Facebook Twitter
ბს-850-814(კ-09) 7 აგვისტო, 2009 წელი

ბს-850-814(კ-09) 7 აგვისტო, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. მ-შვილის წარმომადგენლის _ ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2009 წლის 29 მაისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-850-814(კ-09) ნ. მ-შვილის წარმომადგენლის _ ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 6 აპრილის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 8 ივნისის განჩინებით ნ. მ-შვილის წარმომადგენლის _ ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.3 მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარზე კასატორს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 5%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. საკასაციო საჩივარი ასევე არ აკმაყოფილებდა სსსკ-ის 440-ე მუხლის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარს ხელს აწერდა ნ. მ-შვილის წარმომადგენელი _ ნ. ბ-შვილი, მაგრამ საკასაციო საჩივარს თან არ ერთვოდა ადვოკატთა ტესტირების გავლისა და ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების დამადასტურებელი დოკუმენტი და ასეთი არ საქმეში იყო წარმოდგენილი. ამასთან, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 368.2 მუხლის შესაბამისად, არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. შესაბამისად, მითითებული ხარვეზის შესავსებად კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 112-114; ტ.II).

2009 წლის 25 ივნისს საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორმა, წარმოადგინა ნ. ბ-შვილის საადვოკატო უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობის ასლი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისა და საკასაციო საჩივრის სათანადო ოდენობის ასლების წარმოდგენისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება (იხ. ს.ფ. 129-134; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ივლისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 5 დღით (იხ. ს.ფ. 135-137; ტ.II).

კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ ნ. მ-შვილის წარმომადგენლის _ ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 8 ივნისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე, რაც გაუგრძელდა 2009 წლის 5 ივლისის განჩინებით _ 5 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 5 ივლისის განჩინების ასლი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, გაეგზავნათ კასატორსა და მის წარმომადგენელს. საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინებების თანახმად, კასატორს – ნ. მ-შვილსა და მის წარმომადგენელს _ ნ. ბ-შვილს განჩინება ჩაჰბარდათ 2009 წლის 22 ივლისს (იხ. ს.ფ. 144; 148; ტ.II), შესაბამისად, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 5-დღიანი ვადა ამოიწურა 2009 წლის 27 ივლისს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, კასატორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. მ-შვილის წარმომადგენლის _ ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. მ-შვილის წარმომადგენლის _ ნ. ბ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.