Facebook Twitter

¹ბს-875-837(კ-09) 23 სექტემბერი, 2009წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს ,,...» (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (მოპასუხე)

დავის საგანი – თანხის ანაზღაურება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს ,,...» 2001 წლის აგვისტოში სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს, მოპასუხე სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოს მიმართ და მოითხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტლებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; საქართველოს რკინიგზის მოთხოვნას სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის რკინიგზაზე, საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტზე ობიექტებისა და ტვირთების დაცვის სამმართველოზე გადასახდელად 14.783 ლარის და სახელმწიფო ბაჟის თანხის 370 ლარის დაკისრების შესახებ ეთქვა უარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ,,...».

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივნისის განჩინებით შპს ,,...» საჩივარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 4 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...».

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 22 აპრილის განჩინებით აპელანტ შპს ,,...» სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 8 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე რაიონულ სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 15 სექტემბრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორც არასათანადო მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, ამორიცხულ იქნა მოპასუხეთა სიიდან და წინამდებარე საქმეში სათანადო მოპასუხედ ჩაება საჯარო სამართლის იურიდული პირი საქართველოს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,...» სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის მიყენებული ზიანის 14.783 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 370 ლარის დაკისრებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...».

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებით შპს ,,...» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,...» და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს ,,...» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დამკვიდრებული პრაქტიკა გაზიარებულია სააპელაციო სასამართლოს მიერ.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლით დასაშვები არ არის.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,...» საკასაციო საჩივარი, რის გამოც კასატორს უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის განხილვაზე.

ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ,,...» შპს ,,...» გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 739.15 (შვიდას ოცდაცხრამეტი ლარი და თხუთმეტი თეთრი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 517.405 (ხუთას ჩვიდმეტი ლარი და ოთხასხუთი თეთრი) ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს მიჩნეული შპს ,,...» საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აპრილის განჩინებაზე;

2. ,,...» შპს ,,...» დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 517.405 (ხუთასჩვიდმეტი ლარი და ოთხასხუთი თეთრი) ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.