ბს-843-811(2კ-08) 18 მარტი, 2009წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე, (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ქ. მაღრაძე
კასატორები – ქ. ბათუმის მერია (მოპასუხე), წარმომადგენელი გ. მ.-ე (16.11.06წ., ¹88 ბრძანება); ამ. და ან. ბ.-ი (მოსარჩელეები), წარმომადგენელი მ. ქ.-ე (რწმუნებულება 20.11.06წ. 13-10379; მინდობილობა 23.01.08წ., ¹1-591)
დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.08წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. ბ.-მ 07.11.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე ქ. ბათუმის მერიის მიმართ, რომლითაც ქ. ბათუმის მთავრობის 06.10.06წ. ¹285 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიის 13.05.98წ. ¹173 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მისი აწ გარდაცვლილი მამის _ რ. ბ.-ის თხოვნა და ქ. ბათუმში, ა...-სა და ტ...-ის ქუჩების კვეთაში ფეხსაცმელების ფაბრიკის მშენებარე ობიექტის ტერიტორიიდან გამოეყო 800მ2 მიწის ნაკვეთი სტაციონალური მინი ავტოგასამართი სადგურის მოსაწყობად. ქ. ბათუმის მერიის 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილებით შეტანილ იქნა ცვლილება ქ. ბათუმის მერიის 13.05.98წ. ¹173 გადაწყვეტილებაში, რ. ბ.-ს მშენებარე მინი ავტოგასამართი სადგურის მიმდებარედ დამატებით გამოეყო მიწის ნაკვეთი ღია ავტოსადგომისა და ოფისის ასაშენებლად და მთლიანობაში დაუმაგრდა 3200მ2 მიწის ნაკვეთი. ქ. ბათუმის მთავრობის 06.10.06წ. ¹285 დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე არ გამოცხადებულა კონკურსი და მისი განკარგვა მოხდა აუქციონის გარეშე. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სადავო ნაკვეთის გამოყოფის შემდეგ გასულია 7 წელი, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადა გასულია. 14.11.06წ. ა. ბ.-მ დააზუსტა სარჩელის საფუძვლები და მიუთითა, რომ ქ. ბათუმის მერიამ ისე მიიღო სადავო გადაწყვეტილება, რომ არ ჩაუტარებია ადმინისტრაციული წარმოება და არ მიუწვევია ა. ბ.-ე მისი ინტერესების დასაცავად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 22.11.06წ. განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში, ა. ბ.-ის სარჩელისა გამო ქ. ბათუმის მერიის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სასკ-ის მე-16.2 მუხლის საფუძველზე, მესამე პირად ჩაერთო ა. ბ.-ე, რომელმაც 25.05.07წ. სარჩელი აღძრა ქ. ბათუმის მერიის მიმართ და მოითხოვა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.07წ. გადაწყვეტილებით ამ. და ან. ბ.-ის სარჩელი ქ. ბათუმის მერიის მიმართ ქ. ბათუმის მთავრობის 06.10.06წ. ¹285 დადგენილების, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.07წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ამ. და ან. ბ.-ებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.08წ. გადაწყვეტილებით ამ. და ან. ბ.-ების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 31.05.07წ. გადაწყვეტილება; ამ. და ან. ბ.-ების სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის მერიის 06.10.06წ. ¹285 დადგენილება და დაევალა ქ. ბათუმის მერიას ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილების კანონშესაბამისობასთან დაკავშირებით.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 19.08.99წ. აქტი იყო აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციული აქტი, რომლის ბათილობის უფლებაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ამ აქტის მიმართ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციული აქტის ბათილობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. დაინტერესებულ პირებს ამ. და ან. ბ.-ებს ამ აქტის მიმართ გააჩნდათ კანონიერი ნდობა, რადგან იგი გამოცემული იყო სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოს მიერ და მათ არ შეეძლოთ ევარაუდათ, რომ სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანო – ქ. ბათუმის მერია ამ დროს არაკანონიერად მოქმედებდა. ამასთან, მხარეს კონკრეტულად ამ აქტის საფუძველზე, განხორციელებული აქვს იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება, რაც იმაში გამოიხატება, რომ მიმდებარე ტერიტორია, რომელიც არის სადავო, გამოყენებულია ამ ბენზოგასამართი სადგურის გამოყენებისათვის, კერძოდ, იქ დგას ავზები და ა.შ., ტერიტორია ისეა დაკავშირებული იმ მიწის ნაკვეთთან, რომელზეც დგას ბენზინგასამართი სადგური, რომ ვერ იქნება გამოყენებული სხვა მიზნისათვის, ხოლო ამ ობიექტების დანგრევა კი გამოიწვევს ბენზინგასამართი სადგურის ფუნქციონირების შეწყვეტას, რასაც მოჰყვება დაინტერესებული მხარისათვის ზიანის მიყენება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ბათუმის მერიის 06.10.06წ. ¹285 დადგენილების გამოცემისას, რომლითაც ბათილად გამოცხადდა 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილება, არ ჩატარებულა ადმინისტრაციული წარმოება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ 06.10.06წ. დადგენილებით დაინტერესებული პირის მდგომარეობა უარესდებოდა, რის გამოც დაინტერესებული პირი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მიწვეული ადმინისტრაციულ წარმოებაზე, რათა მისცემოდა საშუალება გამოეთქვა მისი აზრი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა და რითაც დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნიდა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძვლებს, ვინაიდან დარღვეული იყო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის სზაკ-ით დადგენილი წესი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.05.08წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიამ და ამ. და ან. ბ.-ებმა.
