Facebook Twitter

ბს-835-803(კ-08) 28 იანვარი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი – ქ. თბილისის მერია (მესამე პირი)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. გ-ე (მოპასუხე)

მოსარჩელე _ მცხეთის რაიონის გამგეობა

დავის საგანი – მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მცხეთის რაიონის გამგეობამ 2004 წლის 24 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე გ. გ-ის მიმართ და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების გაუქმება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით მცხეთის რაიონის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მცხეთის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ეს შორის 2002 წლის 4 ივლისს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 29 ივნისის განჩინებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-ემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 19 აპრილის განჩინებით გ. გ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2005 წლის 29 ივნისის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 15 აპრილის განჩინებით საქმეში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით მესამე პირად ჩაბმულ იქნა ქ. თბილისის მერია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით გ. გ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 31 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (მცხეთის რაიონის გამგეობის უფლებამონაცვლე) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: მცხეთის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ეს შორის 1997 წლის 27 თებერვალს დაიდო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება 36,21 ჰა მიწის ნაკვეთზე 10 წლის ვადით. სასამართლოს დადგენილად ჩათვალა, რომ მცხეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 30 მაისის ¹87 დადგენილებით ნაწილობრივ იქნა ცვლილებები შეტანილი გამგეობის 1997 წლის თებერვლის ¹19 დადგენილებაში, დაკმაყოფილდა გ. გ-ის მოთხოვნა, დამტკიცდა სახელმწიფო მიწის იჯარით გამცემი მუდმივმოქმედი კომისიის საოქმო დადგენილება; მცხეთის რაიონის გამგეობასა და გ. გ-ის შორის 2002 წლის 4 ივლლისს დაიდო მიწის იჯარის ხელშეკრულება 7,95 ჰა მიწის ნაკვეთზე 49 წლის ვადით, საიჯარო ქირა განისაზღვრა წელიწადში 226 ლარით. სასამართლოს მითითებით, ეს თანხა საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლის მე-4 ნაწილით მოიცავდა როგორც მიწის, ისე საიჯარო გადასახადს. აღნიშნული სასამართლოს მოსაზრებით, დასტურდება მცხეთის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს საიჯარო კომისიის თავმჯდომარის წერილით, რომლის თანახმად გ. გ-ის მიერ იჯარით აღებული მიწის გადასახადი წელიწადში შეადგენდა 206 ლარს, ხოლო საიჯარო ქირა _ 20 ლარს. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მიწის გადასახადის ქვითრებით დადასტურებულად ჩათვალა, რომ გ. გ-ე ყოველ წელს იხდიდა სხვადასხვა თანხის გადასახადს, სადაც ზოგან მითითებულია ,,გადასახადის დასახელებად” მიწის იჯარა, ხოლო ზოგან _ მიწის გადასახადი. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მცხეთის რაიონის გამგეობის მიერ არ იქნა მითითებული შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშის ნომერი, სადაც მოიჯარეს უნდა მოეხდინა აღნიშნული თანხების ჩარიცხვა. მოიჯარის მიმართ არასოდეს დასმულა საკითხი იჯარის ქირის აუცილებლად გამგეობის ანგარიშზე ჩარიცხვის თაობაზე. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლი, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტი, რომელიც გამორიცხავს ხელშეკრულების მოშლას, თუ ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი უმთავრესად თვითონაა პასუხისმგებელი. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მცხეთის რაიონის გამგეობამ დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული კეთილსინდისიერების პრინციპი.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელის იმ არგუმენტზე, როგორიც იყო მოიჯარის მიერ მიწის არადანიშნულებისამებრ გამოყენება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გამგეობის მოსაზრება და მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გ. გ-ის მიერ სადავო მიწის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის I ნაწილის თანახმად კი აღნიშნული მტკიცების ტვირთი ეკისრება მცხეთის რაიონის გამგეობას. სასამართლომ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს და მცხეთის რაიონული სასამართლოების დადგენილებებით დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელები არ ჩათვალა იმის დასტურად, რომ გ. გ-ე სადავო მიწის ნაკვეთს იყენებდა არამიზნობრივად, ვინაიდან ამ უკანასკნელთან სადავო საიჯარო ხელშეკრულება დადებულია 2002 წლის 4 ივლისს, ანუ სასამართლოს მიერ დასახელებული დადგენილებების მიღების შემდეგ.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა განმარტა, რომ მცხეთის რაიონის გამგეობასა და მოქ. გ. გ-ეს შორის 2002 წლის 4 ივლისს გაფორმებული სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის შესახებ ხელშეკრულების მე-4 მუხლის 1 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად მეიჯარეს უფლება აქვს იჯარის ვადის გასვლამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება, თუ მოიჯარე არ იხდის იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში. სასამართლომ დადგენილად ჩათვალა ის ფაქტი, რომ გ. გ-ის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი თანხის გადახდა საგადასახადო ორგანოში, თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია იმ გარემოებაზე, რომ გადახდის ქვითრებში ზოგან მითითებულია მიწის გადასახადი, ხოლო ზოგან მიწის იჯარა. კასატორი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ არ მომხდარა ქვითრებით გადახდილი თანხის დაჯამება (სადაც მითითებულია იჯარის გადასახადი) და შედარება იმ თანხასთან, რომელიც რეალურად გადახდილი უნდა ყოფილიყო მოიჯარის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მითითება იმ ფაქტზე, რომ მოიჯარე აუარესებდა იჯარით აღებული ნივთის მდგომარეობას და მას არადანიშნულებისამებრ იყენებდა, რაც ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად (მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი) ასევე არის ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის საფუძველი. ის რომ მოქ. გ. გ-ე არასათანადოდ იყენებდა მიწის ნაკვეთს და აუარესებდა მის მდგომარეობას, კასატორის მოსაზრებით ნათლად ჩანს გარემოს დაცვის სამინისტროს 2005 წლის ივლისის წერილში (მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო ზოლში არსებული მდგომარეობის სწავლული კომისიის მიერ მომზადებული დასკვნები და რეკომენდაციები).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, მცხეთის რაიონის გამგეობამ 1997 წლის 24 თებერვლის ¹19 დადგენილებით გ. გ-ეს იჯარით გადასცა 36,21 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 10 წლის ვადით. მცხეთის რაიონის გამგეობამ ცვლილება შეიტანა აღნიშნულ დადგენილებაში და 2002 წლის 30 მაისს გივი გიორგიძეს ნაცვლად 36,21 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთისა იჯარით დაუტოვა 7,95 ჰა მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით. ს.ფ. 20-27-ზე წარმოდგენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების (2002 წლის 4 ივლისის) მე-2.1 პუნქტის თანახმად იჯარით აღებული მიწის ნაკვეთებით სარგებლობისათვის საიჯარო ქირა წელიწადში შეადგენს 226 ლარს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. ზემოაღნიშნული იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარეს წარმოადგენს რა მცხეთის რაიონის გამგეობა, ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე მოიჯარეს სწორედ მის წინაშე ეკისრება საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 386-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შესრულების ადგილის საეჭვოობისას ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს კრედიტორის ადგილსამყოფელის (საცხოვრებელი ადგილი ან იურიდიული მისამართი) მიხედვით. ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საიჯარო ხელშეკრულებაში გამგეობის ანგარიშის, საბანკო რეკვიზიტების მიუთითებლობა არ ათავისუფლებს გ. გ-ეს ვალდებულებისაგან_არ გადაეხადა საიჯარო ქირა მოსარჩელისათვის.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2006 წლის 19 აპრილის განჩინებით მოცემულ დავასთან დაკავშირებით მიუთითა, რომ მცხეთის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს საიჯარო კომისიის თავმჯდომარის წერილით დადასტურებულია, რომ გ. გ-ის მიერ იჯარით აღებული მიწის გადასახადი წელიწადში შეადგენდა 206 ლარს, ხოლო საიჯარო ქირა _ 20 ლარს. საკასაციო სასამართლომ აქვე მიუთითა, რომ სააპელაციო პალატას უნდა გამოერკვია მიწის გადასახადისა და საიჯარო ქირის მოსარჩელის მიერ გადახდის ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი ქვითრები ყოველ წელს სხვადასხვა თანხის გადახდას ადასტურებს.

