Facebook Twitter

¹ბს-883-845(კ-09) 24 სექტემბერი, 2009 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. ა-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 25 ნოემბერს ნ. ა-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე _ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროსა და მესამე პირების _ ჯ. ბ-შვილის, ს. ო-ოვის, დ. თ-შვილის მიმართ, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ მ. ლ-ავას მიერ 2005 წლის 20 ოქტომბერს თბილისში, ... ქ. ¹7-ზე მომზადებულ-ჩატარებული აუქციონის, განკარგულებისა და მისგან გამომდინარე შედეგების ბათილად ცნობის, ბინაზე ყადაღის დადებისა და სააღსრულებო ბიუროსათვის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ამ ბინაზე აუქციონის ჩატარების აკრძალვის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებებით ნ. ა-შვილის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. ყადაღა დაედო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში ქ. თბილისში, ... ქ. ¹6, ჯ. ბ-შვილის სახელზე რიცხულ ბინას. შუამდგომლობა აუქციონის ჩატარების აკრძალვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე სასამართლოს 2005 წლის 23 დეკემბრის განჩინებით 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინებაში შეტანილი იქნა შესწორება და მის სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილში ... ქ. ¹6-ის ნაცვლად მიეთითა ... ქ. ¹7.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 21 მარტის განჩინებით ს. ო-ოვის და დ. თ-შვილის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 25 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, გაუქმდა. განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ა-შვილის წარმომადგენელმა. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2006 წლის 25 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ზემდგომ სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 27 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განჩინება დატოვებული იქნა უცვლელად.

ნ. ა-შვილმა 2006 წლის 28 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ, მესამე პირები: ს. ო-ოვი, დ. თ-შვილი, ქ. ა-შვილი, და მოითხოვა: ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელ დ. ლ-იას მიერ 2006 წლის 25 იანვრიდან ჩატარებული ყველა სააღსრულებო მოქმედების, მათ შორის, 2006 წლის 04 ივლისს თბილისში, ... ქ. ¹7-ში მდებარე სახლზე მომზადებული აუქციონის ბათილად ცნობა; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის შესაბამისად 2006 წლის 04 ივლისს 10 საათზე დანიშნული აუქციონის შეჩერება; სსსკ-ის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტის შესაბამისად, სააღსრულებო ბიუროსათვის ამ ბინაზე აუქციონის ჩატარების გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე აკრძალვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 28 ივნისის განჩინებით ნ. ა-შვილს მოპასუხე თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ აუქციონის შეჩერების და აუქციონის ჩატარების აკრძალვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

ამავე სასამართლოს 2006 წლის 30 ივნისის განჩინებით მოსარჩელე ნ. ა-შვილს სარჩელზე სასამართლო აღმასრულებლის უკანონო მოქმედებების და 2006 წლის 04 ივლისს დანიშნული აუქციონის ბათილად ცნობის შესახებ, განესაზღვრა ვადა სასარჩელო მოთხოვნის დასაზუსტებლად; ნ. ა-შვილმა 2006 წლის 07 ივლისს სასამართლოს წარუდგინა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ და მოითხოვა, ბათილად ყოფილიყო ცნობილი 2005 წლის 25 იანვარს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში გაგზავნილი წერილობითი მიმართვა ... ქ. ¹7-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე; თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ გამოყენებული შპს «...» მიერ შესრულებული, 2005 წლის 26 სექტემბრის, ... ქ. ¹7-ში მდებარე უძრავი ქონების შეფასება-აუდიტორული დასკვნა; 2006 წლის 23 თებერვალს მის სახელზე მიწერილი გაფრთხილება 5 დღიან ვადაში თანხის ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე; აღმასრულებლის განცხადებებით დანიშნული 2006 წლის 16 ივნისისა და 4 ივლისის აუქციონები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 10 ივლისის განჩინებით ნ. ა-შვილის სარჩელი სასამართლო აღმასრულებლის მოქმედებების და აუქციონის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებული იქნა.

ნ. ა-შვილმა 2006 წლის 12 ივლისს სასამართლოს წარუდგინა «დამატებითი სასარჩელო მოთხოვნა» და მოითხოვა: სასამართლო აღმასრულებელ დ. ლ-იას მიერ 2006 წლის 4 ივლისს შედგენილი ოქმის და მის მიერ ქ. ა-შვილზე 2006 წლის 5 ივლისს გაცემული ¹01/10-463 განკარგულების მოქმედების შეჩერება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურისათვის ცნობება, არ მოახდინოს გასაჩივრებული უფლების დამადასტურებელი საბუთებით მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ... ქ. ¹7-ში, ქ. ა-შვილის სახელზე გადაფორმება; სსსკ-ის 198 მუხლის მე-2 ნაწილის «ბ» პუნქტის შესაბამისად, ქ. ა-შვილისათვის უძრავი ნივთის თავის სახელზე გადაფორმების და მისი გასხვისების აკრძალვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 ივლისის განჩინებით ნ. ა-შვილის შუამდგომლობას აღმასრულებლის ოქმის და განკარგულების შეჩერების და ქ. ა-შვილისათვის მოქმედების აკრძალვის თაობაზე ეთქვა უარი.

მოსარჩელემ 2006 წლის 13 ივლისს სასამართლოს წარუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა ... ქ. ¹7-ში მდებარე ბინაზე ყადაღის დადება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების მითითებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 13 ივლისის განჩინებით ნ. ა-შვილს განცხადების დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.

ნ. ა-შვილმა 2006 წლის 13 ივლისს სასამართლოს წარუდგინა განცხადება ადმინისტრაციული აქტის მოქმედების შეჩერების და ქ. ა-შვილისათვის უძრავი ნივთის თავის სახელზე გაფორმების და გასხვისების აკრძალვის თაობაზე. სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის განჩინებით განცხადება აღმასრულებლის ოქმის და განკარგულების მოქმედების შეჩერების, ქ. ა-შვილისათვის მოქმედების აკრძალვის თაობაზე, დატოვებული იქნა განუხილველად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 31 ივლისის სასამართლო სხდომის ოქმის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის გაფრთხილების წერილის და აუდიტორული დასკვნის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა დაუშვებლობის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმის განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები: ¹3/1267 და ¹3/3309 სსსკ-ის 182-ე მუხლის საფუძველზე გაერთინდა ერთ წარმოებად და საქმეს მიეცა ¹3/1267.

ამავე სასამართლოს 2006 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პირველი სარჩელიდან უარს აცხადებდა განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნაზე. იმ მოტივით, რომ ჯ. ბ-შვილის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნდა, ითხოვდა მის ამორიცხვას; სხდომის ოქმის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, განკარგულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა. ჯ. ბ-შვილი საქმიდან ამოირიცხა. ამავე სასამართლო სხდომის ოქმის განჩინებით მოსარჩელის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და 2005 წლის 20 ოქტომბრის აუქციონის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის მოტივით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 16 ნოემბრის განჩინებით სასკ-ის მე-16.1 მუხლის საფუძველზე საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩაბმულნი: დ. ქ-ძე, ე. ლ-ია, ვ. გ-ძე, ზ. გ-ძე, თ. ხ-შვილი, ლ. ა-ძე, ლ. გ-ძე, ლ. კ-ძე, მ. კ-შვილი, მ. ხ-შვილი, მ. დ-იანი, ო. გ-ძე, რ. ნ-შვილი, ს. ა-შვილი, ქ. ჭ-ელი, ე. ბ-ძე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. ა-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ა-შვილმა და გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინებით ნ. ა-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ა-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან ნ. ა-შვილს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ა-შვილის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 თებერვლის განჩინება;

3. ნ. ა-შვილს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.