Facebook Twitter

¹ბს-829-793(კ-09) 10 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა შპს «...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 24 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 11 თებერვალს გარდაბნის დაცვის პოლიციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს «...» მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელე სასრჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხისათვის 2280 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 68,4 ლარის მის სასრგებლოდ დაკისრებას.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით გარდაბნის დაცვის პოლიციის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; შპს «...» დაცვის პოლიციის სასარგებლოდ დაეკისრა 2348 ლარის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 1999 წლის 19 მარტის განჩინებით გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

1999 წლის 1 აპრილს გარდაბნის დაცვის პოლიციამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონულ სასამართლოს და მოთხოვა შპს «...» 17774,32 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება.

შპს «...» შეგებებული სარჩელით მიმართა გარდაბნის რაიონის სასამართლოს და მოითხოვა გარდაბნის რაიონის დაცვის პოლიციას მის სასარგებლოდ დაკისრებოდა მიყენებული ზიანის - 41312,5 ლარის ანაზღაურება.

მოგვიანებით შპს «...» დააზუსტა შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა და მოთხოვა ზიანის 31249,8 აშშ დოლარის ანაზღაურება.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 28 მარტის განჩინებით შსს საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველო საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე.

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით საკუთრების დაცვის გარდაბნის რაიონის პოლიციის განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს «...» დაეკისრა საკუთრების დაცვის გარდაბნის რაიონის პოლიციის განყოფილების სასარგებლოდ 3858,47 ლარის გადახდა. შპს «...» შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. არასაუწყებო დაცვის გარდაბნის რაიონის პოლიციის განყოფილებას დაეკისრა შპს «...» სასარგებლოდ ზარალის - 69913,47 ლარის, ასევე წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯის – 1640 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 1720,44 ლარის ანაზღაურება.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს გარდაბნის რაიონის დაცვის პოლიციამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას შპს «...» ზიანის - 69913,47 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შპს «...» შეგებებულ სარჩელზე უარის თქმას.

2003 წლის 18 მარტს, შპს «...» შეგებებული სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილების იმგვარად შეცვლა, რომ განსახილველ საქმეში შსს გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილებასთან ერთად მოპასუხედ ჩაბმულიყო შსს საკუთრების დაცვის პოლიციის მთავარი სამმართველო და ზარალის ანაზღაურება დაკისრებოდათ მოპასუხეებს სოლიდარულად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 18 აპრილის განჩინებით შპს «...» შეგებებული სააპელაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით შსს გარდაბნის რაიონის დაცვის პოლიციის განყოფილების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილებამ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2004 წლის 25 ნოემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის დაცვის პოლიციის განყოფილების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 იანვრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის დაცვის პოლიციის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს «...».

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 12 ივნისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შპს «...» საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, შპს «...» საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს შპს «...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ შპს «...» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. გ-იანს უნდა დაუბრუნდეს შპს «...» საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% (210 ლარი).»

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «...» უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. ი. გ-იანს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.