¹ბს-82-80(კ-09) 27 მაისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე
ნუგზარ სხირტლაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოსარჩელე) _ ე. გ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები): 1. ქ. ბათუმის მერია; 2. შპს «...»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში ცვლილების შეტანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 19 მარტს ე. გ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეების _ ქ. ბათუმის მერიისა და შპს «...» მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს «...” მიმართ მისი სარჩელის გამო საქმეზე, 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტით შპს «...» აიღო ვალდებულება მის მიერ აუქციონის წესით შეძენილ სადავო მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, ამავე საცხოვრებელ სახლში, მე-8-12 სართულებს შორის, ე. გ-ძისათვის საკუთრების უფლებით 70 კვ.მ-დან 90 კვ.მ-მდე ინდივიდუალური საკუთრების ფართის გადაცემის შესახებ, ხოლო სანაცვლოდ, ე. გ-ძემ უარი თქვა საჯარო რეესტრის მონაცემების, აუქციონის გამოცხადების შესახებ ქ. ბათუმის მერიის ბრძანებისა და აუქციონის შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნაზე. სადავო აუქციონი გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის მიერ და ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანებით კვლავ გამოცხადდა აუქციონი, რომლის ერთადერთი მონაწილე იყო შპს «...”, რომელიც გამოცხადდა გამარჯვებულად, ხოლო ე. გ-ძის ინტერესები არ იქნა გათვალისწინებული არც პირობიანი აუქციონის გამოცხადების შესახებ ქ. ბათუმის მერიის ბრძანებით და არც აუქციონის ოქმით.
მოსარჩელის მტკიცებით, მას ჰქონდა უფლება სადავო მიწაზე, რადგან საკომლო ჩანაწერებით, იგი იყო მისი ოჯახის საკუთრება, ხოლო ხსენებული მიწა გასხვისებული იყო ქ. ბათუმის მერიის მიერ, შესაბამისი მორიგების აქტით კი, შპს «...» და ქ. ბათუმის მერია იღებდნენ ვალდებულებას, დაეკმაყოფილებინათ ე. გ-ძე სადავო მიწის ნაკვეთზე მშენებარე სახლში შესაბამისი საცხოვრებელი ფართით. მოსარჩელემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლზე, «უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” საქართველოს კანონზე, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსზე, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა: ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც გამოცხადდა პირობიანი აუქციონი ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე; 2008 წლის 25 თებერვლის აუქციონის შედეგების (ოქმის) ბათილად ცნობა; შესაბამისი ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრში.
მოსარჩელე ე. გ-ძის წარმომადგენელმა ნ. ბ-ძემ მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და დამატებით მოითხოვა 2008 წლის 16 აპრილის ¹01 საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობა. ნ. ბ-ძემ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13, 67-ე, 75-ე, 95-ე და მე-601 მუხლებზე და დამატებით განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-34-ე მუხლების შესაბამისად, ქ. ბათუმის მერია ვალდებული იყო, «ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე პირობიანი აუქციონის გამოცხადების შესახებ” ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის _ 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანების გამოცემის დროს მოსარჩელე ჩაება ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილედ და შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ედუარდ გოგიტიძის უფლებები.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის ¹114 ყ/დ განჩინებით ე. გ-ძის განცხადება დაკმაყოფილდა; სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო შპს «...» საკუთრებაში რიცხულ, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ მიწის ნაკვეთს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით ე. გ-ძის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის ¹114 ყ/დ განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო შპს «...» საკუთრებაში რიცხულ, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ მიწის ნაკვეთს.
