ბს-827-791(2კ-09) 22 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანო _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველო, წარმომადგენელი _ ე. თ-ძე (2009 წლის 15 დეკემბრის ¹37 რწმუნებულება)
თანამოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური (არ გამოცხადდა)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ლ-შვილი, წარმომადგენელი _ ნ. ხ-შვილი (2007 წლის 29 ოქტომბრის რწმუნებულება, სანოტარო აქტი ¹1-1468)
მესამე პირი _ შპს «...»¬ (არ გამოცხადდა)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ საჯარო რეესტრში საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციის დავალდებულება, აუქციონის შედეგების სიღნაღის რაიონის სოფ. ... 250 ჰა საძოვრის პრივატიზაციის ნაწილში აუქციონის ოქმისა და შედეგების ბათილად ცნობა, მოსარჩელისათვის 250 ჰა საძოვრის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე ქმედების განხორციელების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სიღნაღის რაიონულ სასამართლოს 2007 წლის 14 ნოემბერს მიმართა გ. ლ-შვილმა, მოპასუხეების _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიმართ.
მოსარჩელემ მოითხოვა მის მფლობელობაში არსებული 250 ჰა საძოვრის კანონიერ მოიჯარედ და მფლობელად აღიარება, საიჯარო ხელშეკრულების რეესტრში რეგისტრაციის სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისათვის დავალდებულება, 2007 წლის 20 სექტემბერს ქ. თელავში ჩატარებული ღია აუქციონის შედეგების სიღნაღის რაიონის სოფ. ... მდებარე 250 ჰა საძოვრის პრივატიზების ნაწილში ბათილად ცნობა, ამავე საძოვრის პრივატიზების ნაწილში აუქციონის შედეგების დამტკიცების შესახებ სახელმწიფო ქონების პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹1854 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მოითხოვა ქმედების განხორციელების დავალდებულება 250 ჰა საძოვრის მისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 1997 წლის 14 მაისის ¹390 ხელშეკრულების საფუძველზე იჯარით გადაცემული აქვს 400 ჰა საძოვარი სოფ. ..., ივრის ტერიტორიაზე. შემდგომში აზომვებით დადგინა, რომ რეალურად იგი ფლობდა 250 ჰა ფართობის საძოვარს, რაც დაკონკრეტდა და სიღნაღის რაიონის გამგეობის 2003 წლის 28 მარტის ¹66 ოქმით მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობი განისაზღვრა 250 ჰა-ით. 2005 წელს გამგეობამ მიმართა საჯარო რეესტრს აღნიშნული ნაკვეთის მის სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნული საძოვარი დღემდე მის მფლობელობაშია, მთლიანად გადახდილი აქვს საიჯარო ქირა. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადას, აღნიშნული მხარეთა შორის დათქმული არ ყოფილა.
2007 წლის აპრილის თვეში მიმართა საჯარო რეესტრს საიჯარო ხელშეკრულების რეგისტრაციის თაობაზე, ვინაიდან სურდა მის მფლობელობაში არსებული მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება. სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურმა მოსთხოვა დამატებით საბუთები, რომელთა წარდგენის შემდეგ, ზეპირსიტყვიერად განუცხადეს უარი რეგისტრაციის განხორციელებაზე, ხოლო საბუთები არ ჩაიბარეს. მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან იჯარის ხელშეკრულება რეგისტრირებული არ იყო საჯარო რეესტრში. სახელმწიფო ქონების პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველომ მის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოაცხადა აუქციონი, სადაც მონაწილეობა მიიღო გ. ლ-შვილმაც, მაგრამ აუქციონის წესით მიწა შეისყიდა სხვა პირმა.
