ბს-853-817(2კ-09) 15 ოქტომბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს/ს ,,...”, თ. და ვ. ხ-შვილების და ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს/ს ,,...” სასარჩელო განცხადებით მიმართა ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ს/ს ,,...” მეანაბრის ა. გ-იასა და ისან-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ 03.07.2000წ. აუქციონისა და მისი შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვა.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს ვ. ხ-შვილმა, ნ. გ-ძემ და თ. ხ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების - ა. გ-იასა და ისან-სამგორის სააღსრულებო ბიუროს მიმართ, მესამე პირად კი – ს/ს ,,...” დაასახელეს. მოსარჩელეებმა 03.07.2000წ. აუქციონის, მისი შედეგებისა და 09.07.2000წ. ხის დამამუშავებელი საამქროს რეალიზაციის შესახებ განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 12.03.01წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელეების – ს/ს ,,...”, ნ. გ-ძის, ვ. და თ. ხ-შვილების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს/ს ,,...”, თ და ვ. ხ-შვილებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.07.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 12.03.01წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს/ს ,,...” და ვ. ხ-შვილმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 24.06.05წ. განჩინებით ს/ს ,,...” და ვ. ხ-შვილის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.07.03წ. განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.09წ. განჩინებით თ. და ვ. ხ-შვილებისა და ს/ს ,,...” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 12.03.01წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.04.09წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს/ს ,,...”, ნ. გ-ძემ და ვ. და თ. ხ-შვილებმა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს/ს ,,...”, თ. და ვ. ხ-შვილებისა და ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ს/ს ,,...”, თ. და ვ. ხ-შვილებისა და ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო პალატა თვლის, რომ ს/ს ,,...” უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დასრულებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის გადახდა. საქმის შედეგიდან გამომდინარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4-ე მუხლის საფუძველზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 300 ლარის 30%-ს, 90 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს/ს ,,...”, თ. და ვ. ხ-შვილებისა და ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ს/ს ,,...” დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 90 ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.