Facebook Twitter

ბს-841-805(კ-09) 1 ოქტომბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. ზ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2008 წლის 18 ივლისს, დ. ბ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების - ს. ზ-ძისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის მიმართ.

მოსარჩელე თავის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ქობულეთის რაიონის სოფ. ..., სადაც საკუთრების უფლებით ჰქონდა 400კვ.მ მიწის ნაკვეთი. მისი ნაკვეთის ახლოს, საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფლობდა და სარგებლობდა 2600 კვ.მ მიწის ნაკვეთით, კერძოდ, სისტემატურად ასუფთავებდა სარეველა ბალახისგან, უვლიდა, შემოღობილი ჰქონდა ღობით, კაფავდა ხეებს, ყოველწლიურად ჰქონდა ბოსტანი და სარგებლობდა როგორც საკუთარს.

მოსარჩელემ აქვე განმარტა, რომ 2008 წლის ივლისში ს. ზ-ძემ თავისი ხელით მოუშალა ბოსტანი, ამ ფაქტს არც მოპასუხე უარყოფს, რის შემდეგაც დ. ბ-ძემ განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა ქობულეთის რაიონის სოფელ ციხისძირში მის სასარგებლოდ არსებულ თვითნებურად დაკავებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. აღიარების კომისიამ, ნაცვლად იმისა, რომ განეხილა მისთვის საკუთრების უფლების აღიარების საკითხი, ს. ზ-ძეს გაუგზავნა შეტყობინება გადაეხადა მიწის გადასახადი 326,85 ლარი.

მოსარჩელემ აქვე განმარტა, რომ 2008 წლის 8 ივლისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ ის მიწის ნაკვეთი, რომელსაც ფლობდა და სარგებლობდა, რეგისტრაციაში გაუტარებია მოპასუხე ს. ზ-ძეს.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ს. ზ-ძეზე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე; ბათილად იქნა ცნობილი ს. ზ-ძეზე გაცემული საკუთრების მოწმობა; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმის მართვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევასა და შეფასების შემდეგ დაევალა გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ზ-ძემ, რომელმაც ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებზე უარის თქმა მოითხოვა.

ქობულეთის რაიონულის სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა დ. ბ-ძემ, კერძოდ გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომელშიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაევალა გამოეცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით დ. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ს. ზ-ძისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ს. ზ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის სრულად ბათილად ცნობის ნაწილში; ამ ნაწილაში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; დ. ბ-ძის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო, ს. ზ-ძეზე გაცემული მიწის ნაკვეთიდან (7 428 კვ.მ) 4825 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; დ. ბ-ძის სარჩელი ს. ზ-ძეზე გაცემული მიწის ნაკვეთიდან (7428კვ.მ) 2603კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში საკუთრების უფლების მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ს. ზ-ძეზე გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹11496 სადავო 2603კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილში; ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შემოსვლის ერთი თვის ვადაში, საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 მაისის განჩინებით გასწორდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებაში სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ,,ს. ზ-ძისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ”, გასწორდა და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით ,,ს. ზ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ”.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ზ-ძემ და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც ქობულეთის რაიონულ სასამართლოს 2008 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება 2 603 კვ.მ მიწის ნაკვეთზე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელად; ამასთანავე მოითხოვა ახალი გადაწყვეტილებით არ მოხდეს დ. ბ-ძის სასარჩელო განცხადების სრული დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. ზ-ძის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორის წარმომადგენელ რ. ფ-ძეს ს. ზ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, ამიტომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ზ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;

3. რ. ფ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ ს. ზ-ძის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.