საქალაქო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული დავა ე. გ-ძის სარჩელის გამო, რომლითაც ე. გ-ძე მოითხოვდა საჯარო რეესტრის იმ ჩანაწერის ბათილად ცნობას, რომლის თანახმადაც, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებული 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით შეიძინა შპს «...” და საკუთრების უფლებით რეგისტრაციაში გატარდა მის სახელზე. აღნიშნული საქმის განხილვისას, 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტის საფუძველზე, მხარეებს შორის მოხდა მორიგება, რომლის მიხედვითაც, შპს «...” აიღო ვალდებულება, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განეხორციელებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა, ქ. ბათუმის მთავრობასა და შპს «...” შორის 2006 წლის 31 მაისს დადებული ¹1-5888 ხელშეკრულების შესაბამისად. ამავე მორიგების აქტის თანახმად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენებისა და მისი ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, შპს «...” ე. გ-ძისათვის საკუთრების უფლებით უნდა გადაეცა ამ სახლში 70 კვ.მ-დან 90 კვ.მ-მდე ინდივიდუალური საკუთრების ფართი, მე-8-12 სართულებს შორის. ხსენებული მორიგების აქტის საფუძველზე, ე. გ-ძემ, თავის მხრივ, უარი განაცხადა სასარჩელო მოთხოვნაზე. აღნიშნული მორიგების აქტის შედგენის შემდეგ, ქ. ბათუმის მერიასა და შპს «...” შორის 2006 წლის 31 მაისს დადებული ხელშეკრულება გაუქმდა, ბათილად გამოცხადდა აუქციონის შედეგები და შესაბამისად, გაუქმდა შპს «...» საკუთრების უფლება ხსენებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მიწა საჯარო რეესტრში კვლავ აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის სახელზე. ზემოაღნიშნულის შემდეგ, ქ. ბათუმის მერიამ 2008 წლის 21 იანვარს გამოსცა ¹34 ბრძანება ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე პირობიანი აუქციონის გამოცხადების შესახებ. აუქციონში კვლავ მიიღო მონაწილეობა შპს «...” და საქმეში წარმოდგენილი თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის 2008 წლის 25 თებერვლის ოქმის თანახმად, გამარჯვებულად იგი გამოცხადდა, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინა 410000 ლარად.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანება მიღებული იყო კანონის დარღვევით და ქ. ბათუმის მერია ვალდებული იყო, ხსენებული აქტის მიღებისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს მიეწვია ე. გ-ძე. ამასთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ იყო დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი, მაგრამ აღნიშნული არ ათავისუფლებდა მოსარჩელეს ვალდებულებისაგან, დაესაბუთებინა თავისი სარჩელი და წარედგინა სათანადო მტკიცებულებანი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ვერ ასაბუთებდა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობას და ვერ მიუთითებდა, თუ მისი რა კანონიერი ინტერესი დაირღვა ქ. ბათუმის მერიის მიერ მის საკუთრებაში რიცხულ ფართზე გამოცხადებული აუქციონით. იმ გარემოებას, რომ ე. გ-ძესა და შპს «...” შორის ადრე არსებობდა მორიგების აქტი, არანაირი სამართლებრივი კავშირი არ გააჩნდა ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანების კანონიერებასთან. ქ. ბათუმის მერიას სადავო ბრძანების მიღების უფლებამოსილება გააჩნდა «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, «სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 20 სექტემბრის ¹1-1/1417 ბრძანების შესაბამისად. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად კი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილი იყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს ან არსებითად იყო დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. არსებით დარღვევად ჩაითვლებოდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. აღნიშნულზე მითითება იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლშიც, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ყოფილიყო ცნობილი ბათილად, თუ იგი ეწინააღმდეგებოდა კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდა მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავდა მის უფლებას, რაც მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ იყო. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვებოდა. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი. ე. გ-ძის მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი.
ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებდა ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ე. გ-ძეს უარი ეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, ამიტომ აღნიშნული მუხლის ნორმიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, აღარ არსებობდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველიც, რის გამოც უნდა გაუქმებულიყო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 19 ივნისის ¹114 ყ/დ განჩინება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე, შპს «...» საკუთრებაში რიცხულ 3626 კვ.მ მიწის ნაკვეთს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით ე. გ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მისი სამართლებრივი დასკვნები, დამატებით მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლზე და საქმეში წარმოდგენილი მორიგების აქტის ასლის მიხედვით, დადგენილად მიიჩნია, რომ ხსენებული მორიგების აქტით, ერთი მხრივ, მოსარჩელე ე. გ-ძე და მეორე მხრივ, მესამე პირი შპს «...» შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე: შპს «...» იკისრა ვალდებულება, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, მოსარჩელე ე. გ-ძისათვის ამავე საცხოვრებელ სახლში საკუთრების უფლებით გადაეცა 70 კვ.მ-დან 90 კვ.მ-მდე ინდივიდუალური საკუთრების ფართი, მე-18-12 სართულებს შორის. 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტს ხელს აწერდნენ მხოლოდ შპს «...» და ე. გ-ძე. ამ მორიგების აქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიას არ აუღია რაიმე ვალდებულება ე. გ-ძის მიმართ და ხელიც არ მოუწერია შესაბამის აქტზე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინებით ¹3/549 ადმინისტრაციულ საქმეზე დამტკიცდა მორიგების აქტი, რის გამოც შეწყდა აღნიშნული საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნული მორიგების აქტის საფუძველზე, ქ. ბათუმის მერიას წარმოეშვა რაიმე ვალდებულება ე. გ-ძის მიმართ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ის გარემოება, რომ შპს «...» იკისრა ვალდებულება ე. გ-ძის მიმართ, არ შეიძლებოდა გამხდარიყო აუქციონის შესახებ ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოცემული აქტისა და აუქციონის შედეგების ბათილობის საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის არც ერთი საფუძველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, შესაბამის მორიგების აქტს ხელს აწერს ყველა მხარე, მათ შორის, ქ. ბათუმის მერია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური, რომლებიც იყვნენ მოპასუხეები, ხოლო შპს «...» იყო მესამე პირი. შესაბამისი მორიგების აქტით მესამე პირმა აიღო ვალდებულება ე. გ-ძის მიმართ, მაგრამ მორიგების მონაწილეები იყვნენ ხსენებული მოპასუხეები და ისინი ეთანხმებოდნენ ამ მორიგებას, რითაც აღიარებდნენ ე. გ-ძის შესაბამის უფლებას, რომელიც მათ ედავებოდა თავის საკუთრებაზე, კერძოდ, თუ რატომ გატარდა მისი მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმის მერიის სახელზე რეგისტრაციაში, მაშინ, როდესაც საკომლო ჩანაწერით, იგი იყო მისი და მისივე ოჯახის საკუთრება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო დარღვეული ე. გ-ძის რაიმე კანონიერი უფლება. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლი, რომლის თანახმად, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე, ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. ხელახალი პირობიანი აუქციონის გამოცხადების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას, ე. გ-ძეს მონაწილეობა უნდა მიეღო ადმინისტრაციულ წარმოებაში, რადგან იგი არის დაინტერესებული მხარე და დაირღვა მისი საკუთრების უფლება. თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის, კერძოდ, დაინტერესებული მხარის მიწვევისა და მისი კანონიერი უფლების გათვალისწინების წესი, აღნიშნული, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველია. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 244-ე მუხლები, რაც ამ კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების თანახმად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 თებერვლის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2009 წლის 5 თებერვლის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 მარტის განჩინებით ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის «ა» ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით, 2009 წლის 22 მაისს, 12.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში იყო ადმინისტრაციული საქმე ე. გ-ძის სარჩელის გამო, ქ. ბათუმის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს «...» მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტის საფუძველზე, მხარეები _ ერთი მხრივ, ე. გ-ძე და მეორე მხრივ, მესამე პირი შპს «...» შეთანხმდნენ და მათ ხსენებული ადმინისტრაციული საქმე დაამთავრეს მორიგებით, რომლის მიხედვითაც, შპს «...” აიღო ვალდებულება, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენებისა და ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ამავე საცხოვრებელ სახლში ე. გ-ძისათვის საკუთრების უფლებით გადაეცა 70 კვ.მ-დან 90 კვ.მ-მდე ინდივიდუალური საკუთრების ფართი, მე-8-12 სართულებს შორის (ს.ფ. 14-15). იმავე მორიგების აქტის თანახმად, შპს «...» ვალდებული იყო, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა განეხორციელებინა ქ. ბათუმის მთავრობასა და შპს «...” შორის 2006 წლის 31 მაისს დადებული ¹1-5888 ხელშეკრულების შესაბამისად. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს განჩინებით დამტკიცდა აღნიშნული მორიგების აქტი და შეწყდა ქ. ბათუმის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს «...» მიმართ ე. გ-ძის სარჩელის გამო საქმის წარმოება (ს.ფ. 133-134).
