Facebook Twitter

ბს-826-790(კ-09) 1 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. დ-ევის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2002 წლის 12 დეკემბერს ყ. და ლ. დ-ევებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ ა., ზ. და მ. ხ-ძეების მიმართ.

მოსარჩელეების განმარტებით, 1992 წელს მომხდარი ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს უცნობმა პირებმა ისინი აიძულეს დაეტოვებინათ გორის რაიონის სოფ. ... მდებარე სახლი და წასულიყვნენ რუსეთის ფედერაციაში, ქ. ვლადიკავკაზში. მოსარჩელეთა საქართველოში არყოფნის დროს მათი სახლი უკანონოდ დაიკავა ა. ხ-ძემ ოჯახთან ერთად და აღნიშნული სახლი თავის სახელზე გაიფორმა, რაც დასტურდებოდა ახალუბნის საკრებულოში გორის სახელმწიფო დაზღვევის მიერ გაკეთებული ჩანაწერებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ახალუბნის საკრებულოსა და სახელმწიფო დაზღვევის მიერ მოპასუხეთა სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვეს.

2003 წლის 11 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ახალუბნის თემის საკრებულო.

გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ყ. და ლ. დ-ევების სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საკომლო წიგნში ახალუბნის თემის საკრებულოს 1991 წლის ჩანაწერი ა., ზ. და მ. ხ-ძეებზე გორის რაიონის სოფ. ... მდებარე ყ. და ლ. დ-ევების საკომლო ქონების გაფორმების შესახებ და მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ კომლის ქონებაზე კომლის უფლებებში.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა., ზ. და მ. ხ-ძეებმა, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეთათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ა., ზ. და მ. ხ-ძეების სააპელაციო საჩივარი საქმესთან ერთად, განსჯადობის წესით, განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 24 თებერვლის პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, აპელანტთა გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 აპრილის საოქმო განჩინებით, მოპასუხეთა საჩივრის საფუძველზე, დაკმაყოფილდა მოპასუხეთა შუამდგომლობა; საქმეზე მიღებული პირველი დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუქმდა და განახლდა მოცემული საქმის წარმოება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ყ. და ლ. დ-ევებმა, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004 წლის 1 დეკემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 30 ივნისის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. და ყ. დ-ევების წარმომადგენელ დ. ჯ-ალის შუამდგომლობა; მოცემულ საქმეში თანამოპასუხედ ჩაება ახალუბნის თემის საკრებულო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2005 წლის 11 ნოემბრის განჩინებით განსახილველი საქმე განსჯადობის შემოწმების მიზნით გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 18 იანვრის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივლისის განჩინებით ა., ზ. და მ. ხ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაბრუნდა იმავე სასამართლოში.

გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ყ. და ლ. დ-ევების სარჩელი ახალუბნის საკრებულოს უფლებამონაცვლე _ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირების _ ა., ზ. და მ. ხ-ძეების მიმართ, საკომლო წიგნის ჩანაწერის გაუქმების შესახებ, არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ყ. და ლ. დ-ევების წარმომადგენელმა დ. ჯ-ალმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით ყ. და ლ. დ-ევების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-ევის წარმომადგენელმა დ. ჯ-ალმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. დ-ევის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-ევის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ლ. დ-ევს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. დ-ევის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. ლ. დ-ევს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.