Facebook Twitter

¹ბს-839-803(კ-09) 10 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სპს ,,...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 6 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა სპს ,,...” მოპასუხეების _ აჭარის ა/რ მთავრობისა და აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებით ითხოვდა მოპასუხეებს მის სასარგებლოდ დაკისრებოდა 36792,64 ლარის ანაზღაურება.

2005 წლის 21 სექტემბერს სპს «...» დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და საბოლოოდ მოითხოვა მოპასუხეებისათვის 55958,32 ლარის დაკისრება, იმის გათვალისწინებით, რომ 2004 წლის მარტში მიწოდებული საწვავის ღირებულება _ 12386,36 ლარი იმ დრომდე არ იყო გადახდილი და გასული იყო 18 თვე, მოსარჩელეს კი შეეძლო ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე და 403-ე მუხლების თანახმად, მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება. ამდენად, მოპასუხეებს მოსარჩელისთვის უნდა გადაეხადათ ზიანის ანაზღაურების თანხა _ 2004 წლის მარტში მიწოდებული საწვავის ღირებულების 3% ყოველთვიურად, რაც 18 თვისათვის შეადგენდა 6685,93 ლარს. ვინაიდან მოსარჩელისთვის ასევე არ გადაუხდიათ 2004 წლის აპრილში მიწოდებული საწვავის ფასი _ 24411,28 ლარი და იმ დროისათვის გასული იყო 17 თვე, ამ შემთხვევაში მოპასუხეებს მოსარჩელისთვის, აგრეთვე, უნდა გადაეხადათ ზიანის ანაზღაურების თანხა 17 თვისათვის _ 2004 წლის აპრილში მიწოდებული საწვავის ღირებულების დავალიანების ძირითად თანხაზე ყოველთვიურად 3%-ის გადახდის წესით, სულ _ 12449,75 ლარი.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სპს «...» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აჭარის ა/რ მთავრობას მოსარჩელია სასარგებლოდ დაეკისრა 36792,64 ლარის გადახდა და მასვე დაეკისრა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 920 ლარის გადახდა; ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ მთავრობამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

სპს «...» ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ _ იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და სარჩელის დაზუსტებისა და გაზრდის შედეგად, სულ 62549,83 ლარის გადახდევინება, ასევე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო და შეგებებული სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს, როგორც სპს «...», ისე აჭარის ა/რ მთავრობამ.

სპს «...» მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება, აგრეთვე, მოპასუხე აჭარის ა/რ მთავრობისათვის 62549,83 ლარისა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაკისრება.

აჭარის ა/რ მთავრობამ მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინების გაუქმება, აჭარის ა/რ მთავრობის არასათანადო მოპასუხედ მიჩნევა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 22 მარტის განჩინებით სპს «...» საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 21 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 5 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სპს «...» სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს «...», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით «...» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინებით აჭარის ა/რ მთავრობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ მთავრობისათვის სპს «...» სასარგებლოდ 36792,64 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით 920 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სპს «...».

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 მარტის განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ მთავრობისათვის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივლისის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სპს «...» საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, სპს «...» საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ სპს «...» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სპს ,,...» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სპს «...» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1840 ლარი) 70% (1288 ლარი).»

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სპს «...» უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. სპს «...» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1840 ლარი) 70% _ 1288 ლარი, ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.