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ე. გ-ძესა და შპს «...» შორის 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტის შედგენის შემდგომ, ქ. ბათუმის მერიასა და შპს «...” შორის 2006 წლის 31 მაისს დადებული ¹1-5888 ხელშეკრულება გაუქმდა, ბათილად გამოცხადდა აუქციონის შედეგები და შესაბამისად, გაუქმდა შპს «...» საკუთრების უფლება ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე, ხოლო მიწა საჯარო რეესტრში კვლავ აღირიცხა ქ. ბათუმის მერიის სახელზე, რის შემდეგაც ქ. ბათუმის მერმა 2008 წლის 21 იანვარს გამოსცა «ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე პირობიანი აუქციონის გამოცხადების შესახებ» ¹34 ბრძანება (ს.ფ. 16-17). ხსენებული აუქციონის პირობა იყო ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2008 წლის 25 თებერვლის ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე პირობიან აუქციონში მონაწილეობა მიიღო შპს «...” და გამარჯვებულად იგი გამოცხადდა, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეიძინა 410000 ლარად (ს.ფ. 22-25). ხსენებული ოქმის მიხედვით, მყიდველი _ შპს «...” ვალდებული იყო, მისთვის საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე აეშენებინა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი, ასევე _ საცხოვრებელი კომპლექსის საერთო ფართის 15% საცხოვრებელი ბინების სახით, საკუთრების უფლებით გადაეცა თვითმმართველი ქალაქ ბათუმისათვის.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ე. გ-ძემ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის მოთხოვნით ქ. ბათუმის მერიის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და შპს «...» მიმართ სარჩელზე უარი თქვა სწორედ 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტის საფუძველზე, ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენების შემდეგ, შპს «...” მიერ მისთვის ამ სახლში 70 კვ.მ-დან 90 კვ.მ-მდე ინდივიდუალური საკუთრების ფართის, მე-8-12 სართულებს შორის, გადაცემის ვალდებულების აღების გამო. ამდენად, სადავო ვერ გახდება ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 4000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელ მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში 70 კვ.მ-დან 90 კვ.მ-მდე ინდივიდუალური საკუთრების ფართზე ე. გ-ძის საკუთრების უფლების არსებობა, რადგან ხსენებული უფლების ე. გ-ძისათვის მინიჭება იურიდიულად დადასტურებულია 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 3 აგვისტოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით. ამასთან, 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტში მიეთითა ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის შესახებ ქ. ბათუმის მთავრობასა და შპს «...” შორის 2006 წლის 31 მაისს დადებულ ¹1-5888 ხელშეკრულებაზე, ხსენებული ხელშეკრულება კი გაუქმდა. გარდა ამისა, მოსარჩელესა და შპს «...” შორის გაფორმებული 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტის პირობა იყო შპს «...” მიერ ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენება და ამავე საცხოვრებელ სახლში ე. გ-ძისათვის საკუთრების უფლებით 70 კვ.მ-დან 90 კვ.მ-მდე ინდივიდუალური საკუთრების ფართის სავალდებულო წესით გადაცემა, ხოლო ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანებისა და თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მერიის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2008 წლის 25 თებერვლის ოქმის საფუძველზე, იმავე შპს «...” ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის პირობა იყო ხსენებულ მიწის ნაკვეთზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. 2008 წლის 16 აპრილის ¹01 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა კი, შპს «...” გაიცა სწორედ 2008 წლის 25 თებერვლის ზემოხსენებული ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით (ს.ფ. 121).