ქ. ბათუმის მერიამ საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია ბათუმის მერიის კაბინეტის 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა დაუშვებლად, რომ არ უმსჯელია ამ აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლებების და ინტერესების არსებით დარღვევაზე. ქ. ბათუმის მერია არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ამ. და ან. ბ.-ებს მერიის კაბინეტის 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილების მიმართ გააჩნდათ კანონიერი ნდობის უფლება, რადგან აღნიშნული აქტის საფუძველზე მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში პირველადი რეესტრის სახითაც კი არ ყოფილა რეგისტრირებული, რომ არაფერი ითქვას სადავო ნაკვეთთან დაკავშირებით, მისი საჯარო რეგისტრაციის შემდეგ იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელებაზე. მიწის ნაკვეთზე ავზების განთავსება არის ფაქტობრივი ქმედება, აღნიშნულთან 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილებას კავშირი არ აქვს. თუ მოსარჩელეებს აქვთ სურვილი, რომ სადავო ნაკვეთის მიმართ გააჩნდეთ საკუთრების უფლება, მათ შეუძლიათ აღნიშნული განახორციელონ კანონით დადგენილი წესით ნაკვეთის შესყიდვით. კასატორი აღნიშნავს აგრეთვე, რომ კანონიერი ნდობის უფლება ცალსახად მაინც არ ნიშნავს აღმჭურველი აქტის ბათილად ცნობის დაუშვებლობას, სზაკ-ის 60.14 მუხლის თანახმად ასეთი აქტის ბათილად ცნობა არის პირობადადებული, აღმჭურველი აქტის, რომლის მიმართაც პირს გააჩნია კანონიერი ნდობა. ბათილად ცნობა დასაშვებია, თუ აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს. სასამართლომ ისე დაადგინა 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის დაუშვებლობა, რომ არ უმსჯელია ამ საკითხზე, მაშინ როდესაც ამ აქტით ნაკვეთის გადაცემა მოხდა უსასყიდლოდ, კონკურსის და აუქციონის გარეშე ნაკვეთის განკარგვა შეეძლო მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტს. კასატორი თვლის, რომ სახელმწიფოს ინტერესებისათვის არსებითი ზიანის მიყენებას ადგილი არ ექნებოდა ნაკვეთის საბაზრო ფასად გადაცემის შემთხვევაში. კასატორი ეთანხმება იმას, რომ ქ. ბათუმის მთავრობის 06.10.06წ. ¹285 დადგენილების გამოცემით უარესდება მოსარჩელეთა მდგომარეობა, სზაკ-ის 95.2 მუხლის თანახმად მერიას უნდა მოეწვია მოსარჩელეები ადმინისტრაციულ წარმოებაში, ამასთანავე კასატორი ყურადღებას ამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ 06.10.06წ. ¹285 დადგენილების მიღებისას არ დარღვეულა სზაკ-ის 60.1 მუხლით გათვალისწინებული კანონის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა. აქტის მომზადების წესის დარღვევის მიუხედავად სხვაგვარი გადაწყვეტილება მიღებული არ იქნებოდა, ვინაიდან ნაკვეთი «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის არსებითი დარღვევით განიკარგა. საქართველოს პარლამენტის 22.11.07წ. დადგენილებისა და «ქონების ლეგალიზების შესახებ» კანონის გათვალისწინებით მერია ვეღარ დაიწყებს ახალ ადმინისტრაციულ წარმოებას. ქ. ბათუმის მერიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ამ. და ან. ბ.-ებმა საკასაციო საჩივრით მოითხოვეს სააპელაციო პალატის განჩინების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც მერიას დაევალა ახალი აქტის გამოცემა, ქონების ლეგალიზებულად ჩათვლა. საკასაციო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ 19.08.99წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოხდა სკ-ის 129.1 დადგენილი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით. 19.08.99წ. აქტი არის აღმჭურველი, სზაკ-ის 601.4 მუხლის თანახმად მისი ბათილობა არის დაუშვებელი. სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელეთა მოსაზრება აქტის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის, აქტის საფუძველზე იურიდიული მოქმედების შესრულების ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი არმოწვევის შესახებ, მიუხედავად ამისა სააპელაციო საჩივარი სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილება რომც იყოს