Facebook Twitter
ბს-885-847 (კ-09)

ბს-885-847 (კ-09) 27 ივლისი, 2009 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მ. კ-აიას, მ. ნ-ძის, ლ. მ-ია-ვ-ოვას და ზ. ბ-ურის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საკითხი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.2009წ. განჩინებაზე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.09წ. განჩინებით თ. შ-ძის, მ. გ-ძის და სხვათა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 09.06.2008 წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს 01.04.09 წ. განჩინებაზე თ. შ-ძის მ. გ-ძის და სხვათა წარმომადგენლის კ. კ-ძის მიერ წარდგენილი იქნა საკასაციო საჩივარი, რომელითაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა. კასატორები ითხოვენ მოპასუხე _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის ქმედების განხორციელების დაკისრებას, აღიარებული სახელმწიფო ვალის გადახდას სარჩელში მითითებული ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.07.2009 წ. განჩინებით კასატორებს განესაღვრათ 7 დღის ვადა საკასაციო საჩივარში არსებული ხარვეზის გამოსასწორებლად, კერძოდ: ხარვეზის შევსების მიზნით მხარეს უნდა წარმოედგინა საკასაციო საჩივრის ერთი ასლი მხარისათვის გადასაცემად და კ. კ-ძისადმი ნ. კ-ავას, მ. კ-აიას, მ. ნ-ძის, ლ. მ-ია-ვ-ოვას და ზ. ბ-ურის მიერ უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი საბუთი. კასატორებს და მათ წარმომადგენელს კ. კ-ძეს განჩინება ხარვეზის შესახებ გაეგზავნათ ფოსტის მეშვეობით.

მ. კ-აიას და მ. ნ-ძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.07.2009 წ. განჩინება ჩაბარდათ 11.07.2009წ., ხოლო ლ. მ-ია-ვ-ოვას განჩინება 13.07.2009 წ. ჩაბარდა. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ბოლო დღე იყო 20.07.2009 წ., მიუხედავად ამისა, კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში და მათ არც ხარვეზის გამოსწორების ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავთ საკასაციო პალატისთვის, რაც მათი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

ზ. ბ-ურს განჩინება ვერ ჩაბარდა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, ვინაიდან ადრესატი მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. ზ. ბ-ურს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 02.07.2009 წ. განჩინება განმეორებით გაეგზავნა 16.07.2009 წ., რაც ასევე ვერ ჩაბარდა იმავე მიზეზით.

სსკ-ის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე. სსკ-ის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს. ამდენად, ზ. ბ-ურისათვის საქმეში მითითებულ მისამართზე გზავნილის ორჯერ გაგზავნით საკასაციო სასამართლოს 02.07.09 წ. განჩინება ითვლება ჩაბარებულად. ზ. ბ-ურს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივარი მ. კ-აიას, მ. ნ-ძის, ლ. მ-ია-ვ-ოვას და ზ. ბ-ურის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 01.04.09წ. განჩინებაზე მ. კ-აიას, მ. ნ-ძის, ლ. მ-ია-ვ-ოვას და ზ. ბ-ურის ნაწილში დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.