკვლევის თაობაზე და თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა იმ გარემოების ვარაუდის საფუძველს, რომ მ. უ-იანი ფლობდა და სარგებლობდა მოთხოვნილი მიწის ნაკვეთით. საქმეში დაცულია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მ. უ-იანი 2006 წლის აგვისტოდან ფლობს მიწის ნაკვეთს, ამავე საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა შეიცავს მითითებას ღობისა და ნარგავების ხანდაზმულობის თაობაზე, კერძოდ, ღობე, რომლითაც მიწის ნაკვეთია შემორაგული, არის 17-18 წლის წინანდელი. ამდენად, ღობისა და ნარგავების ხანდაზმულობა არ შეესაბამება იმ პერიოდს, რა პერიოდის განმავლობაშიც მოსარჩელე, მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, დაუფლებულია მიწის ნაკვეთს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. უ-იანის მიერ წარდგენილი დოკუმენტები არ იძლეოდა იმის ვარაუდის საკმარის საფუძველს, რომ მ. უ-იანი დაუფლებული იყო მიწის ნაკვეთს და იყენებდა მას როგორც საკუთარს. სადავო მიწის ნაკვეთზე არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან რაიმე სახის სამუშაოების ჩატარებისა თუ წარმოების ფაქტი, რაც, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევდა საკმარის საფუძველს უარი ეთქვა ფიზიკური პირისათვის თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონებაზე.

საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს ხაზგასმა გააკეთოს შემდეგ მოსაზრებაზე: თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონების უფლებაში მოიაზრება პირის ფაქტობრივი დამოკიდებულება მოთხოვნილი ნივთისადმი, რომელიც გამოვლინდება ნივთის მფლობელობასა და სარგებლობაში იმ განსხვავებით, რომ აღნიშნული არ ემყარება სამართლებრივ საფუძველს. შესაბამისად, დაუშვებელია, ე.წ. ,,ლეგალიზაციას” დაექვემდებაროს ის მიწის ნაკვეთები, რომელის დაკანონებაზე პრეტენზიას აცხადებს პირი, მაგრამ ვერ ადასტურებს ამ ნივთზე საკუთარი ბატონობის ფაქტს.

საკასაციო სასამართლო ასევე საფუძველს მოკლებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე მითითებით, საკითხის შემდგომი გადაწყვეტის მიზნით, საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნებას და სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც განიცადა თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დეფინიციამ.

,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონში 2008 წლის 23 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა, ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობა-ნაგებობით ან მის გარეშე), რომლის ფართობი ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთის ფართზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.

ნებისმიერი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა გამოიცეს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე. კანონის გაუქმების ან შეცვლის შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია უფლებამოსილებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დააფუძნოს უკვე გაუქმებულ ან შეცვლილ ნორმებს. საკითხის შემდგომი გამოკვლევის მიზნით საქმის ადმინისტრაციულ ორგანოში დაბრუნების შემთხვევაში სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საკანონმდებლო ცვლილებები და ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, იმ ვითარებაში, როდესაც მოთხოვნის საფუძველი არ პასუხობს საკანონმდებლო ცვლილებებს, სასამართლო თავადაა ვალდებული გადაწყვიტოს უფლებრივი საკითხი და თავი შეიკავოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის გამოყენებისაგან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი საფუძველი იძლევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საფუძველს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა

პალატის 2009 წლის 08 აპრილის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. მ. უ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.