მოსარჩელე განმარტავდა, რომ მის საკუთრებაში არსებული ფერმები დარჩა საძოვრის გარეშე, რის გამოც მათი ფუნქციონირება შეუძლებელი იყო. აღნიშნული კი გამოწვეული იყო სარეგისტრაციო სამსახურის მიერ იჯარის ხელშეკრულების რეგისტრაციაზე უსაფუძვლო უარით. მასსა და გამგეობას შორის გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება არ შეწყვეტილა კანონით დადგენილი წესით, მხარეებს ხელშეკრულების ვადა არ დაუდგენიათ, ვინაიდან იგი გაფორმებული იყო განუსაზღვრელი ვადით. მოსარჩელე თვლიდა, რომ საჯარო რეესტრის თანამშრომლების მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადად 9 წლის მიჩნევა და ამ საფუძვლით იჯარის ხელშეკრულების დარეგისტრირებაზე უარის თქმა იყო უკანონო. ამასთან, კახეთის სამხარეო სამმართველოს არ უნდა გაეტანა მის მფლობელობაში არსებული საიჯარო მიწა აუქციონზე და მის მიერ წარდგენილი განუსაზღვრელი ვადით დადებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე უნდა მოეხდინა მის საკუთრებაში არსებული ფერმების მიმდებარე 250 ჰა მიწის პირდაპირი მიყიდვის წესით პრივატიზება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პირვატიზების შესახებ კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-9 მუხლის საფუძველზე.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სარჩელი დასაშვებად იქნა მიჩნეული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში. ამავე განჩინებით მიჩნეულ იქნა, რომ სასარჩელო მოთხოვნა საძოვრის მოიჯარედ და მფლობელად აღიარების ნაწილში იყო დაუშვებელი. ამავე სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა შპს «...».
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით გ. ლ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ლ-შვილსა და სიღნაღის რაიონის გამგეობას შორის არსებული იჯარის ხელშეკრულება, რომელიც სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე იყო დადებული, შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ კანონთან. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების საფუძველზე, ხელშეკრულებაში განსაზღვრული უნდა ყოფილიყო ვადა. რაც შეეხება 10 წელზე მეტი ვადით მიწის გაცემას, შესაძლებელი იყო მხოლოდ საქართველოს მიწის გამოყენებისა და სურსათის სამინისტროს და სატყეო დეპარტამენტთან შეთანხმებით, სათანადო ნებართვის საფუძველზე. ასეთი ნებართვა მოსარჩელეს წარდგენილი არ ჰქონია, მას ასევე არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მიმართა ნებართვის გამცემაზე უფლებამოსილ ორგანოს და ერთთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგაც ვერ მიიღო წერილობითი პასუხი, რაც ჩაითვლებოდა ნებართვის გაცემად. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების ის ეგზემპლარები, რომლებშიც ხელშეკრულების ვადა მითითებული არ იყო, ვერ ჩაითვლებოდა დადებულად და იყო ბათილი, ვინაიდან არ აკმაყოფილებდა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილების მოთხოვნებს. ხოლო ხელშეკრულების ის ეგზემპლარი, სადაც ვადად მითითებული იყო 9 წელი, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში _ 2006 წლის 14 მაისამდე არ იყო წარდგენილი მარეგისტრირებელ ორგანოში. გ. ლ-შვილს ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ასევე არ მოუთხოვია სიღნაღის რაიონის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის ¹66 ოქმის საფუძველზე ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული გ. ლ-შვილის 2007 წლის 30 ოქტომბრის წერილი საჯარო რეესტრის მიმართ ადასტურებდა, რომ მას «საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ» კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში საჯარო რეესტრისათვის წერილობით არ მიუმართავს ხელშეკრულების დარეგისტრირების მოთხოვნით. რაც შეეხება სიღნაღის რაიონის გამგეობის 2005 წლის 19 აპრილის წერილს, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნა ეხებოდა არა იჯარის ხელშეკრულების, არამედ წარდგენილი რუკის მიხედვით 250 ჰა საძოვრის რეგისტრაციას. გარდა ამისა, საქმეში არ არსებობდა მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული წერილი ჩაბარდა ადრესატს. ამდენად, საჯარო რეესტრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, დაერეგისტრირებინა საიჯარო ხელშეკრულება.