ხარვეზიანი, «ლეგალიზაციის შესახებ» კანონის 4.1 მუხლის თანახმად იგი ლეგალიზებულად ითვლება, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა აღნიშნული ნორმა. საკასაციო საჩივრის ავტორები თვლიან, რომ ადმინისტრაციულ წარმოებაში მათი ჩართვის შემთხვევაში სადავო აქტი მაინც უკანონო იქნებოდა, ამიტომ უსაფუძვლოა ახალი აქტის გამოცემის დავალება, სკ-ის 159-ე მუხლის თანახმად არიან კეთილსინდისიერი მფლობელები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრების საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. ბათუმის მერიის 13.05.98წ ¹173 გადაწყვეტილებით რ. ბ.-ეს ქ. ბათუმში, ა...-ისა და ტ...-ის ქუჩების კვეთაში, ფეხსაცმელების ფაბრიკის მშენებარე ობიექტის ტერიტორიიდან გამოეყო 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი სტაციონალური მინი ავტოგასამართი სადგურის მოსაწყობად, ხოლო ქ. ბათუმის მერიის 19.08.99წ ¹72 გადაწყვეტილებით მას დამატებით გამოეყო და მთლიანობაში დაუმაგრდა 3200 კვ.მ მიწის ნაკვეთი ღია ავტოსადგომისა და ოფისის ასაშენებლად. ქ. ბათუმის მთავრობის 06.10.06წ. დადგენილებით, სზაკ-ის 601 მუხლის საფუძველზე, ბათილად გამოცხადდა ქ. ბათუმის მერიის 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილება მისი ძალაში შესვლის დღიდან. აქტის ბათილად ცნობის საფუძვლად დადგენილებაში მიეთითა ,,არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” კანონზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს ქმნის. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ემყარება იმ მოსაზრებას, რომ რ. ბ.-ის მემკვიდრეებს – ამ. და ან. ბ.-ებს ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილების მიმართ გააჩნიათ კანონიერი ნდობის უფლება, ვინაიდან მათ ამ აქტის საფუძველზე განხორციელებული აქვთ იურიდიული მნიშვნელობის ქმედება. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კანონიერი ნდობის არსებობა, სზაკ-ის 601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უკავშირდება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იურიდიული მნიშვნელობის მოქმედების განხორციელებას. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ ქ. ბათუმის მერიის 19.08.99 წ. ¹72 გადაწყვეტილებით რ. ბ.-თვის დამატებით გამოყოფთილი მიწის ნაკვეთი არც მასზე და არც მის მემკვიდრეებზე საჯარო რეესტრში დღემდე რეგისტრირებული არ არის. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ ადგილი აქვს მოსარჩელეების მიერ მიწის ნაკვეთზე ბენზინგასამართი სადგურის ავზების განლაგებას, აღნიშნული არ წარმოადგენს მოსარჩელეების ან. და ამ. ბ.-ების მხრიდან იურიდიული მნიშვნელობის ქმედების განხორციელების მიჩნევისათვის საკმარის საფუძველს. ამასთანავე, მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ სადავო აქტით ბათილად ცნობილი 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილებით ნაკვეთი გამოიყო არა ავზების განსათავსებლად, არამედ ღია ავტოსადგომის და ოფისის ასაშენებლად. ვინაიდან არ დასტურდება მოსარჩელეების მიერ მერიის 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილების საფუძველზე რაიმე იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების განხორციელება, არ იკვეთება ამ აქტის მიმართ მოსარჩელეთა კანონიერი ნდობის არსებობა. ამასთანავე, აქტის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობა თავისთავად არ გამორიცხავს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესაძლებლობას, სააპელაციო პალატა უთითებს სზაკ-ის 601.4 მუხლის მხოლოდ იმ დებულებაზე, რომლის თანახმად დაუშვებელია აღმჭურველი ხასიათის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა დაინტერესებული მხარის მიერ აქტის მიმართ კანონიერი ნდობის არსებობის შემთხვევაში, ამასთანავე პალატის ყურადღების მიღმა დარჩა ხსენებული ნორმის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც აქტით სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირთა კანონიერი უფლებების და ინტერესების დარღვევა წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს. სადავო აქტის გამოცემას საფუძვლად დაედო რ. ბ.