Facebook Twitter

¹ბს-878-840(კ-09) 24 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ხ-ასის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2007 წლის 19 აპრილს ლ. ხ-ასმა ადმინისტრაციულ-სამართლებივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1997 წლიდან მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანული ენის კათედრის ... თანამდებობაზე (საბუნებისმეტყველო ფაკულტეტისათვის), ხოლო ამავე უნივერსიტეტის მენეჯმენტისა და მაკროეკონომიკის ფაკულტეტზე გერმანული ენის კათედრის ... 1980 წლიდან. მუშაობის პერიოდში პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და სტუდენტებს ასწავლიდა მაღალ აკადემიურ დონეზე, ხელმძღვანელობდა ასპირანტთა და მაძიებელთა ჯგუფებს, წერდა რეცენზიებს საკვალიფიკაციო ნაშრომებისა და სპეციალური ფაკულტეტის სტუდენტთა სადიპლომო შრომებზე, ამზადებდა სტუდენტებს გერმანულ ენაში სამეცნიერო კომფერენციებში მონაწილეობის მისაღებად, იყო სამეცნიერო შრომების და სტატიების ავტორი, დაჯილდოვებული იყო თსუ საპატიო სიგელით და ხასიათდებოდა, როგორც მაღალი აკადემიური დონის მასწავლებელი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 4 აგვისტოს ¹01-02/415 ბრძანების საფუძველზე ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე არსებული აკადემიური და საშტატო ერთეულების გაუქმებისა გამო დასავლეთ-ევროპული ფილოლოგიისა და არაენობრივ ფაკულტეტზე მომუშავე ყველა პედაგოგთან ერთად გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 9 თებერვლის ¹03/01-03 ბრძანებით დაინიშნენ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში ... თანამდებობაზე სხვადასხვა პირები. ლ. ხ-ასი არ იქნა აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშნული. მოსარჩელის აზრით, აღნიშნული ბრძანება იყო უკანონო და მოითხოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 9 თებერვლის ¹03/01-03 ბრძანების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც გერმანული ენის ... თანამდებობაზე მის მაგივრად დაინიშნენ სხვა პირები და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის ... თანამდებობის დასაკავებლად ხელახალი კონკურსის ჩატარების დავალდებულება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 მაისის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 9 თებერვლის ¹03/01-03 ბრძანების იმ ნაწილში ბათილად ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა, რომლითაც გერმანული ენის ... თანამდებობაზე მის მაგივრად დაინიშნენ სხვა პირები და განსჯადობით განსახილველად გადაეცა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, შეჩერდა საქმის წარმოება ხელახალი კონკურსის ჩატარების შესახებ ლ. ხ-ასის სასარჩელო მოთხოვნაზე სამოქალაქო კოლეგიაში საქმის გადაწყვეტამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელე ლ. ხ-ასმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 13 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 მაისის განჩინება ხელახალი კონკურსის დავალების თაობაზე სარჩელის წარმოებით შეჩერების ნაწილში და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ხელახალი კონკურსის ჩატარების შესახებ ლ. ხ-ასის სასარჩელო მოთხოვნაზე სამოქალაქო სამართალწარმოების წესით საქმის გადაწყვეტამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა ლ. ხ-ასის კერძო საჩივარი; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 12 სექტემბრის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების ნაწილში და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 28 სექტემბრის განჩინებით ლ. ხ-ასის სარჩელი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 9 თებერვლის ¹03/01-03 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობის საკითხის გადასაწყვეტად გადაეცა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთაA პალატას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 15 ნოემბრის განჩინებით ლ. ხ-ასის სასარჩელო განცხადება განსჯადობით განსახილველად დაექვემდებარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 10 იანვრის განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ლ. ხ-ასის სასარჩელო მოთხოვნები ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისა და კონკურსის ჩატარების დავალდებულების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 მარტის მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ სადავო აქტით _ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 9 თებერვლის ¹03/01-03 ბრძანებით ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში გერმანული ენის ... (...) თანამდებობებზე დანიშნული პირები: მ. ა-ცი, მ. ა-ძე, ი. ა-ძე, ე. ა-ია, ა. ბ-ძე, მ. ბ-ძე, ნ. ბ-შვილი, კ. ბ-ძე, დ. გ-ძე, ნ. გ-ია, ი. გ-ძე, ნ. კ-ძე, ქ. კ-ძე, მ. მ-ძე, ა. მ-ძე, თ. ჭ-ძე, ე. რ-რი, კ. ს-შვილი, ლ. ს-ია, ნ. ტ-ძე, თ. ფ-ავა, მ. ქ-ძე, თ. ჩ-შვილი, ე. ც-ძე, თ. ძ-ძე, ა. წ-ძე, ნ. ფ-ური, მ. ჭ-შვილი, ი. ხ-იანი, ნ. ც-ძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ასის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის ... დანიშვნის თაობაზე’’ მოპასუხის _ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 9 თებერვლის ¹03/01-03 ბრძანება ნაწილობრივ, ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში გერმანული ენის ... (...) თამანდებობებზე პირთა დანიშვნის ნაწილში. მოპასუხეს _ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაევალა ხელახალი კონკურსის ჩატარების პირობებში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელ ცენტრში გერმანული ენის ... (...) თანამდებობებზე პირთა დანიშვნის შესახებ საკითხის თაობაზე, ამ საკითხთან დაკავშირებული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად; ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის ... დანიშვნის თაობაზე’’ მოპასუხის _ საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2007 წლის 9 თებერვლის ¹03/01-03 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილის მოქმედება შეწყდა მომავალში, ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში მითითებული ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოპასუხის მიერ გამოცემის დღიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 9 მარტის საოქმო განჩინებით განსახილველ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით დადგენილი წესით მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ მ. ა-ცი, მ. ა-ძე, ი. ა-ძე, ე. ა-ია, ა. ბ-ძე, მ. ბ-ძე, ნ. ბ-შვილი, კ. ბ-ძე, დ. გ-ძე, ნ. გ-ია, ი. გ-ძე, ნ. კ-ძე, ქ. კ-ძე, მ. მ-ძე, ა. მ-ძე, თ. ჭ-ძე, ე. რ-რი, კ. ს-შვილი, ლ. ს-ია, ნ. ტ-ძე, თ. ფ-ავა, მ. ქ-ძე, თ. ჩ-შვილი, ე. ც-ძე, თ. ძ-ძე, ა. წ-ძე, ნ. ფ-ური, მ. ჭ-შვილი, ი. ხ-იანი, ნ. ც-ძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ხ-ასის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ხ-ასმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 7 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ხ-ასის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ასის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ხ-ასის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.