Facebook Twitter

ბს-81-79(კ-09) 12 მარტი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. შ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2006 წლის 1 სექტემბერს ნ. შ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხულოს რაიონის სასამართლოს, მოპასუხე ხულოს რაიონის გამგეობის მიმართ და მოპასუხისათვის ნაკისრი ვალდებულების შესრულების ან 10000 აშშ დოლარის მის სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.

მოსარჩელის განმარტებით, 1989 წელს, ეროზიის შედეგად მას დაენგრა საცხოვრებელი სახლი და მისი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ. ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა მასზე გასცა ¹შ-1745 და ¹646 საგარანტიო ცნობები, რომლებითაც აიღო ვალდებულება 1989-1990 წლებში დაწყებული 45-ბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ბინით დაეკმაყოფილებინა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია. ამის შემდგომ, მან ნათესავების დახმარებით შეიძინა ერთოთახიანი ბინა, რომელიც 1993 წელს ხანძრის შედეგად დაეწვა. ხულოს რაიონის გამგეობამ მოსარჩელეთა ბინით უზრუნველყოფის შესახებ ვალდებულება იკისრა, რაც არ შეასრულა და დროებით სასტუმროში შეასახლა.

ხულოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. შ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ხულოს რაიონის გამგეობას დაევალა შეეძინა და საკუთრებაში გადაეცა მოსარჩელისათვის ხულოს რაიონის დაბა ხულოს ტერიტორიაზე 10000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ღირებულების ეროვნული ვალუტით საცხოვრებელი ბინა ან სახლი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 10000 აშშ დოლარის გადახდა ეროვნული ვალუტით.

აღნიშნული გადაწყვეტილება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

აღნიშნული საქმე არაერთხელ განიხილა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლომ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხულოს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. შ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებულ მასალების საფუძველზე, კერძოდ, ხულოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის 1989 წლის 15 აგვისტოს ¹შ-1745 წერილის საფუძველზე მიუთითა, რომ გაიცა დაპირება ნ. შ.-ის ეროზიით დაზარალებულთა სიაში შეყვანის თაობაზე და არა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ მხარეთა განმარტებებსა და საქმის მასალებზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ დაბა ხულოში, ...-ის ქ. ¹...-ში მდებარე რაიონის ადგილობრივი მმართველობის ორგანოს კუთვნილი ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა ნ. შ.-ს უსასყიდლოდ გადაეცა ეროზიის შედეგად სტიქიით მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, ხოლო აღნიშნული საცხოვრებელი ფართის ხანძრის შედეგად განადგურების გამო, იგი შესახლებულ იქნა ხულოს სასტუმროში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ.-მ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. შ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 4 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2009 წლის 12 მარტამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. შ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.