რაც შეეხება მოპასუხისადმი _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოსადმი მიმართულ სასარჩელო მოთხოვნებს, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 2007 წლის 20 სექტემბრის ღია აუქციონის შედეგები, სამმართველოს უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹1854 ბრძანება და 2007 წლის 24 სექტემბრის ¹7 ოქმი პასუხობდა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» კანონის მოთხოვნებს და არ არსებობდა მათი ბათილობის საფუძველი. რაც შეეხება ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე მოთხოვნას, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი ამ ნაწილში იყო დაუსაბუთებელი და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა გ. ლ-შვილმა, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით გ. ლ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, გ. ლ-შვილის სარჩელის დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 2007 წლის 24 სექტემბრის აუქციონი იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა მიწაზე არსებული უძრავი ქონების (ფერმების) გასხვისებას, ასევე იმ მიწის გასხვისებას, რომელზეც იდგა აღნიშნული ფერმები. დაევალა მოპასუხე ორგანოს საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის შემდეგ მიეღო ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ გ. ლ-შვილს პრივატიზებული ჰქონდა სოფ. ... მდებარე მეღორეობის ფერმა. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე გამარჯვებულად გამოცხადდა შპს «...» წარმომადგენელი გ. ჭ-ძე და 2007 წლის 27 სექტემბრის ¹1883 ბრძანების შესაბამისად, ღია აუქციონზე გამარჯვებულს მიეცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი სიღნაღის რაიონის სოფ. ... 250 ჰა მიწის ნაკვეთზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ლ-შვილის მფლობელობაში არსებული ფერმები განთავსებული იყო აუქციონის შედეგად გასხვისებულ მიწის ნაკვეთზე, აღნიშნული არ შეიძლებოდა ყოფილიყო განკარგვის ობიექტი, ხოლო ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, შეიძლებოდა თუ არა მისი გატანა ღია აუქციონზე, მიუხედავად იმისა, რომ გ. ლ-შვილი აუქციონში მონაწილეობის მიღებით დათანხმდა აუქციონის პირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილების მიღებისას დარღვეული იყო მისი მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნები, რომელთა არარსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ადმინისტრაციულ ორგანოს ევალებოდა, გამოეკვლია, თუ ვის საკუთრებაში იყო აღნიშნული ფერმები, ასევე დაედგინა ფერმების ქვეშ არსებული მიწის საკუთრების საკითხი, ვინაიდან სხვის საკუთრებაში არსებული ნივთის გაყიდვა დაუშვებელი იყო. საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით ცხადი იყო, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მსჯელობის საგანი არ გამხდარა ის გარემოება, იყო თუ არა გასხვისების ობიექტი (მიწის ნაკვეთი) გ. ლ-შვილის საკუთრება, თუ იგი ეკუთვნოდა სახელმწიფოს. აღნიშნულის თაობაზე დასაბუთება არ ასახულა ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების აუცილებლობა და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას საიჯარო ფართის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ შემთხვევაში თუ გ. ლ-შვილს იჯარით ექნებოდა მიწა გადაცემული, მესაკუთრეს არ ეზღუდებოდა უფლება, განეკარგა იგი. ამ შემთხვევაში ახალი მესაკუთრე დაიკავებდა ძველი მესაკუთრის ადგილს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით იმ ნაწილში გაასაჩივრა გ. ლ-შვილმა, რომლითაც უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კასატორი მიიჩნევს, რომ ვინაიდან სააპელაციო პალატამ მიიღო ახალი გადაწყვეტილება, მასში სრულად უნდა ასახულიყო მოტივაცია, თუ რა საფუძვლით ეთქვა უარი საძოვრის პრივატიზების ნაწილში აუქციონის ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრის მიმართ დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნაზე. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ განმარტებით და არ მიუნიშნებია არც კანონზე და არც სხვა ნორმატიულ აქტზე. ასევე არ უმსჯელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევაზე, კერძოდ, ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია, იყო თუ არა სადავო 250 ჰა საძოვარი თავისუფალი და შეიძლებოდა თუ არა მისი ღია აუქციონზე გატანა. აღნიშნულით დაირღვა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ» კანონის მე-14 მუხლის მოთხოვნები. კასატორს, სააპელაციო პალატის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ამავე კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე მესაკუთრეს არ ეზღუდებოდა უფლება, განეკარგა მიწის ნაკვეთი, შეუსაბამოდ მიაჩნია. გ. ლ-შვილი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს არა ნაწილობრივ, არამედ სრულად უნდა გაეუქმებინა სადავო ფართთან მიმართებით ჩატარებული აუქციონის შედეგები და თვლის, რომ გადაწყვეტილება ამ მიმართებით სრულად დაუსაბუთებელია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველომ, კერძოდ, იმ ნაწილში რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 2007 წლის 24 სექტემბრის აუქციონი. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება. კასატორი განმარტავს, რომ საქმეში არსებული მასალებით ფერმების გ. ლ-შვილის სახელზე რეგისტრირება დადასტურებულია, რაც შეეხება 250 ჰა მიწის ნაკვეთს, იგი წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. აღნიშნული დასტურდებოდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2007 წლის 6 აგვისტოს გაცემული ამონაწერით. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებებს სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და მიიჩნია, რომ სახეზე იყო ისეთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული ფერმა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დარღვეულ იქნა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზაციის შესახებ» კანონის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტის მოთხოვნები. კასატორი ასევე არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 4 ივნისის განჩინებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი კასატორის მიერ ხარვეზის გამოსწორების შემდეგ 2009 წლის 29 ივნისის განჩინებით მიღებულ იქნა წარმოებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 სექტემბრის განჩინებით გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად, ხოლო საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩენეულ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მხარეებს შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. ლ-შვილს სიღნაღის რაიონის სოფ. ... არსებულ სადავო საძოვარზე 1997 წლის 14 მაისის სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ¹390 ხელშეკრულების საფუძველზე გააჩნდა მფლობელობის უფლება. აღნიშნული ხელშეკრულებით მიწის ნაკვეთის ფართობი განსაზღვრული იყო 440 ჰა-ით. სიღნაღის რაიონის გამგეობის 2003 წლის 8 აპრილის ¹31 დადგენილებით დამტკიცდა მიწის იჯარით გამცემი კომისიის ¹66 ოქმი, რომლითაც გ. ლ-შვილის მფლობელობაში არსებული მიწის ფართობი განისაზღვრა 250 ჰა-ით. უდავოა ასევე ის გარემოება, რომ არც სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება და არც შემდგომში დაზუსტებული მონაცემები მარეგისტრირებელ ორგანოში დარეგისტრირებული არ ყოფილა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
საქმეში წარმოდგენილია საიჯარო ხელშეკრულების მხარეებთან დაცული სამი ეგზემპლარის ასლი, მათ შორის გ. ლ-შვილისა (ტ. I, ს.ფ. 10-19) და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს (ტ. I, ს.ფ. 131-140) მიერ წარმოდგენილ ეგზემპლარებში ხელშეკრულების ვადა დაფიქსირებული არ არის, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცულ ეგზემპლარში (ტ. I, ს.ფ. 150-159) ხელშეკრულების მოქმედების ვადად დადგენილია 9 წელი. საქმეში არსებული სიღნაღის რაიონის გამგეობის 2005 წლის 19 აპრილის ¹478 მიმართვით (ტ. I, ს.ფ. 40), საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურისადმი დგინდება, რომ რაიონის გამგეობამ წარდგენილი რუკის მიხედვით სოფელ ბოდბეში ივრის ტერიტორიაზე არსებული 250 ჰა საძოვრის რეგისტრაცია მოითხოვა, აღნიშნული მიმართვის საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადაში ადრესატისათვის ჩაბარება კიდეც რომ დასტურდებოდეს, მიწის ნაკვეთის რუკა არ წარმოადგენს მასზე რაიმე უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ამდენად, აღნიშნული დოკუმენტი საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რაიმე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მიჩნეული ვერ იქნება. საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ სიღნაღის რაიონის სოფ. ... არსებული 250 ჰა მიწის ნაკვეთზე, კვარტლის ¹40, ¹129 ნაკვეთი 2007 წლის 3 აგვისტოს პირველადი რეგისტრაციით, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს 2007 წლის 27 ივლისის ¹2200 მომართვის საფუძველზე პირველადი რეგისტრაციით რეგისტრირებულ იქნა სახელმწიფოს საკუთრების უფლება (ტ. I, ს.ფ. 36). აღნიშნულ ნაკვეთზე ამონაწერის გაცემის დროისათვის იჯარის უფლება რეგისტრირებული არ იყო. საკასაციო პალატა ეთანხმება მოსაზრებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად მიუთითა იჯარის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის იმ დროს მოქმედი «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დაუცველობაზე და ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრირების სავალდებულობაზე. საქმის გარემოებათა ეს სამართლებრივი შეფასება მართებულად გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ. საკასაციო პალატა ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებს 2007 წლის 20 სექტემბრის ღია აუქციონის შედეგებისა და სამმართველოს უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹1854 ბრძანების იმ ნაწილის კანონშესაბამისობაზე, რომლებზეც არ მდებარეობს გ. ლ-შვილის კუთვნილი ფერმები. საკასაციო პალატა ასევე იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას პირდაპირი მიყიდვის წესით საიჯარო ფართის გადაცემასთან დაკავშირებულ შეფასებებს. აღნიშნულის გამო, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის აღნიშნული მოთხოვნების მიმართ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებული იყო კანონის შესაბამისად, რის გამოც გ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად. გადაწყვეტილება ამ ნაწილში შესულია კანონიერ ძალაში.
რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული მასალების ანალიზი ცხადყოფს, რომ გ. ლ-შვილს საკუთრებაში აქვს სიღნაღის რაიონის, სოფ. ..., ივრის ტერიტორიაზე არსებული ფერმები. დადგენილია, რომ სიღნაღის რაიონის ... ... სახელობის კოლმეურნეობის 1996 წლის 5 მარტის ¹4 საერთო სხდომის ოქმის საფუძველზე გ. ლ-შვილმა იყიდა ამავე სოფელში არსებული მეღორეობის ფერმა (თ. I, ს.ფ. 255). ამავე ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე სიღნაღის რაიონის აგროფირმა «...» და გ. ლ-შვილს შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 252), ხოლო 1998 წლის 28 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტით გ. ლ-შვილს გადაეცა მის მიერ შესყიდული მეღორეობის ფერმა (ტ. I, ს.ფ. 253). საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სიღნაღის ტექნიკური აღრიცხვის რაიონული სამმართველოს მიერ 2003 წლის 5 თებერვალს გაცემული ¹24 სარეგისტრაციო მოწმობით დგინდება, რომ სოფ. ..., ივრის პირზე მდებარე ფერმის შენობები _ საღორეებისა და მწყემსების საცხოვრებელი ოთახი, რომელიც შედგება 894 კვ.მ. საცხოვრებელი და 853 კვ.მ. დამხმარე ფართისაგან, განლაგებულია 1082 მ2 მიწის ნაკვეთზე. ფერმები რეგისტრირებულია გ. ლ-შვილის სახელზე, რეესტრის რეგისტრაციის ¹217 (ტ. I, ს.ფ. 260). აღნიშნული ასევე დასტურდება მეღორეობის ფერმებისა და მწყემსების საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის, მასზე თანდართული შენობისა და მიწის ნაკვეთის გეგმებით, ასევე ცნობა-დახასიათებით (ტ. I, 257-259, 261). საქმეში ასევე წარმოდგენილია 2009 წლის 10 მარტს გაცემული საჯარო რეესტრის ამონაწერი, საიდანაც დგინდება, რომ გ. ლ-შვილს საკუთრებაში გააჩნია სიღნაღის რაიონის სოფ. ... მდებარე სახელმწიფო მიწაზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ტ. I, ს.ფ. 272). ამდენად, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ გ. ლ-შვილს მეღორეობის ფერმის შესყიდვის შემდეგ საკუთრებაში გადაეცა შენობა-ნაგებობების ქვეშ არსებული მიწის ნაკვეთი. საქმეში წარმოდგენილი გ. ლ-შვილის 2007 წლის 15 მაისის განცხადებით, კახეთის სამხარეო სამმართველოსადმი (რეგ. ¹38-ლ), განმცხადებელი თავად ადასტურებდა, რომ სადავო მიწის პირდაპირი წესით შესყიდვას ვერ ახერხებდა იჯარის ხელშეკრულების არასრულყოფილების გამო და ითხოვდა ნებართვას მისი ღია აუქციონით შესყიდვის თაობაზე (ტ. I, ს.ფ. 120). მიწის საკუთრებაში არარსებობა კასატორ გ. ლ-შვილს სადავოდ არ გაუხდია დავის განხილვის არც ერთ სტადიაზე. იგი, როგორც სრული _ 250 ჰა სადავო საძოვრის მოიჯარე სარჩელით ითხოვდა პირდაპირი მიყიდვის გზით მიწის საკუთრებაში გადაცემას.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას საკასაციო პრეტენზიის სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლზე დაყრდნობით დასაბუთების თაობაზე და თვლის, რომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერი ადასტურებს სადავო მიწის გასხვისების დროისათვის მასზე სახელმწიფო საკუთრების არსებობას. საქმეში წარმოდგენილი არ არის საჯარო რეესტრის აღნიშნული ჩანაწერის მცდარობის ან უზუსტობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ღია აუქციონის შედეგებისა და სამმართველოს უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის ¹1854 ბრძანების ბათილობის საფუძველი გახდა ის გარემოებაც, რომ გარდა შენობა-ნაგებობების ქვეშ არსებული მიწისა, ღია აუქციონზე გასხვისდა გ. ლ-შვილის საკუთრებაში არსებული ფერმები, რასაც საკასაციო პალატა არ ეთანხმება და განმარტავს შემდეგს:
2007 წლის 20 სექტემბრის ღია აუქციონში გამარჯვების ¹13 ოქმით დგინდება, რომ მიწის ნაკვეთი, რიგითი ¹017, 250 ჰა საძოვარი 100 000 ლარად შესყიდულ იქნა შპს «...» წარმომადგენლის _ გ. ჭ-ძის მიერ. ამავე ოქმით დგინდება, რომ აუქციონით სხვა უძრავი ქონება, მათ შორის შენობა-ნაგებობები, არ გასხვისებულა (ტ.I, ს.ფ. 115). 2007 წლის 20 სექტემბერს კახეთის სამხარეო სამმართველოში გამართულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ღია აუქციონზე ¹17 მიწის ნაკვეთად გატანილ იქნა სიღნაღის რაიონის სოფ. ... არსებული 250 ჰა საძოვარი, საწყისი საპრივატიზებო ფასი _ 7500 ლარი. საქმეში წარმოდგენილი ღია აუქციონის ¹7/ღია ოქმით დგინდება, რომ მონაწილე პირთაგან მიწის ნაკვეთი 100 000 ლარად გაიყიდა შპს «...». კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 24 სექტემბრის ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ჩატარებული აუქციონის შედეგები (ტ. I, ს.ფ. 106). ამავე სამმართველოს უფროსის 2007 წლის 27 სექტემბრის ¹1883 ბრძანებით შპს «...» სახელით გ. ჭ-ძეზე გაიცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი. დადგენილია, რომ 2007 წლის 27 სექტემბერს გაცემული ¹2517 ოქმი მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის თაობაზე, კახეთის სამხარეო სამმართველოს უფროსის 2007 წლის 19 ნოემბრის ბრძანებით გასწორდა და მასში დაფიქსირებული «სხვა უძრავი ქონების აღწერილობა _ სახნავი», შეიცვალა «სხვა უძრავი ქონების აღწერილობა _ საძოვარით» (ტ.I, ს.ფ. 116). ამდენად, კახეთის სამხარეო სამმართველოში 2007 წლის 20 სექტემბერს ჩატარებული ღია აუქციონის შედეგებით დადგენილია, რომ რიგითი ¹17-ით გასხვიდა მხოლოდ მიწის ნაკვეთი (აღწერილობა _ საძოვარი).
ამდენად, გ. ლ-შვილის საკუთრებაში არსებული ფერმების ქვეშ მდებარე მიწის მისსავე საკუთრებაში არსებობა არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებიდან. ასევე საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ღია აუქციონზე ფერმების გასხვისების თაობაზე. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად, საჭიროების შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებზე დაყრდნობით, თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების შეგროვების მიზნით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი და სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე1» ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძველი, ვინაიდან ხსენებული გადაწყვეტილების დასაბუთება დაშვებულ ნაწილში იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება დაშვებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კახეთის სამხარეო სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება დაშვებულ ნაწილში და საქმე ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. სასამართლო ხარჯების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.