Facebook Twitter

ბს-828-792(კ-09) 23 დეკემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჯ. კ-გამის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ჯ. კ-გამმა 22.06.07წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, რომლიტაც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მოსარჩელისათვის ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მისთვის ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციის დავალება მოითხოვა.

მოსარჩელის მითითებით, შრი-ლანკაში ის, როგორც ეთნიკური თამილი, იდევნებოდა, დაბრუნების შემთხვევაში საფრთხე შეექმნებოდა მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რის გამოც მოითხოვა ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 04.05.07წ. ¹01/01-17/3401 წერილით, უარი ეთქვა სტატუსის მაძიებლად რეგისტაციაზე იმის გამო, რომ არ განიცდიდა 1951 წლის კონვენციით გათვალისწინებულ დევნას.

ჯ. კ-გამმა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიჩნია დაუსაბუთებლად იმის გამო, რომ ის გამოტანილია ,,ლტოლვილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილებისა და 601 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით. მოსარჩელის განცხადებით, სამანისტროს გადაწყვეტილებაში არ ყოფილა მითითება გასაჩივრების შესაძლებლობის შესახებ, ორგანო, სადაც შესაძლებელია გასაჩივრება, გადაწყვეტილებას ისეთი ფაქტები და გარემოებები დაედო საფუძვლად, რომლებიც არ ყოფილა გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოებისას, რაც მისი ბათილად ცნობის საკმარისი საფუძველია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.10.08წ. გადაწყვეტილებით ჯ. კ-გამის მოთხოვნა დაკმაყოოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მისი ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 04.05.07წ. ¹01/01-17/3401 წერილი, მოპასუხეს დაევალა საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანიონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 06.10.08წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ და მოითხოვა მისი გაუქმება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 11.03.2009წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, ხოლო ჯ. კ-გამის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ვინაიდან ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად დასარეგისტრირებლად სამინისტროს აქვს მხოლოდ 3-დღიანი ვადა, რომლის გაგრძელება არაა დაშვებული კანონით, სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ განცხადებაში მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით, ჯ. კ-გამის განცხადებაში კი არ იყო მითითებული და დასაბუთებული, რის საფუძველზე იდევნებოდა ის, რაც გახდა განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლომ მიუთითა, რომ ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციისათვის აუცილებელი პირობაა, რომ პირი, რომელიც იდევნება შემოვიდეს საქართველოს ტერიტორიაზე, მოცემულ შემთხვევაში კი დგინდება, რომ ჯ. კ-გამი თავისი ქვეყნიდან ჯერ მალაიზიაში გაემგზავრა, შემდეგ – ირანში, თურქეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში და კვლავ დაბრუნდა საქართველოში და სამინისრტროს ლტოლვილის სტატუსის მაძიებლად რეგისტრაციაზე მიმართა მხოლოდ შემოსვლიდან 4 თვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დააპატიმრეს, რაც სასამართლოს მოსაზრებით, უდავო დასტურია იმისა, რომ მოსარჩელეს ამ გზით სურდა პასუხისმგებლობის შემსუბუქება ან მისი თავისდან აცილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.09წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ჯ. კ-გამმა, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. კ-გამის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჯ. კ-გამის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ. კ-გამის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.03.09წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.