-თვის მიწის ნაკვეთის გადაცემა «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის რ. ბ.-ის საკუთრებაში გადაცემა უსასყიდლოდ, კანონით განსაზღვრული კონკურსისა და აუქციონის ჩატარების გარეშე. მოპასუხის – ქ. ბათუმის მერიის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთის «სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ» კანონის დარღვევით განკარგვის შედეგად არსებითი ზიანი მიადგა სახელმწიფო ინტერესებს, ნაკვეთი გაიცა ანაზღაურების მიღების გარეშე, საამისოდ კანონით განსაზღვრული სავალდებულო პროცედურების _ აუქციონის ან კონკურსის ჩატარების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სადავო აქტით 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილების გამოცემის ძირითად საფუძველს, სააპელაციო პალატას არ გამოურკვევია ამ მიმართებით საქმის გარემოებები, გასაჩივრებული განჩინება არ შეიცავს აღნიშნულის თაობაზე რაიმე მსჯელობას.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოსათვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდეგ ცნობილი გახდა რ. ბ.-ის გარდაცვალების შესახებ, მიუხედავად ამისა მოსარჩელეები სზაკ-ის მე-13, 95.2 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაბმულნი არ ყოფილან. სზაკ-ის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. აქტის მომზადებისა და გამოცემის წესების აშკარა დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა განჩინებაში ყურადღებას ამახვილებს სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების წესების დარღვევაზე, ამასთანავე, გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული ასეთი დარღვევის არარსებობის შემთხვევაში სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობაზე.
საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობრივია. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი აქტის ბათილად ცნობის ხანდაზმულობის ვადა, აღმჭურველი აქტის მიმართ მოსარჩელეებს გააჩნდათ კანონიერი ნდობა, შესრულებული აქვთ იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედება, რაც სააპელაციო პალატის აზრით გამორიცხავს ქ. ბათუმის მერიის 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. მიუხედავად ამისა, სასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე სადავო საკითხის გადაუწყვექლად «ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 19.08.99წ. ¹72 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე» ქ. ბათუმის მთავრობის 06.10.06წ. ¹285 დადგენილება ბათილად იქნა ცნობილი და ადმინისტრაციული ორგანოს, საქმის გამოსაკვლევ გარემოებათა მითითების გარეშე, დაევალა ახალი აქტის გამოცემა. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო განჩინების მოტივაცია არ შეესაბამება მის სარეზოლუციო ნაწილს.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქონების ლეგალიზების შესახებ მოთხოვნა არ შეადგენდა დავის საგანს, სარჩელის მოთხოვნა ეხებოდა ქ. ბათუმის მთავრობის 06.10.06წ. ¹285 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას. სსკ-ის 406-ე მუხლის შესაბამისად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ იქონიებს მსჯელობას ამ. და ან. ბ.-ების საკასაციო საჩივრის იმ მოთხოვნაზე, რომელიც ქონების ლეგალიზაციას ეხება.
საკასაციო პალატის სხდომაზე მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მიწის ნაკვეთი 2005 წელს აუქციონის ფორმით გასხვისებულია ფიზიკურ პირზე. საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაირკვეს ნაკვეთის მესაკუთრე და საქმის განხილვა ჩატარდეს ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, რის გამოც საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ბათუმის მერიის, ამ. ბ.-ის და ან. ბ.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 20.08.08წ. გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ამავე სასამართლოს;
2. სასამართლოს ხარჯების განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.