საკასაციო სასამართლო ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასრულყოფილად იმსჯელა მოცემულ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კომპლექსურად არ შეუფასებია ამ საქმის ყველა გარემოება და შესაბამისად, მიიღო დაუსაბუთებელი განჩინება. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაპყრობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 4 ივლისის სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მიცემულ განმარტებაზე იმის შესახებ, რომ ქ. ბათუმის მერიამ ისე გამოაცხადა აუქციონი ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომ არ გაუთვალისწინებია ე. გ-ძის ინტერესები, მაშინ, როდესაც არსებობდა 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტი (ს.ფ. 65-68), ასევე _ ე. გ-ძის სააპელაციო საჩივარში მითითებას იმის თაობაზე, რომ ქ. ბათუმის მერია ვალდებული იყო, 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანების მიღებისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების დროს ე. გ-ძე მიეწვია დაინტერესებულ მხარედ და არ იქნა გათვალისწინებული ე. გ-ძის უფლებები (ს.ფ. 82-91). ამასთან, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ იმის შესახებ, რომ, ვინაიდან 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტს ხელს აწერდნენ მხოლოდ შპს «...» და ე. გ-ძე, ამ მორიგების აქტის შესაბამისად, ქ. ბათუმის მერიას არ აუღია რაიმე ვალდებულება ე. გ-ძის მიმართ, ხოლო ის გარემოება, რომ შპს «...» იკისრა ვალდებულება ე. გ-ძის მიმართ, არ შეიძლებოდა გამხდარიყო აუქციონის შესახებ ქ. ბათუმის მერიის მიერ გამოცემული აქტისა და აუქციონის შედეგების ბათილობის საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ე. გ-ძის მიერ წინამდებარე სარჩელის აღძვრის მოტივაცია და მოსარჩელის ნამდვილი მიზანი რეალურად მდგომარეობს 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტით გათვალისწინებული და კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი განჩინებით დამტკიცებული მისი საკუთრების უფლების დაცვასა და ამავე უფლების განხორციელებაში, რის გამოც ამ შემთხვევაში, მთავარია არა საჯარო რეესტრის ჩანაწერში მითითებულ მესაკუთრე და ვალდებულ სუბიექტზე, ან ხსენებული მორიგების აქტის ფარგლებში ვალდებულების ამღები სუბიექტის განსაზღვრაზე მსჯელობა, არამედ ამ საქმის მხარეთა შორის დავის მართებულად რეგულირებისა და ამავე საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობა აქვს ქ. ბათუმის მერის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 გასაჩივრებული ბრძანების გამოცემით ე. გ-ძის ხსენებული საკუთრების უფლების შესაძლო დარღვევაზე მსჯელობას, ასევე _ ამ უფლების რეალიზებასა და შესაბამისი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით, მოპასუხე შპს «...» პოზიციას, იმის გათვალისწინებით, რომ 2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტში მიეთითა შემდეგზე: შეთანხმებაზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებდნენ, რომ წინამდებარე მორიგების მიღწევისა და მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მიღებული რომელიმე სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დადგენილება, სასამართლო გადაწყვეტილება ან მიმდინარე სასამართლო დავა ზეგავლენას ვერ მოახდენდა ამ შეთანხმების ნამდვილობაზე მთლიანად ან მისი ცალკეული დებულებების აღსრულებაზე; ხელმოწერილი შეთანხმება წარმოადგენდა მხარეთათვის შესასრულებლად უპირობოდ მავალებელ სამართლებრივ დოკუმენტს; წინამდებარე შეთანხმება თანაბრად იყო სავალდებულო შესასრულებლად, როგორც მისი ხელმომწერი მხარეებისათვის, ასევე მათი უფლებამონაცვლეებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში, სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი _ ხსენებული განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სრულყოფილად უნდა შეაფასოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, იმსჯელოს იმის თაობაზე, რომ «ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე პირობიანი აუქციონის გამოცხადების შესახებ» 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანების გამოცემისას, უნდა გაეთვალისწინებინა თუ არა ქ. ბათუმის მერიას ე. გ-ძის ინტერესები, რადგან ხსენებული პირობიანი აუქციონი გამოცხადდა იმ მიწის ნაკვეთზე (2006 წლის 2 აგვისტოს მორიგების აქტში მითითებულია ქ. ბათუმში, ... და ... ქუჩების კვეთაში არსებულ 4000 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, ხოლო ქ. ბათუმის მერიის 2008 წლის 21 იანვრის ¹34 ბრძანებაში _ იმავე ქუჩების კვეთაში მდებარე 3626 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე), რომელზე ასაშენებელ საცხოვრებელ სახლშიც საგნობრივად განისაზღვრა შპს «...» ვალდებულება ე. გ-ძისათვის ამავე სახლში 70 კვ.მ-დან 90 კვ.მ-მდე ინდივიდუალური საკუთრების ფართის გადაცემის შესახებ და შესაბამისად _ ამ ფარგლებში ე. გ-ძის საკუთრების უფლების განხორციელება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. გ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 30 ოქტომბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად გადაეგზავნოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.