ბს-833-801(კ-08) 24 ივნისი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნინო გოგატიშვილი
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე)_– ი/მ «ი. ს-ძე»
მესამე პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
დავის საგანი _ საგადასახადო მოთხოვნის და საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.08წ. განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
08.08.05წ. ი. ს-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს და თელავის საგადასახადო ინსპექციის 18.04.05წ. ¹14 საგადასახადო მოთხოვნის და 13.06.05წ. ¹15 შეტყობინების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 02.05.02წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა და გადახდილად ჩაეთვალა 112.995 ლარის დღგ. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შევიდა კანონიერ ძალაში. ამის შემდეგ მას აღარ განუხორციელებია სამეწარმეო საქმიანობა და იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. 2005წ. თელავის საგადასახადო ინსპექციამ უკანონოდ დააკისრა 574 600 ლარის გადახდა.
თელავის რაიონული სასამართლოს 28.09.05წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 18.04.05წ. საგადასახადო მოთხოვნა და ამავე ინსპექციის 13.06.05წ. ¹15 შეტყობინება, მოპასუხეს საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემა დაევალა. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ იმ ანგარიშ-ფაქტურების მიმართ, რომელთა საფუძველზეც თელავის საგადასახადო ინსპექცია მოსარჩელეს გადასახდელად აკისრებდა დღგ-ს, კანონიერ ძალაში იყო შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც თელავის საგადასახადო ინსპექციამ აღასრულა. ანგარიშ-ფაქტურების მე-5 ეგზემპლარი, რასაც საგადასახადო ორგანო სადავო გადასახადის დარიცხვის საფუძვლად უთითებდა, მოპასუხემ ვერ წარმოადგინა. სასამართლოს მოსაზრებით დღგ-ს ჩათვლის გაუქმების ახალი გარემოების გამოვლენის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს სასამართლოსათვის კანონიერ ძალაში შესული თელავის რაიონული სასამართლოს 02.05.02წ. გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თხოვნით უნდა მიემართა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტები საგადასახადო ინსპექციის მიერ გამოცემული იყო საკითხის შესწავლისა და ფაქტობრივი გარემოების დადგენის გარეშე.
თელავის რაიონული სასამართლოს 28.09.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.08წ. განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლო სსკ-ის 390.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ი. ს-ძის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. კასატორმა აღნიშნა, რომ დღგ-ს ჩათვლა ი/მ «ი. ს-ძეს» პირველად გაუუქმდა იმის გამო, რომ საქონლის მიმწოდებლებს შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურები საგადასახადო ინსპექციაში წარდეგნილი არ ჰქონდათ და შესაბამისად, ანგარიშ-ფაქტურები არ იყო დაწყვილებული, ხოლო მეორედ _ საგადასახადო დეპარტამენტის 07.09.04წ. ¹1-11/8087 წერილის საფუძველზე მიღებული დასკვნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 22.04.09წ. განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ასკ-ის 32.4 მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს შეადეგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 13.06.05წ. ¹15 შეტყობინება და ამავე ინსპექციის 18.04.05წ. ¹14 საგადასახადო მოთხოვნა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 18.04.05წ. ¹14 საგადასახადო მოთხოვნით ი/მ «ი. ს-ძეს» დაეკისრა 01.04.05წ. მდგომარეობით 565 900 ლარის დღგ-სა და მასზე დარიცხული საურავის გადახდა, ხოლო 13.06.05წ. ¹15 შეტყობინებით გადასახადის გადამხდელს ეცნობა 01.06.05წ. მდგომარეობით არსებული 574 600 ლარის საგადასახადო დავალიანების გამო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ. ამდენად, დავის საგანს დღგ-ს ჩათვლის გაუქმება შეადგენს. სადავო თანხის დარიცხვის საფუძველი არ არის მითითებული სადავო აქტში _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 18.04.05წ. ¹14 საგადასახადო მოთხოვნაში (ს.ფ. 15).
დაუსაბუთებელია კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ დღგ-ს ჩათვლის გაუქმება გამოიწვია დღგ-ს გადამხდელის მიერ საქართველოს 13.06.97წ. საგადასახადო კოდექსის 115.7 მუხლის მოთხოვნათა დარღვევამ. აღნიშნული ნორმის თანახმად, პირს ანგარიშ-ფაქტურის გამოუწერლობისათვის ან არასწორად გამოწერისათვის ეკისრება ფინანსური სანქციები ამ კოდექსის 121-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გაყალბებისათვის _ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. კასატორის მიერ ვერ იქნა მითითებული მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადატურებდა ი/მ «ი. ს-ძის» მიერ საგადასახადო კოდექსის 115.7 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტს. კერძოდ, საქმის მასალებში დაცული არ არის ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მესამე და მეოთხე პირებში დღგ-ს სხვადასხვა თანხა იქნებოდა მითითებული, არ წარმოდგენილა აგრეთვე ანგარიშ-ფაქტურების მეხუთე ეგზემპლიარი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 13.06.05წ. ¹15 შეტყობინებაში და ამავე ინსპექციის 18.04.05წ. ¹14 საგადასახადო მოთხოვნაში სადავო დღგ-ს თანხა შეადგენს 202 900 ლარს. საქმის მასალებში დაცულია საგადასახადო დეპარტამენტის 07.09.04წ. ¹1-11/8087 წერილი, რომლის თანახმად, ინდმეწარმისათვის დასარიცხი თანხა სავარაუდოდ 144 661 ლარს შეადგენს. ამდენად, სადავო აქტებსა და საგადასახადო დეპარტამენტის 07.09.04წ. ¹1-11/8087 წერილში მითითებული თანხები არ ემთხვევა ერთმანეთს. საქმის მასალებში დაცული თელავის რეგიონალური ცენტრის მონაცემთა დამუშავების განყოფილების 17.09.04წ. ¹39 დასკვნის თანახმად, რომლითაც, კასატორის განცხადებით, იხელმძღვანელა საგადასახადო ორგანომ საგადასახადო მოთხოვნის გამოცემისას, ინდმეწარმე «ი. ს-ძისათვის» გასაუქმებელი დღგ-ს თანხა _ 101 105 ლარს შეადგენს. გაურკვეველია მითითებულ თანხებს შორის არსებული სხვაობის მიზეზი. სადავო აქტებსა და მისი გამოცემის საფუძვლად მითითებულ აქტებში თანხების სხვადასხვაობის მიზეზს კასატორი ვერ ხსნის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობა კანონიერია და არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი. საგადასახადო ორგანომ სადავო საკითხზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე უნდა გამოიკვლიოს სადავო დღგ-ს ჩათვლასთან დაკავშირებით ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და მათი შეფასების შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას საგადასახადო ორგანომ უნდა გაითვალისწინოს ამავე მხარეებს შორის წარმოებულ დავაზე მიღებული თელავის რაიონული სასამართლოს 02.05.02წ. გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი/მ «ი. ს-ძის» სასარჩელო მოთხოვნა და მეწარმეს გადახდილად ჩაეთვალა 112 995 ლარის დღგ, რათა არ მოხდეს იმავე საგადასახადო ვალდებულების, იმავე საფუძვლით დარიცხვა, რაც უკანონოდ არის მიჩნეული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.04.08წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.