სააპელაციო პალატამ ზემოაღნუშნული გარემოებების დასადგენად საკასაციო სასამართლოს მითითების მიუხედავად, კვლავ მცხეთის რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს საიჯარო კომისიის თავმჯდომარის წერილი გამოიყენა და მიუთითა საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლის მე-4 ნაწილზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული ნორმა საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლს დაემატა 2003 წლის 18 ივლისს. ამ ნორმის თანახმად სახელმწიფო საკუთრების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის მოიჯარეები იხდიან საიჯარო ქირას, რომელიც მოიცავს მიწის გადასახადს. საიჯარო ქირა არ შეიძლება იყოს იმავე მიწით სარგებლობისათვის დაწესებულ გადასახადზე ნაკლები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 152-ე მუხლი შედიოდა ამავე კოდექსის მე-6 კარში, ხოლო საგადასახადო კოდექსის მე-6 კარი კი ამოღებულ იქნა კოდექსიდან 2003 წლის 31 დეკემბერს; ამიტომ სააპელაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმა ისე გამოიყენა, რომ არ გამოარკვია მოპასუხის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირის დავალიანების პერიოდი, ასევე ამ პერიოდის გათვალისწინებით გადასახდელი საიჯარო ქირის მოცულობა, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეასრულა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მითითება და არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება.

საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია ასევე სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გ. გ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის არამიზნობრივად გამოყენების ფაქტი; საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. გ-ის იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის ფართის შემცირება არ წარმოადგენს იმის უტყუარ მტკიცებულებას, რომ მოსარჩელე 7,95 ჰა მიწის ნაკვეთს არ იყენებს არამიზნობრივად. ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ქალაქ თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი;

2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.